ვის სურს, რომ ბავშვის მკვლელობა ოჯახის წევრებს დაბრალდეთ და რატომ ემალება კულტურის მინისტრის მოადგილე რაფალიანცებს

ვის სურს, რომ ბავშვის მკვლელობა ოჯახის წევრებს დაბრალდეთ და რატომ ემალება კულტურის მინისტრის მოადგილე რაფალიანცებს

2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინა ღამეს, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში დატრიალებული ტრაგედია 2 წლის მერეც აქტუალურია - საქმე გაუხსნელია! 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ბურუსით მოცული გარდაცვალება შინაგან საქმეთა სამინისტროს აქილევსის ქუსლად ექცა. გარდაცვლილის ოჯახი აცხადებს, რომ ჭიკაიძის უწყებას 2-თვიანი ვადა მისცა, ორი თვის მერე კი, ჩვილი ბავშვით ხელში, შიმშილობას დაიწყებენ. მაინც, რა მოხდა 2 წლის წინ კოლაგში, რას ჰყვებიან დეიდა და ბებია, ვის სურს, რომ ბავშვის მკვლელობა ოჯახის წევრებს დაბრალდეთ, რა ბრალს უყენებენ კულტურის მინისტრის მოხსნილ და ხელმეორედ დანიშნულ მოადგილე მანანა ბერიკაშვილს რაფალიანც-მექერიშვილის ოჯახის წევრები და რატომ გრძნობენ მხარდაჭერას მხოლოდ გიორგი ღვინიაშვილისაგან?

“ქართული სიტყვა” სოფელ კოლაგს ეწვია, გივი ბერიკაშვილის სახელობის ქუჩის ნომერ 23-ში მექერიშვილები ცხოვრობენ, სადაც პატარა ბარბარე ქვევრში ჩამხრჩვალი იპოვეს...

- საერთოდ არ ვიცნობდი მანანა ბერიკაშვილს, - გვიყვება ბარბარეს დეიდა, ნანა მექერიშვილი, - რა ჭორები არ მოიგონეს იმ ამბის მერე, ვითომ ვიცნობდი, მასთან ვმუშაობდი, მავალებდა... ამ დროს, ერთი ჩვეულებრივი მიკროკოორდინატორი ვიყავი და მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მანანა ბერიკაშვილი “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი იყო... ახლოდან პირველად იმ ღამეს ვნახე, როცა ის საშინელება მოხდა... ბუნებრივია, ძალიან გამწარებული ვიყავი, “ნაციონალურ მოძრაობას” ვადანაშაულებდი, მაგრამ არც ერთი მაღალჩინოსნის გვარი ოჯახის ერთ წევრსაც არ გვითქვამს. ეს მან თქვა, ქალბატონმა მანანამ, გიორგი ღვინიაშვილიო და ამდენი ხნის მერეც ველოდები, მითხრას, საიდან ჰქონდა ეს ინფორმაცია....

საუბარში ბარბარეს ბებია, თინა მექერიშვილი ერთვება:

- ფაქტია: ეს საქმე ჩვენი და გიორგი ღვინიაშვილის მეტს არავის აინტერესებს, ამდენი ხანია, ადამიანი გამოდის და ითხოვს, რომ საქმე გაიხსნას. ამდენი ხნის განმავლობაში მანანა ბერიკაშვილი ერთხელაც არ მოსულა და არ უკითხავს, რას ვგრძნობთ, რა დღეში ვართ...

ჩვეულებრივი გლეხი ხალხი ვართ, არც პროკურატურის კარი ვიცოდით და არც - სამინისტროების. ხომ შეიძლებოდა, ერთხელ მოეკითხა და ეთქვა, წამოდით, გავიგოთ, რა ხდება ამ საქმის ირგვლივო?

უკვე ისე დავიღალეთ, რომ თბილისში ჩავედით, ჭიკაიძე რაღაც საქმიან შეხვედრაზე იყო, ღარიბაშვილმა თავისი და ჭიკაიძის წარმომადგენელი გამოგვიგზავნა და ის შეგვხვდა, მანანა ბერიკაშვილთანაც მივედით სამინისტროში, საათობით ველოდეთ, ჩვილი ბავშვი გვეჭირა ხელში და სამსახურში საერთოდ არ მოვიდა.

დეიდა: - აი, ვკითხულობ, რატომ არ შეგვხვდა? ვთქვათ, იმ დღეს არ ეცალა... მომდევნო დღეებში ხომ ეცალა?

ვიხვეწებოდით, მისი ტელეფონის ნომერი მოგვეცით-თქო, მაგრამ არავინ მოგვცა! ახლაც მინდა მისი ნომრის გაგება, უნდა დავურეკო და ვკითხო, დაინტერესებულა, რა დღეები გამოვიარეთ ამ ორი წლის განმავლობაში? თუ მხოლოდ წინასაარჩევნოდ აწყობდა ამ ამბავზე საუბარი?

ბებია: - აი, ბატონი გიორგი ღვინიაშვილი ხომ გამოდის ამდენი ხანია და ამბობს, ვითხოვ, დაუყოვნებლივ გაიხსნას რაფალიანცის მკვლელობის საქმეო. ჰოდა, რატომ არ ითხოვს ანალოგიურს ბერიკაშვილი? ახლა კულტურის მინისტრის მოადგილე ხომ არის?.. ჩემი შვილიშვილი ხომ ხელისუფლების შეცვლას შეეწირა? ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს, მკვლელი რომელი პარტიის წევრი იყო? მე სიმართლე მაინტერესებს, ნამდვილი მკვლელი ვინ არის!

