ვინ მფარველობდა “ოცნებაში” შავაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილ აჭარის კუდ-ის ყოფილ უფროსს

ვინ მფარველობდა “ოცნებაში” შავაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილ აჭარის კუდ-ის ყოფილ უფროსს

2008 წლის 16 აგვისტოს, ქობულეთის რაიონის სოფელ ქაქუთის ტერიტორიაზე, გაქცევის მცდელობისას, ლიკვიდირებული იქნა მზვერავი, სერჟანტი როინ შავაძე. პარლამენტის უშიშროების კომიტეტის მაშინდელმა თავმჯდომარემ, გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ შავაძე ქვეყნის მოღალატე იყო - დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურებს მის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე ეჭვი სპეცოპერაციამდე ერთი წლით ადრე ჰქონდათ. გამოძიებამ კი, დასკვნაში ჩაწერა, რომ როინ შავაძეს ბრალად ნარკოტიკების მოხმარება-შენახვა ედებოდა. ახალი ხელისუფლება შავაძის საქმის გამოძიებას არ ჩქარობს. შავაძის ადვოკატმა, რამინ პაპიძემ რამდენიმე დღის წინ, ,,ფეისბუქისსაკუთარ გვერდზე დაწერა: “საქართველოს პარლამენტის უმცირესობასთან, კერძოდ, “ნაცმოძრაობისწარმომადგენლებთან თხოვნა მაქვს: იქნებ, თქვენ მაინც აიძულოთ არსებული ხელისუფლება, 2008 წლის 16 აგვისტოს მოკლული სერჟანტ როინ შავაძის საქმე დროულად რომ გამოიძიოს და ამ საქმეში დამნაშავე პირები მკაცრად დასაჯოს...” 2008 წლის 15 აგვისტოს, გვიან ღამით, ბათუმში, თამარის დასახლებაში, როინ შავაძეს შსს- აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების სამმართველოს თანამშრომელმა, გიორგი ჩიქოვანმა, მეტსახელად ,,მაიმუნამმიაკითხა და უთხრა, რომ კუდ-ში გაჰყოლოდა, რაღაც საქმეა გასარკვევი და შინ ამაღამვე დაგაბრუნებთო. “მაიმუნასთანშავაძეს, როგორც იტყვიან, ახლო ნაცნობობა აკავშირებდა - ორივე ასლან აბაშიძის სპეცრაზმის წევრი იყო. ამიტომაც, როგორც ადვოკატი ამბობს, შავაძემ თამამად ჰკითხა, თუ რა აინტერესებდათ. ,,მაიმუნასუთქვამს, ომში დაღუპულთა რაოდენობა გვაინტერესებსო. როინს გაჰკვირვებია, მკვდრებს ხომ არ დავითვლიდიო... კუდ-ში როინის დანახვამ თანამშრომლები გააღიზიანა. მეტიც, ,,მაიმუნამმათი რისხვა დაიმსახურა და შავაძე იმ ღამესვე შინ დააბრუნა. მეორე დღეს, როინმა ოქროს ბირჟაზე მომუშავე ნათესავ ქალბატონებს შეუარა. უცებ, კუდ-ის შავი ჯიპები და ნიღბიანი სპეცრაზმელები გაჩნდნენ, როინს ხელი დაავლეს და, ყველას თვალწინ, ავტომატების კონდახებით უმოწყალო ცემა დაუწყეს. მერე, გონდაკარგული მანქანაში შეაგდეს და წაიყვანეს. მეუღლემ როინის დაკავება, შემთხვევით, ტელეფონით გაიგო და ამის შემდეგ მის კვალს ვერსად მიაგნეს. გვიან ღამე, უბნის პოლიციელმა, ოჯახს ქუჩიდან შესძახა, რომა რეანიმაციულ განყოფილებაშიაო... როინ შავაძე ახლობლებს პროზექტურაში დახვდათ, მათ ხმის ამოღება სასტიკად აუკრძალეს და ეს აკრძალვა წლები გრძელდებოდა. შავაძის საქმის დეტალების სინათლეზე გამოტანა იმდენად მიუღებელი იყო, რომ ზეწოლას, ოჯახთან ერთად, ადვოკატი რამინ პაპიძეც განიცდიდა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვერა დოლიძემ  8 ათასი ლარით დააჯარიმა. დარბაზიდან გაძევებულს კი, მანდატურმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ადვოკატის პრინციპულობა იმით დამთავრდა, რომ ათი დღით დააპატიმრეს, რის გამოც მოსამართლე ვერა დოლიძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილისგან სიტყვიერი შექება და სამახსოვრო კალამი მიიღო. სხვათა შორის, მოსამართლე ვერა დოლიძე უმაღლესი რანგის ,,პროფესიონალია” - სასამართლოზე მოწმედ როინ შავაძე გამოიძახა, რითიც შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძეს კიდევ ერთხელ უდიდესი მორალური ზიანი მიაყენა.

