რუსეთი უკრაინულ ავიაკომპანიებს საქართველოსკენ სატრანზიტო ფრენებს უკრძალავს. ეს არის იმ დიდი სადამსჯელო ოპერაციის მცირედი ნაწილი, რომლითაც მოსკოვი საერთაშორისო თანამეგობრობას ეკონომიკური სანქციების გამო სამაგიეროს უხდის. ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების შედეგები უკვე დაეტყო რუსეთის ფედერაციას, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე მასობრივი შეჭრის საფრთხეს ქმნის. დასავლეთი თავდაცვით ზომებს აძლიერებს.
რუსეთის პრეზიდენტის 6 აგვისტოს ბრძანებულების კვალდაკვალ, დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული სადამსჯელო ღონისძიებები რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა 7 აგვისტოს გაახმაურა. ითქვა, რომ, ჯერჯერობით ერთი წლით, რუსეთი კარს უხურავს საქონლისა და ღორის ხორცს, ხილ-ბოსტნეულს, ფრინველის ხორცს, თევზს, ყველს, რძესა და რძის პროდუქტებს ევროკავშირის ქვეყნებიდან, შეერთებული შტატებიდან, ავსტრალიიდან, კანადიდან და ნორვეგიიდან.
როგორც პრემიერ-მინისტრი დმიტრი მედვედევი ამბობს, ეს იქნება შანსი ადგილობრივი წარმოებისთვის, რომ დაიმკვიდროს ადგილი სამომხმარებლო ბაზარზე, იმპორტირებული პროდუქციის ნაცვლად. თუმცა ექსპერტთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ფასები გაიზრდება, რადგანაც რუსეთის ბაზარზე პროდუქციას უფრო შორიდან - მაგალითად, ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან - შეიტანენ. მედვედევი ამბობს, რომ რუსეთს საპასუხო ნაბიჯების გადადგმა არ უნდოდა, მაგრამ რადგანაც დასავლეთმა სანქციები კიდევ უფრო გააძლიერა, მოსკოვს სხვა გზა აღარ დარჩა. დმიტრი მედვედევის სიტყვებში მუქარაც იგრძნობა:
”გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენი პარტნიორები ეკონომიკურ პრაგმატიზმს სულელურ პოლიტიკურ მოსაზრებებზე წინ დააყენებენ და რომ ისინი ფიქრს დაიწყებენ და შეწყვეტენ დაშინებასა და რუსეთის შევიწროებას. ურთიერთსასარგებლო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა აღდგება ძველებური მოცულობით. ჩვენ ამას ვისურვებდით”.
7 აგვისტოს ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსეთი თავისი საჰაერო სივრცის გავლით სატრანზიტო ფრენას აუკრძალავს ევროპულ და ამერიკულ ავიაკომპანიებს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონისკენ. ასევე შეიცვლება რუსეთის საჰაერო სივრცეში შესვლის პირობები ევროპული გადამზიდავების რეგულარული და ჩარტერული რეისებისთვის, რაც, მედვედევის სიტყვებით, გააძვირებს მათ სერვისებს. ეს არის საკითხები, რაზეც ჯერ კიდევ მსჯელობს რუსეთის მთავრობა. ამ ეტაპისთვის მიღებულია მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება, რაც საქართველოსაც უკავშირდება:
”საქმე შეეხება იმ სატრანზიტო რეისების შეწყვეტას, რომლებსაც უკრაინული ავიაკომპანიები ახორციელებენ რუსეთის საჰაერო სივრცის გავლით მთელ რიგ ქვეყნებში - აზერბაიჯანში, საქართველოში, სომხეთსა და თურქეთში”.
ქვეყნები, რომლებსაც რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვები შეეხოთ, სავარაუდო ზარალის დათვლას მხოლოდ ახლა იწყებენ, თუმცა წინასწარვე ცხადია, რომ დაკარგული მოგება მილიარდობით დოლარით განისაზღვრება. რაც შეეხება თავად რუსეთს, ის, მართალია, არ იმჩნევს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთის მიერ დაწესებული თანმიმდევრული ეკონომიკური სანქციების მწარე შედეგების პირველი ნიშნები უკვე აშკარაა. ასე მაგალითად:
სანქციათა ადრესატმა ბანკებმა - „გაზპრომბანკმა“ და „როსსელხოზბანკმა“ - უკვე დახმარების თხოვნით მიმართეს სახელმწიფოს. ამის შესახებ, რუსეთის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით, „ვედომოსტი“იუწყება. გაზეთის ინფორმაციით, რუსეთის ფინანსთა სამინისტრო ბანკებისთვის დახმარების გაწევის წინააღმდეგია, რადგანაც ვარაუდობს, რომ სანქციების საბაბით მათ სურთ სახელმწიფოსგან მაქსიმალური სარგებელი მიიღონ.
პარალელურად რთულდება ვითარება კონფლიქტის გამწვავების კუთხითაც. დასავლეთი შეშფოთებული შესცქერის რუსეთს, რომელიც განაგრძობს სამხედრო წარმომადგენლობის გაძლიერებას უკრაინის საზღვართან და შესაძლოა ნებისმიერ წუთას შეიჭრას კიდეც სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც უკვე კარგა ხანია იბრძვიან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები. უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, ნატო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე მუშაობს და, როგორც ბოლო დღეებში არაერთხელ აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, ალიანსი მხოლოდ მისი 28 წევრის უსაფრთხოების უზრუნველყოფით არ უნდა შემოიფარგლოს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონის რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ნატოს უელსის სამიტზე უნდა გადაწყდეს ალიანსის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოსა თუ ახლო აღმოსავლეთისკენ.
საერთაშორისო თანამეგობრობის ამგვარი მიდგომებით კმაყოფილებას გამოხატავს თბილისი. მაგალითად, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე აღნიშნავს, დასავლეთი რუსეთს ადეკვატურად ექცევა:
”მოხარული ვართ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ კარგად გაიაზრა ის საფრთხე, რომელიც მოდის რუსეთიდან და ამის უპირველესი საპირწონე, ბუნებრივია, თავდაცვისუნარიანობის ამაღლება იქნება, მათ შორის - აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში, მათ შორის - პარტნიორ ქვეყნებში, როგორც ნატოს, ასევე ევროკავშირის მხრიდან”.
საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის ნაწილს წარმოადგენს ისიც, რომ 7 აგვისტოს შავ ზღვაში ამერიკული სარაკეტო კრეისერი ”ველა გალფი” (Vella Gulf) შევიდა. შეერთებული შტატების ოფიციალური ინფორმაციით, მიზანი რეგიონში ”მშვიდობისა და სტაბილურობის” აღდგენაა.