მალე ათი წელი შესრულდება, რაც ბუტა რობაქიძე მოკლეს. 24 აგვისტოს ბუტა 29 წლის გახდება... “ნაციონალების” მმართველობისას ჩადენილი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობის გამოძიება ბოლომდე არაა მიყვანილი...Bბუტას დედა, ია მეტრეველი ჩემთან შეხვედრაზე შვილის საფლავიდან მოვიდა... დედა-შვილობაზე ვისაუბრეთ... მოკლედ, “ქართული სიტყვა” შვილმოკლული დედის ტრაგიზმითა და ტკივილით სავსე ათწლიან ისტორიაზე გიამბობთ...
ია მეტრეველი: - ...როგორც პროკურატურაში მითხრეს, ალბათ, შემოდგომაზე, ყველაფერი ცნობილი გახდება და ეს საქმეც დასრულდება. პროკურატურა ამ საქმეს ახლიდან სწავლობს და მგონი, წინ მივიწევთ...
- გაქვთ იმედი, რომ რეალური სურათი ამჯერად მაინც დაიდება?
- კი მაქვს, თან ხომ იცით, იმედი ბოლოს კვდება...
- ქალბატონო ია, ამხელა ტკივილსა და ბრძოლას როგორ გაუძელით?
- ცოცხალი რომ დავრჩი, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს... ამ წლების განავლობაში რა აღარ გადავიტანე - ტყვიები, გაზი, ცემა-ტყეპა... ყველგან ვიყავი, ერთი დღე არ გავჩერებულვარ... მხოლოდ იმიტომ კი არ ვიბრძოდი, რომ ჩემი შვილის საქმე ბოლომდე მიმეყვანა. მართალი გითხრათ, ჩემთვის საშველი ესეც არაა. უბრალოდ, მინდა, რომ ბუტას წინაშე ვალი მოვიხადო და ეს ნაძირლები დაისაჯონ. მინდა, სამართალი აღდგეს! ვიბრძოდი რეჟიმის წინააღმდეგ, რადგან ბუტას შემდეგ, ქუჩაში კიდევ ასსამოცი ბიჭი ჩაცხრილეს და ეს რომ შემეჩერებინა, ამიტომ ვიბრძოდი. ვიბრძოდი, რადგან ვხედავდი ოჯახებს როგორ აუბედურებდნენ და შინაგანი ხმა არ მაძლევდა უფლებას, რომ შინ დავმჯდარიყავი. იმდენი რამის მომსწრე ვარ და იმდენი რაღაცა ვიცოდი, რომ შეუძლებლად მეჩვენებოდა, ადამიანი მრქმეოდა და ჩაკეტილი ვყოფილიყავი.
- ბევრი დედა იტყოდა, ჩემი შვილის მერე, ყველაფერი წყალსაც წაუღიაო...
- მადლობა უფალს, რომ ასე არ დამემართა. ოდნავი სიბოროტე არ შემოსულა ჩემში. ყველას შვილი მიყვარს და მტკივა. ბუტასხელა ბიჭებს რომ ვხედავ, ძალიან მიხარია, ვლოცავ და მინდა, მათ მაინც იცხოვრონ ბედნიერ ქვეყანაში. ბუტა იქედან ძალას მაძლევდა და ამას დღესაც ვგრძნობ. ალბათ, მე და ჩემს შვილს რაღაც მისიასავით გვქონდა... ბუტა ძალიან ფრთხილი და თავის ასაკთან შედარებით სერიოზული იყო. ამიტომ, დაუჯერებელია, რომ ასეთი რამ დაემართა... ალბათ, უნდა წასულიყო, რომ რეჟიმის დასასრულს მოვსწრებოდით. რეჟიმი რომ დასრულდა, ეს სანდროსა და ბუტას დამსახურებაა. ოღონდ ისინი მოშორებულიყვნენ და არ მაინტერესებდა, თუ ვინ მოვიდოდა. ზუსტად ვიცოდი, რომ ხელისუფლებაში ასეთი ნაძირლები აღარ მოვიდოდნენ.
- ახალი ხელისუფლების კმაყოფილი ხართ?
