სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე ახალი რეგულაციები წესდება - დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, გამოძახება კატეგორიებად დაიყოფა და ზარის ავტორს მომსახურებაც შესაბამისად გაეწევა. წლის ბოლომდე განახლდება საავტომობილო პარკი, ახალი რეგულაციები კი, სექტემბრის ბოლოს ამოქმედდება. ამ ნოვაციაზე “ქართული სიტყვა” სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორ თემურ ხარაშვილს ესაუბრა:
- აუცილებელია, რომ სასწრაფო დახმარების სპეციფიკა დარეგულირდეს. დღე-ღამის განმავლობაში 2000 ზარი შემოდის და აქედან 70%-ზე მეტი არამიზნობრივი გამოძახებაა. სასწრაფო-სამედიცინო გადაუდებელი დახმარება იმას ნიშნავს, რომ როცა ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია, ექიმთა ბრიგადას იძახებ. უბრალოდ, სიცხის გასაზომად, წნევის გაკონტროლებისთვის, ან ყურში წამლის ჩაწვეთებისთვის სასწრაფოს გამოძახება ჩვეულებრივი მოვლენა გახდა და ამით საფრთხე სხვა, უფრო მძიმე პაციენტს ექმნება. ერთმა ადამიანმა სასწრაფო იმის გამო გამოიძახა, რომ სიცხემ შეაწუხა, ზოგს შინ წნევის აპარატი არ აქვს, მეზობელთან გასვლა ეზარება და სასწრაფოს იძახებს, უფასოა და როცა ექიმი ემსახურება, სიამოვნებს.
- ესე იგი, ბატონო თემურ, არამიზნობრივი ზარები მუშაობაში ხელს გიშლით, არა?
- ჩვენთან უამრავი ისეთი ზარი შემოდის, რომლის გამოც სასწრაფო დახმარების ბრიგადა თავს სხვა ქვეყნებში არ შეიწუხებს. ჩვენი მოსახლეობა ვერ მიეჩვია, რომ პაციენტმა, კეთილი უნდა ინებოს და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებას მიმართოს, მით უმეტეს ახლა, როცა საყოველთაო დაზღვევა არსებობს. არის შემთხვევები, როცა ექიმებს ცუდად ექცევიან. მაგალითად, ორი კვირის წინ, უსიამოვნო ფაქტი მოხდა - პაციენტი სასწრაფოს ექიმებს დაჟინებით ფსიქოტროპულ დამამშვიდებელ პრეპარატს სთხოვდა. როცა ექიმებმა სხვა წამალი მისცეს, ეწყინა, ეს რას მიშველისო და გამწარებულმა წამლების ყუთი დაამტვრია. ზოგი სასწრაფოს იმ იმედით იძახებს, რომ ჰგონია, ძლიერმოქმედ ფსიქოტროპულ საშუალებას მისცემენ, მაგრამ იმას ვერ ხვდება, რომ ასეთი წამალი სასწრაფო დახმარების ექიმის ჩანთაში არაა... ზოგი იმ წამალს ითხოვს, რომელიც მკურნალმა ექიმმა გამოუწერა და ჰგონია, რომ ყველა წამალს სასწრაფო უფასოდ არიგებს, ანუ არ უნდა, რომ აფთიაქში ფული დახარჯოს.
- პირველი სექტემბრიდან ექიმთა ჯგუფი წნევის, ან სიცხის გასაზომად გამოძახებაზე აღარ გავა?
- სასწრაფოს გამოძახება ისევ ნებისმიერს შეეძლება, უბრალოდ, ნორმატიული აქტები ანუ ის დარეგულირდება, პირველ რიგში, ჯგუფი რომელ პაციენტთან უნდა გავიდეს. ძირითადად, პრობლემას გამოძახების რაოდენობა გვიქმნის. არსებობს საერთაშორისო სტანდარტები, რამდენ მოსახლეზე რამდენი მანქანა უნდა გადანაწილდეს. ე.წ. ოქროს სტანდარტად 20 000 მოსახლეზე 1 სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა მიიჩნევა. თბილისის სასწრაფო სამედიცინო მომსახურება საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. თუკი ისეთი სახის გამოძახებებზე ვივლით, რომელზეც 80%-ში დავდივართ, რაც უნდა ვზარდოთ სასწრაფო დახმარების ექიმებისა და მანქანების რიცხვი, სასურველ შედეგს მაინც ვერ მივიღებთ.
- საზღვარგარეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადები როგორ მუშაობენ?
- მაგალითად, 16 მილიონიან ჰოლანდიაში ერთი სამედიცინო ბრიგადა 1 000 მოსახლეს ემსახურება, თბილისში კი, - 16 250-ს. ევროპული სტანდარტები, რა თქმა უნდა, მისაღებია. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, თურქეთში 33 000 მოსახლეზე ერთი ბრიგადა მოდის, ბულგარეთში - 20 000-ზე, დიდ ბრიტანეთში - 30 000-ზე, ლიტვაში - 16 000 და ა.შ. ჩვენ გასვლა გაცილებით მეტ გამოძახებაზე გვიწევს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მადლობელი არავინ გვყავს. თუ ამ სერვისს რაციონალურად არ გამოვიყენებთ, მოსახლეობას 80 კი არა, 380 ბრიგადაც არ ეყოფა.
