ისტორია მეორდება, ოღონდ, თავიდანაა დრამა და მერე ფარსი, ამიტომ ძნელი სათქმელია, რომ დღესაც იგივე ხდება

ისტორია მეორდება, ოღონდ, თავიდანაა დრამა და მერე ფარსი, ამიტომ ძნელი სათქმელია, რომ დღესაც იგივე ხდება

ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ ავტოფარეხში გარდაცვლილი იპოვეს

15 ივლისს, საღამოს ეროსი კიწმარიშვილის ცხედარი ვაკეში, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან, ავტოფარეხში დაცვის უფროსმა იპოვა. გამოძიება 115- მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას ითვალისწინებს. ხელისუფლებაცა და სამართალდამცავებიც, რომელთაც ეს საქმე უკვე გადააბარეს პროკურატურას, მკვლელობას მიზანმიმართულად არ ახსენებენ და მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ, თუმცა ყველა ადამიანის პირველი და გულწრფელი რეაქცია, ვინც ეროსი კიწმარიშვილს ერთხელ მაინც შეხვედრია, ასეთი იყო - ეროსი თავს არ მოიკლავდა! ასეცაა, ეროსი კიწმარიშვილი, ყველა იმ სფეროსა თუ საქმეში წარმატებული ადამიანი, რასაც ხელი მოჰკიდა, სიცოცხლეს თვითმკვლელობით არ დაასრულებდა! ასე რომ, არაა გამორიცხული, ცოტა ხანში, გამოძიებას უფრო რეალური ვარაუდის გამოთქმა, თვითმკვლელობის მუხლის შეცვლა და შეკვეთილ მკვლელობად გადაკვალიფიცირება მოუხდეს. მით უმეტეს, ეროსი კიწმარიშვილის ,,თვითმკვლელობაც’‘ ისეთივე თეთრი ძაფითაა ნაკერი, როგორც ზურაბ ჟვანიას გაზით გაგუდვა! ბოლო, ვინც ეროსი კიწმარიშვილს ესაუბრა, რეგიონული ტელეკომპანია ,,თრიალეთის’‘ გენერალური დირექტორი ბადრი ნანეტაშვილია, რომლის განცხადებით, კიწმარიშვილი ახალი ტელევიზიის გახსნის შესახებ უამბობდა და არასამთავრობო სექტორიდან გააქტიურებას აანონსებდა. საკუთარ გეგმებზე საუბარს ეროსი კიწმარიშვილი ,,ვერსიასთანაც’‘ აპირებდა და, როგორც ორი დღის წინ სატელეფონო საუბარში გვითხრა, ეს ინტერვიუ მომავალ კვირაში უნდა შემდგარიყო. კიწმარიშვილმა ისიც დასძინა, რომ ჰქონდა დოკუმენტები, რომლითაც რუსთავში არჩევნების გაყალბების მექანიზმს ამხელდა და ათასობით ამომრჩევლის გაყალბებულ სახელსა და გვარს, სიის სახით გადმოგვცემდა. რადგან მისი ყველა ახლობელი, ნათესავი, კოლეგა, მეგობარი თუ მეზობელი თვითმკვლელობის ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს, თავს უფლებას მივცემთ, ამაზე არც ჩვენ ვისაუბროთ. მხოლოდ, ქრონოლოგიურად გავიხსენებთ კიწმარიშვილის სკანდალურ და, როგორც წესი, წარმატებულ მოღვაწეობას, რომლის დროსაც, როგორც წინა, ისე ახლანდელი ხელისუფლების მაღალ ეშელონებში არაერთი მტერი გაიჩინა. არაა გამორიცხული, სწორედ ამ მოღვაწეობის რომელიმე ეპიზოდს უკავშირდებოდეს მისი სავარაუდო მკვლელობაც.     