 

რამინ პაპიძე: - ახალი ხელისუფლების პირობებში, სამართლიანობის აღდგენის ეგიდით, სარჩელი შევიტანეთ... გამოძიებას, ოთხი წლის განმავლობაში, სპეცრაზმელების მეტი არავინ დაუკითხავს, პროკურატურას სიმართლის დადგენა არც აინტერესებდა. თვითმხილველები - ორმოცი ადამიანი მხოლოდ მთავრობის შეცვლის შემდეგ დაიკითხნენ, რომლებიც ირწმუნებიან, რომ შემთხვევის ადგილზე აჭარის კუდ-ის უფროსი თემურ პატარიძე და მისი მოადგილე ბალაძე იმყოფებოდნენ, რომელიც ამჟამად საქართველოში არ იმყოფება.

- აბა, სად არის?

- ამბობენ, რომ ხელისუფლების შეცვლისთანავე, ქვეყნიდან პატარიძემ გააპარა. პროკურორ ლევან გზირიშვილის მუშაობისას რეალური გამოძიება ჩატარდა, მაგრამ ბოლომდე მაინც არ მიიყვანა, ამბობდა, ელიტური სპეცრაზმელები არიან და მათი დაჭერა არ უნდათ, ამ საქმეს დამოუკიდებლად ვერ გადავწყვეტო. ვუთხარი, ელიტური სპეცრაზმელები კი არა, ელიტური მკვლელები არიან- მეთქი... ოფიციალურად, საქმის მასალების მიხედვით, შავაძე ნარკოტიკების შენახვა-შეძენაზე იყო დაკავებული და ნარკოტიკები ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული. დაკითხული თვითმხილველები კი ამბობენ, რომ ჩხრეკა არ ჩატარებულა, პირდაპირ ეცენ, წიხლები, ხელკეტები ურტყეს და გონდაკარგული სადღაც წაიყვანეს.

- თემურ პატარიძე ხომ დაპატიმრებულია? - როგორც მახსოვს, 2013 წელს ორჯერ დააკავეს და ბრალი ივანიშვილის დაცვის ყოფილი წევრის, ბესიკ სურმავას გატაცებაში ედებოდა. ამასთან, ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობის მცდელობაში მონაწილედაც სახელდებოდა. პატარიძე, ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ კვარიათის აგარაკის საქმეში, ბრალდების მხარის მოწმეა, არა?

- პატარიძე პატიმრობაში პირადობის მოწმობების გაყალბების ბრალდებითაა. სასჯელი ჯერ არ შეფარდებია და ჩათვალეთ, რომ გარეთ არის. არადა, მხოლოდ როინ შავაძის მკვლელობაა საკმარისი, რომ მის მიმართ საქმე რამდენიმე მუხლით აღიძრას. თვითმხილველთა ჩვენებების მიხედვით, პატარიძე ტყუილში ამხილეს - დოკუმენტები გააყალბა.

- რას გულისხმობთ?

