რატომ გაიყინა ჟვანიას საქმე

რატომ გაიყინა ჟვანიას საქმე

დაპატიმრებული ექსპერტი ლევან ჩაჩუა სიკვდილის პირასაა _ რას ამბობენ პროკურატურის კულუარებში, დაუშვებენ თუ არა ჟურნალისტებს და რა მოხდება 20 აგვისტოს წინასასამართლო სხდომაზე

ახალი მოწმე, ახალი დეტალები და გარემოებები, ახალი ეჭვმიტანილები და ძველი შედეგი _ გარდაცვლილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას საქმე კვლავ გაუხსნელია! ამასობაში, საქართველოში მსოფლიო დონის პროკურორები ჩამოდიან, რომლებიც, როგორც ჩანს, საქართველოს პროკურატურას მასტერკლასს ჩაუტარებენ და გამოცდილებას გაუზიარებენ. ერთნი ამბობენ, ეს ხალხი ბადაშვილის უწყებას სააკაშვილის დასაჭერად სჭირდებაო, მეორენი კი ფიქრობენ, რომ დასავლეთელი სამართალდამცავები კიწმარიშვილის, ჟვანიას, სანაიასა და სხვა გახმაურებულ მკვლელობებს გამოიძიებენ. როგორც ,,ვერსიას’‘ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, ექსპერტთა ჯგუფი ჩვენს პროკურორებს ზოგად რჩევებს მისცემს და შესაძლოა, ჟვანიას საქმის პროკურორსაც შეხვდეს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ქართველი პროკურორი მათგან დირექტივებს მიიღებს. ასეა თუ ისე, ჟვანიას საქმის ხელახალი გამოძიების დაწყებიდან წელიწადზე მეტი გავიდა, თუმცა ბოლო სიახლე, რაც პროკურატურამ გვამცნო, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ჟვანიას მკვლელობის ახალ მოწმეზე გასვლა იყო. ცოტა ხნის შემდეგ, კერძოდ, 2014 წლის მარტში დააკავეს სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა და ექსპრემიერის დაცვის თანამშრომელი მიხეილ ძაძამია. ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსს, კობა ხარშილაძეს კი შპს „გრინსერვისის“ საქმის გამო, პატიმრობაში თავი პირდაპირ სასამართლო დარბაზიდან უკრეს. 

ამის მერე 5 თვე ისე გავიდა, არც სასამართლო გამართულა, არც პროკურატურას დაუყენებია ახალი შუამდგომლობა და ვინმეს არც იმ ნაციონალთა გვარები უხსენებია, ვის მიმართაც კითხვები წლებია არსებობს. სამაგიეროდ, ციხეში რჩება ექსპერტი, რომელმაც ჟვანიას გვამს პირველადი გამოკვლევა ჩაუტარა და მის ორგანიზმში მომწამლავი ნივთიერება _ ჩO აღმოაჩინა; ციხეში რჩება ხარშილაძეც, რომლის გვარსაც ჟვანიას საქმესთან არავინ ახსენებს და მიხეილ ძაძამიაც. ,,ვერსია’‘ ამ ადამიანების ბედით დაინტერესდა და სხვადასხვა ოფიციალური თუ არაოფიციალური წრიდან საინტერესო დეტალებიც შეიტყო. ,,ვერსიის’‘ დაზუსტებული ინფორმაციით, ჟვანიას საქმეზე წინასასამართლო სხდომა 20 აგვისტოს ჩატარდება, რომელსაც, დიდი ალბათობით, მედიისთვის დახურავენ. ამ სხდომაზე მოსამართლე შორენა გუნცაძე ექსპერტ ჩაჩუასთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლაზე იმსჯელებს, თუმცა დაკავებულს დიდი იმედი არ უნდა ჰქონდეს _ პროკურატურას ციხიდან მისი გამოშვება არ აწყობს! ჟვანიას საქმეზე დაპატიმრებული პირების ისტორია მოკლედ რომ გავიხსენოთ, ასეთ სურათს მივიღებთ: ლევან ჩაჩუას, რომელმაც ზურაბ ჟვანიას გვამის ე.წ. ექსპერტიზის დასკვნა დაწერა, საგამოძიებო ორგანოები სამსახურეობრივ გულგრილობას ედავებიან და, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 2-წლიან სასჯელს ვერ ასცდება. თავის დროზე სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებზე, სადაც ჟვანია- უსუპოვის ცხედრებს მრავლობითი დაზიანებები ეტყობათ, ექსპერტმა განაცხადა, რომ ფოტომასალა გაყალბებულია, რადგან გაკვეთის დროს ჟვანიას ცხედარს დაზიანებები არ ჰქონია. ,,ჩემზე არ ყოფილა ზეწოლა. გვამი გავკვეთე და ვნახე, რომ ერთი წერტილიც არ ჰქონია დაზიანებული. მისი მეუღლეც იქ იყო _ ჯერ კიდევ თბილ გვამს ეფერებოდა და ტიროდა. შეიძლება, ამდენმა ადამიანმა ნახოს გვამი და ნატყვიარი გამოეპაროს? რაც შეეხება კეფაზე ჭრილობას, გამოკვლევის შემდეგ მხოლოდ კეფაზე კი არა, გულმკერდზეც კეთდება კვეთა. 30 წელი ვიმუშავე პრაქტიკულ ექსპერტიზაში და საექსჰუმაციო ჩემი გამოკვლეული ერთი გვამიც არ გამხდარა. ვიცი, ნახევარ საქართველოს სასაცილოდ არ ჰყოფნის ექსპრემიერის ჩO-თი მოწამვლა, არადა, ფაქტია, ასე მოხდა’‘, - განაცხადა მაშინ ლევან ჩაჩუამ. ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი, მიხეილ ძაძამიაც სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა. ყველაზე დიდი აჟიოტაჟი კი დაცვის წევრის, კობა ხარშილაძის დაჭერამ გამოიწვია, პირველ რიგში იმიტომ, რომ ჟვანიას საქმისგან სრულიად განყენებული ბრალი წაუყენეს და ყოფილ გამგებელს, ლაშა ფურცხვანიძესთან ერთად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ედავებიან. გარდა ამისა, ფურცხვანიძისგან განსხვავებით, სააპელაციო სასამართლო ხარშილაძეს 400 000-ლარიანი გირაოს გადახდაზე არ დათანხმდა და პირდაპირ დარბაზში აიყვანა.

სხვათა შორის, ისიც ითქვა, რომ მას უცხოეთის რეისზე ბილეთი ჰქონდა დაჯავშნილი და ქვეყნიდან გაქცევას აპირებდა. ხარშილაძის დაკავების ეს მოტივი თეთრი ძაფითაა ნაკერიო, ამტკიცებდა ადვოკატი გოგიტა გაბაიძე. ,,ოცნების’‘ ერთ-ერთ სახეს, ეკა ბესელიას კი პირდაპირ ეთერში წამოსცდა: ,,ეს ადამიანი (კობა ხარშილაძე), რომელიც ჟვანიას საქმეზე უმნიშვნელოვანესი მოწმეა, დაკავებულია... მიმდინარეობს გამოძიება და მოსამართლეს კონკრეტული საფუძვლები წარუდგინეს’‘... ხარშილაძის ადვოკატი, გოგიტა გაბაიძე დღესაც ირწმუნება, რომ კობა ხარშილაძე ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, არც დაკავებამდე და არც შემდეგ, არ დაუკითხავთ. მაშინ, რატომ მიაჩნია ,,ოცნების’‘ ხელისუფლებას მთავარ მოწმედ ხარშილაძე და რატომაა წინასწარ პატიმრობაში სულ სხვა საქმის გამო? ამ შეკითხვებზე ,,ვერსიამ’‘ პასუხის მიღება ადვოკატ გოგიტა გაბაიძისგან სცადა, თუმცა მან საუბარზე უარი განგვიცხადა. როგორც გავარკვიეთ, სასამართლომ ადვოკატებს ხელწერილი დააწერინა, რომ მედიასთან ხმას არ ამოიღებენ. ისე, რატომაა გამორიცხული, რომ კობა ხარშილაძეს ჟვანიას საქმეზე ბრალი არ წაუყენონ, არც ოფიციალურადა დაკითხონ და გამოძიებასთან ,,ფარულად’‘ ითანამშრომლოს?! ეს ვერსია, თუ ეკა ბესელიას ზემოხსენებულ განცხადებასაც გავიხსენებთ, ლოგიკასმოკლებული სულაც არ არის. ,,ვერსიამ’‘ ჟვაიას საქმესთან პირდაპირ თუ ირიბად კავშირის გამო დაკავებულთა ბედი, პირველ რიგში, პროკურატურაში იკითხა. პრესსამსახურმა გამოძიების დეტალებსა და დაკავებულ ადამიანებთან დაკავშირებით შეკითხვა მთავარ პროკურორს გადაუგზავნა და ასეთი პასუხი მივიღეთ: ,,ექსპერტ ლევან ჩაჩუას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. საქმე სასამართლოში განსახილველად ჯერ არ წარმართულა, რადგან გამოძიება გრძელდება. არც ჩვენ მიგვიმართავს სასამართლოსთვის რაიმე ახალი შუამდგომლობით. შესაბამისად, სასამართლო პროცესის თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და მათი დასრულებისთანავე, პროკურატურა სასამართლოს მიმართავს’‘. მოკლედ, კობა ხარშილაძის თაობაზე, ადვოკატისა არ იყოს, საუბარი არც პროკურატურას სურს. დეტალების გახმაურებისგან თავს მოკლული პრემიერის ძმა, ,,ოცნების’‘ დეპუტატი გოგლა ჟვანიაც იკავებს. ,,მიმდინარეობს გამოძიება და უფრო დეტალურად პროკურატურას უნდა მიმართოთ. ყველა შეკითხვა, რასაც მისვამთ, გამოძიების კომპეტენციაა, მას მიმართეთ და, თუ საჭიროდ ჩათვლის, გიპასუხებთ. მე კმაყოფილი ვარ და ველი, ეს საქმე მალე გაიხსნება’‘, _ განუცხადა ,,ვერსიას’‘ გოგლა ჟვანიამ, რომლსაც არ აუხსნია, რატომ აქვს მოლოდინი. სხვათა შორის, ,,ვერსიისთვის’‘ ცნობილი გახდა, რომ დაკავების ზემოხსენებული სერიის შემდეგ, გოგლა ჟვანია აღარ დაუკითხავთ.

