ერთ-ერთი ბოლო დარტყმა ობამას ადმინისტრაციამ საქართველოსგან მიიღო

ერთ-ერთი ბოლო დარტყმა ობამას ადმინისტრაციამ საქართველოსგან მიიღო

აშშ-ის პოლიტიკა და პრესტიჟი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან დარტყმებს განიცდის; ამ ზაფხულს ბარაკ ობამას ადმინისტრაციას უამრავმა საერთაშორისო კრიზისმა შეუტია, იქნება ეს ღაზა, უკრაინა, ერაყი, სირია, ლიბია, თუ ავღანეთი. ამის შესახებ ნათქვამია "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ სტატიაში - "მცირე დარტყმები აშშ-ის გავლენის წინააღმდეგ".

ამასთან, სტატიის ავტორი ჯექსონ დეილი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი უკანასკნელი დარტყმა ობამას ადმინისტრაციამ ერთ დროს ამერიკის მჭიდრო მოკავშირე საქართველოსგან მიიღო.

"ობამას ადმინისტრაციამ არაერთხელ გააფრთხილა არალიბერალი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 2012 წლის არჩევნებში გამარჯვებიდან მოყოლებული საქართველოს მთავრობას აკონტროლებს, არ დაეწყო ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა. თუმცა, გასულ ორშაბათს ხელისუფლებამ აშკარად პოლიტიკური ბრალდება წაუყენა სააკაშვილსა და მისი პარტიის ოთხ მაღალჩინოსანს", - ნათქვამია "ვაშინგტონ პოსტის" სტატიაში.

როგორც ჯექსონ დეილი წერს, მცირე ქვეყნის მიერ ამერიკის "წითელი ხაზის" უგულვებელყოფის ფაქტი შეიძლება უმნიშვნელოდ მიჩნეულიყო, რადგან მიუხედავად ყველაფრისა, სააკაშვილი დაპატიმრებული არ არის, უკრაინას კი პროდასავლური მთავრობა ჰყავს. თუმცა ჯექსონ დეილის თქმით, ეს ფაქტი ტენდენციის ნაწილია.

"საქართველოს ჩათვლით ისეთი რეჟიმები, რომლებიც ბევრად არიან დამოკიდებული შეერთებული შტატების სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებაზე, ობამას ადმინისტრაციის აშკარა იგნორირებას ახდენენ", - ნათქვამია "ვაშინგტონ პოსტის" სტატიაში.

ჯექსონ დეილი ასევე აღნიშნავს - ყალიბდება საერთაშორისო კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ აშშ-ის აღარ ძალუძს შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები და დაიცვას გავლებული წითელი ხაზები, მოკავშირეებთან მიმართებაშიც კი, რაც აშკარად გამოჩნდა, როგორც საქართველოს მიერ ცხვირზე წკიპურტში, ასევე მანამდე ისრაელის მიერ ამერიკული დიპლომატიის უგულვებელყოფაში.

ამასთან, როგორც სტატიის ავტორი წერს, ადმინისტრაციის ყველაზე დიდი ნაკლოვანება შესაძლოა, ის არის, რომ მას არ სურს, რეაგირება მოახდინოს მისთვის მიყენებულ წყენაზე. ჯექსონ დეილის თქმით, აშშ-ი მხოლოდ შეშფოთების რუტინული განცხადებით შემოიფარგლა ბაჰრეინიდან ამერიკელი დიპლომატის ტომ მალინოვსკი გამოძევებისა და მისი პერსონა ნონ-გრატად გამოცხადების გამო ისევე, როგორც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემთხვევაში.