ვინ მიიტაცა მადნეული?! ბეჟუაშვილები შაორის წყალსაცავის მიტაცებასაც აპირებენ

ვინ მიიტაცა მადნეული?! ბეჟუაშვილები შაორის წყალსაცავის მიტაცებასაც აპირებენ

“თავისუფალი საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრის, გია ყრუაშვილის მტკიცებით, საქართველოს წიაღისეული სიმდიდრე მონოპოლიზირებულია ხელისუფლებასთან დაახლოებული ერთეული ე.წ. ბიზნესმენების და მმართველი გუნდის ოჯახის წევრების მიერ და აქედან ამონაღები თანხები კი ილექება ქვეყნის გარეთ, ოფშორულ ზონებში, მათივე ანგარიშებზე. ქვეყნის ბიუჯეტი კი ივსება საპროცესო გარიგებების, ჯარიმებისა და სხვადასხვა ბიზნესის დაყაჩაღების გზით. წვრილი და საშუალო

ბიზნესი კი კვდება, რაც მიზანმიმართულად კეთდება. ბატონი გია “ახალ თაობას" ამ საკითხზე ესაუბრა.

 

გია ყრუაშვილი:

- ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ტყიბულის ნახშირი მორგებულია ბეჟაშვილების ოჯახზე. ქვანახშირი მთლიანად გადის ქვეყნის გარეთ და მისი ღირებულებაც იქვე, ქვეყნის გარეთ ილექება, საქართველოში კი თეთრიც არ შემოდის. ამ საწარმოში არანაირი ინვესტიცია არ ჩადებულა და არსებული სიმძლავრეების და მინუსი შრომის ხარჯზე მილიონები ბეჟუაშვილების ჯიბეში მიემართება. იქ ჯერ კიდევ კომუნისტების დროინდელი შახტები აამუშავეს. ინფრასტრუქტურის მოწყობა კი იგნორირებულია. რიგითი მუშის ხელფასი 200-300 ლარია, დირექტორის კი 3 ათასი. ბატონ ბეჟუაშვილს, გადაწყვეტილი აქვს შაორის წყალსაცავის თავის თავზე მორგებაც, ელექტროსადგურების მშენებლობა და უცხოეთში ელექტროენერგიით ფულის კეთება.

 

რა გაძლევთ ასე ფიქრის საფუძველს, ამას რაზე დაყრდნობით აცხადებთ?

- მე მაქვს ასეთი ინფორმაცია და დამერწმუნეთ, შაორის წყალსაცავს ბატონი

ბეჟუაშვილი, თუ უკვე არა, ძალიან მალე, უახლოეს მომავალში თავის თავზე მოირგებს. ანუ აღნიშნული ბიზნესიც, ელექტროსადგურის მოწყობა, გაყიდვა და აქედან შემოსული თანხები მათი კუთვნილება გახდება. შაორის წყალსაცავი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებშია მოწყობილი. ის შრომა, რაც ელექტროენერგიის გამომუშავებას სჭირდება - 60% დღეისთვის უკვე მზად არის. ყველაფერი ამ ადამიანების ხელშია, მე კი, ჩვეულებრივმა მოკვდავმა, რომ მოვინდომო პატარა საქმის წამოწყებაც კი, შაორს და სხვა დიდ ბიზნესებს აღარ ვგულისხმობ, თუ არ იქნება ხელისუფალის ნება და თუ არ ვიქნები მმართველ გუნდთან დაახლოებული პირი, ვერ დავიწყებ. ერთი სიტყვით, საქართველოს წიაღისეული სიმდიდრე მთლიანად მონოპოლიზირებულია ხელისუფლებასთან დაახლოებული ერთეული ე.წ. ბიზნესმენებისა და ხელისუფლების ოჯახის წევრების მიერ. ანალოგიური მდგომარეობაა მადნეულის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატშიც.

 

რას გულისხმობთ?

- რას და, ეს გიგანტური საბადო პრეზიდენტის დედის ძმას და ვინმე გენერალოვს აქვს მიტაცებული.

 

თქვენ საიდან ფლობთ ამ ინფორმაციას?

- იმ ადამიანების სახელს და გვარებს, რომლებმაც მე ამის შესახებ მიამბეს, მათივე უსაფრთხოებისთვის, ვერ დაგისახელებთ. დამერწმუნეთ, მადნეულის კომბინატი პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას ძმის ხელშია. მოგეხსენებათ, იქ არსებული წიაღისეულით ოქრო, სპილენძი და სასუქი (შაბიამანი) მზადდება. ეს ყველაფერი სად და რა რაოდენობით მიდის, კაცმა არ იცის და, რა თქმა უნდა, გამკითხავიც არავინაა. ჩემი ინფორმაციით კი, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის დედისა და მისი ძმის საკუთრებაა და აქედან შემოსული თანხებით მათი ჯიბეები ივსება. საქართველოში კი აქედანაც არაფერი რჩება.

