ერეკლე ცოცანიძე, მაკა მოსიაშვილის მსგავსად, ჟურნალისტია და მანაც “მიხეილის ციხის ჯოჯოხეთი” საკუთარი თვალით ნახა... “2012 წელს, გლდანის საპყრობილეში გადაღებულმა კადრებმა მსოფლიო შეძრა. კადრებზე წამება იყო ასახული. მას შემდეგ, რაც 2011 წლის მაისში, გლდანის მერვე დაწესებულებაში მოვხვდი, მიზნად დავისახე, დეტალებში მომეყოლა საზოგადოებისთვის, თუ რა პირობებში უხდებოდათ პატიმრებს ცხოვრება. მე გიამბობთ ყველაფერს პირდაპირ და შეულამაზებლად, სახელებითა და გვარებით, წუთებითა და წამებით და თქვენ პირველები გაიგებთ სიმართლეს, რომელიც აქამდე არ იცოდით”, - ნათქვამია ერეკლე ცოცანიძის ციხის დღიურის წინასიტყვაობაში...
12იანვარი, 2012 წელი
გუშინ ბადრიმ “კამერიდან” ტელევიზორი გაიტანა - მე და ვანო რაღაცაზე ვკამათობდით და ეგ მოიდო მიზეზად. ვატყობ, ვანოს ვერ იტანს - წესიერი კაცია.
გამახსენდა: მინდა, გავარკვიო, აქედან მართლა პირდაპირ “კრიტავენ” თუ სადმე უშვებენ. სწორედ შესაფერისი მომენტია.
გავედი ბადრისთან “კამერაში”. პაპაც იქ იყო. პაპას ერთ მოხუც კაცს ვეძახით, ცოლისძმამ გახვია რაღაც ფინანსურ შარში და ხუთი წელი მისცეს.
- ცალკე მინდა, ბადრი, შენთან ლაპარაკი-მეთქი და პაპას ბოდიში მოვუხადე.
დაგვტოვა.
- ბადრი, დაგვიბრუნე ტელევიზორი, რა, ჩემი ბრალია, რომ ვკამათობდით, - ვუთხარი, როცა მარტო დავრჩით.
- იდი ნა ხ.., - იყო პასუხი, თან ვითომ ხუმრობაში გამიტარა.
- კარგი... მაშინ ერთ რამეს გეტყვი: წავალ აქედან და მაშინ მაინც დაუბრუნე. ახლავე დავწერ განცხადებას ამოწერაზე.
- რაააააა? - თვალებში მრისხანებამ გაუელვა, - დაწერე, - მითხრა და კალამი და ფურცელი დამიდო, თან მიკარნახა, რა და როგორ დამეწერა. მერე, გამომყევიო, მითხრა.
გავყევი.
დირექტორის კაბინეტთან რომ მივედით, დამელოდეო და შევიდა.
ასე, 15 წუთის შემდეგ, დაბრუნდა და შედი, გელოდებაო.
მოსაცდელში შევედი და კარზე მიკრული ოქროსფერი წარწერა მომხვდა თვალში: “დირექტორი - ზურაბ რუხაია”.
შევედი...
კაბინეტი საკმაოდ დიდია, უკან, როგორც წესი, მოსასვენებელი ოთახის კარია. ოთახში უშველებელი პლაზმური ტელევიზორი დგას. ოთახი საკმაოდ მდიდრულადაა მოწყობილი. მაგიდასთან, სკამზე, შუახნის მამაკაცი ზის. ეს ზურა რუხაიაა, ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, რომელიც პატიმრებზე უნდა ზრუნავდეს.
- გვარი...
- ცოცანიძე...
- საიდან ხარ?
- თელავიდან...
- მუხლი?
- 210-ის მეორე ნაწილი
- თაღლითი ხარ?
- არა, გამყალბებელი, - გამეცინა.
- რა გაცინებს, შე ყ..ო? სად მიდიხარ, სად გინდა წასვლა?
- რა ვიცი... გადავალ სხვაგან, ჩემს გამო “კამერას” ტელევიზორი წაართვეს, - ვუთხარი მშვიდად.
- და გგონია, უკეთეს ადგილას წახვალ? აქედან შენნაირები ორ ადგილას მიდიან: ან “კრიტში”, ან მორგში. შენ რომელი გირჩევნია?
გავჩუმდი.
- აი, ამას იცნობ? - მკითხა და რეზინის ხელკეტი ამოიღო უჯრიდან, - იცნობ თუ არა?
