,,თუ საზოგადოება ხელისუფლებისგან მონსტრს შექმნის, ცოცხები მოენატრება’‘

,,თუ საზოგადოება ხელისუფლებისგან მონსტრს შექმნის, ცოცხები მოენატრება’‘

ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების თემაზე საუბარი არ ისურვა - ზოგიერთი პოლიტიკოსის მსგავსად, გარდაცვლილი ადამიანით სპეკულირებას ვერ დავიწყებო და ,,ვერსიასთან’‘ ინტერვიუში მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასებით შემოიფარგლა. მისი განცხადებით, ,,ქართული ოცნება’‘ ვირტუალური სამყაროდან უნდა გამოვიდეს, საზოგადოებამ კი შურისძიების მოჯადოებული წრე გაარღვიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აცხადებს, რომ, თუ საზოგადოება ხელისუფლებისგან ახალ მონსტრს შექმნის, ცოცხები სანატრელი გაუხდება.

- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ხელისუფლების წარმატების კრიტერიუმი ნაციონალური მოძრაობის დამარცხებით არ უნდა განისაზღვროს. ამ მხრივ გაცილებით მნიშვნელოვანი სხვა ფაქტორებია. ნაციონალური მოძრაობა 2012 წლის პირველ ოქტომბერს დამარცხდა და მას შემდეგ, მისგან მტრის ხატის შექმნის სქემა ამუშავდა, რაც ხელისუფლების ირგვლივ მხარდამჭერთა მობილიზებას ემსახურებოდა.

- ხელისუფლებამ შექმნა ნაციონალური მოძრაობისგან მტრის ხატი თუ თავად ნაციონალები ცდილობენ მმართველ გუნდთან ძალის დემონსტრირებას?
- ლოგიკურად, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ნაციონალური მოძრაობა საფრთხეს არ წარმოადგენდა, თუ მისგან ამ საფრთხეს ხელისუფლება თავად არ შექმნიდა. ეს ორმხრივი პროცესია - ნაციონალები რეინკარნაციას მაქსიმალურად ცდილობდნენ, ,,ქართულმა ოცნებამ’‘ კი ამ პროცესს ხელი შეუწყო - როცა მმართველი გუნდი სოციალურ- ეკონომიკური პრობლემის გადაჭრას ვერ ახერხებს და არც სტრატეგიული ხედვები აქვს, არჩევნების წინ ამომრჩევლის ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მობილიზება მაინც უნდა შეძლოს. შესაბამისად, დიახაც, კოალიციას ასეთი ტიპის ოპოზიცია აწყობდა. მეტიც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ,,ქართული ოცნების’‘ წარმატების გარანტია ნაციონალური მოძრაობის არსებობა იყო. ამ პროცესს ხელი დანარჩენი ოპოზიციური პარტიების სისუსტემაც შეუწყო. ისიც ფაქტია, კოალიციამ რეიტინგი მნიშვნელოვნად დაკარგა, რადგან საზოგადოებას ვერაფერი შესთავაზა.

- ხელისუფლების ლიდერები ამტკიცებენ, რომ დაპირებები გადაჭარბებით სრულდება...                
- ,,ქართულმა ოცნებამ’‘ ვირტუალური რეალობა შეიქმნა, რომელსაც მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებასთან საერთო არაფერი აქვს. საზოგადოებას ამ ვირტუალური რეალობის რომ არ სჯერა, არჩევნების პირველმა ტურმაც დაადასტურა.  
              
- პირველი ტურის შედეგები ამომრჩევლის დაბალ აქტივობას დაბრალდა. აქტიურობის შემთხვევაშიც მივიდოდით მეორე ტურამდე?                 
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აქტივობა მართლაც ყოველთვის დაბალია, მაგრამ ახლა საუბარია საარჩევნო უბნებზე გამოცხადებული ადამიანების პოზიციაზე. ეს მხარდაჭერა ხელისუფლებაში წელიწადნახევრის წინ მოსული პოლიტიკური ძალისთვის საკმაოდ დაბალი იყო და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ კოალიცია თვითკმარი გახდა - გუნდში განახლების პროცესი არ დაწყებულა და ავტორიტეტულ სახეებს არავინ ეძებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც, საკრებულოში პიროვნებები მხოლოდ მორჩილების კრიტერიუმით შეარჩიეს. ეს მკაფიო მესიჯი იყო ყველასთვის - სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, სხვისთვის გზა ჩაკეტილიაო.        
             
- არჩევნების დასრულების შემდეგ კოალიციაში ,,წმენდის’‘ დაწყების მოლოდინი გაჩნდა. აწყობს ეს პროცესი ,,ოცნებას’‘? ,,წმენდა’‘ კოალიციის ურეინტიგო პარტიებად დაშლის საფრთხეს არ ზრდის?                 
- თუ კოალიციას თვითგადარჩენის ინსტინქტი აქვს და პირველი ტურის შედეგებზე დაფიქრდება, ეს პროცესი დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. თუ მეორე ტურის შედეგებით დატკბება, მას და საზოგადოებასაც საქმე თანაბრად ცუდად წაუვა - პროცესები მზარდ უკმაყოფილებამდე მივა!    
                    