- სასწრაფო სამედიცინო ბრიგადა ზოგჯერ გამოძახებაზე აგვიანებს...
- პირველი ხარისხის, ანუ მაღალი პრიორიტეტების გამოძახებაზე სამედიცინო ბრიგადა, წესით, 8 წუთში უნდა მივიდეს. საშუალო პრიორიტეტის ზარის დროს, ბრიგადა 15-20 წუთამდე მონაკვეთში მიდის, დაბალი პრიორიტეტის ზარებზე კი, - ნახევარ საათში. როცა დაგვიანებაზე ვსაუბრობთ, უნდა გავითვალისწინოთ საცობების პრობლემაც. ხელს ისიც გვიშლის, რომ მძღოლები გზას არ გვითმობენ. ეს პრობლემა განსაკუთრებით პიკის საათებში მწვავდება. წესით, როცა ხმოვანი სიგნალი ისმის, სასწრაფოს გზა ყველამ უნდა დაუთმოს, მაგრამ ბევრი ასე არ იქცევა. ეს კი არა, საჩივარიც კი შემოვიდა, სასწრაფო დახმარების სიგნალი სულ ჩართული რატომ არისო. პაციენტის უფლებებზე ვართ გადართულნი და ამ დროს ყველას ავიწყდება, რომ ექიმის უფლებები ირღვევა.
- სასწრაფოს გამოძახების მხრივ რეგიონებში როგორი მდგომარეობაა?
- რეგიონებში, თბილისთან შედარებით, გაცილებით ცუდი მდგომარეობაა, რაც ნაწილობრივ იმის ბრალია, რომ ცუდი მემკვიდრეობა გვერგო. ჩვენმა სამსახურმა მუშაობა 1 იანვრიდან დაიწყო. 2005 წლის მერე, რეგიონებში სასწრაფო დახმარების ავტოპარკი არ განახლებულა. აქამდე სოფლებში ამბულატორია და სოფლის ექიმი არ არსებობდა. კარგია, რო ჯანდაცვის სამინისტრო ამაზე უკვე ინტენსიურად მუშაობს, გაიზარდა სოფლის ექიმის ხელფასი და ყველაფერი კეთდება, რომ სოფლებში ექიმები დაბრუნდნენ. ეს თუ ასე მოხდა, სასწრაფო გამოძახებები მნიშვნელოვნად შემცირდება და, პრაქტიკულად, აღარც დაგვიანებები იქნება.
- სასწრაფო სამსახურში კიდევ რა ცვლილებები იგეგმება?
- აქამდე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეფექტურ მუშაობას ხელს ორი მიზეზი უშლიდა: პირველი საავტომობილო პარკის პრობლემა იყო, რომელიც უკვე გვარდება - კონტრაქტი გაფორმებულია და წლის ბოლომდე ავტოპარკი მთელი საქართველოს მასშტაბით განახლდება.
დღეს, მთელ საქართველოს, 217 ბრიგადა ემსახურება, რომელიც სრულიად განახლდება, აღიჭურვება თანამედროვე აპარატურით, რაიონებში, ასევე, განახლდება ინფრასტრუქტურა, დაიწყება მძღოლების კვალიფიკაციის ამაღლება.
მეორე პრობლემა პრეჰოსპიტალურ ეტაპზე გადაწყვეტილების მიღების პრინციპები და მეთოდებია. ამიერიდან აქცენტი ადმინისტრაციული პაციენტის რეალურ მდგომარეობაზე გაკეთდება - 112-ის ოპერატორები გაარკვევენ, რამდენად მიზნობრივი იქნება გამოძახება. ამისთვის გადაუდებელი ცენტრის თანამშრომლები სპეციალურად გადამზადდებიან. აბონენტთა ფილტრაცია ახლაც ხდება, თუმცა პროცესი დასახვეწია. ასე რომ, მთელი რიგი პრობლემები წლის ბოლომდე მოგვარდება. შემოსული ზარები მაღალ, საშუალო და დაბალ რისკჯგუფად დახარისხდება. მიუხედავად ამისა, სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას ყველა მიიღებს. თუ ავადმყოფის მდგომარეობა შედარებით დაბალი რისკის ჯგუფს განეკუთვნება და ამ დროს შემოვიდა ინფორმაცია მძიმე მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფზე, მაშინ სასწრაფოს ბრიგადა გადამისამართდება და მძიმე ავადმყოფთან მივა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს, თბილისის მასშტაბით, 13 ფილიალი აქვს, რომელიც ტერიტორიული პრინციპითაა გადანაწილებული. 80 სამედიცინო ბრიგადა კი, მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში ემსახურება.