1993 წელს ეროსი კიწმარიშვილმა, პარტნიორებთან - დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძესთან ერთად, შპს ,,გამა+’‘ დააარსა, რომლის ბაზაზეც ბრენდადქცეული ტელევიზია, ,,რუსთავი 2’‘ შეიქმნა. იგი 1994-დან 2004 წლამდე, ვიდრე ,,რუსთავი 2’‘-’‘ში წილებს გაასხვისებდა, უფრო სწორად, გაასხვისებინებდნენ, არხის გენერალური დირექტორი იყო. მაშინ კიწმარიშვილს ედუარდ შევარდნაძის მთავრობის არაერთი მაღალჩინოსანი ემუქრებოდა, რაც საბოლოოდ, შევარდნაძის წასვლით, მანამდე მინისტრების მოხსნითა და ,,ვარდების რევოლუციით’‘ დასრულდა, რაშიც ლომის წილი სწორედ ,,რუსთავი 2’‘-ს მიუძღვის. ამ 8-წლიანი პერიოდის განმავლობაში, რაც ალბათ, ,,რუსთავი 2’‘-ის ოქროს ხანა იყო, კიწმარიშვილმა არაერთი მუქარა მიიღო და მტრებიც გაიჩინა. 2004 წელს, კიწმარიშვილი საქართველოს სავაჭრო- სამრეწველო პალატის ხელმძღვანელიც იყო და ძალიან ცოტა ხნით, საზოგადოებრივ მაუწყებელზე კონსულტანტადაც მუშაობდა. მის ბიორგაფიაში მნიშვნელოვანი შტრიხია 2007 წელი და 2008 წლის იანვარი, როდესაც პირადად პრეზიდენტ სააკაშვილის ,,პიარშიკი’‘ იყო და სააკაშვილის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიის სტრატეგიას ოფიციალურად ხელმძღვანელობდა. არჩევნებიდან სულ რამდენიმე თვეში კიწმარიშვილს ნაციონალურ მოძრაობასთან ურთიერთობა საბოლოოდ გაუფუჭდა და იგი რუსეთის სრულუფლებიან ელჩად გაუშვეს. საინტერესოა ის ინფორმაციები და კონტაქტები, რაც ეროსი კიწმარიშვილს ელჩად ყოფნის პერიოდში დაუგროვდა. იგი ამ პოსტზე დაახლოებით ერთი წელი იყო. 2010 წელს, როცა კიწმარიშვილი ქვეყანაში დაბრუნდა, მან ძმებ ,,გრეჩიხებთან’‘, გუშინ გამინისტრებულ სოზარ სუბართან, კოკა გუნცაძესა და ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად ,,ქართული პარტია’‘ დააარსა და ახალი რევოლუცია დააანონსა. ზუსტად ამ პერიოდში, მკვდრადშობილი ,,ქართული პარტიის’‘ შექმნის პარალელურად, მან ხელი კიდევ ერთ მკვდარ პროექტს მოკიდა და ტელეკომპანია ,,მაესტრო’‘ ლაზარესავით გააცოცხლა, როგორც თავად მიყვებოდა ინტერვიუში. ცოტა ხანში, კიწმარიშვილი პარტიაშიც გადააგდეს და ,,მაესტროზეც’‘, რადგან ასპარეზზე ახალი, ძლიერი მოთამაშე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა. როგორც ,,მაესტროს’‘ შენობაში, მეორე სართულზე, მხარდამჭერებთან ერთად გამაგრებული კიწმარიშვილი მიამბობდა, იგი მამუკა ღლონტმა ,,გადააგდო’‘, მას არც კუთვნილი მილიონები გადაუხადა, რაც კიწმარიშვილმა ,,მაესტროში’‘ საკუთარი ჯიბიდან ჩადო და ბიძინა ივანიშვილს მიეყიდა. არც ბიძინა ივანიშვილი მალავდა