- კი...
- ჰოდა, თუ ტრ..ს არ დააყენებ, იმ ტ...ში გაგიკეთებ ამას, გაიგე, შე ყ...ო?
ვიგრძენი, როგორ წამოვიდა სისხლი ფეხის თითებიდან, აიარა მუცელი, მკლავები, ყელი და საფეთქლებს მიაწვა.
სიბრაზისა და ბოღმისგან კანკალი დამაწყებინა.
- წადი ახლა, ბადრი მოგხედავს, - მითხრა რუხაიამ და კარისკენ მიმითითა.
გამოვედი.
- ამას რა უნდოდა მანდ? - ჰკითხა „დეპეენკამ“ ბადრის,
- რა ვი, გამოყ....და, - იყო პასუხი.
- გამომყევი, - მითხრა ბადრიმ და კიბეს ნოლი სართულისკენ ჩაუყვა.
აქ ჯერ ნამყოფი არ ვარ.
კარი გააღო და სიბნელეში შევედით.
მივხვდი, ჩემი დასჯა გადაწყვიტეს.
კიდევ ერთი ოფიცერი შემოვიდა...
შუქი აანთეს.
ახლაღა გავაცნობიერე, რომ მორგში ვარ - შუაში საკაცე დგას, საკაცეზე უსულო სხეული დევს და ზედ პლედი აქვს გადაფარებული. ცოტა არ იყოს, შემეშინდა - კაცმა არ იცის, თავში რა მოუვათ.
- წასვლა გინდა, ბიჭო?
- კი, მინდა...
პირველი უცნობმა ოფიცერმა გამარტყა და მიდიო, ბადრის უთხრა. ბადრიმ ნაცნობი, პოლიეთილენის მილი ამოიღო, მთელი ძალით მოიქნია, ტანით ოდნავ შემოვტრიალდი, სახე ავარიდე, მილი ბეჭებში ისეთი ძალით მომხვდა, თავი ვერ შევიკავე და ინერციით, მიცვალებულს დავეცი...
გამყინავი სიცივე ვიგრძენი - მიცვალებულს ცხოვრებაში პირველად შევეხე!
ვიდრე გავსწორდი, კიდევ ერთხელ მომხვდა ზურგიდან...
ჩავიკეცე...
ფერდში მომაყოლეს წიხლი...
როგორც იქნა, წელში გავსწორდი და კბილებში გამოვცერი ორი სიტყვა:
- შე ნაბოზარო!
და ის იყო, ბადრისთვის უნდა მომექნია, რომ ბეჭებში ისევ წიხლი მომხვდა. ეს უკვე ის უცნობი ოფიცერი იყო.
საშინელმა ტკივილმა დამიარა, ბადრიმ არ დააყოვნა და მკერდში მუშტი დამარტყა, ახლა ბეჭებით დავეცი გვამზე და დაბლა ჩავცურდი. საკაცე გადმოყირავდა და მიცვალებული ზედ დამემხო.
უაზრო ბღავილი აღმომხდა...
საშინელი შეგრძნება იყო.
არც ამას მოერიდნენ და წიხლები მომაყოლეს... ალბათ, მიცვალებულსაც ხვდებოდა.
სანიტრებს დაუძახა ბადრიმ და გარდაცვლილი პატიმარი საკაცეზე დაასვენებინა.
- ამის სულს ვერ მოიცილებ, იცოდე, შენი დედა მოვ...ნ! - მითხრა და ორივე ზემოთ ავედით.
ერთ რამეში “სპეცები” არიან: ისე გირტყამენ, კვალი რომ არ დაგრჩეს. “კამერაში” შევედით.
- წასვლა გინდა, ბიჭო? - მკითხა ბიჭებთან ერთად.
გავჩუმდი.
უცებ, მთელი ძალით ჩამარტყა მუცელში წიხლი.
ჩავიკეცე...
ჩავიკეცე და ვეღარ ვსუნთქავ...
- კაცობა მოუნდა, - მომესმა ბადრის ხმა უკვე შორიდან და “კამერის” კარიც გაჯახუნდა.
ბიჭები მოვიდნენ, წამომაყენეს და ლოგინზე დამაწვინეს.
ვერ ვსუნთქავ, ყველაფერი მტკივა...
მტვრიანი ტანსაცმელი ძლივს გამოვიცვალე.
მთელი დღე ხმა არ ამომიღია...
ჯერ საღამოს 6-ია და უკვე 2 კოლოფი სიგარეტი მოვწიე.
