მწვავე საერთაშორისო გამოხმაურებების ფონზე გაჩნდა შეკითხვა: რა შეიძლება შეცვალოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გასამართლებამ საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის ურთიერთობებში? დგას თუ არა ვინმე კანონზე მაღლა, რა რისკზე წავიდა ამჟამინდელი ხელისუფლება, რაში ადანაშაულებენ მას ოპონენტები და ნიშნავს თუ არა მიხეილ სააკაშვილის გასამართლება მოსკოვის მაამებლობას?
”სირცხვილი საქართველოს” - ამ სათაურის სტატიით „The Wall Street Journal“-ი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი ხელისუფლების რამდენიმე ლიდერის ბრალდებულად გამოცხადებას ეხმიანება. სტატიაში ნათქვამია, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილი ”შეერთებულ შტატებში ასწავლის და უკრაინის ახალ პროდასავლურ ხელისუფლებას აძლევს რჩევებს” და ”შურისძიების სიმძიმე” საქართველოში დარჩენილ მის კოლეგებს აწვებათ ტვირთად. „The Wall Street Journal“-ი მომხდარს ”პოლიტიკური შურისძიების გამჭვირვალე მაგალითად” მოიხსენიებს და საჭიროდ თვლის, რომ დასავლეთმა ზეგავლენა მოახდინოს თბილისზე.
ამასთან, სტატიაში გამოთქმულია იმედი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ხმას აიმაღლებს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასთან დაკავშირებით. შეერთებული შტატების რეაქცია 28 ივლისს სენატორების მიერ გავრცელებული განცხადებით გამოვლინდა. რესპუბლიკელმა სენატორებმა ჯონ მაკკეინმა და ჯიმ რიშმა და დემოკრატმა სენატორებმა ჯინ შაჰინმა და ბენ კარდინმა უკიდურესი იმედგაცრუება და შეშფოთება გამოხატეს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი თანაგუნდელებისთვის ბრალის წაყენების გამო:
”სააკაშვილი და მისი მთავრობა არ იყვნენ უშეცდომო და ყველა დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია დაიცვას კანონი. მაგრამ სამართლებრივი დევნა არ უნდა იქცეს პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად და საზოგადოების დაყოფის წყაროდ მით უმეტეს მაშინ, როცა საქართველო ბევრი მძიმე გამოწვევის წინაშე დგას. ჩვენ და სხვებიც მოვუწოდებდით პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს და საქართველოს სხვა ლიდერებს კონცენტრირებულიყვნენ მომავალზე და არა წარსულზე და წაეწიათ თავიანთი ქვეყანა წინ და არ დაეხიათ უკან. თითქმის შეუძლებელია დანახვა, თუ რამდენად შეესაბამება ამ მიზანს წინა ხელისუფლების უდიდესი ნაწილის გასამართლების გადაწყვეტილება”.
განცხადების ავტორები, დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორები, ასევე აღნიშნავენ, რომ ”დღევანდელი ქმედება, სხვა მსგავს ქმედებებთან ერთად, წარმოშობს არასაჭირო გამოწვევებს ჩვენი ურთიერთობის წინსვლის გზაზე“.
”ყველა ჩვენს პარტნიორ და მეგობარ სახელმწიფოს, ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა სრულად და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე გააანალიზოს ამ მნიშვნელოვან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები“, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში და იქვე ხაზგასმულია განწყობა, რომ დემოკრატიული და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში მთავრობა მიესალმება ობიექტურ გამოძიებას, რათა საქართველოს ”სამართლებრივი სისტემა გახდეს უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი“.
პრემიერ-მინისტრის მსგავსად, საქართველოს ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ყველაფერი გაირკვევა და საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელთა ეჭვები და შეშფოთება აუცილებლად გაქარწყლდება მას შემდეგ, რაც ყველა შეკითხვას დამაჯერებელი პასუხი გაეცემა. ამის შესახებ 29 ივლისს კომენტარი ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემაც გააკეთა:
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები - განსაკუთრებით შეერთებული შტატები და ევროკავშირის წევრი ქვეყნები - გაეცნობიან დეტალურად იმ მასალებს, იმ მტკიცებულებებს, იმ ფაქტებს, რაზე დაყრდნობითაც პროკურატურა მივიდა ამ დასკვნამდე. მე დარწმუნებული ვარ, რომ მათ არ ექნებათ არავითარი შეშფოთების საფუძველი”.
