კახეთში “ტუალეტების სკანდალი” მწიფდება

კახეთში “ტუალეტების სკანდალი” მწიფდება

თუკი აპირებთ, რომ ამ ზაფხულს კახეთს ესტუმროთ, გაფრთხილებთ: ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე არც იფიქროთ, რადგან სამწუხაროდ, საპირფარეშოს ვერ შემოგთავაზებთ! მაგალითად, ალავერდის სამონასტრო კომპლექსთან მდებარე საზოგადოებრივი ტუალეტი ახმეტის მუნიციპალიტეტმა და კახეთის განვითარების სააგენტომ, 2012 წელს, ერთობლივად ააშენეს და 82 000 ლარი დახარჯეს, თუმცა ძვირადღირებული საპირფარეშო დღემდე დაკეტილია.

ადგილობრივთა თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა აუცილებელ და თანამედროვე ნორმას აკმაყოფილებს, საპირფარეშოს აშენებიდან ერთი თვეც არ “უარსებია” - ახმეტის მუნიციპალიტეტმა არამცთუ მოვლა-პატრონობა, მისი იჯარით გაცემაც ვერ მოახერხა.

„მართალია, აღნიშნული საპირფარეშო ჩვენს ბალანსზეა, ანუ მუნიციპალურ საკუთრებას წარმოადგენს და თავის დროზე სწორედ მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით აშენდა, მაგრამ საზოგადოებრივ ტუალეტს ალავერდის ეპარქიამ უნდა მიხედოს, რადგან მასთან მდებარეობს და ხალხიც სწორედ მონასტერში დადის! ეს შენობა ეპარქიისთვის ოფიციალურად არ გადაგვიცია, მაგრამ ჩვენი ნებართვა ეპარქიას ზეპირი განცხადების საფუძველზე აქვს, რომ თავად მიხედოს”, - განუცხადეს “ქართულ სიტყვას” ახმეტის მუნიციპალიტეტში.

რაც შეეხება ეპარქიას, ზემოხსენებულ ვალდებულებას არ იღებს.

„საპირფარეშო ალავერდის მონასტრის გარეთ მდებარეობს და მისი მოვლა ჩვენი ვალდებულება არ არის!“ - ამბობს ეპარქიის წარმომადგენელი.

იურისტის განმარტებით, საპირფარეშო ალავერდის ეპარქიის კუთვნილება რომ გახდეს, მხოლოდ ორი სამართლებრივი ფორმა არსებობს:

პირველი - ეპარქიამ უნდა შეისყიდოს და მეორე - ახმეტის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული შენობა-ნაგებობა სახელმწიფოს სასარგებლოდ უნდა მიატოვოს, რის შემდეგაც, საპირფარეშო ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავა. ამის მერე, ეკონომიკის სამინისტროს უფლება ექნება, ალავერდთან არსებული საპირფარეშო ან ალავერდის მონასტერს მიჰყიდოს, ან სიმბოლურად, აჩუქოს.

ასეა თუ ისე, საპირფარეშო, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტსა და კახეთის განვითარების სააგენტოს თავის დროზე 82 000 ლარი დაუჯდა, დღეს უპატრონო, გაპარტახებული და დაკეტილია.

ნინა ალიაშვილი, რომელიც 7 წელზე მეტია, ალავერდის მონასტრის წინ სანთლებს ყიდის, ამბობს:

