რატომ ნიშნავს ამერიკული სიღარიბე ქართულ სიმდიდრეს და რით განსხვავდება ამერიკისა და საქართველოს ფარდობითი სიღარიბე

რატომ ნიშნავს ამერიკული სიღარიბე ქართულ სიმდიდრეს და რით განსხვავდება ამერიკისა და საქართველოს ფარდობითი სიღარიბე

თავად ის ფაქტი, რომ თებერვალში 20-ლარიანი ენერგოვაუჩერი, მარტში კი – 30-ლარიანი სასურსათო ვაუჩერი რიგდება, მიანიშნებს, რომ, ერთი მხრივ, სახელმწიფოს სხვა საშუალება არ აქვს, რათა თავის შეჭირვებულ მოსახლეობას მძიმე სოციალური ყოფა შეუმსუბუქოს; მეორე მხრივ კი, თანხის ოდენობა იმასაც მიანიშნებს, რომ ჩვენს მოსახლეობას ძალიან უჭირს, რაკი, მთავრობის აზრით, 20-ს პლუს 30 ლარი დიდი შეღავათია. ამის პარალელურად, ქვეყანაში არსებობს ბიზნესები, რომელთა წლიური მოგებები რამდენიმე ათეულ და ასეულ მილიონს შეადგენს. ძირითადად, ესენია: ბანკები, ფარმაცევტული, ნავთობიმპორტიორი  და სადაზღვევო კომპანიები. რამდენად ბუნებრივია ვითარება, ქვეყნის მოსახლეობის ერთი ნაწილისთვის 30 ლარი იყოს დახმარების ზღვარი, მეორეთათვის კი – რამდენიმე ათეულმილიონიანი შემოსავალი? – ამ არცთუ იოლ საკითხზე კომენტარი ეკონომიკის ექსპერტს – ლადო პაპავას ვთხოვეთ.

– თქვენი კითხვა რამდენიმე ნაწილად უნდა დავყოთ. ჯერ ერთი, დაგროვდა ის შეცდომები, რომლებსაც წლების განმავლობაში უშვებდა ხელისუფლება, როდესაც, ფაქტობრივად, უარი თქვა ეკონომიკის წარმართვის მკაფიოდ არსებულ პოლიტიკაზე. ხელისუფლების ერთადერთი გაჟღერებული პოლიტიკა იყო ეკონომიკაში ჩაურევლობა, თუმცა, იმავდროულად, ჩარევა მაინც ხდებოდა, ვგულისხმობ, ქონების ჩამორთმევასა და ფირმებისთვის სხვადასხვა ღონისძიებებისთვის ხარჯების „შეწერას“. რა გამოვიდა?

მთავრობა უარს აცხადებდა დარგობრივი პოლიტიკის არსებობაზე და, ამდენად, ქვეყანას არ გააჩნია არც მთელი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროგრამა და არც დარგობრივი, მათ შორის, არც აგრარული პოლიტიკა. რამდენიმე დღის წინ ზუსტად ეს თქვა პრეზიდენტმა სოფლის მეურნეობის სამინისტროში სტუმრობისას: ჩვენ ვფიქრობდით, რომ ეკონომიკა თავის ნებაზე უნდა მიგვეშვა და ის თვითონ გადაწყვეტდა სოფლის მეურნეობის პრობლემებს, მაგრამ, თურმე, ასე ასე არ ყოფილაო. ამის სწავლას კი დასჭირდა რვა წელიწადი, თუმცა არის ხალხი, ვინც რვა წლის წინათაც იცოდა, რომ სოფლის მეურნეობას მხარდაჭერა სჭირდებოდა.