ანტიპათიას კიწმარიშვილის მიმართ, გამოჩენის დღიდან მისი პოზიცია იყო - ყველა, მინუს ეროსი და მან ,,მაესტროსა’‘ და ,,კავკასიას’‘ საჯაროდაც შესთავაზა, არხებს ვიყიდი, გავაძლიერებ და უკან სიმბოლურ ფასად, ლარად მოგყიდითო. მაშინ გაირკვა, რომ ,,უცნობმა’‘ ანუ გია გაჩეჩილაძემ ,,მაესტროს’‘ წილი მოსკოვში მცხოვრებ ბიზნესმენს, მაკა ასათიანის ქმარს, კოტე გოგელიას გადასცა მართვაში. თუმცა, ამას ,,მაესტროელები’‘ კარგა ხანს უარყოფდნენ. პარალელურად, ,,ქართულ პარტიაში’‘ მოვლენები ძალიან საინტერესოდ განვითარდა. ირაკლი ოქრუაშვილი ქვეყნიდან წავიდა, კოკა გუნცაძე ხელისუფლებას კარგად ,,შეეთავსა’‘ და რკინიგზის შეფად წავიდა, ციხეების შეფი გახდა სოზარ სუბარი, ძმები გაჩეჩილაძეები კი უბრალოდ აორთქლდნენ, თუმცა ჭორი დადიოდა, ამ ,,აორთქლებაში’‘ დიდძალი ფულიც აიღესო. ასე შერჩა ხელში ივანიშვილს მარტო კიწმარიშვილი და ,,ოცნების’‘ მხარდამჭერთა ლანძღვის ობიექტადაც იქცა. მას ამ დრომდე ორი მიმდინარე პროცესი აქვს სასამართლოში - ,,რუსთავი 2’‘-ის წილებთან და ,,მაესტროს’‘ მიერ კონტრაქტით გათვალისწინებული ფულის დაბრუნებასთან დაკავშირებით. კიწმარიშვილი არც ამის მერე დანებებულა - 2014 წელს მან რუსთავის მერის პოსტზე კენჭი იყარა, პირველ ტურში ვერ გავიდა და მეორე ტურში ისევ საოცარი შოუ დადგა - ნაციონალი კანდიდატის სასარგებლოდ, რუსთავის მთელი ოპოზიციის მობილიზება მოახდინა და ყველას ,,ოცნების’‘ წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდა. ბოლო დღეებში, კიწმარიშვილი ,,ოცნების’‘ მხარდამჭერების მხრიდან ლანძღვის საგანი სწორედ ამის გამო გახდა. ჩვენც სწორედ ამ თემებზე უნდა ჩაგვეწერა მასთან ინტერვიუ და მომავალ გეგმებზე გვესაუბრა. თუმცა გთავაზობთ ბოლო ინტერვიუს, რომელიც 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებამდე 2 დღით ადრე ჩავწერეთ. ეს პერიოდი ,,რუსთავი 2’‘-ში მოსასმენი აპარატურის პოვნას დაემთხვა და კიწმარიშვილმა, ჩვენთან ერთად, ამ არხის შექმნიდან დღემდე, მთელი პერიოდი მიმოიხილა:                  
- ,,რუსთავი 2’‘-სა და ,,ოცნებას’‘ შორის დაძაბულობა გრძელდება. ფარული ჩანაწერების ფრიალი, თავისმართლების პოზიციაში ჩამდგარი უმრავლესობა, დაკითხვაზე დაბარებული ნიკა გვარამია, შუბლაძის წასვლა არხიდან - 2001 წელს ,,რუსთავი 2’‘-სა და მაშინდელ ხელისუფლებას ურთიერთობა სწორედ ასე დაეძაბა. ისტორია მეორდება?                   
- ასეთი გამოთქმა არსებობს - ისტორია მეორდება, ოღონდ, თავიდანაა დრამა და მერე ფარსი, ამიტომ ძნელი სათქმელია, რომ დღესაც იგივე ხდება. 
                    
