რატომ უნდა დავიწყოთ სამუშაო დღე 9 საათზე და ვინ არიან მსოფლიოში ყველაზე ზარმაცები

რატომ უნდა დავიწყოთ სამუშაო დღე 9 საათზე და ვინ არიან მსოფლიოში ყველაზე ზარმაცები

წინა კვირას პრემიერმა განაცხადა: სამუშაო დღე 9 საათზე უნდა დაიწყოს და გულზე შემომეყარა, მაგრამ უცბად თავში დამკრა, მე ხომ ჟურნალისტი ვარ და მუშაობის თავისუფალი განრიგი მაქვს-მეთქი. შვებით ამოვისუნთქე და ის იყო, გუნება გამომიკეთდა, რომ გამახსენდა, თუ როგორ უჭირს ჩემს შვილს დილით ადრე ადგომა, არადა, მუშაობას 10 საათზე იწყებს. იგივე პრობლემა აქვთ მის მეგობრებს და ჩემს გარშემო ყველას, თითქმის ყველას - დილით ადრე ადგომა უჭირს.

ქართველები დილაუთენია არ ვდგებით და სპორტულ მოედანზე სავარჯიშოდ არ გავრბივართ - ეს ჩვენს ხასიათში არ დევს, ლოგინში ნებივრობა გვირჩევნია. რა თქმა უნდა, გამონაკლისები არიან, მაგრამ ეს გამონაკლისები ზოგად ქართულ მენტალობაში ვერ ჯდებიან. ქართველები, როგორც წესი, ყველგან და ყველაფერზე ვიგვიანებთ და ეს სულაც არ ითვლება უზრდელობად, თავხედობად, ან უპატივცემულობად. ქართულ საზოგადოებაში დაგვიანება მიღებული ნორმაა და ყურადღებას არ ვაქცევთ, ზერელედ ვეკიდებით.

ზერელედ ვეკიდებით სამსახურსაც, თუ ეს უკანასკნელი სასიამოვნო საქმიანობა არ არის. ისეთი სამსახური კი, რომელიც სასიამოვნოცაა და, ამავე დროს, კარგად ანაზღაურებადიც, შეიძლება ითქვას, საქართველოში არ არსებობს. ასეთი სამსახურები, როგორც წესი, დანარჩენ მსოფლიოშიც ძალიან ცოტაა და ერთეულების ხვედრია.

ერთი სიტყვით, ქართველები წავიზარმაცებთ, მუშაობას გართობა და დროსტარება გვირჩევნია. გულიანი მუშაობა არ გვჩვევია, გულიანი ქეიფი ვიცით და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვა, ლაღი ცხოვრება გვირჩევნია და ამას უფულოდაც ვახერხებთ. ბეჯითი მუშაობა, პუნქტუალობა, პასუხიმგებლობა ჩვენი ძლიერი მხარე არ არის, ქართული მენტალობისთვის უცხო თვისებებია.

რა არის მენტალობა? - ბოლო დროს ამ სიტყვას ხშირად ვიყენებთ და, ალბათ, ღირს გავიხსენოთ, თუ როდის გაჩნდა ეს ტერმინი.

135 წლის წინ, ფრანგი ფსიქოლოგი და ნეიროქირურგი ანრი ვალონი დაიბადა, რომელმაც ცნობილი შვეიცარელი ფსიქოლოგის, კარლ იუნგის ნაშრომებზე დაყრდნობით, ცნება “მენტალიტეტი” შემოიტანა. ეს 1928 წელს მოხდა, როცა ვალონმა თავის ნაშრომში აღნიშნა: “მენტალიტეტი აქვს ყველა ეროვნებას, რომელიც მჟღავნდება ქცევაში, აღქმაში და ზემოქმედებას ახდენს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაზე”.

საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა და კარგად ვიცით, თუ როგორი კანონმორჩილები არიან ევროპელები. ვიცით, რომ დასავლეთში სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ ევროპელები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ სამუშაოს და, გარდა ამისა, ცნობილია, რომ სამუშაო დღე ძალიან ადრე იწყება.

მაშ ასე, მოკლედ ევროპელების ნაციონალური მენტალიტეტის თავისებურებებზე:

გერმანელები

 

გერმანიაში სამუშაო დღე ადრე იწყება და ადრე მთავრდება. შინ ტელეფონით დარეკვა შეიძლება დილის 5:00-დან საღამოს 21:00 სთ-მდე. სახელმწიფო სტრუქტურებში დილის 7 საათზე ყველა თანამშრომელი თავის ადგილზეა. პუნქტუალური გერმანელები, როგორც წესი, 20-15 წუთით ადრე მიდიან სამსახურში, რომ ზუსტად 7 საათზე მუშაობას შეუდგნენ. კერძო სტრუქტურებში, მარკეტებსა და სხვა დაწესებულებებში ჩვეულებრივი მოვლენაა 6 საათზე მუშაობის დაწყება. მოსწავლეები დილის 7 საათზე უკვე კლასებში სხედან და მასწავლებელი გაკვეთილს იწყებს.