ასეა თუ ისე, ხელისუფლებამ ეს, როგორც იქნა, უკვე გაიგო და სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამა უნდა განხორციელდეს. მეორე მხრივ, მოხდა ის, რომ სახელმწიფომ თავის გარშემო შემოიკრიბა ელიტური ბიზნესი, რომელსაც ხელს უწყობს, რომ თავი მონოპოლიურ მდგომარეობაში იგრძნოს. რადგან მათ არ ჰყავთ კონკურენტები, ბუნებრივია, ამ ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა, ჰქონდეთ ძალიან დიდი მოგება, იმის გათვალისწინებითაც, რომ აქვთ ფასების თვითნებურად დაწესების საშუალება. ამიტომაც გაგვიჩნდა თავკომბალა მდიდარი სტრუქტურები და ისინი მთავრობის ქოლგის ქვეშ განაგრძობენ არსებობას. ამის პარალელურად კი, არის ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა, რომლებიც სოციალურად უმძიმეს მდგომარეობაში არიან. ოფიციალური სტატისტიკით, მოსახლეობის ნახევარზე მეტს არ აქვს საარსებო მინიმუმის ტოლი ყოველთვიური შემოსავალი.

ოფიციალური სტატისტიკით, შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 150 ლარია.

- ჩვენ რომ ნორმალური სახელმწიფო ვიყოთ, სიღარიბის ზღვარი დათვლილი იქნებოდა საარსებო მინიმუმიდან. რევოლუციის შემდეგ უარი ითქვა საარსებო მინიმუმის მაჩვენებლის გამოყენებაზე სიღარიბის დონის დასადგენად. უფრო მეტიც, არის ქვეყნები, სადაც საარსებო მინიმუმი არ ითვლება სიღარიბის მაჩვენებლად, ჩვენთან კი საარსებო მინიმუმი ბევრი მოქალაქისთვის საოცნებოა. გამოდის, რომ ჩვენთან საარსებო მინიმუმს დაბლა მოსახლეობის ნახევარზე მეტი ცხოვრობს, ამდენად, მათთვის 20-ლარიანი ენერგო და 30-ლარიანი სასურსათო ვაუჩერი მნიშვნელოვანი რესურსია. შესაბამისად, ეს 30 ლარი ჩვენი მცირეშემოსავლიანი მოსახლეობის ჯიბეში კი არ გაჩერდება, არამედ მაშინვე დაიხარჯება.

ოფიციალური სტატისტიკით, ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 250 ლარია, თითოეულზე მოდის 62,5 ლარი. ამ ოცდაათ ლარს რომ მისცემ ოჯახს, ესე იგი, 7,5-7,5 ლარი დაემატება იმ 62,5 ლარს და ეს 7,5 ლარი ისევ და ისევ პროდუქტებისა და მედიკამენტების შესაძენად დაიხარჯება. რაც, საბოლოო ჯამში, გამოიწვევს ამ პროდუქტებზე ფასების მატებას. სწორედ იმიტომ აქვს ამ ხალხისთვის მნიშვნელობა ამ 30 ლარს, რომ მათი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ ეს რაღაცას ნიშნავს. იმ მდიდარ კომპანიებს კი იმიტომ აქვთ დიდი მოგებები, რომ, ერთი მხრივ, იძულებულნი არიან, უსპონსორონ სამთავრობო ღონისძიებებს და, მეორე მხრივ, მიცემული აქვთ თავისუფლება ფასწარმოქმნაში.

შეიძლება, ძალიან სოციალისტურ რამეს ვამბობ, შემისწორეთ, თუ ვცდები, მაგრამ, ეს მოგებები რომ გადანაწილდეს რამდენიმე ათეულ კომპანიაზე, ანუ იმ სფეროებში კიდევ უფრო მეტი კომპანია რომ იყოს, უფრო უკეთესი არ იქნებოდა?

– გადანაწილებაზე უფრო მნიშვნელოვანია, გაჩნდეს დასაქმების შესაძლებლობა. ქვეყანაში რომ კონკურენცია იყოს, უფრო მეტი ფირმა შემოვიდოდა და ფასები დაიკლებდა. რაც მეტი ფირმა იქნება, მით მეტი ხალხი დასაქმდება.