- ყოველ დღე, მონასტერს, ყველაზე ცოტა, 300 ადამიანი სტუმრობს. ყველაზე ბევრი კი, აბა, რა გითხრათ?.. ტუალეტი, მართალია, ააშენეს, მაგრამ დაკეტილია - მგონი, სულ რამდენიმე დღე იმუშავა და იცით, როდის იხსნება? - აი, მაშინ, საპატრიარქოდან რომ მოდიან, ან მთავრობა რომ მოდის. შიგნით ყველაფერი წესრიგშია, წყალიცაა, ცივიც და ცხელიც - მართლაც, კარგადაა მოწყობილი. რა ვიცი, აბა, რატომაა დაკეტილი?! - რომ გახსნან, დენის ფული ხომ უნდა? დამლაგებელიც უნდა, მოვლა უნდა, იქ საპონი, იქ რაღაც სხვა საშუალებები. მოკლედ, პატრონი უნდა, პატრონი, მაგრამ არავინ პატრონობს... გასაღები ტაძარში  მომუშავე ვიღაც ქალს აქვს და მაშინ ხსნის, აი, სპეციალური სტუმრები რომ ჩამოდიან... გაჭირვებული ქართველები და უცხოელები მეკითხებიან ხოლმე, სად წავიდეთო... აბა, სად უნდა წავიდნენ?! ვეუბნები, აგერ, ხიდის ქვეშ, მდინარე ჩამოდის და იქ ჩადით-მეთქი, სხვა მოფარებული ადგილი არაა. იქ კი, ვერავინ დაინახავთ”.

იმ დღეს ალავერდის მონასტერს სამი სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ და, როგორც პედაგოგებმა გვითხრეს, ბავშვებმა ბუნებრივი მოთხოვნილებები სწორედ ხიდის ქვეშ დაიკმაყოფილეს.

„არ ვიცი, რა გითხრათ?! ბავშვები კი არა, ჩვენც დავიტანჯეთ... ცოდოები ვართ. აქ ხომ გაშლილი მინდორია, არც ტყეა და არც - რამე ისეთი, რომ იქ გადახვიდე. ჩვენ რომ ამ დღეში ვართ, ტურისტები რაღა დღეში იქნებიან?!“ - ამბობს ლაგოდეხის სოფელ ჭიაურის საჯარო სკოლის მასწავლებელი ზინაიდა სულაბერიძე.

„საქართველოში მეორედ ვარ, ვწუხვარ, რომ ეს სერვისი არაა მოწესრიგებული. იმედია, ყველაფერი მოგვარდება”, - დანანებით აღნიშნავს ნორვეგიელი ტურისტი ტერეზა ბუერენგენი.

გამოსავალი? - იურისტის განმარტებით, ახმეტის მუნიციპალიტეტს შეეძლო, საპირფარეშო იჯარით ნებისმიერი კერძო პირისთვის გადაეცა, რომელიც იჯარის საფასურსაც გადაიხდიდა და ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას - საპირფარეშო მუდამ ღია და ჰიგიენური იყოს - შეასრულებდა.

ახმეტის მუნიციპალიტეტში კი ამბობენ, რომ ამ საკითხზე ჯერ მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა უახლოეს მომავალში, ალბათ, გადაიხედება და თუ საპირფარეშოს ალავერდის მონასტერი ვერ პატრონობს, რამე გამოსავალს მოძებნიან.

ერთი სიტყვით, 82 000 ლარად შეფასებული თანამედროვე სტანდარტების ტუალეტი, რომელიც შშმ პირებზეცაა გათვლილი, დაკეტილია. მონასტერს კი, ყველა კატეგორიის ადამიანი სტუმრობს...

 P.S. ტუალეტის აშენება 82 000 ლარ რომ დაგიჯდება და... დაკეტილია; ყვარელში, პრეზიდენტის სახლის მშენელობ, ასევე, 82 000 ლარი რომ დაჯდება და... ექსპრეზიდენტი გაქცეულია... სათქმელი რაღაა? - ეს მკითხველმა განსაჯოს. შემდეგ ნომერში კი, “ქართული სიტყვათელავის საზოგადოებრივ ტულეტებზე მოგითხრო, რომელთა აშენებაშიც სოლიდური თანხები დაიხარჯა, მაგრამ ზემოხსენებული საპირფარეშოს მსგავსად, არ ფუნქციონირებენ...