15 იანვარი, 2012 წელი
ბადრიმ ყველა შეგვკრიბა მეზობელ “კამერაში”, სანიტრებსაც დაუძახა. თვითონ, როგორც ყოჩი, შუაში დაჯდა.
- მოკლედ, “მუჟიკებში” ვიღაცას გრძელი ენა აქვს, ყველაფერს მალე გავიგებ და ის ჭიხორიას მიყვება. მეორე, კარგად დაიხსომეთ, განსაკუთრებით ახლების გასაგებად ვამბობ: პოლიტიკა არაა ჩვენი საქმე, თქვენ არავინ გეკითხებათ, რა ხდება, პოლიტიკის გამო ბევრის დედა მოი......ა აქ! გურამ, გამოდი წინ, - უთხრა ერთ-ერთ სანიტარს, რომელსაც პირველი „სროკი“ - 15 წელი აქვს მოხდილი, რეანიმაციაში მუშაობს, გონდაკარულ პატიმრებს საფენებს უცვლის.
გურამი გამოვიდა.
- აქ ყველაზე “დიდსროკიანი” ხარ, შე ყ..ო და, კიდევ ვერ ისწავლე, როგორ უნდა მოიქცე, რატომ ტყ..ვ ტვინს?!
ამის თქმა იყო და, ისეთი ჩაარტყა მუცელში, გურამამ გონება დაკარგა.
ამასობაში, დაიძახეს, საჭმელი მოვიდაო.
დაბლა რომ ჩავედით, დავინახეთ, თუ როგორ შემოვიდა ბალდახინი საავადმყოფოს ეზოში. სომეხა და გოგია ნოლ სართულზე ჩავიდნენ და მიცვალებული ამოასვენეს.
გოგია უკან ჩატრიალდა და პატიმრის ტანსაცმელი ამოიტანა.
ციხის საავადმყოფოში პატიმრის გასუფთავება სომეხას ევალება. ის ჩვეულებრივი სანიტარია, ყველასგან მივიწყებული. როგორც ამბობს, მამა და და ჰყავს, და გათხოვილია და მისთვის არ სცხელა. წელიწადში ერთი-ორჯერ თუ შემოუგზავნის ამანათს.
აქ კიდევ ერთი წესია, რომელიც ხაზს პატიმრების დაყოფასა და დისკრიმინაციას უსვამს: ე.წ. მუჟიკებს შუძლიათ, სანიტრები დაიქირავონ ოთახის დასალაგებლად.
ამოვა სანიტარი, დაგვის, გაწმენდს, გაასუფთავებს, ტუალეტს მოხეხავს, მორეცხავს და ყველაფერ ამას მხოლოდ ერთი კოლოფი სიგარეტის ფასად აკეთებს. თუ უნიტაზი გაიჭედა, ჩაიცმევს რეზინის ხელთათმანს, ჩაძვრება შიგ და ამოასუფთავებს, ესეც კიდევ ერთი კოლოფი სიგარეტი.
დღეს, საღამოს, „პრავერკაზე“, „დეპეენკა“ ზაზა ამოვიდა. ზაზა ასაკიანი წესიერი კაცია. სია ამოიკითხა და შემომიტრიალდა.
- შენ სადაური ცოცანიძე ხარ?
- თუში, ზაზა უფროსო.
- გიორგი ცოცანიძე შენი ნათესავია?
- კი, ბიძაა...
- კარგი კაცია, წუხელ ვკითხულობდი მის ინტერვიუს ჟურნალში, - მითხრა და ჯიბიდან “თბილისელების” ფურცელი ამოიღო, - შეთე გულუხაიძეზე წერს, შენ თუ იცი შენი კუთხის ისტორია?
- მთლად ბიძაჩემივით ვერა, მაგრამ ვცდილობ, - გამეცინა, - გიორგი ძია ხომ თუშების ინტელექტუალური ლოკომოტივის ერთ-ერთი ნაწილია, - ვუთხარი ამაყად.
- წიგნი ჰქონია შეთე გულუხაიძეზე, სიამოვნებით წავიკითხავდი.
- რომ დავრეკავ, ვეტყვი, რომ შემომიგზავნონ.
- მადლობელი დაგრჩები, - მითხრა და გავიდა.
ზუსტად ნახევარ საათში ბადრიმ დამიბარა.
- შენ ხომ არ გამო...დი, რა წიგნებს ჰპირდები აქ ვიღაცებს, ხომ უნდა მითხრა?!