სულ იმას ვფიქრობ, ღვინიაშვილი დამნაშავე რომ იყოს, ხომ არ იტყოდა ბერიკაშვილზე, გამოვიდეს და ბოდიში მოიხადოს, რომ დამაბრალაო. ან იმას ხომ არ იტყოდა, ამ ბავშვის სიკვდილით მოვიდნენ ესენი ხელისუფლებაშიო?  ჰოდა, რა გახდა ეს საქმე, რა?! ტელევიზორში ვუყურებ და ვისმენ, შეკითხვებს რომ უსვამენ ჟურნალისტები, პასუხი არ აქვთ... ვიღაცამ მითხრა, შეკითხვა დაუსვეს ბერიკაშვილს რაფალიანცის მკვლელობაზე და პასუხი არ გასცაო. ეს როგორი მოსასმენია?

იმ ღამეს თურქეთში ვიყავი, დაკრძალვასაც ვერ ჩამოვუსწარი, ჩემი შვილიშვილი ისე დაიმარხა, ვერ დავიტირე... ჩემმა შვილმა სულ ბოდვაში გაატარა მომდევნო თვეები, სულ ბარბარეს იძახდა... არავის უკითხავს, როგორ იყო გაუბედურებული დედა! ისევ მე, შავი დღით გამოვიყვანე მდგომარეობიდან...

ვითომ ქვეყნის გარემოებები არსებობდა, მაშინ ამბობდა ბერიკაშვილი, ჩანაწერი მაქვს, ვიღაც ბიჭები რომ ამბობენ, ეს ამბავი რომ გასკდეს, „პაჟიზნენზე“ გაგვიშვებენო, სად არის ახლა ის ჩანაწერი?

მერე, მგონი, ერთმა გაზეთმა დაწერა, რომ სამმა ბიჭმა, იმ მკვლელობიდან რამდენიმე დღეში, პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. ჰოდა, რა გახდა ასეთი? უკვე 2 წელი ხდება და არაფერი ისმის... არაფერი ვიცით... და ეს ამდენი ჭორი და უბედურება კიდე ისევ ჩვენს თავს ტრიალებს!

დეიდა: - სიცრუის დეტექტორზე შემოწმება მოვითხოვე და, იცით, როგორ წაგვიყვანეს აქედან? - მოტყუებით! ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა მოვიდეს ვინმე და დაგვეხმაროს?! ახლა ვიყავით, შევხვდით ჭიკაიძის წარმომადგენელს და გვითხრა, რომ ყველაფერს თავიდან იძიებენ და აქამდე მცდარ კვალზე იყვნენ! ღმერთმა ქნას, ჩვენც გვინდა სიმართლის გაგება!

მაინტერესებს, რატომ გვარიდებს თავს მანანა ბერიკაშვილი, რატომ არ გვხვდება? ახლა მინისტრის მოადგილეა და, აბა, ჩვენს გულში ჩაიხედოს, რა ხდება. მაშინ რომ მოწოდებებს აკეთებდა, ახლა სად არის? ის რომ გვერდით დაგვდგომოდა, დღეს საქმე გახსნილი იქნებოდა, ანუ გამოდის, რომ მას არ აწყობს საქმის გახსნა და ეგ არის! ნეტა, ტელეფონის ნომერი გამაგებინა, დავურეკავდი და ვეტყოდი იმას, რასაც ვფიქრობ!

ბებია: - თხოვნა მაქვს, მე, როგორც ბებიას: ამბობენ, არასამთავრობოები თუ ჩაერთვებიან, საქმე მალე იქნება გამოძიებულიო. იქნება, ვინმე დაინტერესდეს,  იქნება, ვინმეს გავახსენდეთ, ჩემს სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს, მაგრამ მინდა, ისე არ წავიდე ამ ქვეყნიდან, რომ სიმართლე არ ვიცოდე, ნამდვილი სიმართლე!

P.S. ძალიან რთულია, შეხვდე ოჯახს, მისი ტრაგედია მოისმინო და ნუგეშიც ვერ უთხრა... რაფალიანცები ჭიკაიძის უწყების იმედზე არიან, თუმცა მანანა ბერიკაშვილთან შეხვედრას კვლავ ითხოვენ - ამბობენ, რომ აქვთ შეკითხები, რომლებზეც პასუხის გაცემა მხოლოდ კულტურის მინისტრის მოადგილეს შეუძლია. სხვათა შორის, მანანა ბერიკაშვილთან დაკავშირებასქართული სიტყვაცცდილობდა, მაგრამ ტელეფონს არ უპასუხა. როგორც ჩანს, ქალბატონი მანანა რაღაცას მალავს ან, სულაც, რაღაც იცის, რაზეც საუბარი არ უნდა. საინტერესოა, ესრაღაცრა არის, ან ქვევრში 10 თვის ჩვილის გვამის პოვნისთანავე ქალბატონმა მანანამ როგორ დაადგინა, რომ ტრაგედიის კვალინაციონალგიორგი ღვინიაშვილამდე მიდიოდა? მოკლედ, ეს შეკითხვები, წესით, გამოძიებამაც უნდა დასვას. ისე, მანანა ბერიკაშვილმა 2012 წლის პირველ ოქტომბერს გურჯაანის რაიონში მაჟორიტარული არჩევნები წააგო...