22 წელი ომის დაწყებიდან

22 წელი ომის დაწყებიდან

14 აგვისტოს 22 წელი შესრულდა აფხაზეთში საომარი მოვლენების დაწყებიდან. ომი დაახლოებით ერთ წელიწადს გაგრძელდა და 300 ათასამდე ადამიანის დევნილობა გამოიწვია. დაიღუპა ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე თუ მებრძოლი, დაიკარგა ტერიტორია. 22 წლის შემდეგაც აფხაზეთი სეპარატისტული რეგიონია, რომელსაც თბილისი ვერ აკონტროლებს.  

თბილისში, გმირთა მემორიალთან, ხალხი დილიდან შეიკრიბა, ძირითადად შვილმკვდარი დედები და ის ადამიანები, რომლებმაც ომი საკუთარ თავზე გამოსცადეს. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრებმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.  აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, ეს დღე ისტორიამ თუნდაც იმის გამო უნდა შემოინახოს, რომ მომავალში მსგავსი რამ აღარ განმეორდესო:

„დღევანდელი დღე უნდა იყოს ათვლის წერტილი იმ მშვიდობის გზაზე, რა გზაზეც დადის საქართველო. ომი არავის არ უნდა და ჩვენ უნდა ვიაროთ მშვიდობის გზით. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ამ გზით გამარჯვებას მიაღწევს ყოველგვარი სისხლისღვრის გარეშე".

სულიკო გაბუნია ახლა 66 წლისაა. დევნილთა დასახლებაში (დიღომის „ტურბაზა“) ცხოვრობს. 22 წლის წინ  სოხუმში, ლაგვილავას ქუჩაძე, ბინა ჰქონდა, სოფელ ესტონკაში - სახლი. მისი ერთადერთი შვილი,  24 წლის გენადი გაბუნია, ომში დაიღუპა:

„გამოიძახეს. დედისერთა იყო და შეეძლო არ წასულიყო, მაგრამ არ იკადრა. მართალიც იყო. უბრალოდ, მე, როგორც დედა, ვერ ვპატიობ. ვის იმედად დამტოვა?! დღეს ლაპარაკობდნენ, საფლავებს იკავებს წინასწარ ხალხიო. რათ მინდა საფლავი? რომელი შვილი და შვილიშვილი მე მომაკითხავს საფლავზე“.

ლამარა შენგელიას ომში 36 წლის მეუღლე დაეღუპა, ზურაბ სხულუხია. ორი შვილი დარჩა, 11 და 12 წლის ბავშვები.

„რა ვიცი... შევიძინე ბინა „არაშენდაში“. იმ კარკასს დღემდე ვაკეთებ. რისი დახმარება, რა დახმარება, არაფერი“.

22 წლის წინ არჩილ ამაღლობელი 30 წლის გახდა. ის გუმისთაში იბრძოდა და იქვე დაიღუპა. დედა, მერი გეთია, იხსენებს, რომ ომში ცხრანი წავიდნენ და ცოცხალი მხოლოდ ერთი  გადარჩა.

„ჩვენს სახლში გადაწყვიტეს, ხომ არ ვუყურებთ, პატარა ბავშვები როგორ მიდიან ომშიო, და ცხრა ბიჭი წავიდა. მათგან ერთადერთი გადარჩა და იმან დაუხუჭა ჩემს შვილს თვალები. თურმე, ჩვენ კიდევ ბედნიერები ვყოფილვართ, ჩვენი მიცვალებულები ჩამოასვენეს მაინც და იმდენია, ვინც, საერთოდ, საფლავი არ იცის, სადაა“...

ერთ-ერთი მათგანი, ვინც თავისი შვილის საფლავი მხოლოდ ვარაუდით იცის, ლუდმილა დოდუხოვაა. თუმცა ამდენი წლის შემდეგაც ხანდახან ფიქრობს, რომ შეიძლება მისი შვილი, ზურაბ თორია, არც დაღუპულა და დღემდე ცოცხალია:

„რომ წამოსულა მათი ჯგუფი ტანკით, უკან დააბრუნეს. დავალება ჰქონდათ, ოჩამჩირეში სამი ობიექტი უნდა აეფეთქებინათ. მათ ჭურვი ესროლეს და ტანკიდან გადმოცვივდნენ. ზოგი დაღუპული იყო, ზოგი - დაჭრილი და მას შემდეგ არავითარი ცნობა არა მაქვს“. 

წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის ფსიქოთერაპევტი სოფო ტაბაღუა ომის შედეგებზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ ადამიანები სტრესიდან დღემდე არ გამოსულან, ეს კი, გარკვეულწილად, იმის ბრალიცაა, რომ ომის შედეგად დაზარალებულებს სათანადო ყურადღება არ ექცევათ:

„ხშირად ამბობენ, ის, რაც ჩვენ გადავიტანეთ, არავის ესმისო, და მართლაც ასეა. ვურჩევთ ხოლმე რაღაც ღონისძიებების დაგეგმვას, რათა ამ ტკივილის გაზიარება მოხდეს. ვეუბნებით, ნუ ელოდებით, რომ ვიღაც მოვა თქვენთან და გკითხავთ, ახლა როგორ ხართო. თქვენ თვითონ გააკეთეთ რამე, განსაკუთრებით ისეთ დღეებში, როგორიც 14 აგვისტო ან 27 სექტემბერია“...

სოფო ტაბაღუა ამბობს, რომ ტრავმას ახასიათებს წარსულში ჩარჩენა და მტრის ხატის შექმნა, რაც კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარის პრობლემაა. მისივე თქმით, დღემდე სამუშაოა ამ ადამიანებთან, რომ ომის შედეგად დარჩენილი მსგავსი ფსიქოლოგიური ტრავმები როგორმე გადაილახოს.