- რა ვიცი... “დეპეენკაა” და....
- ვინც გინდა იყოს. მეორედ აღარ გაბედო, ვინმეს რამეს შეჰპირდე ჩემს გარეშე.
მეორე დღეს გავიგეთ, რომ ზაზა ბიულეტენზე გავიდა და მუშაობას თავი დაანება.
გულმა რეჩხი მიყო.
რატომღაც მგონია, ამ ამბავში ბადრის ხელი ურევია.
17 იანვარი, 2012 წელი
სადილი მოვიდა, მაგრამ არ ამოგვატანინეს.
ტალანში ყვირილი გაისმა:
- მოსაკლავად მიგყავართ, არა? უნდა მომკლათ, ვიცი!
კარიდან გავიხედე და დავინახე, თუ როგორ ელოდებოდნენ ლიფტს რეჟიმის უფროსი ალექსი თოლორდავა და ვოვა სურმავა (რომლის ზუსტი თანამდებობაც არ ვიცი, მგონი, უსაფრთხოების შეფია) ვიღაც პატიმართან ერთად.
- ხალხო, უნდა მომკლან, გაიგეთ?!
- შენ რა მოგკლავს! - უთხრა ირონიულად სურმავამ და სამივენი ლიფტში შევიდნენ.
ლიფტი დაიძრა...
ასეთ შემთხვევაში, ლიფტი მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის - ნოლ სართულზე, კარიდან მარცხნივ, მორგია, სადაც ყველაზე მეტი საშინელება ხდება.
დაახლოებით, საათნახევრის მერე, ამოიყვანეს ეს პატიმარი, თავიდან ფეხებამდე გალუმპული, მხოლოდ ზმუოდა, ვერაფერს ამბობდა... არავინ იცის, რა მოხდა მორგში, მაგრამ ვინც ხედავს ამ სცენას, ყველასთვის გასაგებია, რომ კარგი არაფერი მომხდარა.
გარიკას ამანათი მოუვიდა - ტანსაცმელი და ხილი.
ბადრი შემოვიდა, ხილი ამოარჩია, ტანსაცმელს გადახედა, ყველაზე კარგ მაისურზე უთხრა, ეს შენ არ მოგიხდებაო, უცერემონიოდ აიღო და გავიდა.
ვზივარ, ვეწევი...
პოლიტიკურ სიტუაციაზე დავფიქრდი: ტემპერატურა მატულობს, ბიძინამ დაიქადნა, ამ არჩევნებზე მიშას ხმას საკუთარი დედაც კი არ მისცემსო.
ქვეყნდება და ქვეყნდება ივანიშვილის ქველმოქმედების შესახებ ცნობები, სიები, რომელ მომღერალსა თუ მსახიობს რამდენს უხდის ყოველთვიურად, რომელ მინისტრს რამდენი აქვს მისგან დანიშნული.
“ნაცები” ცდილობენ, გასვარონ, უყადაღებენ და ართმევენ ყველაფერს.
მოკლედ, დიდი ამბები იქნება საყველიეში.
19 იანვარი, 2012 წელი
დღეს ნათლისღებას აღვნიშნავთ - სამივე “კამერამ” გავაერთიანეთ სუფრა და ჩვენს “კამერაში” შევიკრიბეთ. მოვიმარაგეთ ლიმონათი, ტკბილეული და ერთმანეთს ვულოცავთ...
დღეს რაღაც სხვანაირი განწყობაა - თბილი და სასიამოვნო.
რამდენიმე შეწყალებას ელოდება, იქნება, გავიდნენ გარეთ, დაუბრუნდნენ მშობლიურ სახლებს. ერთ-ერთი მათგანი ჩობანაა. თამაზის აქ ასე ეძახიან, გორის რაიონიდანაა, ნატანჯი და ნაწამები სახე აქვს. არა, ციხეზე არ ვამბობ, ცხოვრებას დაუტყვია თავისი ხელი. 40 წელსაა მიტანებული და წერა-კითხვის გაგებაში არ არის. დიდად არც აინტერესებს, კაცმა რომ თქვას. როგორც ამბობს, სოფელში დედა ჰყავს, რომელიც ძალიან იშვიათად აკითხავს, მოხუცია. შვილიც ჰყავს, 18 წლის გოგო. ცოლს გაშორებულია.
