„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე, “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას, გიგი უგულავას დაკავებას აფასებს და აქცენტს პოლიტიკურ სარბიელზე მოსალოდნელ გადაჯგუფებაზე აკეთებს:
- ვინაიდან ივლისია და მოსახლეობის დიდი ნაწილი ქალაქიდანაა გასული არჩევნების მეორე ტურის ჩაშლის საშიშროება არსებობდა, თუმცა გიგი უგულავას დაპატიმრებამ და მის გარშემო ატეხილმა ვნაბათაღელვამ, არჩევნების აქტუალობა გაზარდა. ამის გამო, “ნაციონალებისა” და „ქართული ოცნების“ სამობილიზაციო რესურსმაც მოიმატა. საერთოდ, ესენი სექტანტური ორგანიზაციები არიან, რომელთაც საკუთარი ქსელი, დიდი ფინანსები აქვთ და არჩევნების შედეგებზე ზეგავლენასაც ახდენენ, ანუ როცა აქტივობა დაბალია, თავიანთ მომხრეებს 15%-ით ზრდიან და ამ არჩევნებზეც ასე მოხდა.
საერთოდ, „ქართული ოცნებაც“ ეკლექტურია - ბევრი პოლიტიკური ძალაა გაერთიანებული, “რესპუბლიკელებით” დაწყებული, “ეროვნული ფორუმით” დამთავრებული. მართალია, კოალიციაში ბევრი წესიერი ადამიანია, მაგრამ ეს ეკლექტურობა და ქაოსი ჯანსაღი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბების საშუალებას არ იძლევა.
- ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს კიდევ ითხოვთ?
- თვითმმართველობის არჩევნებმა დააფიქსირა, რომ „ნაცმოძრაობა” მეორე პოლიტიკური ძალაა და ამ შედეგამდე ავადსახსენებელმა კოჰაბიტაციამ მიგვიყვანა. “ნაციონალებს” დასავლეთიდან მხარს მძლავრი ჯგუფები უჭერენ და, ამასთან, დიდი ფინანსური რესურსი და საინფორმაციო საშუალებებში მხარდაჭერაც აქვთ. სწორედ ეს აძლევს საშუალებას ამ დესტრუქციულ ძალას, ქვეყანაში ნორმალური და ჯანსაღი პროცესები დაბლოკოს. ამ ვითარებაში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება მიზანშეწონილი არაა, მით უმეტეს, საპარლამენტო არჩევნებამდე 2 წელიღაა დარჩენილი.
- ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არც რუსეთის ინტერესებშია?
- არა, რადგან ის კონფიგურაცია, რაც პარლამენტშია, რუსეთს აწყობს. რუსებს ხელისუფლებისა და “ნაცმოძრაობის” წევრებზე მანიპულირების საშუალება აქვთ - ისინი რუსეთის სპეცსამსახურებთან მჭიდროდ თანამშრომლობენ.
- თქვენი შეფასებით, “მეხუთე კოლონა” ვინაა?
- ის, ვინც რუსეთს ტერიტორიები ჩააბარა, ენერგეტიკული სექტორიც მთლიანად რუსებს უფეშქაშა და, წლების განმავლობაში, აფხაზეთის გასხვისებაზე საუბრობს. ჩვენი პოლიტიკური სპექტრი საქართველოში დასავლეთის გავლენის ინსტრუმენტია. სინამდვილეში კი, მოსკოვსა და ბრიუსელშიც სხვისი კი არა, ჩვენი პოლიტიკური ინტერესები უნდა წარმოვადგინოთ. დღეს, სამწუხაროდ, პირიქითაა: პოლიტიკური სპექტრი იმაზე მუშაობს, რომ დასავლეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები დააკმაყოფილოს. მიუხედავად იმისა, რომ ქართველების უმრავლესობა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების წინააღმდეგი იყო, ვნახეთ, რაც ქნეს. სხვათა შორის, ამ კანონის მიღება მხოლოდ დასავლეთს კი არა, რუსეთსაც აწყობდა, რადგან უნდა, რომ დასუსტებული და შერცხვენილი საქართველო ნახოს, სადაც ხელისუფლება საკუთარ ხალხს ებრძვის. დიახ, მტერს ყველაზე მეტად ჩვენი სისუსტე აწყობს და, შესაბამისად, ყოველთვის ჩვენი სახელმწიფოს დასუსტებაზე მუშაობს.
- იმის თქმა გინდათ, რომ დიდი სიძნელეების წინაშე აღმოვჩნდებით? ისე, ამბობენ, პრემიერ ღარიბაშვილის გარემოცვაში მოღალატეები არიანო...
- გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ, “რესპუბლიკელებისა” და არასამთავრობო სექტორის რეაქციებსა თუ კომენტარებს დააკვირდით? ბოკერიას გვერდით ლევან რამიშვილი იდგა “თავისუფლების ინსტიტუტიდან”.
- მერე, ამაში გასაკვირი რა არის? - რამიშვილი და ბოკერია აქამდე მეგობრობდნენ...
- დიახ, მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციები ყველანაირად ცდილობენ, “ნაცმოძრაობას” პირი მობანონ და დაჩაგრულის როლში გამოიყვანონ. მოდით, ჩამოვთვალოთ ეს არასამთავრობოები: ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო”, ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი” და ,,სამართლიანი არჩევნები”. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” სოროსი აფინანსებს. ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” - ,,იუესაიდი” და ევროკავშირი. ერთი სიტყვით, ყველა მათგანი ე.წ. ნეოლიბერალური ფლანგის პოლიტიკური ძალების ფონდებიდან ფინანსდება. იგივე ფონდები აფინანსებენ იმ ტელევიზიებს, რომელთა მაუწყებლობაც საქართველოს ტერიტორიის 70%-ზე ვრცელდება და ზემოხსენებულ არასამთავრობოებსა და პარტიებს წარმოაჩენენ. მოკლედ, თავიანთი ჭკუით, საზოგადოებრივ აზრს ერთობლივი ძალისხმევით ქმნიან. სქემა ასეთია, მაგრამ ეს ხალხი აბსოლუტურ უმცირესობაშია და მხოლოდ მისი თემატიკა კი არა, საზოგადოებისთვის ლექსიკაც მიუღებელია, თუმცა ისეთ სურათს ქმნიან, ეს შეხედულებები თითქოს ხალხის აზრია. ამ დროს ასე არაა. პირიქით, ხალხი კარგად ხედავს, რომ ეს არასამთავრობოები და ტელევიზიები სხვა სამყაროში ცხოვრობენ, საქართველოს ყოვედღიურობა კი სხვაა. როცა ვიღაც გაფინანსებს, მას კონკრეტული მიზანი აქვს და გასაგებია, რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია. ჰოდა, დამფინანსებლებიც ფულს კონკრეტული პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოყოფენ და არა - იმისთვის, რომ ვიღაცამ ბედნიერად იცხოვროს.
- ეს პოლიტიკური ინტერესები მაინც რა არის?
- ეს ხალხი ნაციონალური სახელმწიფოს ნიშნების ჩანასახშივე ჩასახშობად იბრძვის და ფულსაც ამაში უხდიან. ეს ანტისახელმწიფოებრივი და სახელმწიფოსადმი ძირგამომთხრელი საქმიანობაა და მეტი არაფერი! ეს ძალები, ვიდრე აღმასრულებელ ხელისუფლებას და, კერძოდ, ძალოვან ბლოკს კვლავ თავიანთი კადრებით არ დააკომპლექტებენ, არ გაჩერდებიან.
- ამ ძალებისგან კონკრეტულად ვინ ფინანსდება?
- ის, ვინც ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იბრძვის! ღარიბაშვილს ვურჩევ, ის არასამთავრობოები და გაიდლაინები, რომლითაც ისინი დაფინანსებას იღებენ, ღიად ამხილოს. კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პოლიტიკურ ძალებში უკვე ჩანს, რომ ღარიბაშვილის ფლანგს, ანუ აღმასრულებელ ხელისუფლებას უპირისპირდებიან და ცდილობენ, მისი მაქსიმალური დისკრედიტირება მოახდინონ. გარკვეული ძალები გადაჯგუფდნენ და გამორიცხული არაა, მალე ახალი პოლიტიკური ძალა გამოჩნდეს. ასეთ შემთხვევაში, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ლაპარაკი შესაძლებელი იქნება, თუმცა ეს თეორიული შესაძლებლობაა.
- ანუ, ღარიბაშვილს საკუთარი თანაგუნდელები დაუპირისპირდებიან?
- პირდაპირ გეტყვით: ერთმანეთს ბიძინა ივანიშვილის ფრთებქვეშ არსებული სამი სახელისუფლებო შტო ებრძვის, უფრო სწორად, ერთი, მარგველაშვილს ვგულისხმობ, ნეიტრალური იმიტომაა, რომ არაფერი შეუძლია, თუმცა მისი გააქტიურებაც მოსალოდნელია.
- მარგველაშვილს გულისხმობ?
- დიახ. აი, დანარჩენი ორი ძალა კი, ერთმანეთს ხელისუფლების სრული მართულობისთვის ებრძვის.