- დაკავების ადგილზე ჩხრეკა არ ჩატარებულა, შესაბამისად, ნარკოტიკი არ ამოუღიათ, თუ ნარკოტიკი არ ამოუღიათ, გამოდის, რომ შავაძეს თავისუფლება უსაფუძვლოდ, ჯგუფურად აღუკვეთეს, რაც 7დან 10-წლამდე პატიმრობას  ითვალისწინებს.Aამას ემატება თანამდებობის ბოროტად გამოყენებაც...

- პატარიძე ქაქუთში, შავაძის ლიკვიდაციასაც ესწრებოდა?

- ნაცემი შავაძის თბილისისკენ ბადრაგირება რატომღაც ჩოხატაურის გზით მოხდა და არა - ლანჩხუთის. გაურკვეველია, რატომ მიჰყავდა ნარკოტიკების ბრალდებით დაკავებული პირი თბილისში მაშინ, როცა იზოლატორი ბათუმშიც არის? ამაზე პატარიძემ გამოძიებას უპასუხა, რომ მერაბიშვილისგან ჰქონდა დავალება, მაგრამ ,,ვერ გაიხსენა”, მინისტრი რომელი ტელეფონით დაუკავშირდა.

- ანუ, ეჭვობთ, რომ პატარიძეს ჯერ შავაძის თბილისში ჩამოყვანა უბრძანეს, მერე კი, ლიკვიდაცია?

- საქმის მასალებიდან ჩანს, რომ დაკავებულს გზაში მანქანა ბიოლოგიური მოთხოვნილებისთვის გაუჩერეს და ზურგს უკან ხელბორკილდადებული შავაძე მანქანიდან, დაახლოებით, 15 მეტრში კონცელიძემ გაიყვანა და ხელბორკილი მოხსნა. ამ მომენტით შავაძემ ისარგებლა, ბადრაგის იარაღს, რომელიც მას ბარძაყს შემოხვეულ კაბურაში ედო, ხელი დაავლო და ბადრაგის ცხრა თანამშრომელს სროლა აუტეხა. როინ შავაძე გარბოდა და ისროდა, მაგრამ 22 ნატყვიარი რატომღაც მკერდში ჰქონდა და არა - ზურგში.

- როგორ ფიქრობთ, ბრძანება ვინ და რატომ შეცვალა?

- ბრძანება, რა თქმა უნდა, თბილისიდან იყო გაცემული, რაც შავაძის თბილისში ჩაყვანას, ან ლიკვიდაციას გულისხმობდა, მაგრამ როგორც ჩანს, სცენარი შეიცვალა. დასკვნაში ეწერა, რომ შავაძე ლიკვიდირებული იქნა ბადრაგის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის გამო. გარდაცვლილ როინ შავაძეს ბარძაყის, ხერხემლის, ლავიწის ძვლის მოტეხილობები ჰქონდა, ხელები და  მაჯები - გადამტვრეული. ასეთ მდგომარეობაში რა წინააღმდეგობა უნდა გაეწია?! თავადაც სპეცრაზმელი იყო და იცოდა, რომ ვერც გაიქცეოდა, ვერც წინააღმდეგობას გაწევდა. ეს აბსურდული ბრალდება კუდ-ის პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ემსახურებოდა. რაც შეეხება თემურ პატარიძეს, ის შავაძის დასჯას ბოლომდე ესწრებოდა, თუმცა უარყოფდა და ამბობდა, სპეცრაზმელებს ჩავაბარე და მეტი არაფერი ვიციო. გავარკვიე, რომელი ანძა ემსახურებოდა პატარიძის ტელეფონს - დაფიქსირებული გასროლის დროს, პატარიძე სწორედ ქაქუთში იმყოფებოდა. თავად კი ამტკიცებდა, ქობულეთში ვიყავი და 10 წამში გავედი ტერიტორიიდანო, რაც გამორიცხულია. შავაძის ლიკვიდაციას თვითმხილველები ჰყავდა - დაცვის პოლიციელები, მათ შორის, მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებიც იყვნენ, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ადგილზე სპეცრაზმის სამი ჯიპი დახვდათ, თუმცა ჩვენებაში მხოლოდ ორს მიუთითებენ, მესამეს კი, მალავენ.

- რამინ, თქვენი დასკვნა როგორია?