გერმანელები ძალიან განსხვავდებიან დანარჩენი ევროპელებისაგან, რადგან სამუშაო მათ ცხოვრებაში უმთავრესია და “ტრუდოგოლიკებად” ითვლებიან. აგრეთვე, უკიდურესად პუნქტუალურები არიან და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან აღებულ ვალდებულებას.

თუ გერმანულ ფირმას სამუშაო აქვს შეკვეთილი, ეს სამუშაო მეთოდურად შესრულდება და ყველა დეტალი ზედმიწევნით დამუშავდება. როგორც ყოველთვის, მენეჯერის სამუშაო დღე მკაცრი სიზუსტით იგეგმება და ამიტომ მოლაპარაკება საქმიანი შეხვედრისთვის რამდენიმე დღით ადრე უნდა შედგეს. გარდა ამისა, გერმანელებს არ უყვართ კომპლიმენტები და ადამიანებს მხოლოდ თავიანთი საქციელით აფასებენ. საქმიან მიღებაზე ზუსტად დათქმულ დროს უნდა გამოცხადდე და ზუსტად ისე უნდა გეცვას, როგორც მოსაწვევშია მითითებული. ხშირად მოსაწვევ ბარათზე აღნიშნულია ჩაცმულობის ფორმა - ფრაკი, ან სმოკინგი, რომლის გამოტანა “პრაკატიდან” შეიძლება.

ცნობილია, რომ გერმანული საქონელი, ტექნიკა თუ სხვა საუკეთესო ხარისხისა და გამძლეა, თუმცა გარეგნულ იერსახეზე, სილამაზეზე ნაკლებად ზრუნავენ. ამ მხრივ ევროპაში პირველი ადგილი საფრანგეთს უჭირავს.

ერთადერთი, რაც გერმანიაში ძალიან თვალში საცემია, ლუდის უზომო სმაა.

იტალიელები

 

გერმანელებისაგან განსხვავებით, იტალიელები გულღია და ხმაურიანი ხალხია, თუმცა, როგორც ამბობენ, ყველა იტალიელი ცხოვრობს პრინციპით - “ბუონა ფაცცია - ცატტივო გიოცცო” (კეთილი სახე - ბოროტი თამაში), ანუ იყო ცბიერი იტალიელისთვის სირცხვილი არაა. იტალიელები დიდი ფანტაზიორები არიან და თავისთავზე ათასნაირ თავგადასავალს იგონებენ. ძალიან ბევრს დაგპირდებიან, მაგრამ 15 წუთის შემდეგ, აღარაფერი ახსოვთ. არც პუნქტუალურობით გამოირჩევიან და თუ იტალიელმა შეხვედრა 13:00 სთ-ზე დაგინიშნა, უნდა მიხვდე 13:30 სთ-ზე, რომ ლოდინით არ დაიღალო.

იტალიელები აზარტულები არიან - იტაცებთ სათამაშო ავტომატები და კაზინოები. გარდა ამისა, ბევრი მწეველი ჰყავთ, განსაკუთრებით, - სამხრეთ იტალიაში. საუბრის დროს ხშირად გეხებიან, ან მხარზე წამოგარტყამენ. ძალიან ცრუმორწმუნეები არიან და, როგორც წესი, ავი თვალისაგან თავის დასაცავად ავგაროზებს ატარებენ.

იტალიელი მამაკაცები ძალიან მიჯაჭვულები არიან დედაზე და ოჯახს ძალიან იშვიათად ანგრევენ.

იტალიაში შინაბერა ქალი არავის უკვირს. შინაბერებს “იესოს სასძლოებს” ეძახიან (ჩვენებურად - შინაბერა ქალიშვილები). ეს ქალბატონები თავიანთ “უმწიკვლობას” და “განსაკუთრებულ მორწმუნეობას” ხაზს უსვამენ და ამაყობენ, მაგრამ როგორც წესი, ძალიან ავები არიან და მძიმე ხასიათით გამოირჩევიან.

იტალიაში განსაკუთრებული დამოკიდებულებაა ბავშვების მიმართ. ამ ქვეყანაში ბავშვთა სახლები არ არსებობს, რადგან თუ დედა შვილზე უარს ამბობს, მას სწრაფად აშვილებენ.

ყოველივე ზემოჩამოთვლილთან ერთად, იტალიელები, ისევე როგორც ქართველები, ძალიან ბევრ ღვინოს სვამენ, მაგრამ პრაქტიკულად, მთვრალ იტალიელს ქუჩაში ვერ ნახავთ.