 

ამ საწარმოს შემოსავლებით კომუნისტების პერიოდში აშენდა კაჭრეთში მრავალსართულიანი სახლებით დაბა, თავისი ინფრასტრუქტურით. აშენდა

მადნის გადამამუშავებელი ქარხანა, მოეწყო გზები მთებში საბადოებამდე, გადახსნილი იქნა კარიერის ფუჭი ქანები და მოეწყო მძლავრი საბადოს მომპოვებელი კარიერი. ასეთი ტიპის კარიერი მსოფლიოში იშვიათია. ანუ არ სჭირდება შახტებიდან მადანს ამოღება, იგი ზედაპირზეა. საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ ქანების გადახსნა. აი, ამ ყველაფერს მოაჯდა “კლანი" და ამ ყველაფრით, ბიუჯეტის შევსების ნაცვლად, უზარმაზარი თანხები ილექება ამ პიროვნებების ჯიბეებში.

 

მეტსაც გეტყვით - ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანაც ხელისუფლებასთან დაახლოებულ პიროვნებაზეა მორგებული. ვინმე, კოკაიაზე. ამ პიროვნებას სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დასაჭერად დასდევდა, თუმცა მისი ბევრი მეგობარი სააკაშვილთან დაახლოებული პირი იყო და ამ ფაქტორის გათვალისწინებით და დიდი ფულის გადახდის გამო იგი დაჭერას გადაურჩა. მეტიც - დასაჭერად გამზადებულ კაცს ქარხანაც კი ჩააბარეს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ

ნედლეულს ეს ქარხანა ყიდულობს ცეცხლის ფასად უკრაინაში, მაშინ, როდესაც ჭიათურის მარგანეცის მოპოვება თითქმის გაჩერებულია.

 

რატომ ხდება ასე?

- ნედლეულის შესყიდვით თეთრდება ფული და აი - ამიტომ. ზესტაფონის ქარხნის ეს უნიკალური პროდუქცია (მანგანუმი), რომელიც აუცილებელია მეტალურგიული მრეწველობისთვის, ქვეყნის გარეთ გაედინება, თანხებს კი ერთეულები მოიხმარენ.

 

ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლების ფორმირება 80%-ით ზესტაფონის ფეროს, რუსთავის მეტალურგიული, რუსთავის აზოტის და მადნეულის ქარხნების შემოსავლებით ხდებოდა, დღეს კი მათი წვლილი მიზერულია. მეტსაც გეტყვით - მსოფლიოში ცნობილი მინერალური წყალი, “ბორჯომი", არის ერთი ჯგუფის - შევარდნაძის მძახლის, ვინმე ახვლედიანის და “თიბისი ბანკის" დამფუძნებელ ხაზარაძის ხელში. ისინი იპყრობენ უცხოეთის ბაზრებს და ფულსაც იქ ინახავენ. ასევე რუსთავის აზოტი, რომლის ძირითადი პროდუქცია არის ამონიუმის გვარჯილა, მონოპოლიზირებული აქვს ხელისუფლებასთან დაახლოებულ ერთ ჯგუფს და ყველასთვის კარგად ნაცნობ ჯოზეფ ქეის. ამ პროდუქციის ძირითადი ნედლეული ჰაერია. ჰაერი იწნეხება და ქიმიური მინარევებით მიიღება მზა პროდუქცია. თვითღირებულებასთან შედარებით ფასი ათჯერ მაინცაა გაზრდილი. ქართველ გლეხს ამის ყიდვის საშუალება კი არ ეძლევა. ეს ე.წ. საერთაშორისო ფასებით ქვეყნის გარეთ იყიდება, თანხები კი, რა თქმა უნდა, “ძლიერი ამა ქვეყნისანის", ანუ ხელისუფლების ჯიბეებში ილექება.

 

ეს ადამიანები ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან მხოლოდ იმის ფიქრში არიან, თუ როგორ და რით გაისქელონ ჯიბეები. აი, მხოლოდ და მხოლოდ ეს არის ჩვენი “ვარდყვავილოვანი" ხელისუფალის ამოცანა და საუბედუროდ, ამას მშვენივრად ართმევენ კიდეც თავს.