“ჩიხურას” ნაციონალისტური ჩიხი; მოხერხდება თუ არა მიშას “დაჭერა”? მსოფლიოში ახალი ცივი ომი იწყება

“ჩიხურას” ნაციონალისტური ჩიხი; მოხერხდება თუ არა მიშას “დაჭერა”? მსოფლიოში ახალი ცივი ომი იწყება

დაახლოებით ნახევარი წუთი ირბინა საჩხერის “ჩიხურას” ფეხბურთელმა, სანამ თურქი გულშემატკივრების ტრიბუნამდე მიაღწევდა, რათა საერთაშორისო ჟესტით “ეჩვენებინა”. 

ეს კიდევ რა არის, ქართველები რომ ძალიან მაგრები ვართ (სანამ საქმე საქმეზე მიდგება, როგორც 1993 და 2008 წელს), ბევრად უფრო ადრე თბილისის “დინამოს” ერთმა ფეხბურთელმა “აჩვენა” რუსეთის სტადიონზე, იქაურ გუნდთან შეხვედრისას, სსრკ საფეხბურთო ჩემპიონატის “კალენდარულ მატჩში”. ჰკითხეთ ბაბუათა თაობის გულშემატკივრებს, ის ეპიზოდი აუცილებლად ემახსოვრებათ, რაკი მაშინაც ასეთივე რეაქცია გამოიწვია: “უჰ, რა მაგრები ვართ ეს ქართველებიო”.

ჰოდა, როგორ იყო? ჩანაწერი არ არსებობს, თუმცა ყვებიან, რომ არათუ ხსენებული საერთაშორისო ჟესტით, არამედ იმ ვაჟკაცმა ქართველმა ფეხბურთელმა...   რუსებს პირდაპირ “აჩვენა”. ანუ ჩაიხადა და... გადაჭარბება არ გეგონოთ, ან ლეგენდა, ნამდვილი ამბავია.

თუმცა, ყველაზე საინტერესო ამის შემდეგ მოხდა: ის “კალენდარული მატჩი” რომ დამთავრდა, ქართველ ფეხბურთელს ბოროტი საბჭოთა მილიციელები მივარდნენ, დააპატიმრეს და ხულიგნობისთვის ციხე მიუსაჯეს!

მე რომ მკითხოთ, საბჭოთა კავშირში “ხულიგნობის მუხლი” მეტისმეტად ხშირად გამოიყენებოდა პოლიტიკური მოსაზრებებით, ანუ დისიდენტების წინააღმდეგ. რა არის ხულიგნობა? ზედმიწევნითი დეფინიციით, ეს არის საზოგადოების აშკარა შეურაცხყოფა. საცოდავ დისიდენტებს მცირე დემონსტრაციებისთვისაც კი აპატიმრებდნენ და “ხულიგნობისთვის” ასამართლებდნენ. არადა, ის მუხლი, როგორც საბჭოთა კავშირის, ისევე, სხვათა შორის, ნებისმიერი სხვა ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსში ზუსტად იმგვარი “ვაჟკაცური საქციელისთვის” იდო: როცა ათი ათასობით ადამიანის წინაშე ვიღაც რეგვენი ამოიღებს და... არა, საქართველოს მწერალთა კავშირის ყრილობებზე მერე კი ამართლებდნენ ქარაგმულად და კი წერდნენ (მაგალითად, კიტა ბუაჩიძე) “იმპერატორ ნერონის ჟესტით... აჩვენა რუსებსო”, მაგრამ არა მგონია, იმ პერფორმანსის მომწყობს, მერე ციხიდან რომ იწერებოდა საწყალობელ უსტარებს, “მიშველეთო”, გაცნობიერებული ჰქონდა, რას აკეთებდა, ანუ ამით იმპერატორ ნერონის თუ არა, იმპერატორ ალექსანდრე პირველის მანიფესტის გამო შინაგანად დაუოკებელ პროტესტს აქვეყნებდა.

ზუსტად ასევე, არა მგონია, არა მგონია კი არა, დარწმუნებული ვარ, ის ფეხბურთელიც, რომელმაც სტადიონზე ირბინა, ირბინა, ირბინა, მიირბინა და თურქებს “აჩვენა”, რაიმე პოლიტიკურად გაცნობიერებულ პროტესტს გამოხატავდა, ხოლო იმ თურქების ადგილას ფრანგები ან ანგლოსაქსები რომ ყოფილიყვნენ, უფრო ნაზად რაფინირებულ ჟესტს მიმართავდა, ან უბრალოდ, ცივილიზებული სიხარულით შემოიფარგლებოდა.

პასუხიც ადეკვატური მიიღო (მივიღეთ) იმ ტრიბუნასთან და შემდეგ, პრესკონფერენცისიას. ძალიან კი გაუკვირდა ბევრს: “როგორ გაგვიბედეს, თან სად...”

ეს ჩვენს მოედანზე, თორემ “ჩიხურა” ამის შემდეგ ბაქოშიც გაემგზავრა, სადაც კიდევ უარესი მოხდა: გამოფინეს ბანერი “ნიკოფსიიდან დარუბანდამდის”, აწ გარდაცვლილი “ელიტარული ინტელიგენციის” იმ დონის სლოგანით, რაც ზუსტად შეესაბამებოდა ამ ინტელიგენციის ინტელექტუალურ “ნაჟურს” საქართველოს უახლეს ისტორიაში, რამაც მიგვიყვანა იქამდე, სადამდეც დღეს მივედით.

ერთი კითხვა კი ნამდვილად ჩნდება ქართული ნაციონალიზმის “რიგითი ჯარისკაცების” მიმართ: თქვე ოჯახაშენებულებო, საჩხერელები ვართო იძახით, და, აგერ, თქვენი სოფლის გვერდით, ღელეს გაღმა, უზარმაზარი ტერიტორიები აქვს დაპყრობილი დღევანდელ მტერს, მართლა მტერს და მართლა ოკუპანტს. ამ დროს ბაქოში გარბიხარ და აზერბაიჯანელებს კახ-ზაქათალას ედავები. ეს სადაური წესია?

სადაური წესია და აქაური, ანუ ქართული! “რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართ!”

ნამდვილად არ ვიცი, არსებობს თუ არა აზერბაიჯანულში ან თურქულში (ამბობენ, ტყუპი ენებიაო) ქართული სიტყვა-ცნება “მატრაკვეცას” შესატყვისი. სამაგიეროდ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბაქოს ინციდენტი ზუსტად იმ დღეს მოხდა, როცა სომხებმა ყარაბახის ფრონტზე 19 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი მოკლეს, ალბათ, განსაკუთრებულ აქტუალობას თურქულფუძიანი სიტყვა “გიოთვერანი” შეიძენს, რომელიც ქართულადაც თითქმის ასევე ჟღერს.

ხუმრობა იქით იყოს და ორივე ამ ინციდენტმა უდიდესი რეაქცია გამოიწვია როგორც აზერბაიჯანში, ასევე, განსაკუთრებით, თურქეთში. ვისაც სატელიტი აქვს, დამეთანხმება: რამდენიმე დღის განმავლობაში ატრიალებდა ყველა ტელეარხი და სულ მალე იგრძნობთ, ერთი-ორი მატრაკვეცა კლინიკური  იდიოტის “ნაქნარმა” როგორ შეიძლება იმოქმედოს ყოველი თქვენგანის კომფორტზე, ვთქვათ, სტამბულში ან სტამბულის გავლით მგზავრობისას.

დიახაც, ასე არ ხდება, რომ დღევანდელ “გლობალიზებულ მსოფლიოში”, მილიონობით ტელემაყურებლის თვალწინ “ამოიღო”, “აჩვენო” და ვითომც არაფერი. ადრე მხოლოდ იმ წყეულ საბჭოთა კავშირში ხდებოდა: ის ქართველი ფეხბურთელი კი დააპატიმრეს, მაგრამ მისი საქციელი ტელეეკრანებზე არ უტრიალებიათ და ხულიგნობის მუხლით რისთვის გაასამართლეს, ესეც არ უთქვამთ, რათა ლენინის “ინტერნაციონალისტური პრინციპები” არ დაერღვიათ და ერთაშორის შუღლი არ გაეღვივებინათ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მიშას ფოტო, ნიუ-იორკში, ჩამავალი მზის ფონზე, რომელიც “ფეისბუკზე” გამოქვეყნდა პროკურატურის დემარშის პასუხად, მაინც არცთუ ისე კორექტული საქციელი მგონია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მისი ერთგული თანამებრძოლები - გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი - ამ დროს ციხეში სხედან და მართლა ძალიან მძიმე სასჯელი ელით: თუ ეს საქმეები ბოლომდე მივიდა - 30-40 წელი ციხე! და ძალიან საეჭვოა ისინი ბიძინა ივანიშვილმა უახლესი 20 წლის განმავლობაში შეიწყალოს, რაც საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას დასჭირდება. თუ, რასაკვირველია, ქვეყანაში მორიგი “ვარდების რევოლუცია” არ მოხდა. თუმცა ყოვლისმნახველი და ყოვლისგამომცდელი ბერძნები (ჰერაკლიტე) გვასწავლიან, რომ “ორჯერ ერთსა და იმავე მდინარეში ვერ შეხვალ”.