რაზე ზიხარ-მეთქი, რომ ვკითხე, სარკეები მოვიპარე მანქანისო. არა, მე კი არ მოვიპარე, ძმაკაცმა მოიპარა და ჩამიდო ჯიბეშიო!
ესეც კიდევ ერთი უდანაშაულო, მაგრამ თუ ძმაკაცმა მოიპარა, ამას რატომ ჩაუდო ჯიბეში, ვერ გვეუბნება., თან “მოსკვიჩის” სარკეებზე ყოფილა ლაპარაკი.
პაპამ, თურმე, ანბანი დაუწერა, ასწავლიდა და გული ვერ დაუდო. არ უნდა კაცს სწავლა-განათლება და რას ერჩი?!
ცხვარი უმწყემსია მთელი ცხოვრება.
მე ცხვრის მწყემსვა არ გამიკვირდება - თუში ვარ, მაგრამ ვინც მინახია მწყემსი, არ აკლია განათლება და ყველაფერში კარგად ერკვევა. მსოფლიოს პრობლემებსა და გლობალიზაციაზეც კარგად მსჯელობს და შიდა საქვეყნო საქმეებზეც. ჩობანას კი, სულ არ აინტერესებს, მისი მუდმივი საწუხარი სიგარეტია. ვერც თავს ანებებს და არც ყიდვის საშუალება აქვს. აქ “კალიასკაზე” დაუსაქმებიათ - ავადმყოფი პატიმრების გადაყვან-გადმოყვანა ევალება ადვოკატთან, ან პაემანზე, ან “ტელეფონებში”.
ჩვენს სართულზე ერთი “კამერაა”, იმ “კამერის” ბინადარი მღვდელია, დღეს პირველად დავინახე. მისმა აღნაგობამ კახი კავსაძის დონ კიხოტი მომაგონა. ამბობენ, მღვდლად აქ ეკურთხაო. ისე, რომელიღაც ქვეყნის ელჩი ყოფილა. ნარკოტიკი დაუჭირესო, როგორც ამბობენ. “პალაჟენია” აქვს დაყენებული - ყავაც მისდის, მადუღარაც აქვს და კიდევ სხვა ისეთი რაღაცები, რაც ჩაკეტილ პატიმრებს ეკრძალებათ. ოფიცრებიც და მაღალი ჩინის მქონენიც წყნარად ესაუბრებიან, მასთან ხმას არასოდეს აუწევენ.
ამბობენ, გულზე სჭირს რაღაცო.
დღეს მესამე სართულზე, სტრუქტურის თანამშრომლების “კამერასთან” ვიდექი. უცებ კარი გაიღო და იქიდან ახალგაზრდა პატიმარი გამოიყვანეს. სახტად დავრჩი - ეს ადამიანი ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის კახეთის ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა და არავინ იცოდა, თანამშრომელი, ან ყოფილი თანამშრომელი თუ იყო.
მოკლედ, აქაურობა უცნაურობებითაა სავსე.
თვალებით მივესალმეთ ერთმანეთს.
გამეცინა.
მანაც ღიმილით მიპასუხა და წაიყვანეს “გასინჯვაზე”.
საჭმლის დარიგების დროს, მესამე სართულზე, ინფექციურ განყოფილებაში, პატიმარი საკანში არ ჩანდა. ოფიცერმა კონტროლიორს “კამერა” გააღებინა და შევიდა. რამდენიმე წამში შიგნიდან ყვირილის ხმა გაისმა, დროზე მოდითო. ჩვენ, ყველანი “კამერაში” დაგვაბრუნეს, მაშინ გავიგეთ, რომ ერთმა პატიმარმა თავი მოიკლა. მიზეზი არავინ იცის და, ალბათ, ვერასოდეს გაიგებენ...
დღეს რეანიმაციაში მომიწია წუთით შესვლა. იქ რაც ვნახე, საშინელებაა: პატიმრები, რომლებსაც, გონება აქვთ დაკარგული და კომაში არიან;
პატიმრები, რომლებსაც სიცოცხლის სულ რამდენიმე დღე აქვთ დარჩენილი;
პატიმრები, რომლებსაც შეიძლება, საკუთარ სახლში, საკუთარ ბალიშზე ამოუვიდეთ სული, მაგრამ მაინც და მაინც ამ საშინელი კედლებიდან უნდა გაასვენონ და ოჯახის წევრებმა ვეღარასოდეს ნახონ ცოცხალი. არადა, ამ ადამიანებს სასჯელის გადავადება კანონით ეკუთვნით.
