,,მეგობარი მეუბნება, ეროსი კიწმარიშვილის საქმე აშშ-ს გაკეთებულიაო...’‘

,,მეგობარი მეუბნება, ეროსი კიწმარიშვილის საქმე აშშ-ს გაკეთებულიაო...’‘

რომელ მინისტრებს გულშემატკივრობს ლევან ბერძენიშვილი

წლევანდელი ზაფხული პოლიტიკურად მართლაც ცხელი გამოდგა - პრემიერმა 7 მინისტრი გამოცვალა, ,,რუსთავი 2’‘-ის დამფუძნებელი და ყოფილი დიპლომატი ეროსი კიწმარიშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა და ამ საქმის ირგვლივ გაჩენილი უამრავი კითხვა ჯერჯერობით ისევ პასუხგაუცემელია... ამ და სხვა საკითხებზე ,,ვერსიას’‘ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი ესაუბრა.      
- მინისტრების შეცვლა კოალიციის კურსის ფუნდამენტური ცვლილება კი არა, შეცდომების გამოსწორების მცდელობაა. ისე, ორი პიროვნების გარდა, ახლადდანიშნული მინისტრებიდან არავის ვიცნობ.      
                 
- მთავრობას ნდობა ისე გამოუცხადეთ, ახალ მინისტრებს არც იცნობთ. ნაციონალური მოძრაობის პარლამენტს, როგორც მახსოვს, მსგავსი ბრმა დამოკიდებულების გამო აკრიტიკებდით...                
- ყველა ქვეყანაში საკითხი ასე დგას: პრემიერ- მინისტრსა თუ პრეზიდენტს ან ენდობი, ან არა. საქართველო პატარა ქვეყანაა, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, მაგრამ ამ შემთხვევაში, ასე არ მოხდა, თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, საკმარისი დრო გვაქვს, ეს ადამიანები რომ გავიცნოთ. პარლამენტარებს იმდენი კვალიფიკაცია გვაქვს, ერთი შეხვედრით დაგვედგინა, მინისტრებისთვის ნდობა უნდა გამოგვეცხადებინა თუ არა...    
                 
- ბევრს გაუკვირდა, რომ 800-მილიონიანი გარღვევის ავტორმა ფინანსთა მინისტრმა თანამდებობა შეინარჩუნა...
- ეს საკითხი პარლამენტს არ ეხება. მინისტრები პრემიერის ხელთაა. ის აგებს პასუხს ქვეყანაზე!

- პოლიტიკური გუნდი კი პასუხისმგებლობას იხსნის?
- პოლიტიკური გუნდი პასუხს არჩევნებში აგებს - თუ მინისტრები არასწორად შეირჩა, როგორც წესი, ამას არჩევნებში დამარცხება მოსდევს. მე რომ გითხრათ, ვინ, სად და რა თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს, არასწორი იქნება. აღმასრულებელი ხელისუფლება პარლამენტისგან დამოუკიდებელი სტრუქტურაა... ზოგადად, საქართველოში შეგიძლიათ, ნებისმიერი მინისტრი მოხსნათ - ერთ უწყებაშიც არ გვაქვს ისე საქმე, რომ ვთქვათ, ავყვავდით და ავშენდითო, თუმცა გაუმჯობესება ბევრი მიმართულებითაა. ჯერჯერობით, ისეთი ეკონომიკური ზრდა რა თქმა უნდა, როგორიც გაგვიხარდებოდა, არ გვაქვს, მაგრამ იმ ადამიანების არ მესმის, რომ ამბობენ, ეკონომიკა დაინგრაო - რაც არ არის, როგორ უნდა დაინგრეს? ქართულ ეკონომიკას მსოფლიო კრიზისმაც ვერაფერი უქნა, რადგან საკრიზისო ქვეყანაში არაფერი ყოფილა. რა მდგომარეობაშიცაა ეკონომიკა, ზუსტად იმავე მდგომარეობაშია განათლება და კულტურაც. საქმე ყველგან გამოსასწორებელია, ახალი თუ წინა ხელისუფლების, შევარდნაძის მთავრობისა თუ კომუნისტების ლაპარაკის მიუხედავად, განათლების სისტემაში კვლავ პრობლემებია - განათლებული ადამიანების რიცხვი ქვეყანაში, ზრდის ნაცვლად, მცირდება.

- ბატონო ლევან, გატყობთ, განათლების მინისტრის საქმიანობით კმაყოფილი არ ხართ.                   
- სხვათა შორის, სანიკიძის გათავისუფლების მოლოდინიც იყო.

- იგივე მოლოდინი თქვენც გქონდათ?
- ეს ჩემი სფერო არ არის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ვარ. როგორც მოქალაქე კი, ჩემს აზრს არ გეტყვით. ჩემი მიმართულების მინისტრები მოსახსნელები არ იყვნენ და გამიხარდა, თანამდებობაზე რომ დარჩნენ. სხვათა შორის, იუსტიციის მინისტრსაც ვგულშემატკივრობდი. ნორმალური ადამიანები არიან და მადლობა ღმერთს, პოსტებზე დარჩნენ. შვიდი მინისტრის მოხსნის შემდეგ, შესაძლოა, ეს პროცესი გაგრძელდეს და ორი-სამი შეცვალოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კურსს ვცვლით.

- კიდევ ვის ემუქრება მინისტრის პორტფელის დატოვება? ბოლო ცვლილებებიდან ჩანს, რომ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების ლიდერები მინისტრთა კაბინეტში ხელშეუხებელნი არიან...
- როგორც გითხარით, ეს ჩემი საუბრის სფერო არ არის. ჯერჯერობით, ,,ქართული ოცნების’‘ გარდა, კოალიციაში შემავალი სხვა პარტიების ლიდერები თუ წარმომადგენლები მთავრობიდან არ გაუთავისუფლებიათ. კოალიციის დაშლაც იოლი არ არის, თანაც ეს ჯერჯერობით არავის ინტერესში შედის.

- მთავრობაში ცვლილებებს ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება უსწრებდა. ეს ფაქტი ქართულ პოლიტიკაში რას შეცვლის?
- ეროსი კიწმარიშვილი მედიაში უნიჭიერესი ადამიანი იყო - ჰქონდა უნარი, ჩვეულებრივი ადამიანები პროფესიონალ ჟურნალისტებად ექცია. რაც შეეხება პოლიტიკას, არ მგონია, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა ყოფილიყო. მისი შემოქმედების მწვერვალი ,,რუსთავი 2’‘-ია, რომელიც ვერც ,,მაესტროში’‘ და ვერც სხვაგან ვეღარ გაიმეორა. ქართული პარტიაც მეათეხარისხოვანი პოლიტიკური ძალა იყო.

- ,,ვარდების რევოლუციაში’‘ ეროსი კიწმარიშვილი პოლიტიკური ფიგურა არ ყოფილა? ისე, ალბათ, შემთხვევითი არაა, რომ ზურაბ ჟვანია, ბადრი პატარკაციშვილი და ეროსი კიწმარიშვილი უცნაურად გარდაიცვალნენ...
- რევოლუციური ხუთეულიდან, რომელიც კულისებში იყო, პოლიტიკაში ერთიც არ დარჩა. არავინ უარყოფს ,,ვარდების რევოლუციაში’‘ ეროსი კიწმარიშვილის დამსახურებას, მაგრამ თავად ეროსის ამ კუთხით გადაჭარბებული წარმოდგენა ჰქონდა. კი ბატონო, ტელევიზიის როლი დიდი იყო, მაგრამ რევოლუციაში სხვა ფაქტორებიც მნიშვნელოვანი გახლდათ - მიხეილ სააკაშვილი და ხალხი, თუმცა ,,ვარდების რევოლუციის’‘ ეპოქაც დასრულდა. 
                 
- რას გულისხმობთ კიწმარიშვილის გადაჭარბებულ წარმოდგენებში, ვინმესგან რევოლუციაში მონაწილეობისთვის თანხას ითხოვდა?
- ეროსი მიიჩნევდა, რომ ,,ვარდების რევოლუცია’‘ მან მოაწყო პირადად მე კი, ვფიქრობ, ეს პროცესია, რომელიც სხვადასხვა კომპონენტებისგან შედგება. ეროსისნაირი ადამიანები თავის როლს ყოველთვის გაზვიადებულად ხედავენ. ,,ვარდების რევოლუციის’‘ სახელწოდება, დასავლეთიდან მომავალი მანქანების გრძელი კოლონის კადრი, მიხეილ სააკაშვილი ვარდით ხელში - ყველაფერი ეს ეროსიმ შექმნა. იგი ,,რეჟისორ- პასტანოვშიკი’‘ იყო, თუმცა, თუ მოქმედება არ ხდება და პიესა არ არის, რეჟისორი მთავარ ფიგურად ვერ ჩაითვლება. დაპირისპირების დეტალები არ ვიცი, მაგრამ სააკაშვილს ხელისუფლებას კონტროლირებადი ტელევიზია მოუნდა. ეროსი კიწმარიშვილმა ტელევიზია გაყიდა, მაგრამ რა პირობებით, არ ვიცი.

- კიწმარიშვილი აცხადებდა, რომ ,,რუსთავი 2’‘ წაართვეს და თანხაც არ აუღია.
- ეროსის ფული მისცეს, მაგრამ შესაძლოა, მის მიერ მოთხოვნილთან შედარებით, არაადეკვატური მცირე თანხა შესთავაზეს. ეროსი კიწმარიშვილს კი არა, ტელევიზია ქიბარ ხალვაშს წაართვეს. ეროსი აშშ-ში წავიდა და თავს კარგად გრძნობდა, ფინანსურად არასოდეს გასჭირვებია და ისეთი ადამიანი იყო, ფინანსურ პრობლემას არც შეიქმნიდა.

