საიუმოროდ, სახუმაროდ, მთლად სალაღობოდაც გადაიქცა ეს ,,მეტი’‘.
ნატო-ს წევრობა კი არის ოცნების მხარე და აღთქმული ქვეყანა, მაგრამ მაპ-ის მიღება უფრო მეტია, და თუ მაპი-ც არ გიბოძეს და რაღაც გაურკვეველი ,,სანაცვლო’‘ შემოგთავაზეს - ეს კიდევ უფრო მეტი, და თუ ის ,,სანაცვლოც’‘ სანატრელი გაგიხდა - ეს ხომ მეტია და მეტზეც მეტი.
იყო დრო, როდესაც კომუნიზმის აღაჟღაჟებული მწვერვალები ცხადდებოდა ოცნების მხარედაც და აღთქმულ ქვეყნადაც, მაგრამ მერე გადაწყვეტდნენ, რომ კომუნიზმზე მეტად მიეჩნიათ განვითარებული სოციალიზმი, განვითარებულ სოციალიზმზე მეტად კი - სოციალიზმი, რომლის წიაღშიც ვტრიალებდით...
* * *
ისე მართლაც ძალზე საგულისხმო მოვლენაა ეს ,,მეტი’‘ - მისი სოციალური, პოლიტიკური, ფსიქოლოგიური და გნებავთ ფილოსოფიური ასპექტები.
მისი ეს უაღრესი ტევადობა და მრავალმხრივობა რომ არა, ვერც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთა ფენომენსა და რაობას ჩავწვდებოდით ჯეროვნად და ვიკმარებდით იმ ზედაპირულ აღთქმას, რომლის მიღმაც არის, რაც არის. აგერ თუნდ ახლაც, ამ წამს რომ გადართოთ ერთი ტელეარხი მეორეზე, მეორე - მესამეზე, მესამე - მეოთხეზე... ყველგან ბატონი რიჩარდ ნორლანდის სახე შემოგანათებთ, ამა თუ იმ მოვლენას რომ აფასებს ან შენიშვნას გამოთქვამს.
და ეს იმის მიუხედავად, რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი მოხდა ან ხდება საქართველოში თუ ნაკლებ მნიშვნელოვანი თუ სულაც უმნიშვნელო;
და ეს იმის მიუხედავად, ეს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ამბავი ან აქცია რაიმეთი უკავშირდება თუ არა ამერიკის შეერთებულ შტატებს - ძალიან, ნაკლებად თუ... სრულიადაც არა.
ბატონ ნორლანდს უნდა დავეკითხოთ.
ბატონ ნორლანდს უნდა დავაზუსტებინოთ.
ბატონ ნორლანდისაგან უნდა შევიტყოთ ჩვენი შემდგომი მოქმედების სქემაც და გეზიც.
შევაწუხოთ... შევაწუხოთ... უღმერთოდ შევაწუხოთ...
შესაძლოა კიდეც სიამოვნებდეს ამგვარი შეწუხება, შესაძლოა უკვე ძალიანაცაა გაბეზრებული, მაგრამ როგორც ოჯახში აღზრდილ კაცს შეშვენის, არ იმჩნევს და რჩევასა თუ შენიშვნას არ გვამადლის.
მაგრამ ჩვენ რა გვრჯის საიმისოდ, რომ მის გარდა ლამის ვერავის და ვეღარაფერს ვხედავთ?
- ბატონო ნორლანდ, უნდა აღდგეს თუ არა სამართლიანობა?
- ბატონო ნორლანდ, რას ბრძანებთ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე?
- ბატონო ნორლანდ, როგორ უნდა გადანაწილდეს სახელმწიფოებრივი უფლებანი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის?
- ბატონო ნორლანდ, სად უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის შენობა - ქუთაისში თუ თბილისში?
- ბატონო ნორლანდ, რას ბრძანებთ პროკურატურის მუშაობაზე?
- ბატონო ნორლანდ, რას ბრძანებთ სასამართლო სისტემაზე?
- ბატონო ნორლანდ, რას ბრძანებთ სასჯელაღმსრულებელ დაწესებულებათა მოწესრიგებაზე?
- ბატონო ნორლანდ, რა ეშველება ჩვენს ,,დინამოს’‘?
- ბატონო ნორლანდ, რომელ ქვეყნებთან რა ურთიერთობა უნდა გვქონდეს?
- ბატონო ნორლანდ, ღირს თუ არა ახლო წარსულის ქექვა?
- ბატონო ნორლანდ, მიწის ხვნა-თესვას ადრეულ გაზაფხულზე შევუდგეთ, კიდევ უფრო ადრე თუ სულაც ზაფხულში სჯობს?
- ბატონო ნორლანდ, ის ოჯახური კონფლიქტი რომ მოხდა, რას ურჩევდით?
- ბატონო ნორლანდ, ხილს მივანიჭოთ უპირატესობა თუ ბოსტნეულს?
- ეკლესიის გუმბათი ჩამოიქცა და რა ვიღონოთ, ბატონო ნორლანდ?
- დიდ სიცხეებს ხომ არ დაიჭერს ზაფხულში, ბატონო ნორლანდ?
- ბატონო ნორლანდ, ადრე ხომ არ დაგვიზამთრდება?
- ხვალ იწვიმებს, ბატონო ნორლანდ?