არც ისაა გამორიცხული, მოულოდნელად ახალი მაკომპრომიტირებელი მასალები გამოქვეყნდეს და სიტუაცია აირიოს, ვინაიდან ამას ხელს შიდა და გარე ვითარებაც უწყობს. მოგეხსენებათ, ჩვენს რეგიონსა და მის გარშემო ძალიან სერიოზული გეოპოლიტიკური ცვლილებები მიმდინარეობს. სამხრეთ კავკასიაში არსებული დროებითი ზავი ადვილი შესაძლებელია, შეიცვალოს და გარკვეული კონფრონტაცია მოხდეს. გეოპოლიტიკური დაძაბულობის ველში ვიმყოფებით, რამაც ასახვა შეიძლება, პოლიტიკურ სპექტრზეც ჰპოვოს.
- ბატონო სოსო, გიგი უგულავას დაჭერაც ამ კონტექსტში ხომ არ უნდა განვიხილოთ?
- უგულავა ახლა კი არა, მაშინ უნდა დაეპატიმრებინათ, როცა პროკურატურამ ბრალი ბიუჯეტიდან 50 მლნ-ის მოპარვისთვის წარუდგინა. ისე, ქალაქის მერიის საბიუჯეტო სახსრები გასაიდუმლოებულია, გრიფით “საიდუმლო” ადევს კეთილმოწყობის სამსახურისა და “სითი პარკის” ხარჯებს. ამ ფონზე უგულავას უდანაშაულობა ვინ უნდა ამტკიცოს? გააფრთხილეს, არ წახვიდეო, მაგრამ იპარებოდა, რადგან იცოდა, რომ მალე დაჭერა არ ასცდებოდა. ისე, იმით, რომ სააკაშვილი და “ძმანი მისნი” უკრაინაში პარპაშებენ, რასაც უკრაინელები მოიგებენ, თავიანთ აქტივში მიითვალონ. სხვათა შორის, მამუკა ახვლედიანის ინსპირაციით, უკრაინის ქართულმა სამრევლომ, ქართული მთავრობისა და მხედრობის ლოცვებში მოხსენიება შეწყვიტა. ეტყობა, ეს სამრევლო სააკაშვილის დროს ძალიან მხურვალედ ლოცულობდა იმ ხალხისთვის, რომელიც ტირანმა სააკაშვილმა გააუბედურა. “მიშისტური” მართლმადიდებლობა თავისთავად სამწუხარო ფენომენია. არსებობენ ქართველები, რომლებიც სამარცხვინო გადაწყვეტილებებს იღებენ. პრობლემა ისაა, რომ უგულავა ამდენი ხანი გარეთ დადიოდა, ციხეში არ სხედან კეზერაშვილი, ადეიშვილი და სხვები. რეჟიმი, რომელმაც 320 000 ადამიანი უკანონოდ დააპატიმრა და მასობრივი ტერორის მსხვერპლად აქცია, უნდა გასამართლდეს!
- ბატონო სოსო, უგულავას დაჭერა სამართლიანობის აღდგენის დასაწყისია?
- უგულავას სხვა დამნაშავეებიც მიყვებიან, “ქართული ოცნება” სხვანაირად ვეღარ მოიქცევა, რადგან საზოგადოების ნდობის რესურსი უკვე ამოეწურა. ამის დასტური არჩევნებზე დაბალი აქტივობააა. ხალხში აპათია და აგრესია გაბატონდა, მძიმე ემოციური ფონია და ძირითადი პრეტენზია ისაა, რომ კოჰაბიტაციის მანკიერი პრაქტიკით, ქვეყანაში ანეგდოტური პოლიტიკური სიტუაცია შეიქმნა.
- საყდრის-ყაჩაღიანთან დაკავშირებით სიახლე ხომ არაფერია?
- გურამ ოდიშარია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა - მანევრირების გაკეთება მაშინ უნდოდა, როცა ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა და ორმხრივი ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა. ჩვენი მიზანი კულტურული ძეგლის განადგურების მსურველების დასჯა არაა, თუმცა ეს იმ ჯალათებსა და დამნაშავეებს არ ეხებათ, რომლებსაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვთ ჩადენილი. საყდრისის გადასარჩენად ბრძოლას საკრებულოშიც გავაგრძელებ და ოდიშარიას მოვუწოდებ, ვიდრე დრო კიდევ აქვს, ღირსეულად მოიქცეს. ყველამ აღიარა, რომ საყდრისი-ყაჩაღიანი ნამდვილად ისტორიული ძეგლია და მისი შესწავლა უნდა გაგრძელდეს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძეგლი არ დაინგრეს და სირცხვილი არ ვჭამოთ!