- ანუ თქვენ დროს დრამა იყო, ახლა ფარსია?                   
- როგორც გინდათ, ისე დაარქვით. მაშინ ხალხის გარეთ გამოსვლა მათთვის მნიშვნელოვან მოვლენაზე რეაქცია იყო, ამის გამო, ფაქტობრივად, მთელი აღმასრულებელი ხელისუფლება და მთავრობის ძირითადი მოთამაშეები შეიცვალნენ. ეს სერიოზული მიწისძვრა იყო, რამაც 2 წლის შემდეგ ,,ვარდების რევოლუციისთვისაც’‘ მოამზადა ფონი, თუმცა მიზეზი მხოლოდ ,,რუსთავი 2’‘ არ ყოფილა - ეს იყო საზოგადოების პროტესტი, რომელიც ამ ფორმით გამოიხატა.     
                      
- ,,რუსთავი 2’‘-ში შეჭრის საჯარო მიზეზი დიდძალი გადასახადების დამალვა იყო, ეს საბედისწერო გადაწყვეტილება კი მაშინდელმა შს მინისტრმა, კახა თარგამაძემ მიიღო, რასაც პოლიტიკურად შეეწირა კიდეც. რა მოხდა სინამდვილეში?                   
- 2001 წელს შევარდნაძის გუნდში, ერთმანეთს ორი დაჯგუფება ებრძოდა: მაშინდელი შს მინისტრი კახა თარგამაძე და მასთან დაკავშირებული ბევრი გავლენიანი ადამიანი, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილიც, ხოლო მეორე ჯგუფში ნუგზარ საჯაია და სხვა პირები იყვნენ. ამ დროს უკვე პოსტშევარდნაძის პერიოდისთვის მიდიოდა მზადება. 2005 წელს პრეზიდენტს ყველანაირი სამართლებრივი ვადა ეწურებოდა და პოსტზე მისი დარჩენის არანაირი მექანიზმი არ არსებობდა. 2000 წლიდან უკვე გავლენის მოსაპოვებლად დაიწყო ბრძოლა. მოკლედ, რევოლუციას არავინ გეგმავდა, ყველა შევარდნაძის წასვლისთვის ემზადებოდა, რათა ამის მერე რაც შეიძლება კარგი სასტარტო პოზიცია მიეღო. ამ გზაზე მთავარი ხელისშემშლელი და მოგების ძლიერი ინსტრუმენტი კი მედია იყო, სადაც გაბატონებული ლიდერი ,,რუსთავი 2’‘ გახლდათ. ამ არხის ყიდვის, ხელში ჩაგდებისა თუ განადგურების უამრავი სქემა იხილებოდა. არაერთხელ იყო მოლაპარაკებისა და შანტაჟის მცდელობაც.          
              
- ამ მოლაპარაკებებში თქვენც იყავით ჩართული - არხზე უშიშროების შემოსვლის მერე თქვენ, ჟვანია- სააკაშვილთან ერთად, თარგამაძე არ ,,შეწირეთ’‘ ამ საქმეს?                      
- სააკაშვილი 2001 წელს საერთოდ ვინ იყო - იუსტიციის ახლადგადამდგარი მინისტრი, 7-კაციანი ფრაქციით პარლამენტში. 2001 წელს კი ჟვანიას ჩემთან არავითარი კავშირი არ ჰქონია. 2001 წლის ოქტომბერში, კახა თარგამაძის ფრთამ დაუშვა საბედისწერო შეცდომა - ინიცირება გაუკეთა ტელევიზიაში შემოჭრას, პარალელურად, დაიწყო არხზე გასული რეკლამების ქრონომეტრაჟის კონტროლი, კულუარული საუბრები პარლამენტში და ა.შ. ამას ქუჩაში 10 000-ობით ადამიანის გამოსვლა მოჰყვა. შევარდნაძე და მისი გუნდი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. შევარდნაძეს პირადადაც ვესაუბრე და ვკითხე, იცოდა, თუ არა ,,რუსთავი 2’‘-ში შეჭრის გადაწყვეტილების შესახებ. ვიციო, მითხრა, მაგრამ არ ეგონა, მოვლენები ასე თუ განვითარდებოდა. ამ ყველაფრის გამო ძალიან ცუდ დღეში აღმოჩნდა ძალიან კარგი ადამიანი, მაშინდელი მინისტრი ვახტანგ ქუთათელაძე და იძულებული გახდა, გადამდგარიყო კიდეც. ამის შედეგად, ქვეყანაში მძიმე კრიზისული ვითარება შეიქმნა, რაც პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდა. ამ დროს, ჩემთვის სრულიად მოულოდნელად, გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია, ასევე კახა თარგამაძე და ასე შეიცვალა ძალთა ბალანსი საქართველოში. 1 თვეში, ასევე ყველასათვის მოულოდნელად, თავს იკლავს ნუგზარ საჯაია და 2 მთავარი მოთამაშე ქრება პოლიტიკური არენიდან. ანუ მაშინდელი ხელისუფლება ისეთ ბომბს შეეხო, რომელმაც მთელი პროცესი ააფეთქა. ეს არ იყო შეთქმულების თეორია - უბრალოდ, მაშინ ხალხშიც მომწიფებული იყო დიდი ცვლილებების სურვილი. ასე გაქრნენ უძლიერესი რუხი კარდინალი საჯაია და ამბიციური მინისტრი კახა თარგამაძე, 2001 წელს კი ამ პროცესების წიაღში სააკაშვილი ახალ ლიდერად დაიბადა.      
                  
