როგორ დააზოგინებს საკრებულოს ნახევარ მილიონს და რას გააპროტესტებს ხალხთან ერთად ალექსანდრე ელისაშვილი
საკრებულოს ყველაზე აქტიური და პოპულარული დეპუტატის სტატუსს ალექსანდრე ელისაშვილი რამდენიმე კვირაა არ თმობს. ყოფილი ჟურნალისტები არ არსებობენ და ელისაშვილიც, უახლოეს მომავალში, აპოლიტიკური, ,,თბილისური’‘ გადაცემის წაყვანაზე ფიქრობს. იმის მიუხედავად, რომ კრიტიკისა და ჭორების ქარცეცხლში უკვე ჩადგა, ფარ-ხმლის დაყრას მაინც არ აპირებს და თბილისის ხელისუფლებას საქმიანად ,,ემუქრება’‘. ალექსანდრე ელისაშვილი ,,ვერსიას’‘ უამბობს, როგორ დააზოგინებს საკრებულოს ნახევარ მილიონს და რას გააპროტესტებს ხალხთან ერთად ორი კვირის შემდეგ
.
- საკრებულო ჭაობს შეადარეთ, რადგან ყველა პოსტი ხელში ,,ოცნებამ’‘ ჩაიგდო. ეს ამბავი ოპოზიციამ სხდომის მერე მაინც თუ გააპროტესტა?
- ამ ამბავს დიდად აღარ ჩავყოლივარ. ,,ოცნებაში’‘ ბევრი მეგობარიც მყავს და კარგი ნაცნობიც. უბრალოდ, ვუთხარი, ასეთი საქციელი უხერხულია და ისევ თქვენთვისაა ცუდი, თორემ მე არაფერი დამაკლდება- მეთქი. ამით ,,ქართულმა ოცნებამ’‘ თავი წარმოაჩინა, თორემ მე ყველაზე დიდი თანამდებობა მაქვს - საბურთალოელებმა ამირჩიეს! არ შეიძლება, ნაციონალებზე უარესად მოიქცე და ოპოზიციის მიუღებლობის პოლიტიკა გააგრძელო. ზოგადად, პოლიტიკაში ,,მძულხარ’‘ ან ,,მიყვარხარ’‘ აღარ უნდა არსებობდეს და კრიტიკაც უფრო საქმიანი გახდება. არც იმ პამპულაობას უნდა ვუყურებდეთ, რაც თუნდაც ბოლოს, დებატებზე ვნახეთ პარლამენტში. თუ ვინმე დასაჭერია, მძარცველია და ფულს იპარავდა, დაიჭირონ, ამდენი წამოძახება და რეპლიკა რა საჭიროა?!
- ,,პამპულაობაში’‘ პარლამენტს არც საკრებულო ჩამორჩება. ,,თეთრი ყვავის’‘ პოზიციაში ხომ ხართ - მხოლოდ თქვენ ხმაურობთ.
- ჩემი მისია იქნება, საკრებულო და პოლიტიკა, თბილისის დონეზე მაინც, საქმიანი გახდეს. ჩემს იდეებს მაინც გავახმოვანებ, ერთი ვიქნები, თუ 41-ნი გავხდებით. არც პრემიების თემის წამოჭრისას ვიყავი მარტო.
- ამ თემის გამო ,,ოცნებელმა’‘ ჯაბა სამუშიამ უზრდელი გიწოდათ.
- მიწოდა და პასუხიც მიიღო - სხდომის შემდეგ კარგად ავუხსენი, რომ პრემიების თემაზე ხმა აღარ ამოეღება. მთავარია, პრემიებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მალე, საკრებულო სამსახურეობრივი მანქანების თემაზეც კონკრეტულად იმოქმედებს.
- დაგპირდნენ, სამუშაო ჯგუფი შეიქმნებაო. საქმე დაიძრა?
- საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, სამუშაო ჯგუფი ორი კვირის ვადაში შეიქმნება და წარმოადგენენ პროექტს სამსახურეობრივი მანქანების ოპტიმიზაციის საკითხზეო. დაველოდები, თუმცა, თუ შედეგი არ დაიდო, 2 კვირის თავზე ოპტიმიზაციის ჩემეულ ხედვას წარმოვადგენ. ვიტყვი, რამდენი, როგორ იხარჯებოდა და სამსახურეობრივი ავტოპარკის შექმნით რა თანხას დავზოგავთ.
- საკრებულოში პრობლემის გადაწყვეტამდე რომც მივიდეთ, უარესს პარლამენტი აკეთებს - დეპუტატის ხელფასი იზრდება, მანანა კობახიძემ კი განაცხადა, ახალი მანქანებიც გვჭირდებაო.
- მე საკუთარ თავსა და საკრებულოზე ვარ პასუხისმგებელი. გარწმუნებთ, საკრებულოში მანქანების ოპტიმიზაცია დაიწყება. ჩემს უკან ამომრჩევლები დგანან. კვლევა ჩაატარონ და ნახავენ, ამ თემაზე მოსახლეობაში როგორი პროტესტია. ჯერ ველი, მერე ჩემ ვერსიას წარმოვადგენ, საკითხს სახელობით კენჭისყრაზე დავაყენებ და, თუ საკითხი ჩავარდა, ნახავთ, რა უბედურება იქნება საკრებულოსთან.
- თქვენ მიმართაც ითქვა პრეტენზია, ზედმეტად აქტიურობს და ამ ხმაურით, ,,ოცნების’‘ მიერ გაპარებულ საკითხებს მალავს... საკრებულოს კარი საინიციატივო ჯგუფებისთვის დაიხურებოდა, რომ არა სოსო მანჯავიძე, რომელმაც ეს მუხლი შეაცვლევინაო.
- რამდენი უფიქრია ვიღაცას... სოსო მანჯავიძემ ამ მუხლს ყურადღება რომ მიაქცია, კარგია. ჩემი პრობლემა ისაა, რომ იურიდიული ხლართების ამოცნობა მიჭირს და იურიდიულ სამსახურს ხშირად ვეკონტაქტები, რაღაცების განსამარტად. ყველაფერი ხელისგულზე ჩანს - ხალხის თამაშს ვთამაშობ და ეს რაღაც ბოდვაა. დილიდან საღამომდე ხალხს ვიღებ, მერე ისევ ქუჩა- ქუჩა დავრბივარ, მოსახლეობის პრობლემების მოსასმენად. უკვე მივეჩვიე, ჩემ შესახებ ბევრ სისულელესა და არამართებულ კრიტიკას რომ ვისმენ. ნებისმიერ რამეზე შეიძლება კუდის გამობმა. ,,სითი პარკზე’‘ რაღაც ვთქვი, პოპულიზმიაო, პრემიებზე ვთქვი - პოპულიზმიაო, მანქანებზეც იგივე. პრემიებზე საქმე უკვე გაკეთდა და კმაყოფილი ვარ. ახლა მინდა, მანქანების თემაზეც შედეგი მივიღო და მეძახონ პოპულისტი, სულ ფეხებზე მკიდია! სამაგიეროდ, თუ ავტოპარკი გაკეთდა, ნახევარ მილიონ ლარს დავზოგავთ და თბილისში რომ 30 000 უსახლკარო ოჯახია, იქნებ, მცირე ნაწილს მაინც დავეხმაროთ. ,,სითი პარკი’‘ თუ გავაგდე და ქალაქს 10 მლნ დავუზოგე, მერე სუპერპოპულისტიც მიწოდონ. გააჩნია თემასა და იდეას. ქალაქისთვის სასარგებლო წინადადება ნაციონალებმა რომ დააყენონ, პირველი დავუკრავ ტაშს ისევე, როგორც ეს პრემიებთან დაკავშირებით ,,ოცნების’‘ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე გავაკეთე.
- შეიძლება, ეს ვიღაცამ არასწორად გაიგოს და ორმაგი აგენტიც გეძახონ...
- რაც უნდათ, ის ქნან. ქალაქის საქმე გაკეთდეს და გინდა, ორმაგი დამარქვან, გინდა, მანჯურიის აგენტი, სულ ერთია!
