კრემლმა თბილისში, ახალქალაქსა და ბათუმში ,,მწვანე კაცუნები’‘ გადმოსხა

კრემლმა თბილისში, ახალქალაქსა და ბათუმში ,,მწვანე კაცუნები’‘ გადმოსხა

,,ინფორმაცია ძალიან კონკრეტულია... მზად ვარ, ჩვენება მივცე საგამოძიებო ორგანოებს’‘     

,,საქართველო, კერძოდ, თბილისი, ახალქალაქი და ბათუმი გავსებულია რუსეთის მიერშ ემოგზავნილი .წ მწვანე კაცუნებით, რომელთა დავალება და მიზანი საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობა, შეიარაღებული დაპირისპირება და პროვოკაციებია სახელმწიფო მართლწესრიგის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მოშლის მიზნით. მაქვს კონკრეტული ინფორმაციები ძალიან სანდო წყაროებისგან. ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტმა კი არსებული მონაცემები გაამყარა და ეჭვები გააძლიერა. ინფორმაცია ძალიან კონკრეტულია, თუმცა ამჟამად მეტს ვერაფერს ვიტყვი. დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვარ, გავესაუბრო, ჩვენება მივცე საგამოძიებო ორგანოებს, შევხვდე და ინფორმაცია მივაწოდო დიპლომატიურ კორპუსს, უცხოური მისიების წარმომადგენლობებს,’‘ - ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების მეორე დღეს, ისტორიკოს ნიკოლოზ მაჭუტაძის ამ  ,,ფეისბუქ სტატუსმა’‘ მთელი ინტერნეტ სივრცე რამდენიმე წუთში აალაპარაკა. ისტორიკოსი ,,ვერსიასთან’‘ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამ დამაინტრიგებელი განცხადების დეტალებს ხსნის და რამდენიმე სხვა საინტერესო სქემასაც შიფრავს.
- ბატონო ნიკოლოზ, ,,მწვანე კაცუნები’‘ რას ნიშნავს ან ეს ინფორმაცია საიდან გაქვთ?                       
- ეს ანალიზის, მეზობელ ქვეყნებში განვითარებული მოვლენებისა და რუსეთის მოქმედებების შესწავლით მიღებული ინფორმაციაა. უფრო კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის, ჩვენს რეალობაშიც შეიძლება იყვნენ პოლიტიკური აქტორები, ვინც რუსეთის დავალებას ასრულებს და მის ინტერესებს ემსახურება... საქართველოში მშიშარა ხალხია და აქ კი არა, ხომ ხედავთ, ეს აგენტები თავისუფლად, რუსეთიდან გაგზავნილი ხალხის გარეშე, უკრაინაშიც ვერ მოქმედებენ და ე.წ. მწვანე კაცუნებსაც სწორედ ეს აგენტები წარმოადგენენ.      
              
- ჩვენი ,,მშიშრობა’‘ რაში გამოიხატება?                 
- თუნდაც იმაში, რომ, ვიდრე სამეგრელოში რუსი გენერლები არ შემოვიყვანეთ, სამოქალაქო ომი ვერ დავამთავრეთ. რაც შეეხება ამ ე.წ. მწვანე კაცუნებს, მათ ეტიმოლოგიაზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ეს ტერმინი უკრაინის მოვლენების დროს გახმაურდა. ყველამ იცის, რას ნიშნავს ,,მეხუთე კოლონა’‘, მაგრამ არსებობს დამატებითი ,,დესანტი’‘, რომელიც შესაძლებელია, სრულიად საიდუმლოდ შემოაპარო ქვეყანაში. 1921 წელს, შულავერის კომიტეტი ზუსტად ამ პრინციპით მუშაობდა და პირდაპირ სამხედრო ამბოხი დაიწყო; მერე კი, ,,წითელარმიელები’‘ იყვნენ. მოკლედ, სახელები იცვლებოდა, მოქმედების ტექნიკა კი - არა. რუსეთს მსგავსი სამსახურები ლაიტმოტივად გასდევს და ახლა ამ დესანტს ,,მწვანე კაცუნები’‘ დაარქვა.     
                