- სად იყო სააკაშვილი ამ დროს, რა პოზიცია ჰქონდა?                  
- მან ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო. ამ კრიზისის დროს იგი კიევში იყო, პროცესებში ღიად არც ჩართულა. იგი ახალგაზრდა თაობაში უკვე საკმაოდ პოპულარული იყო და ბევრი ადამიანის თხოვნის მიუხედავად, საქართველოში არ ჩამოვიდა. ეს ყველაფერი სააკაშვილმა კარგად გათვალა, რადგან მხოლოდ 33 წლისა იყო და შევარდნაძე რომ გადაეგდოთ, პრეზიდენტი მაინც ჟვანია გახდებოდა.  
                       
- ისე, დღევანდელ მთავრობაში თარგამაძის ტიპის ამბიციურ ლიდერს ხედავთ, ან თუნდაც ისეთს, ვინც გავლენიან ტელეარხს ღია კონფრონტაციაში გამოიწვევს?                        
- ,,ოცნების’‘ პოლიტიკურ გუნდს ან პოლიტიკოს ირაკლი ღარიბაშვილს ჯერ არ ვიცნობ, ვიცნობ მხოლოდ ერთ პოლიტიკოსს, ბიძინა ივანიშვილს და მის მიერ დანიშნულ ადამიანებს. ყველა დანარჩენმა ჯერ ის უნდა დაამტკიცოს, რომ პოლიტიკური მოთამაშეა, რასაც დრო სჭირდება. ზოგადად, დღევანდელ და მაშინდელ ვითარებას შორის ორი განსხვავებაა: ჯერ ერთი, სხვა განწყობა იყო მაშინ საზოგადოებაში, იყო ცვლილებების მუხტი, რევოლუციის მოლოდინი. დღეს ეს მუხტი არ არსებობს და ხალხი დრამატული ცვლილებისთვის არ არის განწყობილი. მეორე განსხვავება კი ისაა, რომ ,,რუსთავი 2’‘-ის მაშინდელი მდგომარეობა და გავლენა ხალხის მოთხოვნის ამსახველი იყო.
                           
