"ნაციონალები" სააკაშვილის გადასარჩენად სასულიერო პირების შანტაჟს იწყებენ?

მიხეილ სააკაშვილს პატრონი და მომკითხავი აღარც საქართველოში ჰყავს და აღარც უცხოეთში. მისი დაჭერა, როგორც ჩანს, მხოლოდ დროის ამბავია. ეს ამ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმაც დაადასტურა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საკმაოდ მსუბუქი განცხადება გააკეთა სააკაშვილის მიმართ ბრალის აღძვრასთან დაკავშირებით და საქართველოს ხელისუფლებას მხოლოდ მეტი ყურადღებისა და სიფრთხილისკენ მოუწოდა. არც ერთ გავლენიან პოლიტიკოსს არ უთქვამს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილება, პოლიტიკური დევნის თუნდაც ნიშნებს შეიცავსო. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ დასავლეთმა გასწირა მიშა. მას პოლიტიკური თავშესაფარი რომც მისცეს რომელიმე ქვეყანამ, არც ეს იქნება დიდი შვება ექსპრეზიდენტისთვის. იმ ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც სააკაშვილს პოლიტიკურ თავშესაფარს მისცემს, თუ საქართველოს პროკურატურამ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე დაარწმუნა, რომ მიშას კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი, მაშინ მას პოლიტიკური დევნილის სტატუსს მოუხსნიან და საქართველოს ხელისუფლებას გადმოსცემენ. ამგვარი რამ არაერთხელ მომხდარა  დემოკრატიულ ქვეყნებში. მოკლედ, მიშას დაჭერა მხოლოდ დროის საქმეა და მეტი არაფერი. 

ეს სხვაზე უკეთ მიშამ და მისმა მომხრეებმა იციან, ამიტომაც ყველა საშუალებას მიმართავენ, რომ ციხეში არ ჩაჯდეს, მათ შორის, სრულიად მიუღებელს და მეტიც, ამაზრზენს. "ალიას" ექსკლუზიურად აცნობეს, რომ სააკაშვილის დროინდელი სპეცსამსახურების წარმომადგენლები, სასულიერო პირების გამოყენებას აპირებენ მიშას გადასარჩენად. მათი მიზანია, სააკაშვილის მომხრე და თავის დროზე კუდ-ის მიერ "დავერბოვკებული" სასულიერო პირები გაააქტიურონ, მათი მეშვეობით, საზოგადოებაში შექმნან განწყობა, რომ მიხეილ სააკაშვილის დაჭერა სულაც არ არის სავალდებულო სამართლიანობის აღდგენისთვის. ცხადია, ფარულად, საკუთარი მრევლი დაარწმუნონ, რომ ეს ქვეყანას დიდ უბედურებას მოუტანს. მარტივი გათვლაა, თუ ვინმეს პირადი მოძღვარი ეტყვის, რომ სააკაშვილის დაჭერა ქვეყანას ავნებს, ბევრი დაიჯერებს და საზოგადოების დიდ ნაწილში მიშას მიმართ აგრესიული განწყობა ჩაცხრება და იმ ხალხის დიდი ნაწილი, მის მიმართ ბრალის აღძვრით რომ ხარობდა, სულ მცირე, ნეიტრალურ პოზიციას დაიკავებს. 

თუმცა, კუდ-ის ყოფილ თანამშრომელთა უმთავრესი მიზანი სხვა არის. ისინი უკვე აქტიურად მუშაობენ შედარებით მაღალი იერარქიის სასულიერო პირებზე, რომლებიც მათზე არსებული კომპრომატების გამო, იძულებით ისევ გავლენის ქვეშ არიან. მათ უშუალო კონტაქტი აქვთ საქართველოს პატრიარქთან, ილია მეორესთან. ამ სასულიერო პირებმა, თურმე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქზე, ფაქტობრივად, ფსიქოლოგიური ზეწოლა უნდა განახორციელონ, უნდა მოახერხონ პატრიარქის დარწმუნება იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში გამოკეტვა საჭირო არ არის, რომ ექსპრეზიდენტის დაპატიმრება არ წაადგება ქვეყნის იმიჯსა და მომავალს სასიკეთოდ. პატრიარქი უნდა დააჯერონ, რომ ხელისუფლება ამით მიუტევებელ შეცდომას უშვებს და თუ პატრიარქის ამაში დარწმუნება შეძლეს, გეგმის შემდეგი ნაწილი ასეთია: მაშინ მას სთხოვენ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართოს თხოვნით, რომ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ ჩასვან. კი, ის ბრალი, რაც მიშას წაუყენეს არ მოეხსნება, სამართლებრივი პროცედურებიც შესაბამისად უნდა განხორციელდეს, მაგრამ რეალურად, სააკაშვილი ციხეში არ უნდა ჩაჯდეს. სავარაუდოდ, სწორედ ამის მიღწევა სურს კუდ-ის ყოფილ აგენტურას. აქვე დავსძენ, რომ ჩვენი ინფორმაციით, თუ სასულიერო პირები ყოფილი კუდ-ელების მითითებებს არ შეასრულებენ, მათ ემუქრებიან - თქვენს შესახებ რაც კომპრომატები გაგვაჩნია, ყველას გავასაჯაროებთო. 

