რატომ დააკონსერვა კულტურის სამინისტრომ თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

რატომ დააკონსერვა კულტურის სამინისტრომ თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

1927 წელს, თელავში მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაარსდა. 8 ლი საზოგადოებრივ საწყისებზე მუშაობდა. 1935 წელს კი, ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმად გადაკეთდა. დღეს კი, კახეთის რეგიონში მოპოვებული არქეოლოგიური მასალები, ხატები, საეკლესიო ნივთების კოლექცია, ჭედური, ტექსტილისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, საბრძოლო აღჭურვილობა და კერამიკული ნაწარმის კოლექცია, ფოტოფონდი, ქეთევან იაშვილის სახელობის სამხატვრო გალერეა, ფრანგი და ქართველი მხატვრების, მათ შორის, ელენე ახვლედიანის უნიკალური ნახატები კულტურის ყოფილმა მინისტრმა დააკონსერვა და არავინ იცის, მზის შუქს როდისღა ეღირსებიან! რატომ ჩამოდიოდა მინისტრი სამ-ოთხ თვეში ერთხელ ახალი ინიციატივით და რატომ ატყუებდა თელავსა და თელაველებს, რომ მუზეუმისა და გალერეის რეაბილიტაცია გაგრძელდებოდა? რატომ დააკონსერვა სამინისტრომ უნიკალური სამუზეუმო და საგალერიო ექსპონატები?! ისე, საინტერესოა, ოდიშარია თელავს მუზეუმის ბედით შეწუხებული სტუმრობდა თუ კახური პურ-მარილის დაგემოვნება ეწადა?

თელაველებმა მუზეუმისა და გალერეის აღდგენის იმედი დიდი ხანია, დაკარგეს! ახლა კი, ქალაქს იმაზე მეტი სადარდებელი გაუჩნდა, ვიდრე აქამდე ჰქონდა და აი, რატომ: ექსპონატების უმრავლესობა თელავის მუნიციპალიტეტის შენობის სააქტო დარბაზშია შენახული, თუმცა მას მერე, რაც ქალაქი თვითმმართველ ერთეულად ჩამოყალიბდა, სოფელთა ერთობლიობამ კი, თემის მუნიციპალიტეტის სტატუსი მოიპოვა, დღის წესრიგში შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალიტეტის შენობის გადანაწილების საკითხი დადგა.

ფართი არასაკმარისია. თემის მუნიციპალიტეტს, პრაქტიკულად, არ აქვს დარბაზი, სადაც საკრებულოს სხდომები ჩატარდება, უმეტეს სამსახურსა და განყოფილებას ფართის არარსებობა აწუხებს და ბევრი სხვადასხვა ტიპის განყოფილება ერთსა და იმავე ოთახშია განთავსებული. დაკონსერვებული მუზეუმისა და გალერეის ექსპონატები კი, როგორც აღვნიშნეთ, გამგეობის ურდულით ჩაკეტილ დარბაზშია განთავსებული. მათ მოვლაზე ფიქრიც შეუძლებელია. სხვათა შორის, არავინ იცის, სადაა ელენე ახვლედიანის ნახატები, სად ინახება ერეკლე მეფის ხიმიკაურის ხმალი - პირველი საჯარო სკოლის სარდაფში თუ  თელავის მუნიციპალიტეტის შენობის სააქტო დარბაზში...

თელავის რეაბილიტაცია 2012 წელს დაიწყო, რისთვისაც 60 მილიონი აშშ დოლარი მსოფლიო ბანკმა გაიღო, 15 მილიონი აშშ დოლარი - საქართველოს მთავრობამ. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თელავში მუნიციპალური განვითარების ფონდი აწარმოებდა. 2013 წელს კი, მუზეუმის რეაბილიტაცია შეჩერდა, კულტურის მაშინდელი მინისტრი სამ-ოთხ თვეში სხვადასხვა სახის განცხადებას აკეთებდა, მაგალითად, ასეთს:

- უახლოეს პერიოდში შემუშავდება ახალი პროექტი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, დაუყოვნებლივ აღვადგინოთ თელავის მუზეუმი და იაშვილის გალერეა.

რამდენიმე თვის მერე:

- 2013 წლის ბოლოს, მუზეუმი აღდგება ახალი სახით და ძველებურად დაიწყებს ფუნქციონირებას....

2014 წელი:

- კომპლექსური ძეგლის ქსოვილში შეტანილი უხეში ცვლილებების გამოსწორებისა და შექმნილი მდგომარეობის ძეგლთა დაცვით პრინციპებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, აუცილებელია, დამუშავდეს თელავის ბატონის ციხის კომპლექსის კონსერვაციის გეგმა.

- თელავის საზოგადოებას თელავის ისტორიული მუზეუმის ახალი კონცეფცია, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ 26 აპრილს წარედგინა. ადგილობრივ მოსახლეობასთან გაიმართა მსჯელობა ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ბატონის ციხის კომპლექსის კრიზისული ვითარებიდან გამოყვანის მიზნით, განხილულ იქნა მუზეუმის კონცეფცია, რომლის საფუძველზეც შეიქმნა ტექნიკური დავალება არსებული მშენებარე ნაგებობის ადაპტაციისათვის...

ასე რომ, როგორც თელავში ამბობენ, “ნაციონალებს” რა უშავდათ, ხუხულებს მაინც აშენებდნენ, მირიანემ კი, ისეთი ჩაატარა, რომ ექსპონატები მზის სინათლეს ან იხილავს, ან განადგურებული სახით დაგვიბრუნდებაო...

ერთი სიტყვით, მალე - არც მეტი, არც ნაკლები - თემის მუნიციპალიტეტი ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზს დაიკავებს, ექსპონატები კი, ალბათ, მირიანე ოდიშარიასავით გაქრებიან...