- დღეს ,,რუსთავი 2’‘ ხალხის განწყობას აღარ გამოხატავს ან იქნებ საქმე მის დირექტორ ნიკა გვარამიაშია?                         
- ,,რუსთავი 2’‘-ის მუშაობის შედეგად დადებული პროდუქტი, რასაც ყველა ვხედავთ, ბოლო 10 წლის შედეგია. გართობის ინდუსტრიაში კარგ პროდუქტს ვხედავ, პოლიტიკურ შოუებს კი ყველა არხზე ერთნაირი, მოძველებული და მდარე ხარისხი აქვს. იგივეა ფორმატი, სტილისტიკა, ერთადერთი, რაც უმჯობესდება, ინტერიერი და სტუდიაა, სხვა სიახლე არ არის. არადა, ბოლო 15 წელია მსოფლიო გაცილებით შორს წავიდა, ვიდრე დღეს ჩვენ ვართ. ის გავლენა, რაც მაშინ ტელევიზიას ჰქონდა და აქვს დღეს, მხოლოდ პროფესიონალიზმის შედეგია, თუმცა ვერ ვიტყვი, მოიმატა თუ იკლო ამ გავლენამ. კონკრეტულად მოსმენების თემას რაც შეეხება, ეს ყველაფერი ვნახე, დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, ჩემში არც დიდი ემოციები გამოუწვევია. ერთი ის ვიცი, რომ არც ერთი და არც მეორე მხარის ქმედებას ისეთი არაფერი გამოუწვევია, ვერავინ ვერაფერს გადაყვება და ვერავინ ვერაფერს მოახდენს! გულწრფელად გეუბნებით, რაც დღეს ხდება, ბომბის აფეთქება არ არის, პატარ- პატარა ჩხუბია ორივე მხრიდან - ქარიშხალი ჭიქაში. დღეს საქართველოში მასშტაბური არაფერი ხდება. ეს მცირე დაძაბულობა ,,რუსთავი 2’‘-ზე ხელისუფლების გარკვეული ჯგუფის გავლენის მოსაპოვებლად დაიწყო, რასაც არხის რომელიღაც დაჯგუფების, რომელსაც არ ვიცი, ახლა ვინ წარმოადგენს, თავდაცვითი რეაქციები მოჰყვა. ეს არის პატარა, ლოკალური კონფლიქტები, რაც მასშტაბურ მოვლენებში არ გადაიზრდება. ვინც ამას ფიქრობს, გადაჭარბებული მოლოდინი აქვს. ეს ის მოვლენები არ არის, რამაც უნდა შექმნას ახალი ეპოქა ან ვინმე გადაიყოლოს. საერთოდ, მგონია, ვითარება არჩევნების მერე დამშვიდდება. კონფლიქტი იარსებებს, დაძაბულობა იქნება, მაგრამ ამ ჩარჩოებს არ გასცდება და ძალიანაც კარგი, თუ ასე მოხდება. ხალხი ამ ხელოვნური ქარტეხილებით დაიღალა. არხზე შევარდნებსა და ფინანსურ დევნასაც გამოვრიცხავ - რომც შეცვივდნენ, ამას რა მიზანი ექნება, მით უმეტეს, შედეგი?!      
                 
- ,,რუსთავი 2’‘-ისა და ,,მაესტროს’‘ სასამართლო პროცესებზე რა ხდება?                     
- ეს საქმეები, ფაქტობრივად, გაყინულია. 2009 წელს ,,რუსთავი 2’‘-თან დაკავშირებით დაწყებული სასამართლო პროცესი წავაგე, დღეს პროცესს ჩემი ორი სხვა პარტნიორი აწარმოებს, საჩივარი პროკურატურაში აქვთ შეტანილი და ე.წ. მოკვლევა უკვე 3 წელია გრძელდება. მოწმის სახით დიდი ხნის წინ დამკითხეს, გამოძიებას ჩემს ხელთ არსებული ინფორმაცია გადავეცი და ახლა დიდი ინტერესით ველი პროცესების განვითარებას. მას მერე იცვლებიან გენერალური პროკურორები, პროკურორები, გამომძიებლები და საქმე ისევ დევს. ახლა, თურმე, მიხეილ სააკაშვილის სახით ახალი მოწმე გამოჩნდა და აბა, მას თუ არ დაკითხავენ, ისე რა გაირკვევა. ანალოგიური მდგომარეობაა ,,მაესტროს’‘ საქმეზეც. მოკლედ, ჩვენი თემიდა იმდენჯერ გააუპატიურეს ბოლო წლების განმავლობაში, ახლა მისი ბუნებრივი მდგომარეობა ახალი მფარველის ძიებაა. ეტყობა, ეს ახალი მფარველი ახალი ხელისუფლებაა. უკვე 10 თვეა, უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას ვერ იღებს, დაუშვას თუ არა განხილვაზე ჩემი ეს სარჩელი. ასე რომ, ახლა თემიდა ზის და ვარსკვლავებს უყურებს, რომლებიც ჯერ ახალს არაფერს ამცნობენ.  
                    