- რა თქმა უნდა, - არა. კმაყოფილი როგორ უნდა ვიყო, როცა ერთი საქმეც არ გახსნილა და ბოლომდე არ მისულა? ვფიქრობ, რომ ამას თავისი მიზეზი აქვს, რასაც ვერ ვხედავთ, ან არ გვინდა, რომ დავინახოთ. დასავლეთიდან ზეწოლა იყო და წინ გვქონდა ასოცირების ხელშეკრულება. ახლა კი, ნამდვილად ველოდები, რომ სამართლიანობა აღდგება, რაც, პირველ რიგში, სასამართლოდან უნდა დაიწყონ. ხელისუფლება ამბობს, სასამართლო თავისუფალიაო. კი ბატონო, ხელისუფლებისაგან თავისუფალია, მაგრამ თავისუფალი “ნაციონალებისგან” არაა. ველოდები, რომ სასამართლო კუბლაშვილის ხელში აღარ იყოს. სხვა მოსამართლეებსაც უდიდესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი - ასი ათასობით ადამიანს ცხოვრება დაუნგრიეს. მათ პასუხი აუცილებლად უნდა მოეთხოვოთ.
- ბუტა გესიზმრებათ ხოლმე?
- თავიდან - ხშირად, ახლა - იშვიათად... ამას წინათ, დამესიზმრა, თითქოს ციხეში იყო და ვიღაც მეუბნებოდა, თქვენი დარდი აქვს, გკითხულობთო. ბოლო დროს არ მინახავს. არადა, ეს ჩემი ოცნებაა.
ვიდრე ორმოცი გავიდოდა, ხშირად მესიზმრებოდა და ისე მელაპარაკებოდა, როგორც ცოცხალი. ერთი გოგონა უყვარდა, მაგრამ ამ თემაზე ჩემთან არ ლაპარაკობდა, ძალიან მორიდებული იყო. ჩემს დასა და ბავშვებთან უთქვამს, ცოლი უნდა მოვიყვანოო. ეს უბედურება რომ დამემართა, ყველაფერი, რაც ბუტას სახელზე მქონდა, ბუტას მეგობარ ბიჭებს დავურიგე. ერთხელ, სიზმარში მეუბნება, დედა, ცოლი მომყავდაო და იმ გოგოს სახელი მითხრა, ჩემი ცოლისთვის არაფერი გქონდა, რაღაცას მთხოვსო. ვუყიდე ამ გოგონას ბეჭედი და დავურეკე, რომ ჩემთან მოსულიყო. არ იცოდა, რაზე ვიბარებდი. რომ მოვიდა, მითხრა, რომ ბუტას სახსოვრად რამე ნივთი უნდოდა.
- მკვლელებსა და მათ დედებზე გიფიქრიათ?
- მაგათ იმხელა სასჯელი აქვთ, რომ მართალი გითხრათ, იშვიათად ვფიქრობ, ხშირად არც მახსენდება. მათ მხოლოდ ბუტა კი არ მოკლეს, უამრავი ადამიანი გაგვანადგურეს, მთელი ჩემი ოჯახი - დედაჩემი, ჩემი დები, რომლებსაც სიხარული წაართვეს. რა დღეშიც ჩვენ ვართ, ისეთი ჯოჯოხეთია, რომ ვერ აგიწერთ. არ შეიძლება, ეს შერჩეთ და უფალმა სამაგიერო არ გადაუხადოს. შურისძიების მომხრე არ ვარ და არც შურისძიებით ვარ შეპყრობილი. ყველაფერი უფლისთვის მაქვს მინდობილი.
არ მომწონს, ეს ავაზაკები გარეთ რომ დადიან და კიდევ შეუძლიათ უამრავი ბოროტების ჩადენა. მინდა, ციხეში იყვნენ, დაისაჯონ!.. უფლის სამართალს ველოდები და ზუსტად ვიცი, რომ ეს აუცილებლად მოხდება. ჩემი ღაღადი და ტირილი უფალთან მიდის და არ შეიძლება, ეს შერჩეთ.
- მკვლელები დაგიწყევლიათ?
- წყევლა ჩემში არაა, თუმცა დასაწყევლები როგორ არ არიან. ძალიან მინდა, უფლისაგან დაისაჯონ და დარწმუნებული ვარ, ეს დღეც დადგება. ვერ წარმომიდგენია, რომ მშვიდად სძინავთ, თუნდაც იმ მკვლელ ბაშალეიშვილს, - მისი ცხოვრებაც, დარწმუნებული ვარ, ისეთივე ტანჯვაა, როგორიც ჩემი.
- ახლახან, სოციალურ ქსელში ვიდეო კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ შვილმკვდარმა დედამ შვილის მკვლელი შეიწყალა. ქალბატონო ია, მსგავსი ნაბიჯის გადადგმას შეძლებთ?