”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები კი დარწმუნებით აცხადებენ, რომ ექს-პრეზიდენტისა და მისი თანაგუნდელების გასამართლებას, რაც მათ მიერ პოლიტიკური ანგარიშსწორების ჭრილში განიხილება, სულ უფრო მეტი დამგმობი გამოუჩნდება და რომ ეს ფაქტი პრობლემებს შეუქმნის საქართველოს საერთაშორისო სარბიელზე. მაგალითად, როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, უთხრა 29 ივლისს რადიო თავისუფლებას, ეს ყველაფერი რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს, ხაზს გადაუსვამს საქართველოს მიერ დღემდე მიღწეულ პროგრესს და სახიფათო შეკითხვები ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებითაც გაჩნდება:
”ეს იქნება რუსეთის მიერ გამოყენებული საერთაშორისო ასპარეზზე საერთაშორისო სამართლის მიხედვით საიმისოდ, რომ გაამართლოს თავისი ქმედებები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ანუ ოკუპაცია გამოაცხადოს ლეგიტიმურ ქმედებად. ეს არის კარგა ხნის დაწერილი სცენარი, რომ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას დაედოს ბრალი, ისევე როგორც მილოშევიჩს დაედო ბრალი ეთნიკური ალბანელების ეთნიკურ წმენდაში. შესაბამისად, ეს არის ამოცანა, რომ სწორედ ამ კონტექსტში მოექცეს საქართველო და ამის შემდგომი ფაზა არის ის, რომ მოხდეს კოსოვოს მოდელის პირდაპირი გადატანა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე”.
ზურაბ ჭიაბერაშვილს შემთხვევითად არ მიაჩნია ის ფაქტი, რომ მთავარი პროკურატურის მიერ ახლახან მოწვეულ ექსპერტებს შორის გაეროს დაქვემდებარებული სტრუქტურის - ყოფილი იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის - ჰააგის ტრიბუნალის - მთავარი პროკურორის მოადგილედ ნამუშევარი ჯეფრი ნაისია, რომელიც უძღვებოდა სერბიის ექს-პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის, საქმეს.
პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას არ უკვირს, რომ, მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალის წაყენების გამო, თუკი მედიის რეაქციებით ვიმსჯელებთ, რუსეთს სიხარულის ძლიერმა ტალღამ გადაუარა, მაგრამ ის არ ფიქრობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა რაიმე მიზეზით გადახედავს მიდგომას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მისამართით:
”დასავლეთისთვის და, ზოგადად, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მიუღებელია ძალისმიერი გზით პოსტსაბჭოთა სივრცის, პოსტსაბჭოთა ქვეყნების საზღვრების შეცვლა. ეს გამოჩნდა ჩვენთანაც, ეს გამოჩნდა უკრაინაშიც და გამოჩნდება სხვაგანაც. ტერიტორიული მთლიანობა - ეს ის საკითხია, რომელსაც ბოლომდე მხარს უჭერენ. თუკი ეს პრინციპი ამოვარდა, მაშინ მთლიანად საერთაშორისო სისტემაში ქაოსი დაისადგურებს”.
კორნელი კაკაჩიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება დიდი გამოწვევის წინაშე დგას, რადგანაც თუკი ბრალდების მხარეს, ჩვეულებრივ შემთხვევაში, პირობითად, 5 არგუმენტი დასჭირდებოდა, ექს-პრეზიდენტის ბრალეულობის დასამტკიცებლად მას 20-30 მტკიცე არგუმენტის მოპოვება მოეთხოვება. პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ თუკი სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალდებების დამტკიცებას ვერ მოახერხებს, ამჟამინდელ მთავრობას საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ძალიან მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს, ხოლო თვითონ სააკაშვილი შესაძლოა გმირად იქცეს მათ თვალშიც კი, ვინც მას ამჟამად სასტიკად უპირისპირდება.