- ბატონო ნორლანდ, კაშხლების მშენებლობაზე რას გვირჩევთ, მართლა ასე სამძიმო იქნება ჩვენი ქვეყნისათვის რაღაც ორიოდე სოფლის ჩაძირვა წყალში?
- ბატონო ნორლანდ, ბაგრატის ტაძრის რესტავრაციაზე რას ბრძანებდით?
- ვითომ მართლა ძველთაძველია საყდრისის მაღარო, ბატონო ნორლანდ?
- ბატონო ნორლანდ...
- ბატონო ნორლანდ...
- ბატონო ნორლააააააანდ!..
დაუზარელი ჩანს, ძალზე დაუზარელი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, ბუნებითაა ასეთი, აღზრდით თუ მოვალეობის შეგნებით, ჯერ არცერთი ჟურნალისტი უარით არ გაუსტუმრებია და არც ის წამოცდენა: ამის თაობაზე კი რა მოგახსენოთო...
თუმც რატომ უნდა წამოსცდენოდა - ალბათ ყველაფერი ჩინებულად და ძირისძირობამდე მოეხსენება და...
მარტოოდენ ელჩი რომ იყოს, ამდენს როგორ გაწვდებოდა, მაგრამ ბატონი ნორლანდი ელჩზე მეტია - და მგონი კიდევ უფრო მეტიც - და ყველაფერზე მოსაზრების გამოთქმა მის უფლება-მოვალეობებში თავისთავად იგულისხმება.
ეს ყველაფერი კარგი და პატიოსანი, მაგრამ მისი უთვალავი რჩევა-დარიგებებიდან და შენიშვნა-კომენტართაგან მკაფიო აზრის გამოტანა ზოგჯერ ცოტა არ იყოსდა ხომ არ... ძნელდება?
განა ასეთივე რჩევებსა და კომენტარებს არ ურიგდება დელფოს ორაკული მისკენ დაუსრულებელ ნაკადებად დაძრულ ხალხს?
მინიშნებებზე აგებულს, ბუნდოვანებაში გახვეულსა და სიმბოლო-მეტაფორებით გაწყობილს.
ეს კი ნიშნავდა, რომ ყველა ადამიანი თავისებურად იგებდა დელფოს სამისნოდან გამომავალ ხმას, თავისებურად გაიაზრებდა და თავისას ითვისებდა. თუ დადასტურდებოდა ის რჩევა-კომენტარი, ხომ აღფრთოვანდებოდნენ და აღფრთოვანდებოდნენ ორაკულის წინასწარმეტყველებით, თუ არ გამართლდებოდა და... მაინც ემადლიერებოდნენ - ეს ჩვენ ვერ ჩავწვდით მისი ნათქვამის სიღრმეს, თორემ თვითონ ხომ ყველაფერი და ყოველმხრივ გვამცნოო.
ეს ადამიანური ფსიქოლოგიაა, ბატონ ნორლანდსაც რომ არ აკლია მადლიერნი და კვლავაც და კვლავაც ასე დარჩება ქართველ ჟურნალისტთა გაუთავებელ ალყაში მოქცეული, ვიდრე ელჩობის ვადა ამოეწურება და ახალ ელჩს მოგვივლენენ... რასაკვირველია, იმასაც მეტს და გაცილებითაც უფრო მეტს, ვიდრე ელჩობაა.
და ახლა ის დაგვარიგებს და არც შენიშვნებს მოგვაკლებს, ჩვენი კანონმდებლობა როგორ გადავახალისოთ, როგორ ვხნათ და ვთესოთ, სახლები როგორ ავაშენოთ, სამოსი როგორ მოვირგოთ, დანა-ჩანგალი როგორ დავიჭიროთ, ცოლ-ქმარი როგორ მოვარიგოთ, ეკლესია-მონასტრებს რა ვუყოთ, კიდევ რამდენი სოფელი შეიძლება ჩავძიროთ წყალში, ქართული მიწების გაყიდვას უცხოელებზე სადღაც მაინც თუ უნდა გამოუჩნდეს საზღვარ-სამანი, საიდან დავიწყოთ საქართველოს ისტორია, საერთოდ ვართ თუ არა სახელმწიფო, რას უნდა ველოდეთ ხვალ - თოვლსა თუ წვიმას, წვიმასა თუ მზეს, მზესა თუ მზის დაბნელებას?!.
* * *
ის კი გავიგეთ თავის დროზე, კომუნიზმზე მეტი განვითარებული სოციალიზმი რომ იყო, და განვითარებულ სოციალიზმზე მეტი - სოციალიზმი, მაგრამ ისე დაინგრა საბჭოთა იმპერია და ისე გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, სამუდამოდ ბურუსით მოცული დარჩა, იმ ელვისებური ნგრევის ჟამს ჯერაც სოციალიზმში ვიმყოფებოდით თუ უკვე განვითარებულ სოციალიზმში გვქონდა შედგმული ცალი ფეხი მაინც.
თუმც... სამუდამოდ ბურუსით მოცული რატომ?
განა აგერ, ჩვენს გვერდით არ გვეგულება დაუზარელი კაცი, ვინც ამ ბუნდოვანებასაც თავისებურად გაგვიფანტავს?
- ბატონო ნორლანდ... ბატონო ნორლანდ... ბატონო ნორლააააააანდ!..