პირადი ანგარება მართლა არც ერთ ამ საქმეში არ ჩანს: გიგიც და ვანოც (უახლოეს მომავალში გიგაც) ისჯებიან პარტიისა და პრეზიდენტის ერთგულებისა და მისი დავალებების შესრულებისთვის. 

ცოტა მეტი თავშეკავება ხომ მაინც გმართებს ამ დროს? ჯერჯერობით არ ამბობენ არაფერს და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზეც არ ზრუნავენ, მაგრამ, თუ ასეთი ფოტოების “აკიდვა” გახშირდა, კაცმა არ იცის, რა მოხდება.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .  .

სასამართლოს გადაწყვეტილება, მიშასთვის დაუსწრებლად პატიმრობის შეფარდების თაობაზე, პოლიტიკურად სრულიად უვნებელია: გამოაცხადებენ საერთაშორისო ძებნას, ან არც გამოაცხადებენ, თუკი ჩათვლიან, რომ ასე უფრო ხელსაყრელია.

მაგალითად, ჟურნალისტებმა დღემდე ვერ მიიღეს პასუხი პროკურატურისგან ელემენტარულ კითხვაზე; არის თუ არა გამოცხადებული ძებნა “წითელი ცირკულარით” ზურაბ ადეიშვილზე?

აბა, სცადეთ, მიიღოთ ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ კითხვაზე. არადა, რატომ? იმიტომ, რომ, თუ ზურაბ ადეიშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება და უნგრეთი მას საქართველოს არ გადმოსცემს, შემდეგი ელემენტარული ნაბიჯი, თავმოყვარე ქვეყნის მხრიდან, უნდა იყოს ამ “არამეგობრული გადაწყვეტილების” გამო უნგრეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა.

აბა, სხვა როგორ? ეს ხომ დიპლომატიურად სახეში შეფურთხებაა?

ახლა კი წარმოვიდგინოთ, მიშაზე არა მხოლოდ საქმე აღიძრა და არა მხოლოდ დაუსწრებლად დაპატიმრების გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომ, არამედ ძებნაც გამოცხადდა მასზე, რაც სრული აბსურდი და იდიოტიზმია: იგივე “ინტერპოლი” მხრებს აიჩეჩს და ქართველ კოლეგებს ეტყვის: “თქვენ ... ხომ არა გაქვთ? რა ძებნა, - არსად არ იმალება ეს კაცი, აგერ არის, ამერიკაში ცხოვრობს და თუ რაიმეს... თავი გაქვთ, დაიბარეთ ამერიკის ელჩი და ჰკითხეთ, ექსპრეზიდენტს რატომ არ გადმოსცემენ საქართველოს?”

რა შუაშია აქ ინტერპოლი და საერთაშორისო ძებნა, თუკი ბრალდებული არსად იმალება, ღიად მოგზაურობს, ლეგალურად ცხოვრობს მეგობარ სახელმწიფოში (საქართველოს მეგობარ სახელმწიფოს ვგულისხმობ, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებს) და ვაშინგტონი მის გადმოცემას არ აპირებს, რაკი საქმე პოლიტიკურად მოტივირებული ჰგონია?

მერედა, აქვს იმის შნო, ქართულ “დოყლოპატიას”, ამერიკის ელჩი ნორლანდი გამოიძახოს და ჰკითხოს: “ძვირფასო ელჩო, ეს რა ხდება და რატომ ხდებაო?”

როგორც ჩანს, უფრო საშუალედო ვარიანტს აირჩევენ, როდესაც სისხლის სამართლის საქმე - საქმედ, ხოლო ბიზნესი ბიზნესად რჩება. ესე იგი, ვითომც არაფერი ხდება და სხვადასხვა “ფართი”-ზე შამპანურით სავსე ჭიქის მიჭახუნებისას ირონიული ღიმილიც არ კრთება თვალის ნაოჭებთან.