- რატომ ეჭვობთ, რომ ეს დესანტი საქართველოშიც იმ სქემით იმოქმედებს, როგორც უკრაინაში მოქმედებდა, ან თქვენს ხელთ არსებული ინფორმაცია საქართველოს ხელისუფლებას თუ მიაწოდეთ?                 
- იმედი მაქვს, ხელისუფლებამ ამის შესახებ ჩემზე უკეთ იცის, მაგრამ, თუ ვინმე დაინტერესდა დამატებით, ცხადია, გავესაუბრები. ასევე, თუ ამ საქმეს რამენაირი მსვლელობა მიეცა, მზად ვარ, შესაბამის სამსახურებს ჩემს ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია მივაწოდო. რაც შეეხება უშუალოდ იმას, რამაც ეჭვი გამიმძაფრა - ეს ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებაა. ამ ფაქტმა ქვეყანაში განუკითხაობის, დაუცველობის განცდა და სტრესული ფონი შექმნა.    
                
- ეს ფონი ჩვენთვის არახალია... ზოგი კიწმარიშვილის გარდაცვალებას ჟვანიასა და სანაიას მკვლელობებსაც ადარებს. Eროგორ ფიქრობთ, ეს სწორი პარალელია?                 
- თუ ეს მკვლელობაა, მაშინ კირიონ მეორისა და ზვიად გამსახურდიას მკვლელობას გავიხსენებ. ფაქტია, საქართველოს პრეზიდენტიცა და პატრიარქიც მოკლეს და ეს საქმე თვითმკვლელობად გაასაღეს. ასე რუსეთი მუშაობს, ეს მისი ძველი მეთოდია - მოკლა ადამიანი და გაასაღო თვითმკვლელობად. 
               
- სხვათა შორის, რუსული მედია იუწყება, რომ 2008 წლიდან, როცა აგვისტოს ომის დროს რუსეთში ჩვენი ელჩი იყო, კიწმარიშვილი სერიოზული ინფორმაციები ჰქონდა...               
- რუსეთის იმპერიისგან არაფერი გამიკვირდება - თავისუფლად შეიძლება, მოკლას ადამიანი და მერე ყველაფერი ამ ადამიანის ოპონენტებს დაბრალდეს. სხვა ვერსიებიცაა, თითქოს კიწმარიშვილი ბიზნესგარჩევებს შეეწირა. თუ მართლაც ასეა, მაშინ ჩვენი საქმე უარესად ყოფილა. თუ ამ სახელმწიფოში ასეთ რამეს კონკრეტული მაფიოზური დაჯგუფებები აკეთებენ და ეს გასდით, წარმომიდგენია, უცებ რუსეთმა მთელი საქართველოს ოკუპაცია რომ მოინდომოს, რა დაუცველები აღმოვჩნდებით. მიუხედავად იმისა, რომ კითხვა მრავლადაა, გამოძიების შედეგების დალოდება უნდა ვისწავლოთ. მეც არაერთი შეკითხვა მაქვს, ხელისუფლებამ, თუკი ეს მკვლელობა იყო, სათვალთვალო კამერაზე დარჩენილი თითის ანაბეჭდებით, კეთილი, ინებოს და მკვლელი იპოვოს. მაინტერესებს, რატომ იწვალა კაცმა იარაღის გაფორმებაზე, რატომ არ იყო სისხლის კვალი იარაღზე და ა.შ. ასეთ საკითხებში ვერ ვერკვევი, ისტორიკოსი ვარ და არა - კრიმინალისტი, უბრალოდ, იმ შეკითხვებს ვიზიარებ, რაც საზოგადოებაში მუსირებს. სამაგიეროდ, ანალიზისა და გარკვეული ინფორმაციის საფუძველზე, ვაცხადებ: არის სხვადასხვა ხმა, რომ რაღაც კონტინგენტი თუ დესანტი ქვეყანაში უკვე არსებობს, რუსეთის მიერ იმართება და იმ ატმოსფეროში, რაც კიწმარიშვილის გარდაცვალებამ შექმნა, შესაძლოა, სათავე ბევრ ცუდ პროცესს დაედოს და საკბილოც იოლად მოიძებნოს. 
                
- მაინც, ვერ გავიგე, რა დესანტზეა საუბარი ან მისი მოქმედება რას ემსახურება?                
- იმას, რაც უკრაინაში მოხდა - კონსტიტუციური წესრიგის მოშლას, სახელმწიფოს სუვერენიტეტის შეზღუდვასა და ტერიტორიული მთლიანობის რღვევას. არც ამერიკის ცერეუ-ში ვმუშაობ და საქართველოს უშიშროებასთანაც შეხება არ მაქვს. შესაბამისად, ვერ მეცოდინება, რუსეთი რას აპირებს. უბრალოდ, მივწერე საერთაშორისო ორგანიზაციებს, გადავაგზავნე ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია, დაინტერესდნენ და რამდენიმე შეკითხვაზე პასუხიც გავეცი. ეს უნდა იყოს შOშ სიგნალი არა მარტო ხელისუფლებისთვის, არამედ, მთელი საზოგადოებისთვის! თუ ჩვენი მოქალაქეები მსგავს საკითხებს ისევ ნიჰილისტურად მიუდგებიან, მაშინ შესაძლოა, პროცესები ცუდი მიმართულებით განვითარდეს.  
                     