ესპანელები

 

თავიანთი ბუნებით, ესპანელები ძალიან გახსნილები და ხალისიანები არიან. მათ შეუძლიათ, იყვნენ ძალიან სერიოზულებიც, თუ ამას საჭიროება მოითხოვს. გარდა ამისა, ესპანელებს იუმორის საოცარი გრძნობა აქვთ.

ადრე ესპანელებს ჰქონდათ შესანიშნავი ტრადიცია: ყოველ დღე, 13-დან 16:00 საათამდე ისვენებდნენ და ამ დროს ერქვა “სიესტა”. დროის ამ შუალედში იკეტებოდა ბანკები, მაღაზიები და სახელმწიფო დაწესებულებები. ეს ტრადიცია მთელ ესპანეთში ვრცელდებოდა, მაგრამ 2005 წლიდან, დასვენების დროში ცვლილებები შევიდა და ერთი საათით შემცირდა. ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ორსაათიანი შესვენება უარყოფითად მოქმედებდა ქვეყნის ეკონომიკაზე.

ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყნებში, ესპანეთშიც, საქმიანი ხალხი გაცნობისას ერთმანეთს ხელს ართმევს და სავიზიტო ბარათებს ცვლის, თუმცა ისევე როგორც იტალიაში, ესპანელების ნაციონალური თვისებაა დაგვიანება და საქმიან შეხვედრებზეც იგვიანებენ. ხასიათის ეს შტრიხი იმდენად თვალშისაცემია, რომ ესპანელების არაორგანიზებულობაზე თავად ესპანელები ხუმრობენ, დანარჩენ ევროპაში კი, ანეკდოტებს ჰყვებიან.

ესპანელების არაორგანიზებულობის მიუხედავად, სამუშაო დღე ესპანეთში 9 საათზე იწყება და დაგვიანება გამორიცხულია.

ინგლისელები

 

რაც შეეხებათ ინგლისელებს, ეს ვრცელი თემაა და მოკლედ რამის თქმა ძნელია, მაგრამ შევეცდები. თავდაპირველად აღვნიშნავ, რომ ინგლისის პარლამენტი 8 საათზე იწყებს მუშაობას და მიღების საათები დილის 8-დან საღამოს 6 საათამდეა.

საერთოდ, ინგლისი, უფრო სწორად, დიდი ბრიტანეთი უნიკალური და პარადოქსული ქვეყანაა. თავად ინგლისელები თავიანთ ქვეყანას აღიქვამენ, როგორც განსაკუთრებულს, თუმცა ხმამაღლა ამას არც გამოხატავენ და არც ამტკიცებენ, რადგან მათი განსაკუთრებულობა აღიარებული ჭეშმარიტებაა, რასაც მტკიცება არ სჭირდება. ყოველ შემთხევაში, ინგლისელები ასე თვლიან და რაც ძალიან საინტერესოა, დანარჩენ ევროპასაც ასე მიაჩნია, თვით ფრანგებსაც კი, თუმცა სულ ცდილობენ, რომ თავიანთი უპირატესობა დაამტკიცონ.

ინგლისელებს ძალიან უყვართ მოგზაურობა. საშუალო სტატისტიკურ ინგლისურ ოჯახში ერთი ვაჟიშვილი მაროკოშია (მუშაობს, ან შთაბეჭდილებებს აგროვებს და უბის წიგნაკში ჩანაწერებს აკეთებს), მეორე - ინდონეზიაშია და იქიდან სტატიებს აგზავნის რომელიმე ბრიტანული გაზეთისთვის, მესამე კი - “ლონდონ სითიში” მუშაობს, რათა ოჯახი უზრუნველყოს.

სხვათა შორის, ინგლისი ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არ უნდა, რომ “ევროპა” იყოს. ინგლისელებს თვითმყოფადობა სურთ და მიაჩნიათ, რომ დიდი ბრიტანეთი ევროპაზე მეტია, უფრო მეტიც - სამყაროს ჭიპია. ნულოვანი მერიდიანიც ხომ სწორედ დიდ ბრიტანეთზე გადის.

ინგლისელისთვის დამახასიათებელია თვითირონია, ჯანმრთელი სკეპტიციზმი და მისეული იუმორი. მათ მიაჩნიათ, რომ ინგლისური იუმორი იუმორის კლასიკაა, თუმცა ინგლისური იუმორი რომ გაიგო, ძალიან კარგად უნდა იცნობდე ამ ქვეყანას, მის ისტორიასა და მსოფლმხედველობას.