- ,,ცხელი შემოდგომა’‘ უკვე დაანონსებულია - ბუტა რობაქიძის მამა სამართლიანობის აღდგენის მოწოდებით, ქუჩაში 100 ათასი ადამიანის გამოყვანას აპირებს, ნინო ბურჯანაძეც მასშტაბური გამოსვლებით იმუქრება და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს, ნაციონალური მოძრაობაც იმავე სამზადისშია. რა პროცესი იკვრება შემოდგომისთვის?                     
- რომელ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზეა საუბარი ან რომელ პარტიას აქვს რესურსი, დღეს პარლამენტში მოხვდეს? ეს თითიდან გამოწოვილი საბაბია და თანაც, ამ მოთხოვნით ქუჩაში არავინ გამოვა! ეს ყველაფერი რუსეთიდან მართულ პროცესს ჰგავს. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი დაპატიმრებულია და ხომ არ შეიძლება, ვისაც მათი ოფისის გვერდით ჩაუვლია, ყველა დაიჭირონ? არ შეიძლება, საზოგადოება ერთსა და იმავე წრეზე დადიოდეს და ჭკუას მაინც ვერ სწავლობდეს. როცა ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოვიდა და შევარდნაძისდროინდელი მაღალჩინოსნების მასობრივი დაკავება დაიწყო, ხალხი ტაშს უკრავდა. შესაძლოა, ეს ადამიანები დამნაშავეები მართლაც იყვნენ, მაგრამ თავად დაკავება ყოველგვარი კანონდარღვევით ხდებოდა. საზოგადოების ყიჟინამ მაშინდელი ხელისუფლება კანონდარღვევებში წაახალისა. ზოგადად, თუ მმართველი ძალა კანონს ერთხელ დაარღვევს, მეათედ და მეასედ იგივეს გააკეთებს. შესაძლოა, დღესაც ეს პროცესი დაიწყოს.

- რატომ ფიქრობთ, რომ ,,ქართული ოცნება’‘ ნაციონალური მოძრაობის გზას დაადგება?                
- ჯერჯერობით, ამის ნიშნები არ არის, რადგან სამართლიანობის აღდგენის კუთხით კანონდარღვევაში ხელისუფლებას ნამდვილად ვერ დაადანაშაულებ. ამ მიმართულებით მმართველი გუნდი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს - სადაც არსებობს ფაქტობრივი მტკიცებულებები კონკრეტულ პირს ბრალს უყენებს, თუ მტკიცებულებები არ არსებობს - სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისგან თავს იკავებს. მხოლოდ იმის გამო, რომ საზოგადოებაში ასეთი წარმოდგენა არსებობს, ადამიანებს ციხეში ვერ ჩასვამენ. საზოგადოებრივი წარმოდგენის მიხედვით, ადამიანებს ლინჩის წესით სჯიდნენ და მაშინ პირველყოფილ წყობილებაში დავბრუნდეთ. ეს თავიდან ბოლომდე ქართული საზოგადოების პრობლემაა - ოღონდ სისხლი ნახონ და შურისძიების აქტი აღასრულონ, კანონდარღვევა და სამართლის ფეხქვეშ გათელვა არ ანაღვლებთ. მთავარია, ხელისუფლება ამ საცდურს და ყიჟინას არ აყვეს, მაგრამ თუ კოალიცია მაინც ამ წრეზე წავა, საზოგადოება შესაბამის შედეგს მიიღებს!

- მეორე ტურამდე გიგი უგულავას დაკავება და პოლიტიკურად ცხელი ზაფხულის დაანონსება ყიჟინაზე გამოხმაურება იყო?
- როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ჩათვალა, ეს საზოგადოების დაკვეთაა და ასეა საჭირო. ნაციონალური მოძრაობის დროს სხვები თუ დაზარალდნენ, მათ შორის ერთ-ერთი ჩემი ოჯახიც იყო თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ხელისუფლებისგან იგივე მონსტრის შექმნის სურვილი მაქვს, როგორიც ნაციონალური მოძრაობა იყო. ეს საზოგადოებამაც უნდა დაინახოს და თუ ვერ დაინახავს, ისეთ დღეში ჩავარდება, ცოცხები მოენატრება. მონსტრ ხელისუფლებას ყოველთვის საზოგადოება ქმნის, როგორც ეს ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში მოხდა. არ შეიძლება ეს ტენდენციად იქცეს. ვიმეორებ, ცოცხი საზოგადოებისთვის არავის მოუღერებია, თავად მოიღერა და გამოიწერა მაშინ, როცა ნაციონალური მოძრაობის კანონდარღვევას ყიჟინით ხვდებოდა. იმედი მაქვს, ახლაც იგივე წრეზე არ წავალთ.