- კიწმარიშვილის მემუარებიდან ჩანს, რომ ,,ვარდების რევოლუციის’‘ შემდეგ ბიძინა ივანიშვილი 20 მილიონ ლარს დაპირდა, ეს თანხა კი მერაბიშვილმა აიღო. ამ ვერსიას იზიარებთ?
- არ ვიცი, არ მახსოვს... ამ საქმით არასოდეს ვინტერესდებოდი. მართალია, ეროსის გამარჯობა- ნახვამდის დონეზე არ ვიცნობდი, წლების განმავლობაში, ერთმანეთთან შეხება გვქონდა, მაგრამ ,,რუსთავი 2’‘-ზე დეტალური ინფორმაცია არ მაქვს. დარწმუნებული ვარ, ეროსი კიწმარიშვილის საქმე გამოუძიებელი არ დარჩება. ვინც მას იცნობს, ყველა ამბობს, რომ თავს ვერ მოიკლავდა... თვითმკვლელობის ვერსიის დაჯერება მეც მიჭირს, მაგრამ, თუ გამოძიება იტყვის, თავი მოიკლაო, ამის წარმოდგენა შემიძლია, თუმცა შესაბამისი და დამაჯერებელი მტკიცებულებებიც უნდა ვიხილოთ... იმდენი ვერსია გავრცელდა, მართლა ვერ ვხვდები, რა მოხდა. არ დაგვავიწყდეს, საქართველო ის ქვეყანაა, ეროსი კიწმარიშვილი კი არა, ქუჩაში გალაკტიონ ტაბიძე სცემეს. თუ მოტივებზე ვისაუბრებთ, ამ ქვეყანაში 20 ათასის გულისთვისაც შეუძლიათ ადამიანის მოკვლა და ხუთი ლარისთვისაც.

- არ ფიქრობთ, რომ გიორგი სანაიას, ზურაბ ჟვანიას, ნუგზარ საჯაიასა და ეროსი კიწმარიშვილის საქმეები ერთმანეთს ჰგავს? საეჭვო გარემოებების პარალელურად, ყველა მათგანში ყოფითი პრობლემა დასახელდა...
- როცა ადამიანი კვდება, ეს ტრაგედია და კატასტროფაა, მით უმეტეს, თუ საუბარია ისეთი ტიპის ადამიანზე, როგორიც ეროსი კიწმარიშვილი იყო. მასში სიცოცხლე ჩქეფდა. სანაიას საქმე გახსნილად ითვლება, თუმცა ყოველთვის დარჩება კითხვები. ჟვანიას საქმე გახსნილი არ არის, იგი პრემიერი იყო და გამოძიებაც საკითხს დიდი სიფრთხილით უდგება. დარწმუნებული ვარ, ეროსი კიწმარიშვილის საქმის გახსნის შემდეგაც, ყველა კმაყოფილი ვერ იქნება და გამოძიების შედეგებს არ დაეთანხმება, მაგრამ ეს ბუნებრივია. გიორგი სანაია იმის გამო არ მოუკლავთ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. დაახლოებით ვიცით, რა მოხდა, საშინელი საქმე იყო, მაგრამ მას სერიოზულ რანგში ვერ ავიყვან და ვერ ვიტყვი, რომ სანაიას მკვლელობაზე ორი ქვეყნის სპეცსამსახურებმა იმუშავეს.

- გიორგი სანაიას მკვლელობამ მთელ საქართველოში არსებული უკმაყოფილების მობილიზება შეძლო. დღეს კი, მისი ძმა აცხადებს, რომ კიწმარიშვილმა ამ მკვლელობის საიდუმლო იმქვეყნად წაიღო.
- გეთანხმებით, ხალხზე, მათ შორის, ჩემზეც იმოქმედა. გიორგის ახლოს ვიცნობდი, მაგრამ ამ თემაზე ვერ ვისაუბრებ - ჩემი კვალიფიკაცია ვერ სწვდება. მყავს მეგობარი, რომელმაც ყველაფერი იცის. ახლაც მეუბნება, ეროსი კიწმარიშვილის საქმე აშშ-ს გაკეთებულიაო, მაგრამ..

- ამ ვერსიას გამორიცხავთ?
- თუ ეს შეკვეთილი მკვლელობაა, ამ დონის ,,ქილერი’‘ საქართველოს არ ჰყავს ანუ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელი ჩამოვიდა, ეროსი კიწმარიშვილს ისე დაუმეგობრდა, მანქანაში ჩაუჯდა და მოკლა. თეორიებით ბევრი რამ შეიძლება ითქვას, მაგრამ სპეცსამსახურს იმიტომ ჰქვია სპეცსამსახური, რომ მისი ხელი საქმეში, როგორც წესი, არ ჩანს. ვფიქრობ, გამოძიებას უნდა დაველოდოთ.