მაშინ რაღა საჭიროა მთელი ეს ცირკი? ალბათ, იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით დაკმაყოფილდეს გამწარებული ხალხი, თორემ მიშას ექსტრადირება რომ ზღაპარია, ყველას ესმის. მით უმეტეს, დღეს, როცა მსოფლიო მართლა შედის ძალიან საშიშ პერიოდში, ხოლო დასავლეთს ყოველი “მედია-ჯარისკაცი” გამწარებული თვლით აქვს ჩაბარებული. დავაკვირდეთ, რა სიხშირით ეძახიან მიშას CNN-სა და BBC-ზე.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

კაციშვილმა არ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში. შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ უარესი სცენარი:

უკრაინა თანდათან ავიწროებს რკალს დონეცკისა და ლუგანსკის გარშემო. სეპარატისტთა დამარცხება პუტინისთვის ძალიან მტკივნეული დარტყმა იქნება. ამჟამად ის თითქოს რაღაცას ელოდება. რას? შვებულებათა სეზონს ხომ არა?

საქმე ის გახლავთ, რომ აგვისტო ევრო-ამერიკულ სივრცეში “მკვდარი სეზონია”, როდესაც ყველა დონის ჩინოსანი, უმაღლესი თანამდებობის პირთა ჩათვლით, ოჯახთან ერთად დასასვენებლად მიემგზავრება. სწორედ ამიტომ შეარჩიეს 2008 წელს აგვისტო, როცა საქართველოსთვის არავის ეცალა - უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით იყვნენ დაკავებულნი ლაჟვარდოვან სანაპიროზე, ფლორიდაზე ან ჰავაის კუნძულებზე.

ახლაც იგივე ხომ არ მზადდება? რუსეთს, სამხედრო თვალსაზრისით, სულ რამდენიმე საათში შეუძლია, გაანადგუროს უკრაინის სამხედრო დაჯგუფება დონეცკ-ლუგანსკის რეგიონში. ამისთვის სახმელეთო ჯარების გამოყენებაც კი არ დასჭირდება - რამდენიმე ათეული “ისკანდერი” და სტრატეგიული ბომბდამშენებიდან გაშვებული “ფრთოსანი რაკეტაც” საკმარისი იქნება.

წავა ამაზე პუტინი? თუ წავა, მსოფლიო მართლა შევა ახალი “ცივი ომის” ხანაში. თანაც პირველი მსოფლიო ომის ზუსტად 100 წლისთავზე, რაც ისტორიის მრისხანე ირონიაა. 

თუმცა, რუსი პოლიტოლოგები უკვე არათუ მეოცე საუკუნის, არამედ მე-19 საუკუნის რეალობათა აღდგენას წინასწარმეტყველებენ. მაგალითად, ამას წინათ ერთი მათგანი, ვინმე ტიმოფეი ბორდაჩევი წერდა: “კვლავ დგება ხანა, როცა ომები ელიტის საქმე იყო, ბრძოლიდან ბრძოლამდე, ხალხი კი ამაში არანაირ მონაწილეობას არ იღებდაო”.

კი ბატონო, აი, მაგალითად, ნაპოლეონმა წამოიყვანა საფრანგეთის “დიდი არმია”, რომელიც პროფესიონალი მეომრებისგან შედგებოდა, კუტუზოვმაც დაახვედრა ასეთივე არმია ბოროდინოსთან. “იომეს და დაიშალნენ” ისე, რომ “გლეხობას” არც არაფერი უგრძნია.

სწორედ ამას გვიწინასწარმეტყველებენ უახლესი ასი წლის განმავლობაში კიდევ. სხვაგვარად თუ ვიტყვით, ისეთი სანახაობები არ მოგვაკლდება, აი, 1410 წელს, გრიუნვალდის ბრძოლისას, ხეებზე შემომსხდარ გლეხებს რომ ერგოთ.

 მაგრამ, ვაი რომ თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიები ამგვარი კომფორტის ალბათობას მეტისმეტად ამცირებს და ყბადაღებულ “უბრალო ხალხსაც” მეტი შანსი აქვს, დაზარალდეს, ვიდრე “გრიუნვალდის ველზე” ხიდან ჩამოვარდნისას - “შავი ზავიშა გორბოველის” ცხენქვეშ მოყოლის გამო.