25 იანვარი, 2012 წელი
რამდენიმე დღის წინ, კუკურას გული წაუვიდა. ექიმს აჩვენეს, რაღაც ჯირკვალი აქვს გამოზრდილი. სინჯი აუღეს და დათესეს. დღეს ქალაქის საავადმყოფოში მიჰყავთ გამოკვლევაზე. როგორც გავიგეთ, სიმსივნეს ვარაუდობენ. ეს ამბავი ბრიგადირმა მოგვახსენა, თან დაამატა, კრინტი არ დასძრათ, ალბათ, მალე ჩაკეტავენ, საწყალსო.
კუკურას ყველაზე დიდი ქომაგი პაპაა, აი, ზემოთ რომ ვამბობდი, ცოლისძმამ გახვია რაღაც ფინანსურ შარში-თქო. ერთი მხრის ხალხია ორივე წარმოშობით. ზურა პაპა ერთადერთია, რომლის უდანაშაულობაშიც ეჭვი არასოდეს შემპარვია. რომ შეხედავ, სიკეთე აწერია შუბლზე. უღალატო ადამიანია, ჩემი აზრით, ალბათ, სწორედ ამიტომ ვერ შეეგუა დავრიშევი და გამოუშვა ჩვენს ოთახში.
ეგ დღე არ დამავიწყდება: 60 წლის კაცს ყველაფერი აკადრა, რისი კადრებაც შეიძლებოდა. ყველაფერი აკადრა და პირდაპირ უთხრა, ჩემს ოთახში ვეღარ იცხოვრებო. პაპაც გადმოვიდა და, როგორც საკუთარ შვილებსა თუ შვილიშვილებზე ზრუნავს გარეთ, ისე ზრუნავს ჩვენზეც.
დღეს ამანათი მომივიდა - ფეხსაცმელი ორი წყვილი უყიდიათ ჩემებს. გამეცინა - არაფერში მჭირდება ორი წყვილი. ბადრის ვუთხარი, ერთს სანიტრებს მივცემ, პატრონი არ ჰყავს უმეტესობას და გაუხარდებათ-მეთქი.
მაგათ მკვდრების ტანსაცმელიც ეყოფათ და შენ ეტყობა, მართლა არ გჭირდებაო და წაიღო, წაიღო და თვითონ ჩაიცვა.
ბოლო დროს ჩვევად ექცა - პატივისცემას ითხოვს, უნდა უზიდონ შოკოლადები, ციხის საჭმელს არ ჭამს; უნდა დაპატიჟო ძეხვსა და პაშტეტზე, ვინც არ ეპატიჟება, მას აგრესიულად უყურებს, ვინც ეპატიჟება, მასთან ვითომ ძმაკაცობს.
საერთოდ, როცა აქ საჭმელი მოდის, მოჰყვება პატარა “პლასტმასებით” საჭმელი. რომლებსაც გვარები აწერია - ეს განსაკუთრებული პატიმრებისაა, მაგალითად, წიკლაურს, რომელიც მეოთხე სართულზეა, ერთის მაგივრად, ორი ნაჭერი ხორცი მოსდის ყოველთვის. ცალკე მოსდით საჭმელი პირველ სართულზე მცხოვრებ “კანონიერ ქურდებსაც”. თუ “პლასტმასებს” ჯვარი ახატია, ის დირექტორის, ან მოადგილეებისაა - მათთვის სხვანაირად ამზადებენ. აი, პატიმრების საჭმელი კი ხან უშაქროა და ხან - უმარილო, ხან - უცხიმო და ხან - მოუხარშავი.
ეს ხომ ჩაკეტილი ხალხია, ჩაკეტილი ხალხი, რომელსაც მაშინ გააქრობენ დედამიწიდან, როცა ამას რეჟიმის უფროსი, ან ადმინისტრაცია მოინდომებს. ფსიქიატრიულში ერთი პატიმარია, ალავიძეა გვარად, იმ დღეს დავინახე ღია კარში, როგორ ურტყამდა ოფიცერი ჩალოგინებულ პატიმარს, ლოგინში ურტყამდა ისე, რომ ნერვი არ შესტოკებია. მოგვიანებით ისიც დავინახე, ის ოფიცერი როგორ იწერდა ხატის წინ, სანთლებთან პირჯვარს, აქაოდა, მაგარი მორწმუნე ვარო.
ვაი, ასეთ ლოცვას, ასეთ რწმენას და ასეთ სიყვარულს უფლის მიმართ!