- ამაზე ბევრჯერ მიფიქრია. როცა ჩემს შვილს კლავდნენ, იქ რომ ვყოფილიყავი, ალბათ, მეც მოვკლავდი და ვერავინ შემაჩერებდა. ახლა, სროლა კი არა, ალბათ, თითსაც ვერ დავაკარებ. უფალი მიტევებას გვასწავლის, მაგრამ იმას უნდა მიუტევო, ვინც გულით ინანიებს. ბუტას მკვლელებისგან ამას ვერ ვგრძნობ. ბაშალეიშვილს რომ მოენანიებინა და ეთქვა, გამივარდა, შემთხვევით მომივიდაო, ვაპატიებდი, მაგრამ სიამაყით წერდა, რომ დაუმიზნა და ისე ესროლა. ამით დაწინაურებას ელოდებოდა. როგორ უნდა დაიძინოს ამის მერე მიქაძემ? - ალბათ, არც სძინავს. ვიცი მუდმივ შიშშია, ხან ინფარქტი სჭირს და ხან - დიაბეტი... ასე რომ, პატიება შემიძლია, მაგრამ იმას ვაპატიებ, ვინც მოინანიებს!
- ბუტას მერე ცხოვრებას როგორ აგრძელებთ?
- ენით აუწერელი გრძნობაა, გააცნობიერო, რომ შვილი აღარ გყავს. ამის იქით აღარაფერი არსებობს, ეს ბოლო წერტილია... მართლა არ ვიცოდი, როგორ უნდა მეცხოვრა, რა უნდა გამეკეთებინა. გაზაფხულის მოსვლას, მზიან ამინდს ვეღარ ვიტანდი, ამ ქვეყანასთან კავშირი აღარ მქონდა, იმ ქვეყანაში მინდოდა გადასვლა და ამასაც ვერ ვახერხებდი. ყოველ ღამე უფალს ვეხვეწებოდი, ნიშანი მოეცა, რომ იქით რაღაც არის... ჯოჯოხეთი გამოვიარე, მაგრამ იმდენ ადამიანს ვჭირდები, თუნდაც ჩემს ოჯახში - დებსა და დისშვილებს, რომლებიც შვილებივით გავზარდე, რომ არ გამოვიდოდა, ჩამექნია ხელი. მათთვის და დედაჩემისთვის ვცხოვრობ, თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ყველანი დროებით ვართ ამ ქვეყნად და ვიცი, ჩემს შვილთან წავალ. ალბათ, მალე წავალ!
- რას იტყვით სანდრო გირგვლიანის დედაზე, ირინა ენუქიძეზე?
- სანდრო ჩვენს მეზობლად, კეკელიძეზე ცხოვრობდა. ეს დიდი დამთხვევაა. სხვათა შორის, ზურა კვინტრაძეც, რომელიც 26 მაისს მოკლეს, ამ ქუჩაზე ცხოვრობდა. ვიდრე სანდროს მოკლავდნენ, სამყაროსგან სრულიად იზოლირებული ვიყავი. საქმეებზე ბუტას ბაბუა დარბოდა... ირინა ჩემზე ბევრად ძლიერი ქალი იყო და, ერთი ამბავი რომ ატეხა, მასთან მივედი და ბრძოლა ერთად დავიწყეთ. ირინა რომ ცოცხალი ყოფილიყო, უფრო ბევრი რამის გაკეთებას მოვახერხებდით, მაგრამ მარტო დავრჩი. ირინას ის შეეძლო, რაც მე არ შემიძლია. ირინა, ალბათ, ისტორიაში დარჩება, როგორც უსამართლობასთან მებრძოლი დედა, ქალი, რომელსაც შვილი საშინელი სისასტიკით მოუკლეს. ახლაც მბურძგლავს, როცა წარმოვიდგენ, შვილი როგორ დაუჯიჯგნეს და ყინვაში დაუგდეს. ბუტა რომ დავარდნილა, ნიკაპი ჰქონდა ნატკენი, ეს რომ დავინახე, კინაღამ შევიშალე და რომ წარმოვიდგენ, ირინამ თავისი შვილი რა მდგომარეობაშიც ნახა, მიკვირს, როგორ არ გაგიჟდა. ამის მერე რა გააჩერებდა? ვთვლი, რომ ირინა ახლა უფრო ბედნიერია - თავის შვილთანაა!