NATO საქართველოში - სახიფათო იმედგაცრუება

NATO საქართველოში - სახიფათო იმედგაცრუება

„ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი ნატო-ს მომდევნო სამიტის თემა არ იქნება“, - თქვა გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმა 2 ივნისს ბერლინში ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. საქართველოს ახალი პრემიერისთვის ეს პირველი დიდი საჯარო მარცხია საერთაშორისო არენაზე.

MAP-ი ქართულ პოლიტიკაში უკვე კარიკატურაა. NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმა, რომელიც ალიანსმა ჯერ თავად შემოგვთავაზა, შემდეგ კი, მასზე უკეთესის მოცემის პირობით, თვალსა და ხელს შუა აგვაცალა, ბოლო წლებია საქართველოს შიდაპოლიტიკაში სპეკულაციის საგნად იქცა. მისით ქულების ჩაწერას ყველა ცდილობს - NATO-ში ინტეგრაციის მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც. დოკუმენტი, რომელზეც ქართულ საზოგადოებას საკმაოდ ზოგადი წარმოდგენა აქვს, ქვეყნის დასავლური კურსის დადასტურების რუბიკონად და რუსულ-დასავლური ორიენტაციის დებატებში საჯილდაო ქვად ვაქციეთ.

ამაში რაღაც დოზით თავად ალიანსმაც ითამაშა. ჩრდილო-ატლანტიკური სამხედრო ბლოკი საქართველოსთან მიმართებაში მკვეთრად გამოხატული ორმაგი სტანდარტით თამაშობს: გაფართოების საკითხში სკეპტიკურად განწყობილი წევრი ქვეყნებისთვის სხვა გზავნილები აქვს, ალიანსის კართან მომლოდინე ქვეყნის შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილ ოპტიმისტურ ფრაზებს კი ჯეიმს აპატურაის ახმოვანებინებს. საშუალო რგოლის ეს ჩინოვნიკი, რომელიც ქართული მედიისთვის უკვე რუტინულ რესპონდენტად იქცა, საშუალო სტატისტიკური ქართველისთვის NATO-ს განსხეულებად აღიქმება.

ის, რომ უელსის სამიტზე  საქართველოსთვის MAP-ის მიცემის საკითხი პირველად გერმანიის კანცლერმა განმარტა, მასპინძელ ქვეყანაში ყველას არ მოსწონებია. „ლიბერალმა” იცის ამ საკითხზე საქართველოსთან დაკავშირებული ბრიტანელი დიპლომატის მოსაზრება. ის ამბობს, რომ, თუ MAP-ის მიცემის თემა სამიტამდე უნდა გამხდარიყო მსჯელობის საგანი, უპრიანი იქნებოდა, თუ ამას მასპინძელი ქვეყანა იზამდა. ამავე დიპლომატისგან „ლიბერალმა" MAP-ის ჩამნაცვლებელი შემოთავაზებათა პაკეტის შესახებ ბრიუსელის მინისტერიალამდე შეიტყო.

ასეა თუ ისე, დღეს უკვე ყველამ ვიცით, რომ უელსში სექტემბერში MAP-ს არავინ შემოგვთავაზებს. რაც არ უნდა ერთხმად ამტკიცონ ქართველმა და დასავლელმა პოლიტიკოსებმა რომ MAP-ზე უკეთესზე უკეთესი პაკეტი შეიმუშავეს, ფაქტი ფაქტად რჩება - 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემის დაპირება დე ფაქტო შეუსრულებელია. სულ უფრო მეტი დასავლელი ექსპერტი ამტკიცებს, რომ საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაერთიანება რეალური აღარ არის.

საკითხში უკეთ გასარკვევად შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მოსაზრებები გავიხსენოთ. გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებლის, ZDF-სათვის მიცემულ ინტერვიუში კლინტონი ამერიკის პრეზიდენტობისთვის ბრძოლას არ გამორიცხავს და ევროპას აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ვიცით, რომ უდიდესი საფრთხე (რუსეთიდან) უშუალოდ ჩვენკენ არ არის მომართული. ცხადია, ჩვენ ინტერესითა და შეშფოთებით ვაკვირდებით, რა ხდება ევროპის გულში. გაზპრომი რომ პოლონეთს გაზს გადაუკეტავს, ბულგარეთს დააშინებენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ზრუნვის საგანია. მაგრამ ევროპამ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს - რა იქნება შემდეგ? რა მოჰყვა საქართველოს 2 რეგიონის ანექსიას?

თავდაჯერებულად გრძნობ თავს, როცა საქართველოს 2 ნაწილი მიითვისე, თანაც ძალიან მნიშვნელოვან ადგილზე, შავი ზღვის სანაპიროზე, სოჭის სამხრეთით, სადაც ოლიმპიური თამაშების ჩატარებას აპირებ. მან (პუტინმა) ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ ევროპა რუსულ გაზზე დამოკიდებული გაეხადა. ევროპელებმა კი ამის ნება დართეს და ზედმეტად შორს შევიდნენ ამ დამოკიდებულებაში. ალტერნატიული წყაროები არ უძებნიათ, არ უზრუნიათ ახალი მილსადენებისთვის“, - უთხრა ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ZDF-ის სთარ-მედერატორ კლაუს კლებერს.