- ადგილობრივ არჩევნებზეც ვისაუბროთ - ,,ქართული პარტია’‘ ბევრ ნაწილად დაიშალა: ირაკლი ოქრუაშვილის კაცი კენჭს გორში იყრის, ძმები გაჩეჩილაძეები ,,აორთქლდნენ’‘, თქვენ რუსთავის მერობა გინდათ, სოზარ სუბარი მინისტრია, კოკა გუნცაძე რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოშია. პარტია, თუ არ ვცდები, ოქრუაშვილს დარჩა, მაგრამ საინტერესოა, ვინ წაიყვანა მხარდამჭერთა ის ჯგუფი, რომელიც თავის დროზე გყავდათ?                      
- ,,ქართული პარტია’‘ ჩემი ინიციატივითა და ერთადერთი მიზეზით შეიქმნა. იგი განსხვავებული წარსულისა და პრინციპების მქონე ადამიანებით დაკომპლექტდა, მაგრამ მიზანი ერთი გვქონდა - ყველა სააკაშვილის წინააღმდეგ! სამწუხაროდ, ,,ქართული პარტიისა’‘ და ნინო ბურჯანაძის კიდევ უფრო დიდი გაერთიანება არ შედგა, პარტია დაიშალა, ბეჭედი და ხელმოწერა ვის დარჩა, ეს საინტერესო აღარავისთვისაა... თუმცა დიახ, ბეჭედი ნამდვილად ოქრუაშვილს დარჩა. პარტიიდან ყველა დანარჩენი გავიდა, მე გამრიცხეს, ეს იყო სულ... ,,ქართულ პარტიას’‘ მაშინ მხარდამჭერები იმიტომ ჰყავდა, რომ მასში რამდენიმე ძლიერი მოთამაშე გაერთიანდა. ძნელი სათქმელია, ამ დაშლილ მოთამაშეებს ახლა რა ზურგი და მხარდაჭერა აქვთ. ჩემი პირადი რეიტინგი იმ პარტიაში არც მაშინ მაინტერესებდა და არც ახლა მაინტერესებს. 4 წელი ხდება, არც ერთ ძველ თანაპარტიელთან არანაირი ურთიერთობა არ მქონია, არც ვიცი მათი ამბავი, არც ვკითხულობ და არც მაინტერესებს. რაც შეეხება ლევან და გია გაჩეჩილაძეებს, მათთან არანაირი ტიპის, მათ შორის, არც ადამიანური ურთიერთობები არ მაქვს. მათი შეფასებები და მხარდაჭერა საერთოდ არ მაინტერესებს. ისიც მათი პრობლემაა, გამოჩნდებიან თუ არა საერთოდ და ვის დაუჭერენ მხარს. ჩვენი პარტია თავიდანვე მკვდრადშობილი იყო - კრილოვის ცნობილი არაკისა არ იყოს.     
                  
- რუსთავის მერად რომ იყრით კენჭს, რისი იმედი გაქვთ?                 
- ყველა იმ ფაქტორისა, რისგანაც გამარჯვება ყალიბდება: ჩემი ცოდნა, გამოცდილება, პროფესიონალიზმი; ასევე, კონკრეტულად რუსთავის პრობლემების ცოდნა და ის ადამიანური თუ სხვა რესურსი, რაც ამ ქალაქში მაქვს. იქ გავიზარდე, დავამთავრე სკოლა, იქაა მამაჩემის საფლავი. ვიყავი რუსთავის მთავარი ექიმი, 5 000-კაციანი კოლექტივის ხელმძღვანელი. სხვათა შორის, დღევანდელი ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, 1990 წელს, იმ საავადმყოფოში, სადაც მოხვედრა ჩაწყობის გარეშე შეუძლებელი იყო, პირდაპირი კონკურსის წესით მივაღებინე, სამშობიარო სახლის წამყვანი ექიმი გახდა, სტუდენტობაში ჩემი ახლო მეგობარი იყო. როცა ,,ვარდების რევოლუცია’‘ მოხდა და ცვლილებების შანსი გაჩნდა, პირველი, რაც გავაკეთე, ჩემი ინიციატივითა და ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით, რუსთავის აღორძინების სახელმწიფო კომისია შეიქმნა. ეს ჩემი კატეგორიული მოთხოვნა იყო, რათა რუსთავისთვის ინდუსტრიული ქალაქის მნიშვნელობა დაგვებრუნებინა. მერე მაშინდელი ხელისუფლება დამიპირისპირდა და ქვეყნიდან წავედი. ამასობაში, რუსთავში, აღორძინების ნაცვლად, საშინელი პრივატიზაცია დაიწყო, რამაც ქალაქს კარგი არაფერი მოუტანა. 2006 წელსაც ვაპირებდი ჩამოსვლას, მეგონა, არჩევნებზე შანსი იყო, მაგრამ რეალურად, დღესაა პირველი შანსი, ქალაქის მერი პირდაპირი წესით აირჩეს. მყავს ადამიანთა უზარმაზარი წრე, რომლებიც მენდობიან, მაქვს ცოდნა და ხედვა, რა გავუკეთო ამ ქალაქს და კონკრეტული გეგმებით მივდივარ რუსთავში.      
               
