ევროპის პოლიციელთა და მეხანძრეთა მე-5 სპორტულ თამაშებზე ცურვაში შეჯიბრის მეორე დღეს სამმა ქართველმა სპორტსმენმა პოლიციელმა სხვადასხვა სტილით ცურვაში კიდევ 4 მედალი მოიპოვეს, აქედან 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია.
გიორგი ბერძენიშვილმა 400 მეტრი თავისუფალ ყაიდაში გაცურა და მიუხედავად გამოცდილი და ძლიერი მოწინააღმდეგეებისა შეძლო და ოქროს მედალი დაისაკუთრა. მან ასევე იასპარეზა 200 მეტრზე გულაღმა სტილით ცურვაში და ბრინჯაოს მედალი აიღო.
ასევე გულაღმა სტილით ცურვაში მოასპარეზე გიორგი სამარღანიშვილი ფირნიშის ხაზზე მეორე მიცურდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ხოლო მესამე ქართველმა პოლიციელმა ლევან ვარამაშვილმა 50 მეტრზე ბრასის სტილით ცურვაში ბრინჯაოს მედალი აიღო.
ქართველმა სპორტსმენმა პოლიციელებმა ბელგიის ქალაქ ბრიუსელში ევროპის პოლიციელთა და მეხანძრეთა მე-5 სპორტული თამაშებზე სულ 21 მედალი მოიპოვეს - 3 ოქროს, 11 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს მედალი.