ამ ინფორმაციას საკმაოდ მყარი საფუძველი გააჩნია. ერთი, რომ კუდ-ში მართლა იყო სასულიერო პირების "დავერბოვკებისთვის" და მათი სხვა მიზნებით გამოყენებისთვის შექმნილი სპეციალური სამსახური. ეს სამსახური კუდ-ის ერთ-ერთ სამმართველოში შედიოდა, სამმართველოს კი "ნავთლუღის სპეცოპერაციის" საქმის გამო ბრალდებული, ამჟამად პატიმარი გიორგი მაზმიშვილი ხელმძღვანელობდა. ამის გამო ამ სამმართველოს "მამაოების სამმართველოსაც" ეძახდნენ. სამმართველოში 10 სპეცაგენტს ევალებოდა ეპარქიებში ფარული მოსასმენი აპარატურის დამონტაჟება, მამაოების ავტომობილებში, ასევე, მოსასმენი საშუალებების დაყენება, სასულიერო პირებისა და მათი ოჯახის წევრების, ნათესავების თვალთვალი, ფარული გადაღება, ჩაწერა და სხვა ღონისძიებების გატარება, რომელთა საბოლოო მიზანი მამაოების შესახებ კომპრომატების შეგროვება იყო. შემდეგ ეს მასალები გიორგი მაზმიშვილთან იყრიდა თავს და ამ კომპრომატების საფუძველზე კონკრეტული სასულიერო პირის გადაბირება ხდებოდა. 

კუდ-მა ამ მიმართულებით წარმატებით რომ იმუშავა, ეს ერთმა ფაქტმაც დაადასტურა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოს თითქმის ყველა კაბინეტში და თავად პატრიარქის სამუშაო კაბინეტშიც კი, ფარული მოსასმენი აპარატურა იყო დამონტაჟებული. რამდენიმე დღეში, საპატრიარქომ ეს ინფორმაცია დაადასტურა, სამთავრობო დაცვის სამსახურმა ნამდვილად იპოვა ფარული მოსასმენი საშუალებები საპატრიარქოშიო. წარმოიდგინეთ, გიორგი მაზმიშვილის სამმართველომ საპატრიარქოში შეაღწია, პატრიარქსაც კი უსმენდა და სხვებს რაღას უზამდა? 

ქართული მედიით არაერთხელ გაცხადებულა, რომ ეს ჩანაწერები და სხვა სახის კომპრომატები კუდ-ის ყოფილმა თანამშრომლებმა "მოდულის" შენობაში არ დატოვეს და ფარულ სამალავში შეინახეს. მათი აღმოჩენის შესახებ ჯერ არაფერი თქმულა, არც ოფიციალურად, არც არაოფიციალურად. 

მოკლედ, "ნაციონალები", ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის უკანასკნელ გზას დაადგნენ. თუმცა, საეჭვოა, ამ საქმიდან რაიმე გამოვიდეს. სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობის პერიოდში, ქართულ ეკლესიასაც დევნა-შევიწროების მეტი არაფერი განუცდია, სისტემატური ხასიათი ჰქონდა ცალკეულ სასულიერო პირებზე თავდასხმებსა და მათზე ათასგვარი სიბინძურის გავრცელებას, მიუხედავად იმისა, რა რანგისა იყო ესა თუ ის სასულიერო პირი. 

"ნაციონალთაგან" შეურაცხყოფა არც პატრიარქს დაჰკლებია, გიგა ბოკერია და სოსო თოფურიძე, წმინდა სინოდის სხდომებსაც თავხედურად ესწრებოდნენ, როცა ქართული ეკლესიისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები წყდებოდა. 

ცხადია, ეს და კიდევ სხვა საშინელებები, რაც მიხეილ სააკაშვილსა და "ნაცმოძრაობის" სხვა ლიდერებს გაუკეთებიათ ქართული ეკლესიისა და ილია მეორისთვის, პატრიარქს კარგად ემახსოვრება. ამიტომაც, "ნაციონალთა" ეს გეგმა კრახისთვისაა განწირული. ასეთ შემთხვევაში, ერთადერთი გზა რჩებათ - სასულიერო პირებზე წლებით ნაგროვები კომპრომატები უნდა გაასაჯაროონ და მათზე ამით იყარონ ჯავრი. ამის წინააღმდეგი კი, არც ხალხი არ იქნება, ბოლოს და ბოლოს გაიგებენ, ვინ მიჰყიდა სული "ნაცსექტას". 

"ალია" კომენტარისთვის პატრიარქის მდივანს, მამა მიქაელ ბოტკოველს დაუკავშირდა: 

- მამაო, მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ კუდ-ის ყოფილი თანამშრომლები ზეწოლას ახორციელებენ სასულიერო პირებზე, რათა მათ დაითანხმონ პატრიარქი, სთხოვოს ირაკლი ღარიბაშვილს, რომ სააკაშვილი არ დაიჭიროს. 
- ამის შესახებ მე არაფერი მსმენია. 
- რომელიმე სასულიერო პირისგან ხომ არ გსმენიათ, რომ ემუქრებიან კომპრომატების გამოქვეყნებით? 
- არც ჩემთან მოსულა რომელიმე სასულიერო პირი, არც მსმენია, რომ მასზე რაიმე ზეწოლა ხორციელდება. ან სხვა ამგვარი რამ ხდება.