- ღირდა ამად ჟურნალისტური თავისუფლების დაკარგვა ან ტელევიზიიდან უფრო მეტი საქმის გაკეთება არ შეიძლებოდა?
- ღირდა! დღეს დილიდან ჩემთან უკვე 12 კაცი მოვიდა. ხალხი 21-ე საუკუნეში, შუაგულ თბილისში, დენის გაყვანაზე საუბრობს. დღეს აქედან მეტს გავაკეთებ, ვიდრე ტელევიზიიდან. იყო დრო, როცა ვერავინ ვერაფერს ბედავდა და ტელეეთერში ღიად ვსაუბრობდი. მაშინ ეს უბრალოდ ჟურნალისტობა კი არა, სამოქალაქო პოზიცია იყო. უსიამოვნო ფაქტი ხდება საკრებულოშიც, თუმცა ამაზე წინასწარ ბევრს ვერ ვისაუბრებ. რამდენიმე თანამშრომელი უკვე გაუშვეს, მათ შორის, საკრებულოს აპარატის უფროსი.
- იმედია, პოლიტიკური ნიშნით არა... არადა, საკრებულოს თავმჯდომარე დაგვპირდა, შემცირებები არ იქნებაო.
- სწორედ იმას ვარკვევ, ეს ადამიანი პოლიტიკური ნიშნითაა გაშვებული თუ არა.
- ზოგადად, პოლიტიკაზე ვისაუბროთ - დაანონსებული ცხელი ზაფხული სახეზეა, ექსპრეზიდენტ სააკაშვილზე ძებნაა გამოცხადებული. ეს ქვეყნის იმიჯზე როგორ იმოქმედებს?
- ჯერჯერობით, ხელისუფლების მხრიდან კვალიფიციურ მიდგომას ვერ ვხედავ. ქვეყნის იმიჯი ნაკლებად მაინტერესებს - დარწმუნებული ვარ, სააკაშვილის ადგილი ციხეშია. ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და ეს ბრალდებები კვალიფიციურად დაადასტუროს. როცა შს და თავდაცვის მინისტრები ცუდ საქმეებს ჩადიოდნენ და მათ იჭერ, გასაგებია, რომ მათი ზემდგომის, ანუ პრეზიდენტის გარეშე, მსგავსი არაფერი მოხდებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენთან პოლიტიკა ძალიან არასერიოზულია.
- მერე ვისი ბრალია?
- იმის, რომ ოპოზიციაში ნაციონალური მოძრაობაა, ,,ოცნება’‘ კი ისე მოეშვა, ოპონენტის არასერიოზულ რეპლიკებს ანალოგიური არასერიოზულობით პასუხობს. ქვეყანას რეალური პრობლემები აქვს და ხელისუფლება მათი მოგვარებით უნდა დაკავდეს, თუმცა სააკაშვილის დაჭერა დაუსაქმებელ ხალხს შემოსავალს ვერ გაუჩენს.
- პოსტები ჩამორიგებულია, საკრებულო როდის ამუშავდება?
- კომისიებში მუშაობა უკვე დაიწყო. ორ კომისიაში ვარ, ურბანულსა და გარემოს დაცვაში, ორივე სხდომამ საქმიანად ჩაიარა. მქონდა იდეა, ბოლო 1 წლის განმავლობაში გაცემული ნებართვების რევიზიასა და კანონთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხზე. ასევე ვფიქრობ, ახალ მშენებელობებზე ერთი- ორი თვით მორატორიუმიც გამოცხადდეს. უნდა შევისწავლოთ, 2009 წელს მიღებული მიწათსარგებლობის გენგეგმა. ორივე იდეას მხარი დაუჭირეს. კმაყოფილი ვარ. შედეგები უახლოეს დღეებში დაიდება. შევთანხმდით იმაზეც, რომ უახლოეს ხანში თბილისის ეკოლოგიური ვითარების ანალიზი გაკეთდება. იმედი მაქვს, საკრებულო მალე სრული დატვირთვით იმუშავებს!