,,ობშიაკისთვის’‘ თავგანწირული მაყურებლის ისტორია
საყოველთაო აზრით, ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას, ნებისმიერი საქმის გაკეთება შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდა გამონაკლისებიც მაშინ, როცა კრიმინალი ბობოლა მაღალჩინოსნებს ან პოლიციელების სიცოცხლეს ეხებოდა...
1998 წელს, ერთ-ერთი ოპერაციის დროს, ორი პოლიციელი დაიღუპა. რამდენიმე დღეში სამართალდამცავებმა სამეგრელოში მთავარი ეჭვმიტანილი, დათა ს. დააკავეს. იმის მიუხედავად, რომ დათას მშობლები უზარმაზარ თანხას იხდიდნენ, მხოლოდ იმას გამორჩნენ, რომ შვილი ცოცხალი დატოვეს და პოლიციელებმა ცემაში არ მოკლეს, თუმცა 14 წელი მიუსაჯეს. რუსთავის ზონაზე მისვლიდან რამდენიმე თვეში დათა ზონის მაყურებელი გახდა და საცხოვრებლად ,,კანონიერი ქურდების’‘ კამერაში გადავიდა.
2003 წელს მომხდარი ვარდების რევოლუციის შემდეგ, დათას მშობლებმა შვილის ვადაზე ადრე გათავისუფლება კიდევ ერთხელ სცადეს. ახალ ხელისუფლებას 800 ათასი დოლარი შესთავაზეს, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა _ გარდაცვლილი პოლიციელები უმძიმესი დანაშაული იყო და ფულს ხელი ვერცერთმა ძალოვანმა ვერ მოკიდა. დათა ზონაზე თავს ურიგოდ არ გრძნობდა, საერთოს აკონტროლებდა, გარეთ საქმოსნებს ფულს ციხიდან აწერდა და მალე რუსთავის ზონასთან მისი კუთვნილი მერსედესიც გაჩნდა. მართალია, თავად გარეთ ვერ გადიოდა, მაგრამ ზედამხედველებს ნაღდ ფულს უხდიდა და ხან სიგარეტზე აგზავნიდა თავის მანქანით, ხანაც დასალევზე. ახალმა ხელისუფლებამ კრიმინალურ სამყაროს ნელ-ნელა ,,მოუჭირა’‘ და ერთ დღესაც ზონებიდან ,,ქურდები’‘ გაქრნენ. მთელი სიმძიმე მაყურებლებს დააწვა კისერზე. მთავარი ის იყო, როგორმე ,,ობშიაკი’‘ გადაერჩინათ. ,,ობშიაკში’‘ კი იმ დროისთვის ნაღდი ფულით ასი ათას ლარზე მეტი იყო და ამ თანხაზე პასუხისმგებელი მთლიანად დათა გახლდათ. სხვადასხვა ზონიდან არასახარბიელო ამბები მოდიოდა. სამართალდამცავების ელიტური დანაყოფი ზონებში მოულოდნელად შედიოდა და მაყურებლების საკანს ,,შმონს’‘ უტარებდა. ასე წაიღეს ,,ობშიაკი’‘ ორთაჭალის ციხიდან, ქსნიდან, ბათუმიდან, ზუგდიდიდან... დათა გრძნობდა, რომ რუსთავსაც მალე მიაკითხავდნენ და ზონის ახალ უფროსთან პირდაპირი ვაჭრობა ჰქონდა გამართული.
_ აქედან პაკეტს გავიტანთ და დანიშნულების ადგილამდე როცა მივა, შენ ათი ათას დოლარს მოგიტანენ, _ ეუბნებოდა ზონის უფროსს, მაგრამ ის კატეგორიულ უარზე იყო.
ერთ საღამოს რუსთავის ზონის ჭიშკარიც გაიღო და დაწესებულებაში სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა. მათ წინ შინაგან საქმეთა მინისტრის იმჟამინდელი მოადგილე, ეკა ტყეშელაშვილი მოუძღვოდა. დათა ამოქმედდა _ საკუთარი საკნის წინ 50-მდე კაი ბიჭი დააყენა, თავად კი საკანში შეიკეტა და ფული ტანზე მიისკოჩა. ფულთან ერთად იყო რვეული, რომელშიც ,,ობშიაკში’‘ ფულის შემომტანთა სახელები და გვარები ეწერა. ფულთან ერთად გარეთ ეს რვეულიც უნდა მოხვედრილიყო. ზონაზე ,,შმონი’‘ დაიწყო, დათამ კი გარეთ ზარი განახორციელა, შემდეგ ტელეფონი გათიშა და საკნის სამალავში შეინახა...
დაახლოებით ერთ საათში, სპეცრაზმმა ეზოში ორი ტომარა მობილური ტელეფონი წამოაპირქვავა. ტყეშელაშვილი გამშრალ ზონის უფროსს ბოლო ხმაზე უყვიროდა: ,,ეგ არის, ზონაზე სრული წესრიგიაო? ერთი ხელის შევლებით ორი ტომარა ტელეფონი ვიპოვეთ და კიდევ ორი ამდენი დამალული ექნებათ’‘.
ზონის უფროსი დაპატარავდა და კუთხეში დადგა. სწორედ მაშინ მივიდა მასთან დათა და მშვიდად უთხრა _ ახლა ყველა პატიმარს გაჩხრეკენ, ყველა ზონაზე ასე იყო, მე თუ გამჩხრეკენ, ჩათვალე, შენი ოჯახის წევრებს ვერ ნახავ. ტყეშელაშვილი აქედან რომ გავა, მე უნდა დავრეკო. თუ არ დავრეკავ, ესე იგი ,,გამშმონეს’‘. რაც გინდა, მოიფიქრე. ,,ობშიაკის’‘ დაკარგვას სიკვდილი მირჩევნია, ამ სპეცრაზმსაც თავს შევაკლავ და შენ ეს იცი...
ზონის უფროსს ცივმა ოფლმა დაასხა. პატიმრების ჩხრეკა უკვე დაწყებული იყო და სპეცრაზმელები დაძაბულები იდგნენ, ტყეშელაშვილი კი ბოლო ხმაზე ყვიროდა, მაყურებელი მომიყვანეთ, პირადად უნდა გავჩხრიკოო. დათამ ერთ-ერთ პატიმარს თვალი ჩაუკრა და ისიც ტყეშელაშვილს ეახლა _ მაყურებელი მე ვარო.
_ ჩაიხადე! _ უბრძანა ტყეშელაშვილმა და პატიმარმაც მხიარულად ჩაიწია. მინისტრის მოადგილემ ამაყად მიმოიხედა, მერე კი ზონის უფროსს გახედა და მიახალა _ ხედავ, როგორ უნდა ამათთან მოქცევა?!
სპეცდანიშნულების რაზმმა ტერიტორია სამი საათის შემდეგ დატოვა. დათას გარდა ყველა პატიმარი გაჩხრიკეს და რამდენიმე ტომარა მობილური გააყოლეს ხელს. საღამოს კი თავად ზონის უფროსს მიჰქონდა ,,ობშიაკი’‘ დანიშნულების ადგილას და იქ მისულს ათი ათასი მშვიდად ჩაუთვალეს.
დათა პატიმრობიდან 2012 წელს გათავისუფლდა და თავი მოსკოვს შეაფარა. მას გარდაცვლილი პოლიციელების ოჯახის წევრები დღემდე ემუქრებიან.
პატიმარი #0578