საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ავღანეთში ამერიკულ ბაზა "ფენიქსზე" აშშ-ის პოლკოვნიკ რენდალ სიმონსს შეხვდა. პოლკოვნიკი სიმონსი ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის 48-ე ქვეითი ბრიგადის საბრძოლო ჯგუფის მეთაურია და სწორედ ის ხელმძღვანელობს ბაზა "ფენიქსზე" დისლოცირებულ ქართულ ქვედანაყოფს. შეხვედრისას ამერიკელმა პოლკოვნიკმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს ISAF-ის მისიაში საქართველოს მხრიდან შეტანილი წვლილის გამო მადლობა გადაუხადა და ქართველი სამხედროების მომზადების დონეს გაუსვა ხაზი.
"ჩემთვის დიდი პატივია, რომ მომეცა შესაძლებლობა შევხვედროდი საქართველოს თავდაცვის მინისტრს. საქართველოსთან ძალიან კარგი პარტნიორული ურთიერთობები გვაკავშირებს. შეხვედრაზე განვიხილეთ მიმდინარე თანამშროლობის საკითხები და თუ რამდენად მნიშვნლოვანი და სასარგებლო იქნება ამ თანამშრომლობის გაძლიერება ორივე მხარისთვის. მე კოალიციური ჯარების მრავალი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურესთან მქონია შეხება და მინდა გითხრათ, რომ ქართველი ჯარისკაცები მათ არაფრით არ ჩამოუვარდებიან. ისინი არიან თავდაჯერებულები, დისციპლინირებულები და ყოველთვის მაღალ დონეზე ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას. ჩვენთვის დიდი პატივია მათთან ერთად მსახური." - განაცხადა ამერიკელმა პოლკოვნიკმა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ოცეული ამერიკული ბაზის დაცვის ამოცანებს ასრულებს. სამხედრო ბაზა "ფენიქსი" რამდენიმე კვირაში დაიხურება და პირველი ქვეითი ბრიგადის ოცეულიც მისიას დაასრულებს.