შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოში უკვე რამდენიმე თვეა განიხილება პროექტი, რომელიც უკრაინის სისხლიანი მოვლენების გამო რუსეთის აგრესიისთვის სტრატეგიული პასუხის გაცემას ისახავს მიზნად. სენატორ კორკერის ინიციატივის თანახმად, უნდა გაძლიერდეს ნატო და, თავის მხრივ, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინის, მოლდავეთისა და საქართველოს უსაფრთხოებაზეც უნდა იზრუნოს. რას გულისხმობს კორკერის ინიციატივა?
”რუსეთის აგრესიის პრევენციის 2014 წლის აქტი” სენატორმა ბობ კორკერმა, 30-მდე რესპუბლიკელი სენატორის მხარდაჭერით, აპრილის ბოლოს წარადგინა. ეს იყო ინიციატივა უკრაინაში განვითარებული მოვლენებით შეძრწუნებული სენატორისა, რომელიც რუსეთის აგრესიის შესაჩერებელ გზას მოსკოვისთვის მკაცრი სანქციების დაწესებაში ხედავს. 30 აპრილს, როცა კანონპროექტი წარადგინა, სენატორმა კორკერმა უკრაინასთან ერთად მოლდავეთი და საქართველოც ახსენა:
”ეს არის შედეგზე ორიენტირებული კანონპროექტი. ეს არის მცდელობა ადმინისტრაციის დაყოლიებისა, რომ დავსხდეთ და შევიმუშაოთ სტრატეგია, რომელიც უკავშირდება ევროპას, ნატოსა და ნატოს არაწევრ მეგობარ სახელმწიფოებს, როგორიც არის მოლდავეთი, უკრაინა, საქართველო”.
”კორკერის კანონპროექტის” სახელით ცნობილი დოკუმენტის თანახმად, შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ უნდა წაახალისოს კერძო სექტორი, რათა დაფინანსდეს ენერგეტიკული პროექტები - უკრაინაში, მოლდავეთსა და საქართველოში. ამასთან, ამ სამ ქვეყანას უნდა მიენიჭოს ნატოს არაწევრი ქვეყნის მნიშვნელოვანი მოკავშირის სტატუსი, რათა მათთვის გაადვილდეს ხელმისაწვდომობა სამხედრო აღჭურვილობაზე და გაფართოვდეს აშშ-ისა და ნატოს სამხედრო წვრთნები და ტრენინგები ნატოს არაწევრ ძირითად ქვეყნებთან ერთად. კანონპროექტი ასევე კრძალავს შეერთებული შტატების მიერ ყირიმის ანექსიის აღიარებას და ითვალისწინებს დახმარებას სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობისთვის ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.
ექსპერტს საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაიას სენატორ კორკერის ინიციატივა შეერთებული შტატების მიერ გასულ საუკუნეში შემუშავებული ”შეკავების სტრატეგიის” პრინციპს ახსენებს. მაშინ ყველაფერი საბჭოთა კავშირის აგრესიის შეკავების მიზნით კეთდებოდა და შეერთებული შტატები ცდილობდა მეგობარ სახელმწიფოებს დაყრდნობოდა:
“ეს არის ძველი ველოსიპედის გამოყვანა სარდაფიდან. ამერიკელები, უბრალოდ, დაუბრუნდნენ ცივი ომის რიტორიკას და, ასე ვთქვათ, ღერძული სახელმწიფოების კონცეფცია აამოქმედეს. ისინი ცდილობენ, რომ სამ ქვეყანას მიანიჭონ ღერძული სახელმწიფოს გეოპოლიტიკური სტატუსი. ესენი იქნებიან აშშ-ის მოკავშირეები, ოღონდ არა ნატოს ფორმატში. ცივი ომის პერიოდში ეს სახელმწიფოები იყვნენ: თურქეთი, ისრაელი, ეგვიპტე, იორდანია, სამხრეთ კორეა, ფილიპინები და კოლუმბია”.
ვახტანგ მაისაია მიიჩნევს, რომ, სენატორ კორკერის კანონპროექტის საბოლოოდ დამტკიცებისა და ამოქმედების შემთხვევაში, შეიქმნება ლეგიტიმური საფუძველი იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა მნიშვნელოვანი მოკავშირის - საქართველოს - თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზეც იზრუნოს. ამ კონტექსტში, ექსპერტის აზრით, შესაძლოა ლაპარაკი წავიდეს ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო სისტემების მოწოდებაზეც.
თავდაცვითი შესაძლებლობები აქტუალური თემაა საქართველოსთვის. ბოლო კვირების განმავლობაში თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ არაერთხელ გაუსვა ხაზი ნატოს წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივ ფორმატში ”წარმატებით” მიმდინარე მოლაპარაკებებს, რათა საქართველომ გააძლიეროს თავისი თავდაცვითი შესაძლებლობები. ამ შინაარსის განცხადება, შეკითხვაზე პასუხად, მინისტრმა პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენების დროს, 25 ივლისსაც გააკეთა:
”თუ რა და როგორ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ანტისატანკო და ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით - მე მზად ვარ ნებისმიერ დროს დახურულ ფორმატში წარმოგიდგინოთ ეს გეგმები... მოგიყვებით დეტალურად, თუ რა მოლაპარაკებები როგორ მიმდინარეობს. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ რაციონალურ ვადებში დასრულდება ეს მოლაპარაკებები”.
თავდაცვითი საშუალებების მოწოდების მოთხოვნით ირაკლი ალასანიამ თავდაპირველად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მიმართა, თუმცა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საპასუხოდ განმარტა, რომ ნატო საქართველოს ვერაფერს დაჰპირდება და, როცა ”საქმე შეეხება სამხედრო საშუალებების მიწოდებას ან დამონტაჟებას, ასეთი გადაწყვეტილებები ნატოს ცალკეული წევრების მისაღებია”. თუ რას ჰპირდება ამ მხრივ შეერთებული შტატები საქართველოს, ჯერჯერობით არ ხმაურდება.