რას დაკარგავს ხელისუფლება, თუ მიუშვებს ბიზნესს თავისუფალ კონკურენციასთან? რაც მეტი ადამიანი გაიუმჯობესებს თავის სოციალურ მდგომარეობას, მით მეტად არ დაუჭერენ მხარს?

– მარტივ რამეს გეტყვით: ჩვენ ყველამ ვიცით, რაც ხდებოდა თბილისში სამარშრუტო ტაქსებთან მიმართებაში. მათ გაუჩინეს შუა რგოლი, რომელმაც არაფერში უნდა აიღოს 10 ლარი და გააძვიროს მგზავრობა. გეკითხებით, რა საჭიროა ამის გაკეთება? რატომ უნდა გაანაწყენო ეს ხალხი? ან რატომ ყრიან ყოველდღე გარე მოვაჭრეებს ზუგდიდში? ისედაც ხომ ურთულესი მდგმოარეობაა, რა საჭიროა ხალხის კიდევ უფრო გამწარება?! შემოდგომაზე დაიწყო საუბარი ინფლაციაზე და სწორედ შემოდგომაზე გადაწყდა წყლისა და დასუფთავების ტარიფების გაზრდა. არ სჯობდა, ვაუჩერებში გადაყრილი ფული დასუფთავებისა და წყლის ტარიფის სუბსიდირებისთვის გამოეყენებინათ.

ეს იდეაა... შეთავაზეთ.

– ამას პირველად არ ვამბობ. გაძვირდა ხორბალი, შაქარი და სხვა იმპორტირებული პროდუქტები, სწორედ იმიტომ, რომ იმპორტირებულია, მაგრამ წყლისა და დასუფთავების გადასახდელები ხომ ჩვენ გავაძვირეთ?! მესმის, რომ ხარჯები გაიზარდა, მაგრამ იმ ხარჯების დასაფარავად გამოყოფილიყო ბიუჯეტიდან სპეციალური სუბსიდიები და მოსახლეობას დარჩენოდა ის ფული. ამით ხომ კიდევ უფრო დავუმძიმეთ სოციალური ტვირთი?! რატომ ვამძიმებთ ამ ისედაც დამძიმებულ სოციალურ ფონს?!

სუბსიდირებისკენ რომ მიემართა ეს თანხა, შესაძლოა, მოსახლეობას ვერ ეგრძნო, იქნებ იცის ხელისუფლებამ, როგორი გზაა უმოკლესი მოსახლეობის გულისკენ?

– ხელისუფლება, ერთ მხრივ, მართალია, როდესაც თავის ამომრჩეველში გონიერებას ვერ ხედავს. მან იცის, რომ, თუ არჩევნების წინ თითოეულ ასეთ ჯგუფს მისცემს 20-30-ლარიან დახმარებას, ისინი ისევ მას დაუჭერენ მხარს. დასუფთავებისა და წყლის ტარიფი ისევ იმდენი რომ დარჩენილიყო, მას მადლში არ ჩაუთვლიდნენ, ვაუჩერები კი  კარგად გასაფიარებელია. თითოეული ოჯახი იღებს ვაუჩერს, დოკუმენტს. ხელისუფლებამ შესანიშნავად იცის, ვინ ჰყავს ამორმჩეველი.

მაგრამ ახლა არ არის არჩევნები, რატომამდენი სოციალური პროგრამა?

– დღეს, რეალურად, ქვეყანაში რევოლუციური განწყობა არ არსებობს, მაგრამ, იმავდროულად, რაც მოხდა არაბულ სამყაროში, დანარჩენებისთვის სიგნალია იმისა, რომ, თუ ტუნისელებს შეუძლიათ, თუ ეგვიპტელებს შეუძლიათ, ჩვენ რატომ არ შეგვიძლიაო. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაჩნდა ეს განცდა, მათ შორის, ჩვენს მეზობლადაც. გაჩნდა სომხეთში, ირანში. დავუშვათ, ირანი სხვა სისტემის ქვეყანაა, მაგრამ სომხეთი?! იმის თქმა მინდა,რომ ეს განწყობა გადამდებია. ვაუჩერები თუ პენსიების მომატება არის რეაქცია. ჩემი უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება არაერთხელ გამომიხატავს ვაუჩერებთან მიმართებაში, მაგრამ, იმავდროულად, არაერთხელ გამომიხატავს ჩემი დადებითი დამოკიდებულება პენსიონერებთან დაკავშირებით. იმიტომ კი არა, რომ ის ნაბიჯი ინფლაციის ზრდას არ შეუწყობს ხელს. რა თქმა უნდა, შეუწყობს, მაგრამ ეს ის ინფლაციაა, რომელსაც უნდა გავუძლოთ.