- ,,მაესტროს’‘ სკანდალი, ,,ქართული პარტიის’‘ კრახი, ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირება - ეს ყველაფერი თქვენს იმიჯზე ნეგატიურად არ აისახება?                    
- დღეს იმის შეჯიბრი კი არაა, ვინ როგორ გამოიყურება, არამედ იმის, ვის რა შეუძლია. ერთადერთი ბრენდი, რაც ქალაქმა რუსთავმა შვა, ანსამბლ ,,რუსთავის’‘ გარდა, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’‘-ია. საერთაშორისო ცნობადობის სხვა ასეთი ბრენდი რუსთავში არ დაბადებულა. ,,მაესტრო’‘ კი იყო კომპანია, რომელიც ლაზარესავით მკვდარი გავაცოცხლე. ბიძინას ან ვინმეს კი არა, შიმშილსა და სიღარიბეს ვუპირისპირდები რუსთავში! ხალხმა უკვე წარმატებით აირჩია რუსთავში წინა მთავრობის კანდიდატი, ახლა ,,ოცნების’‘ მაჟორიტარი ჰყავთ და, თუ კმაყოფილები არიან, სხვა საქმეა. თუ სიახლე და რეალური წინსვლა სურთ, ალტერნატივა ეძებონ. ეს ალტერნატივა კი, მე ვარ.    
                 
- ახლა ეს ყველაფერი რიტორიკად რომ არ დარჩეს, რამდენიმე კონკრეტული დაპირება დაასახელეთ.                       
- მოქმედი კანონით, მერს სამწლიანი ვადა აქვს - სამ წელიწადში ყველაფერს ვერ მოვასწრებ, მაგრამ დღეს რუსთავის ბიუჯეტი დაახლოებით 20 მლნ დოლარია. არადა, მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, დღეს მინიმუმ 80 მლნ უნდა იყოს. ჩემი დაპირება ისაა, რომ 3 წლის შემდეგ ამ ქალაქის ბიუჯეტი გაორმაგდება და 40 მლნ დოლარი გახდება. გარდა ამისა, ამ 3 წლის განმავლობაში, ინვესტიციის სახით, 100 მლნ დოლარს მოვიზიდავ, რაც კომერციულ არასამუშაო ადგილებს გაზრდის და დამატებით, 10 000 ადამიანი დასაქმდება. ამ ფონზე, რუსთავის პენსიონერებს დანამატის სახით, პენსიაზე ერთ იმდენს კიდევ დავურიცხავთ და მათი პენსია გაორმაგდება. რაც შეეხება ახალგაზრდებს, რუსთავს აქვს პოტენციალი, საგანმანათლებლო ცენტრად იქცეს. ქალაქი საუნივერსიტეტო და სპეციალური განათლების ნაციონალურ, ხოლო შემდეგ რეგიონულ ცენტრადუნდა ვაქციოთ. ადგილობრივებისთვის კი სწავლა 50 %-ით იაფი იქნება. სხვათა შორის, 2009 წელს მე და ბიძინა ივანიშვილი ეროვნული განვითარების სტრატეგიის პროექტს ვაკეთებდით - ჩემი ფონდი ,,2020’‘-ითა და ივანიშვილის ფონდი ,,ქართუ’‘- თი, თუმცა ეს ზოგ-ზოგიერთებს დაავიწყდათ. ეს პროექტი ქართველი მეცნიერების მონაწილეობითაც კეთდებოდა. დღეს ეს ხალხი ჩემთან ერთად იმუშავებს ამ საკითხებზე და ჩემი გამარჯვების შემდეგ, ქალაქის განვითარების ჯერ 3-წლიანი, შემდეგ კი 5-წლიანი გეგმა გვექნება.