- ,,მწვანე კაცუნები’‘ მხოლოდ ზღაპრის გმირებად რომ არ დარჩნენ, დააკონკრეტეთ, რა სქემით მოქმედებენ და პრევენციას რაში ხედავთ?                   
- ამ ხალხს რუსეთის იმპერია დესტაბილზაციისთვის გამოიყენებს. გავიხსენოთ მედვედევის ერთი კვირისწინანდელი განცხადება, თუ პარლამენტი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას მოახდენს, საქართველო დაისჯებაო! ისიც გავიხსენოთ, რომ ახალქალაქში რუსები ეთნიკურად სომხებს რუსულ პასპორტებს აძლევენ. ყველაფერი სწორედ ამ კონტექსტშია გასააზრებელი. არ ვიცი, ეს რამდენად გრძელვადიანი სქემაა, მაგრამ ფაქტია - ამ ძალებს მაქსიმალურად ნაკლები რესურსი უნდა დავუტოვოთ და მოქმედების არეალიც მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ.      
                 
- ამ ,,დესანტს’‘, თქვენი ანალიზით, დასაყრდენი ხელისუფლებაში, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში ხომ არ აქვს?                
- საბჭოთა კავშირისდროინდელი აგენტურის გამოყენების კუთხით, რუსეთს ძალიან სერიოზული გამოცდილება აქვს, თუმცა ეს მეთოდი უკვე ბანალურია, რადგან ამ ხალხს ისედაც ვცნობთ. ამიტომაც საქართველოში ლუსტრირების კანონის მიღება აუცილებელია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი უკვე თვითლუსტრირებულია. საქართველოში არაერთი პოლიტიკოსია, ვინც დასავლეთზე იდეოლოგიურ შტურმს ახორციელებს და ამბობს, დასავლეთიდან ყოველგვარი გარყვნილება მოდისო. რუსეთში მხოლოდ ერთმორწმუნეობას ხედავს, რუსეთის ეკლესიის აბსოლუტურ ხრწნადობას კი - ვერა!  
            
- ვინ არის ეს ხალხი, დაასახელეთ!       
- ის, ვინც საკმაოდ მაღალი პროცენტი მიიღო ბოლო არჩევნებზე და მსგავსი განცხადებებით გამოდის.   
                 
- ნინო ბურჯანაძეს გულისხმობთ?                
- თუნდაც, ასევე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ევრაზიის ინსტიტუტი იქნება, ერეკლე მეორის საზოგადოება თუ სხვა. ახლანდელ საპარლამენტო უმრავლესობაშიც არაერთი ღრმად პრორუსი ადამიანია, რომელიც თავისი წარსულით, კომუნისტურ პარტიასა და სხვადასხვა სტრუქტურას უკავშირდება. მახსოვს განცხადებები, როცა ალასანიას გაცოფებითა და გაშმაგებით უტევდნენ იმ განცხადების გამო, რომ თქვა, საქართველოში რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარები განვათავსოთო. ასეთ განცხადებებს, ხალხისა და პოლიტიკოსების რეაქციას უნდა ვუკვირდებოდეთ და დასკვნებიც გამოგვქონდეს. ეროსი კიწმარიშვილის საქმის გამოუძიებლობა და ყველა შეკითხვაზე პასუხის არგაცემა არეულობას მუდმივად შექმნის. თუ კიწმარიშვილის საქმე დროულად არ გამოიძიეს, ეს პრობლემა დამოკლეს მახვილივით მხოლოდ ამ ხელისუფლებას კი არა, მთელ სახელმწიფოებრიობასა და მართლწესრიგს დაეკიდება. სამოქალაქო სექტორმა ყველა ასეთი საქმის მონიტორინგი უნდა გააკეთოს და პასუხგაუცემელი კითხვები მანამ დასვას, ვიდრე ეს მუხტი მინელებულა. თუ დავინახეთ, რომ შესაბამისი უწყებები არ მუშაობენ, მაშინ საზოგადოებას, პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დეპუტატებს, თუნდაც მხოლოდ სოციალური მედიით, ამ კითხვებზე პასუხებიც უნდა მოვთხოვოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს ხელთ არსებული რესურსების გამოყენება მოგვიწევს.