ამ ხალხის პენსია არის საარსებო მინიმუმზე ნაკლები და უბრალოდ უზნეობაა, რომ მათი პენსიების მატება შეცდომად მივიჩნიოთ, ამიტომ ამ მიმართულებით ნაბიჯის გადადგმა სწორია: ამ მიმართულებით უნდა ვიაროთ და უნდა გვევლო კიდეც აქამდეც. მართლია, ვარდების რევოლუციამდე პენსია 14 ლარი იყო და დღეს ის არსებითადაა გაზრდილი, მაგრამ ზრდა უფრო შთამბეჭდავი უნდა ყოფილიყო. მეორე მხრივ, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია დაპირება, რომ საპენსიო პაკეტი გახდება 100 დოლარის ექვივალენტიო. რატომ საპენსიო პაკეტი და არა პენსია?!

იმიტომ, რომ ეს ასი დოლარის ექვივალენტი სულ ფული არ იქნება.

– ამაში შეიყვანენ დაზღვევას, ვაუჩერებსაც. ამიტომ პაკეტი არის შეცდომა. უნდა ვილაპარაკოთ არა საპენსიო პაკეტზე, არამედ – პენსიაზე. მეორე: აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ ასი დოლარი?!

აბა, 100 ევრო?

– არც დოლარი და არც ევრო. საქმე ის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი კანონიერი საგადამხდელო საშუალება არის ლარი და მას დოლართან არანაირი საქმე არ აქვს. ხომ არ არის ეს სატყუარა ფიარისთვის?! ასი დოლარი პენსიონერს ყურში უფრო ტკბილად ისმის?! ჩემი აზრით, კონტექსტი უნდა იყოს ასეთი: პენსია არანაკლებ საარსებო მინმიუმისა, რაც იმ დროისთვის იქნება, რა დროსაც პენსია მოიმატებს, იმიტომ რომ საარსებო მინიმუმი არ არის ერთხელ და სამუდმოდ ფიქსირებული თანხა, ის ცვალებადია და მთავრობა უნდა ცდილობდეს, რომ არც ერთი მომენტისთვის პენსია არ იყოს საარსებო მინიმუმზე ნაკლები. სხვათა შორის, ეს თემა რვა წლის წინათ იყო აქტუალური, როდესაც ზურაბ ჟვანია და მისი გუნდი, „გაერთიანებული დემოკრატები“, შევარდნაძეს ედგნენ ოპოზიციაში, 2003 წლის დასაწყისშივე ამბობდნენ, რომ მაშინდელი 20-ლარიანი მინიმლური ხელფასი და 14-ლარიანი პენსია უნდა გამხდარიყო 115 ლარი, ანუ საარსებო მინიმუმის ტოლი. თუ ამის გაკეთება მაშინ შეიძლებოდა, ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, რატომ არ გააკეთეს?!

ეს როგორ - რვა წლის წინათ თუ 115 ლარი იყო საარსებო მინიმუმი, დღეს 150 ლარი როგორ გამოდის? პროდუქტებიც გაძვირდა ამ რვა წლის განმავლობაში და გადასახდელებიც?