- ბევრი ვერსია გაჟღერდა, მაგრამ ფაქტია, რომ სერჟანტი როინ შავაძე  მნიშვნელოვან, ხელისუფლებისათვის არასასურველ ინფორმაციას ფლობდა და ამჯობინეს, თავიდან მოეშორებინათ. ხელისუფლებამ ქვეყნის მოღალატედ გამოაცხადა და ის სისასტიკე, რაც მის მიმართ ჩაიდინა, ამით ახსნა, მაგრამ თუ რატომ არ გაასამართლეს, როგორც მოღალატე და რა შუაში იყო ნარკოტიკები, ამაზე პასუხი არ არსებობს.

- გამოდის, რომ ვიღაც სერიოზულადაა დაინტერესებული, რომ საქმე არ გაიხსნას, არა?

- რა თქმა უნდა. ძალოვან სტრუქტურებში დღემდე არიან ჩანერგილები, ვინც უკანონობას მფარველობენ. ლევან გზირიშვილის აჭარის პროკურორად ყოფნის დროს, ინფორმაციას მაინც იღებდი, მაგრამ რაც შოთა ტყეშელაშვილი დაინიშნა საქმეს ტაბუ დაედო. სხვათა შორის, ეს ის კაცია, ვინც თავის დროზე ,,ელიტა ბურჯის” ქონებას ყადაღა დაადო.

- პატარიძის საქმეში მხოლოდ ყალბი პასპორტების თემა ფიგურირებს? აჭარის კუდ-ის ყოფილ უფროსს ვინ მფარველობს?

- სირცხვილია, რომ ყალბი პასპორტების გამო ისჯება. საქმე განხილვაშია - პროკურორი დავითაშვილი იძიებს. პატარიძის მეორე ცოლის ძმა იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, დავით ჯანდიერია და გარკვეული პერიოდი სწორედ ის მფარველობდა. ჯანდიერი თანამდებობაზე აღარაა, მაგრამ შავაძის საქმე მაინც შეჩერდა და თემურ პატარიძეს სერჟანტ შავაძის გამო ბრალს არ უყენებენ. მოვითხოვ, დაიკითხოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გივი თარგამაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ჯერ კიდევ აგვისტოს ომამდე ჰქონდათ ინფორმაცია, რომ როინ შავაძე შემჩნეული იყო ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში. თუკი ასე იყო, რუსეთის წინააღმდეგ ომში სადაზვერვო სამსახურში როგორ გაუშვეს?!

- რამინ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართეთ. 2011 წელს, შავაძის მკვლელობის გამოძიებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც დაინტერესდა და დასკვნაც გამოაქვეყნა. ,,ობიექტივისადა ,,წინააღმდეგობის მოძრაობისწარმომადგენლებმა მასალები ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჰაიდი ჰაუტალას გადასცეს. ახალი გარემოებები არსებობს?

- საქმეში არავინ მახედებს, ორთვიანი ვადა, რაც აჭარის პროკურატურაში დამისახელეს, მალე იწურება. ამის შემდეგ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, ეკა ბესელიას უნდა მივმართო. საბოლოო პასუხს დაველოდები და, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, აქტიურ ქმედებებს დავიწყებ.

- შავაძის მეუღლეს რამე ისეთი ინფორმაცია ხომ არ აქვს, რისი გამჟღავნებისაც ეშინია და შესაბამის დროს ელოდება?

- არა, ციცინო შავაძემ, რაც გამოძიებას წაადგებოდა, არაფერი იცის... ამ დღეებში როინ შავაძეს დაბადების დღე ჰქონდა - 43 წლის გახდებოდა. მინდა, დღევანდელ სახელმწიფო მოხელეებსა და კანონმდებლებს - მურმან დუმბაძეს,  ჯაბა ჯიშკარიანსა და სხვებს, რომლებიც წინასაარჩევნოდ პლაკატებს დაარბენინებდნენ და პირზე როინის სახელი ეკერათ, როინ შავაძე გავახსენო: ბატონებო, დაპირებული სამართლიანობის აღდგენა რატომ დაგავიწყდათ?