ამავე ინტერვიუში საინტერესოდაა აღწერილი კლინტონის  მიერ დანახული პუტინის ფენომენიც:

„ვფიქრობ, მას დიდი რუსეთის აღდგენა უნდა და ამას, ძირითადად, მეზობელი ქვეყნების დაშინებაში მოიაზრებს. დიდი რუსეთის აღსაწერად ბევრი შესაძლებლობა არსებობს. მან ეს აირჩია. პუტინს ცენტრალურ აზიაში დომინანტობა უნდა. მას უნდა, რაც შეიძლება ბევრი ქვეყანა დაიბრუნოს თავის ევრაზიულ კავშირში და ევროპაში გავლენის სფეროები დაიბრუნოს. უნდა თავად გადაწყვიტოს, უკრაინა ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერს ხელს თუ არა - არა უკრაინის ხალხმა, არამედ თვითონ. ასეთი ძველმოდური მართვის პირობებში, რუსული დომინანტობის დიდი ისტორია 21-ე საუკუნეში უნდა გადმოიტანოს. ამას დამაჯერებლად და თანმიმდევრულად უნდა აღვუდგეთ წინ. ეს პირველ რიგში ევროპამ უნდა გააკეთოს. ...  (ელცინის მმართველობაში) ევროპის ქვეყნებმა იფიქრეს, რომ რუსეთშიც ახალი ერი გაჩნდა, რომელსაც თანამედროვეობისთვის ფეხის აწყობა შეეძლო. თავად პუტინმა კი, როგორც ელცინის მემკვიდრემ, წლების განმავლობაში ცხადად დაგვანახა, რომ მას სხვა ხედვა ჰქონდა. ვფიქრობ, ევროპელებს ეს უფრო ადრე უნდა ეგრძნოთ. არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა დაუშვას, რომ საკუთარი ეკონომიკა და ენერგია სხვაზე დამოკიდებული გახადოს“.

როგორც ჩანს, ეს ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტის დამოკიდებულებაა. ჰილარი კლინტონს არ დაუმალავს, რომ ამერიკელები ნაწყენები არიან ევროპის ქვეყნების მორალისტური განცხადებებით, როცა შეერთებული შტატები რომელიმე უცხოურ ქვეყანაში სამხედრო ოპერაციას აწარმოებდნენ. თეთრხელთათმანიანი ევროპელები ამერიკის მიერ ნაკისრი „მსოფლიო პოლიციელის“ როლით კარგად ხეირობდნენ, მაგრამ სამხედრო მეთოდებს, ხშირად, მკაცრად აკრიტიკებდნენ.

მოკლედ, ამერიკა ევროპას გააქტიურებას ურჩევს და აგრძნობინებს, რომ აღარ აპირებს მათ მაგივრად შეასრულონ ბინძური სამუშაო. ამ ტენდენციას თუ დავაკვირდებით, აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამერიკა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების ისეთივე ანთებული მომხრე აღარ არის, როგორც ეს 2008 წელს იყო. ეს პრეზიდენტმა ობამამ მარტის ბოლოს ღიადაც განაცხადა.

საქართველოს NATO-ში სრულფასოვანი ინტეგრაციის შემაფერხებელი მთავარი ფაქტორი ძველებურად რუსეთია. 2008 წლის თბილისში ომის შემდეგ 2 სეპარატისტული რეგიონის სრულად საკუთარი კონტროლის ქვეშ მოქცევით რუსეთმა საქართველოს NATO-ში გაწევრიანების საკითხზე არაფორმალური ვეტოს უფლება მოიპოვა. ქვეყანას, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა აქვს, ალიანსში არავინ მიიღებს. ამავე სქემით ვეტოს უფლების მოპოვებას რუსეთი ახლა უკრაინაშიც ცდილობს. 

ეს რთული ვითარება საქართველოს კიდევ ერთ სერიოზულ გამოწვევას უქმნის. NATO-ში ინტეგრაციის შეფერხება და რუსულ აგრესიაზე დასავლეთის არადამაჯერებელი, ლამის ცვედანი პასუხი ქვეყანაში ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებს. ჩვენ პირდაპირ ეთერში ვადევნებთ თვალს, როგორ სამაგალითოდ სჯის რუსეთი უკრაინას მსხვილმასშტაბიანი ომით, როგორ იხოცებიან ადამიანები და როგორ არაფერს აკეთებს ამის წინააღმდეგ დასავლეთი - აშშ, ევროკავშირი და NATO. ევროკავშირმა პროდასავლური ქართველი პოლიტიკოსებისათვის სულ მცირე რამაც არ გააკეთა. NATO-თი იმედგაცრუებულ ქართველებს ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლა რომ მიეღო მოლდოველებისავით, პოლიტიკოსებს ამომრჩეველთან სასაუბროდ დამაჯერებელ რიტორიკას შესძენდა.

ჯერჯერობით კი პროდასავლელი პოლიტიკოსები უსუსურ მდგომარეობაში არიან - მათ უნდათ დაგვარწმუნონ, რომ უელსის სამიტზე მისაღები უხერხემლო პაკეტი MAP-ზე უკეთესზე უკეთესია.