– 2004 წელს ახალი მეთოდიკით დაიწყეს საარსებო მინიმუმის დაანგარიშება: შემცირდა კალორიულობა და საცალოს ნაცვლად გაითვალისწინეს საბითუმო ფასები, რამაც მინიმალური სასურსათო კალათა გააიაფა. 2003 წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის 52 პროცენტი იმყოფებოდა, ხოლო სიღარიბის ზღვრად კი განისაზღვრებოდა მინიმალური სასურსათო კალათა. როდესაც შეცვალეს მინიმალური სასურსათო კალათის დათვლის მეთოდიკა, აღმოჩნდა, რომ საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა მოსახლეობის 35 პროცენტი იყო და დიდად გაფიარდა, რომ ერთი წლის განმავლობაში სიღარიბის მაჩვენებელი 52-დან 35-პროცენტამდე შემცირდა, მაგრამ შემდეგ მოხდა კურიოზი: 2005 წელს ახალი მეთოდიკით სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩნდა მოსახლეობის 39 პროცენტი,  2006 წელს კი – 42 პროცენტი. მაგრამ 2006 წელს გაუქმდა საარსებო მინიმუმის გამოყენება სიღარიბის ზღვრის დასადგენად და შემოვიდა სიღარიბის დაანგარიშება ქულების მიხედვით. მეორე მხრივ, ისეთი მეთოდიკის მოგონებაც შეიძლება, რომ აღარავინ არ დარჩეს სიღარიბის ზღვარს მიღმა. ვიფქრობ, რომ ერთადერთი სწორი კრიტერიუმი სიღარიბის ზღვრის დასადგენად საარსებო მინიმუმია.

ხომ არსებობს, ალბათ, სიღარიბის ზღვრის დასადგენი აღიარებული მეთოდები?

– არსებობს ორი სახეობის სიღარიბე: აბსოლუტური და ფარდობითი. ყველა ქვეყანას ფარდობითი სიღარიბის თავ-თავისი დონე აქვს, იმიტომ რომ ეს დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეზე. 2008 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში სიღარიბის დონე ოთხსულიანი ოჯახისთვის იყო 20 000 ამერიკული დოლარი წელიწადში, საქართველოში ასეთი შემოსავლის მქონე ოჯახი თავს ღარიბად არ ჩათვლის, ამიტომ ფარდობითი სიღარიბე სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაა. რაც შეეხება სიღარიბის აბსოლუტურ მაჩვენებელს: 2001 წელს, გაეროს სტანდარტით, თუ ადამიანს დღეში 2 დოლარზე ნაკლები ჰქონდა, ის იყო ღარიბი, ერთ დოლარზე ნაკლების მქონე კი – ღატაკი. ახლა გაერომაც შეცვალა სტანდარტი და დღეში ღარიბი ადამიანი ორ-ნახევარ დოლარს უნდა მოიხმარდეს. აი, ეს უკვე აბსოლუტური სიღარიბეა. ჩვენთან არც ერთი ასეთი პარამეტრი არ გამოიყენება. ჩვენთან არის ქულები და, თუ ტელევიზორი გაქვს, ღარიბი არ ხარ, თუმცა შესაძლოა, ვიღაც კეთილმა ძიამ შეცვალოს ეს მოთხოვნა და თქვას, თუ ტელევიზორი აქვს, მაინც ღარიბიაო.

უსიამოვნო მაგალითია, ამიტომ ჩემს თავზე ვიტყვი: მიუხედავად იმისა, რომ დაზღვეული მაქვს ჯანმრთელობა, პირი ქვისკენ მიქნია, მაგრამ, თუ ძვირად ღირებული ოპერაცია დამჭირდა - გავღატაკდები.

– ჩვენ, ყველანი, ასე ვართ, მოსახლეობის მხოლოდ ძალიან მცირე პროცენტია დაცული.

მაგალითად, ზურაბ ნოღაიდელი, რომელმაც, თავის დროზე, ამერიკაში გაიკეთა ძვირადღირებული ოპერაცია?

– მან გულის ოპერაცია სახელმწიფოს ხარჯზე გაიკეთა, თუმცა თვითონაც ჰქონდა საამისო ფული.