თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრა - ამბასადორიალი მიმდინარეობს. კონფერენციის მესამე დღეს პირველი პანელი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხების განხილვას დაეთმო.
დღეს, ამბასადორიალის სამუშაო სესიაზე, მომხსენებლის სტატუსით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია წარსდგა.
თავდაცვის მინისტრმა დიპლომატებს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები, პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. ირაკლი ალასანიამ საკუთარ გამოსვლაში უელსში დაგეგმილი ნატოს სამიტის მოსალოდნელ შედეგებზეც გაამახვილა ყურადღება. დიპლომატებთან შეხვედრისას თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის, სხვადასხვა ქვეყნებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის, საერთაშორისო სტაბილურობის ოპერაციებში მონაწილეობისა და რეგიონული უსაფრთხოების შესახებ ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, ირაკლი ალასანიამ დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეკითხვებსაც უპასუხა.
„ელჩებსა და ჩვენს შორის დღევანდელი ურთიერთგაცვლა ინფორმაციის, შეთავაზებების და წინადადებების იყო უაღრესად მნიშვნელოვანი და ძალიან ნაყოფიერი. ჩვენ ახალი ინიციატივებიც დავგეგმეთ - კონკრეტულად ვიზიტები და უფრო მეტი ყურადღება ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, მათ შორის, თავდაცვითი ურთიერთობების გაღრმავებაზე. ვისაუბრეთ ტერორიზმის საფრთხეზე, როგორ უნდა დაუპირისპირდეს ამას საქართველო, მათ შორის, სამხედრო დაზვერვის კუთხით. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი იყო განხილული. ღერძი, რა თქმა უნდა, იყო მზადება ნატოს სამიტისთვის და მე შემიძლია ვთქვა, რომ საგარეო პოლიტიკური უწყება და ყველა სხვა სამინისტრო მზად არის ამ ამოცანის შესასრულებლად.“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - ამბასადორიალი 4 აგვისტოს დაიწყო და 7 აგვისტოს დასრულდება.