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელები ტრადიციულები და კონსერვატორები არიან, ბრიტანეთში არაფორმალური საზოგადოებაცაა - შეგიძლიათ, ქუჩაში ყოვლად წარმოუდგენელ სამოსში გამოწყობილი ადამიანები ნახოთ ყოვლად წარმოუდგენელი ვარცხნილობით. საქმე ისაა, რომ ტურისტების გარდა, მათ ყურადღებას არავინ აქცევს. ერთის მხრივ, დიდი ბრიტანეთი უცნაური და ექსცენტრული ადამიანების ქვეყანაა, მეორეს მხრივ - ტრადიციული და კონსერვატორული, მაგრამ ერთმანეთს არ უპირისპირდებიან და ალბათ, ესაა ყველაზე დიდი გამოცანა.E

რანგები

 

ფრანგები ინგლისელების მთავარი ოპონენტები არიან და იმის გამბედაობაც ჰყოფნით, რომ ინგლისელები გააკრიტიკონ. დანარჩენი ქვეყნები კი, უბრალოდ, დუმილს არჩევენ - თვლიან, რომ რამის თქმა არ ღირს, რადგან შურიანობაში ჩაუთვლიან, თუმცა არც უამისობაა. ახლო მეზობლობის მიუხედავად, ფრანგები კარდინალურად განსხვავდებიან ინგისელებისგან.

ფრანგებს ახასიათებთ დაგვიანება, მუშაობაც ნაკლებად უყვართ და ნებისმიერ წამს მზად არიან, მიატოვონ სამუშაო, რათა ყავა დალიონ, გაისეირნონ, ან სულაც, სიყვარულით დაკავდნენ. შაბათ-კვირის შემდეგ, როგორც წესი, სამსახურში იგვიანებენ და დიდ ხანს გულს ვერ უდებენ სამუშაოს. ორშაბათობით, ბევრი მაღაზია სადილამდე არ მუშაობს.

ზემოთქმულის მიუხედავად, ფრანგები შინაგანად ძალიან მოწესრიგებულები არიან - ცოლსა და საყვარელთან (როგორც წესი, ჰყავთ) ყველაფერი კარგად დათვლილი და გათვლილი აქვთ, ზედმეტი ხარჯების გარეშე. ფრანგები გამორჩეულად ზრდილობიანები არიან, სწრაფად ლაპარაკობენ, ბრწყინვალედ ატარებენ მოლაპარაკებებს და თავიანთ პოზიციას იცავენ. ხშირად კეთილშობილები და გულუხვებიც არიან, მაგრამ ამასთან, ეშმაკები და ანგარიშიანებიც.

ფრანგების შინაგანი მოთხოვნილებაა იდეების, გრძნობების, აზრებისა და ემოციების გაზიარება. სიზუსტესა და პუნქტუალობას პატივს არ სცემენ, რადგან თვლიან, რომ რაც უფრო მაღალია ადამიანის სოციალური სტატუსი, მით უფრო მეტი უფლება აქვს, დაიგვიანოს.

ფრანგებს ძალიან უყვართ მიწა და, საერთოდ, სოფელი მათთვის რომანტიზმთანაა ასოცირებული. ადამიანში პატივს სცემენ ჭკუასა და გრძნობებს.

საფრანგეთი მთელ მსოფლიოში სტილისა და გენმოვნების ეტალონად ითვლება და ამ ჭეშმარიტებას არავინ უარყოფს.

P.S. ასეთია ევროპის ყველაზე დიდი და გავლენიანი ქვეყნების ნაციონალური მენტალიტეტის თავისებურებანი. ასე რომ, ქართული ეროვნული მენტალობა ნამდვილად არ იქნება უცხო, გაუგებარი და მიუღებელი ევროპელებისთვის.

სხვათა შორის, ერთ-ერთ რუსულ საიტზე ქართველებზე წერენ: “ყოველი ხევი, ველი თუ მთა განუმეორებელია საქართველოში. ხალხი, რომელიც ამ პატარა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ცხოვრობს, გარეგნობით, ქცევითა და ტემპერამენტით ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. სწორედ ამ მრავალფეროვნების გამო, ქართველებს გამოუმუშავდათ ამაღლებული სულიერება, გემოვნება და სხვა ფაქიზი ნიუანსები. შესაძლოა, ამიტომაც საქართველოში ძალიან აფასებენ იმას, რაც არ ჰგავთ, ან არ აქვთ. მოსწონთ ყველაფერი განსაკუთრებული და უნიკალური. მრავალფეროვნების ერთიანობა - აი, რა არის მთავარი ქართველებისათვის”.

ეს რომ წავიკითხე, გავიფიქრე, ხომ არ შემეშალა, იქნებ, საქართველოზე არ არის-მეთქი, გადავამოწმე და ნამდვილად საქართველოსა და ქართველებზე წერია. იქნებ, მართლაც, ასეთები ვართ, ალბათ, ვართ! ჩავიხედოთ საკუთარ თავში... დარწმუნებული ვარ, დაეთანხმებით.