თითქმის ყველა კომპანიაში ავტოგაზის ფასი 5 თეთრით გაიზარდა და 1.10 ლარი გახდა. "სოკარში" გაზის ღირებულება 98 თეთრიდან 1.09-მდე მერყეობს.
"ალიას" ესაუბრება ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე:
- ამ შემთხვევაში ავტოგაზის გაძვირების მიზეზი არის მხოლოდ სახელმწიფოს, მთავრობის სისუსტე და რეგულაციების არარსებობა. ადამიანები, რომლებსაც ხელში აქვთ რესურსი, ისე იქცევიან, რომ თავიანთი მოგება მაქსიმალური გახადონ. ფასები ისედაც "ჭერს ურტყამს" საქართველოში, გადამეტებულია ყველანაირ ნორმებს, ახლა ნავთობზეც შეთამაშდა საერთაშორისო ფასები კლებისკენ, მაგრამ საქართველოში, როგორც მოსალოდნელი იყო, გაძვირებულ საწვავის ფასს ფეხს არ უცვლიან. როდესაც ისევ დაიწყებს მსოფლიო ბირჟებზე საწვავის ფასი ზრდას, იმავე წუთში ქართული კომპანიები გაზრდიან ფასებს, დაკლება კი არავის უნდა. მოკლედ ასეა, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს ცივილიზებული რეგულაციები და ცივილიზებული თამაშის წესები, კომპანიებს რა დავაბრალოთ? მათ უნდათ მეტი მოგება, ამის საშუალებას ხელისუფლებაც აძლევთ და ისინიც უმატებენ ფასს, რა დაუდგებათ წინ, სინდისი თუ ნამუსი? ამიტომ ავტოგაზზე ფასის მომატების ლოგიკაც ეს არის და არა სხვა რაიმე კონკრეტული ობიექტური მიზეზი.
- ფასის მომატება ხომ არ უკავშირდება აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო კონფლიქტს, რომელიც რამდენიმე დღის წინ კიდევ უფრო გამწვავდა? ამ კითხვას იმიტომ გისვამთ, რომ ერთი თვის წინ, როდესაც საწვავის ფასმა მოიმატა, ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა მიზეზად ერაყის ომი დაასახელეს, რეალურად კი მიზეზი ერაყის ომი არ ყოფილა, რადგან ქვეყანამ უფრო გაზარდა ნავთობის მოპოვება და დეფიციტის არანაირი საშიშროება არ არსებობდა.
- დღეს აზერბაიჯანს არ აქვს იმის პრობლემა, რომ საომარი მოქმედებების გამო საქართველოში ავტოგაზის ფასი 5 თეთრით გაზარდოს, ვინაიდან ამ შემთხვევაში 5 თეთრით საომარი მოქმედებების დროს მიღებული ზარალის დაფარვა უბრალოდ სასაცილოა. თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ საერთო დესტაბილიზაციის ხარჯზე არის შანსი, ფასებმა მოიმატოს. ჩვენები ხომ ყველაფერში პირველები არიან და ამათ ყველას დაასწრეს.
- ფიქრობთ, რომ არასტაბილური მდგომარეობით სარგებლობენ კომპანიები, რათა გადაწყვეტილების გასამართლებელი მიზეზი ჰქონდეთ?
- მათი ქმედება, ფასის მომატება სწორედ ამას ჰგავს, როცა რეალური მიზეზი ავტოგაზის გაძვირებისა არ არსებობს. ამ დაძაბულ ვითარებაში ფასის მომატების არგუმენტი უფრო ადვილი მოსაძებნია.
- როდესაც ნავთობის ფასი იმატებს, საქართველოშიც მომენტალურად ხდება ფასების მატება, მაგრამ კლება აღარავის ახსენდება. იგივეს უნდა ველოდოთ გაზზეც?
- ეს პრაქტიკა ძალიან მყარია საქართველოში, ამით სარგებლობენ მსხვილი კომპანიები და პროგნოზიც ასეთი მაქვს, რომ არაფერი არ შეიცვლება. ჩვენთან ფასები მხოლოდ ერთი მიმართულებით მოძრაობს, ზრდისკენ. ფორმალური კლებები სიმბოლური ოდენობით თამაშის წესს არ ცვლის. ეს დიდი მოგებებია და დიდი მოგება დიდი ფულია, სადაც დიდი ფულია, იქ დიდი ინტერესია.
- თქვენ მუდმივად ადანაშაულებთ ხელისუფლებას ფასების უკონტროლო და დაუსაბუთებელი მომატების გამო. მთავრობას ამ შემთხვევაში რის გაკეთება შეუძლია?
- ეს ბაზარი საკმაოდ ჩაკეტილია, აქ ინტერესების დიდი კონცენტრაციაა, საჭიროა ბაზრის გახსნა, რაც დღევანდელ სიტუაციაში ნაკლებ სავარაუდოა. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ ბიზნესი თავისუფალია და ბაზარზე კონკურენცია მაღალია, არაფერს ცვლის, რადგან რეალობა სხვაა. ეს არის გავლენის სფეროების ბიზნესი, სადაც დიდი ფული ტრიალებს და ამიტომ არავინ არ არის დაინტერესებული ბაზარზე ახალი, უფრო ძლიერი მოთამაშე გამოჩნდეს. ამის საშუალებას არც არავინ მისცემს ახალ მოთამაშეს, რადგან მას ბანკი ფულს არ მისცემს, ჩემოდნებით კი ეს ბიზნესი არ კეთდება.
"ბუნებრივი აირით მოსარგებლეთა ასოციაციაში" განმარტავენ, ფასების მატება რომ არ მომხდარიყო, ბევრი კომპანია იძულებული გახდებოდა, გაჩერებულიყო და გაკოტრდებოდნენო. ერთადერთი კომპანია, რომელიც ავტოგაზზე ფასს არ აძვირებდა, "სოკარი" იყო, შესაბამისად, ფასს ვერ აწევდნენ შედარებით მცირე კომპანიები, რაც მათთვის წამგებიანი იყო. ახლა კი "სოკარიც" თანახმაა, ფასი გაზარდოს.
"ალია" დაინტერესდა, რა გახდა ავტოგაზზე ფასის მომატების მიზეზი, თუმცა კომპანიები ამ განმარტების გაკეთებისგან თავს იკავებენ. "სოკარში" აცხადებენ, რომ ერთადერთი პირი, ვინც ამ მიზეზებს განმარტავს, კომპანიის მარკეტინგის სამსახურის უფროსი ირაკლი ზუბიტაშვილია, რომელთან დაკავშირებაც შეუძლებელი აღმოჩნდა როგორც "ალიასთვის", ასევე "სოკარის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსისთვის, მას მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა.
გაზზე ფასის მომატებას უკვე მოჰყვა უარყოფითი შედეგი. ჩვენ ტაქსის მძღოლებს გავესაუბრეთ, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ მოუწევთ მგზავრობის საფასურის გაზრდა. `შეიძლება 5 თეთრით ფასის მომატება არაფერს ნიშნავს, მაგრამ როცა 24 საათის განმავლობაში მოძრაობ და სისტემატურად გიწევს გაზის შეძენა ეს თანხა თვის ბოლოს უკვე ბევრია. მოგვიწევს ფასის გაზრდა, რადგან მოგება ისედაც ცოტაა. მთელი დღე დავდივართ და შეიძლება დღეში 4-5 მგზავრი აიყვანო, აღებული თანხა კი ისევ გაზის შესაძენად გვჭირდება. ეს არ იქნება მნიშვნელოვნად გაზრდილი, თუმცა მოიმატებს", - ამბობს "ალიასთან" საუბრისას ტაქსის მძღოლი ტარიელ შუშტაკაშვილი. რაც შეეხება ტაქსის გამოძახებას ცხელი ხაზის საშუალებით, კომპანიებში კომენტარისგან თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ ამ თემაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა, თუკი ავტოგაზის ფასი კიდევ მოიმატებს, მაშინ მოუწევთ მგზავრობის ღირებულების გაზრდა.