,,ვერსია’‘ ექსპერტ ლევან ჩაჩუას ადვოკატ ზურაბ ტაბიძესაც დაუკავშირდა: ,,უკვე 4 თვეა, ლევან ჩაჩუა წინასწარ პატიმრობაშია. წინასასამართლო სხდომაზე, იურიდიულ სფეროში არსებულ ყველა შუამდგომლობას დავაყენებ. სხვა საკითხია, რას იზამს სასამართლო. ლევან ჩაჩუა უსამართლოდ და უსაფუძვლოდ რომაა დაკავებული, ფაქტია. მისი უფლებები დარღვეულია ევროკავშირისა და ევროსასამართლოს არაერთი მუხლის მიხედვით. ისიც ფაქტია, რომ ხელი მოვაწერეთ და საქმის მასალების გასაჯაროების უფლება არ გვაქვს. საქმეს დასაჭერად ვერ გავიხდი. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ლევან ჩაჩუა თავს დამნაშავედ არ სცნობს და დუმილის უფლებას იყენებს. ჩათვალეთ, მეც მუნჯი ვარ, რადგან ერთი ფაქტისა და გარემოების გასაჯაროება არ შემიძლია. ამის უფლება რომ მქონდეს, მის უდანაშაულობას მსოფლიოს ვამცნობდი’‘. საექსპერტო წრებიდან და თავად საგამოძიებო ორგანოს კულუარებიდან ,,ვერსიისთვის’‘ ცნობილი ხდება, რომ ჟვანიას საქმეში პროკურატურას ხელჩასაჭიდი არაფერი აქვს, მათ შორის, არც ის მტკიცებულებები, რომელიც ლევან ჩაჩუას წინააღმდეგ გამოადგება. როგორც ვერსიამ გაარკვია, 20 აგვისტოს, 12 საათზე ჩანიშნული წინასასამართლო სხდომის შემდეგ, მოსამართლე შორენა გუნცაძე ვალდებულია, სასამართლოს სხდომა 15 დღის ვადაში დანიშნოს, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, პროკურატურა კიდევ ერთ შუამდგომლობას დააყენებს და საქმის არსებით განხილვას ისევ რამდენიმე თვით გადადებს. კანონით, პროკურატურას სხდომის გაწელვა 9 თვის განმავლობაში შეუძლია. 9-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ კი, ბრალის ვერდამტცკიების შემთხვევაში, ლევან ჩაჩუა ავტომატურად უნდა გათავისუფლდეს. მოსამართლე ჩაჩუას თავიდანვე უკანონოდ მოექცა და პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა, წინასწარი პატიმრობის 2-თვიანი ვადით გაგრძელების შესახებ. თუმცა ბოლოს, ყურადღება ადვოკატის საჩივარსაც მიაქცია და ჩაჩუას, ორის ნაცვლად, ერთი თვე შეუფარდა. სანდო წყაროს ცნობით, პროკურატურას, ამ ხნის განმავლობაში, ახალი და ხელშასაჭიდი მტკიცებულებები არ აქვს და დიდი ალბათობით, 20 აგვისტოს ახალ შუამდგომლობას ჩაჩუასთვის წინასწარი პატიმრობის გაგრძელების მოთხოვნითაც დააყენებს. პროკურატურის ხელთარსებული 9-თვიანი ვადა ოქტომბერში იწურება. სამწუხაროა, რომ ლევან ჩაჩუას პროსტატის კიბო აქვს, გულზე ოპერაციაც აქვს გადატანილი და მეტასტაზები მთელ ორგანიზმშია მოდებული. როგორც წესი, ასეთ დროს, ყველა ქვეყნის ყველა მოსამართლე დაცვის მხარის შუამდგომლობას აკმაყოფილებს და მძიმე ავადმყოფებს რამდენიმეთვიან წინასწარ პატიმრობას არ უსჯის.