„ივანიშვილი პუტინის პროექტი არ არის“

„ივანიშვილი პუტინის პროექტი არ არის“

პოლიტიკაში ფეხის შემოსადგმელად მომზადებულმა ბიძინა ივანიშვილმა ქართული ოპოზიციური სპექტრი ორ ძირითად ნაწილად დაყო: ცუდებად და კარგებად.

კარგებში თავისი მომავალი პარტნიორებიც დასახა. ამ საპატიო სიაში, მათდა გასახარად, მოხვდნენ რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები. ცუდებში, ანუ ოლიგარქის მიერ ფსევდოოპოზიციონერებად წოდებულთა შავ სიაში, მოხვდნენ ქრისტიან–დემოკრატები, ლეიბორისტები, ახალი მემარჯვენეები და ეროვნულ–დემოკრატები. დანარჩენები პოლიტიკური ღამურებივით არიან - არც იქით, არც - აქეთ და გულისფანცქალით ელოდებიან ოპოზიციის ახალი ნათლიმამის გადაწყვეტილებას, საით ჩაწერს მათ -  თეთრებში თუ შავებში. მათი მხრიდან აქტიურობას აზრი არ აქვს. არჩევანს მილიარდერი ბიზნესმენი თავად აკეთებს.

ბიძინა ივანიშვილი უკვე შეხვდა რესპუბლიკელებს და კმაყოფილმა განაცხადა, მათთან სტრატეგიულ პარტნიორობას ვაპირებო. როგორც დავით ბერძენიშვილი ამბობს, ეს იყო მხოლოდ სამთა შეხვედრა - ბიძინა ივანიშვილის, დავით ბერძენიშვილის, პაატა ზაქარეიშვილის. ივანიშვილის მხრიდან შეხვედრას არავინ დასწრებია. მას შემდეგ, რაც ოლიგარქმა "ქართუ ჯგუფის" ხელმძღვანელი გიგა ჩრდილელი ვანო მერაბიშვილის აგენტად გამოაცხადა, საკუთარი წრისადმი უნდობლობა გასაკვირი არ არის.

ახალი სამთა კავშირი - ივანიშვილი–უსუფაშვილი–ალასანია - ჯერ ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა ყველა პირობაა, რომ შეიქმნას. ამაზე გადაწყვეტილებასაც ივანიშვილი იღებს.

რატომ გააკეთა პროამერიკულ ძალად ცნობილ პარტიასა და პოლიტიკოსებზე აქცენტი ივანიშვილმა, კიდევ ვინ იქნებიან ახალ ერთობაში, რა კითხვები დაუსვეს და არ დაუსვეს რესპუბლიკელებმა მასპინძელს? ამ კითხვებით „ახალმა თაობამ“ რესპუბლიკური პარტიის ერთ–ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილს მიმართა.

ბატონო დავით, ალიანსი - რესპუბლიკელები, თავისუფალი დემოკრატები და ბიძინა ივანიშვილის მომავალი პარტია - უკვე სახეზეა?

- ჯერ - არა, მაგრამ ივანიშვილმა შემოგვთავაზა პარტნიორობა, მივიღეთ, დაიწყო კონტაქტები და მომზადდა ნიადაგი კონსულტაციებისთვის. შანსი იმისა, რომ ამ კონსულტაციების შედეგად ივანიშვილის ლიდერობით პოლიტიკური ალტერნატივა ჩამოყალიბდეს, მაღალია. რა ფორმის იქნება და როგორ, ამაზე პასუხი დღეს არ არის, მაგრამ მზაობა ყველა მხრიდანაა. ივანიშვილს კარგი სასტარტო პირობები აქვს. 2007 წლის შემოდგომაზე პატარკაციშვილს ჰქონდა "იმედი" და დიდი ფინანსები, მაგრამ ის მაინც ვერ გახდა ოპოზიციის ლიდერი. პირიქით, ოპოზიციის წამყვანმა კანდიდატმა ბევრად მეტი ხმა მიიღო მასზე. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ მაშინ პოლიტიკური პარტიები იმდენად ძლიერები იყვნენ პატარკაციშვილის "იმედის" მეშვეობითაც, როცა მან დააპირა, ყოფილიყო პრეზიდენტობის კანდიდატი და ოპოზიციის ლიდერი, ეს ადგილი უკვე დაკავებული აღმოჩნდა.

ოპოზიციაში პოლიტიკური ალტერნატივის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის პროექტი ვერ განხორციელდა, ამ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილის შემოსვლა პოლიტიკაში ძალიან მკვეთრი პრეტენზიებით, მისთვის გაცილებით მომგებიანია. ქველმოქმედი, მაღალი ნდობის მქონე ივანიშვილი დღეს წინ არის და რამდენიმე ოპოზიციური პარტია მისი პარტნიორობის იმედად არის. ესაა რეალობა.

ივანიშვილზე ლაპარაკობენ, რომ ის იქნება პუტინის ინტერესების გამტარებელი საქართველოში. მან კი პარტნიორებად თქვენ აგირჩიათ -  პროდასავლური პარტია. ამით გააქარწყლა შეხედულება თავის პრორუსულობაზე?

- ბატონმა ივანიშვილმა პირველი შეთავაზება პოლიტიკურ თანამშრომლობაზე რესპუბლიკელებს და თავისუფალ დემოკრატებს იმიტომ კი არ მოგვცა, რომ მას სჭირდება პროდასავლური მიმართულებით ფარი, არამედ იმიტომ, რომ ეს პარტიები მიაჩნია პროდასავლურ, დემოკრატიულ პარტიებად. ძნელია პრორუსობა დააბრალო გაერთიანებას, სადაც რესპუბლიკური პარტიაა. ეს მიზეზიც არის, მაგრამ ჩვენთვის ან ალასანიასთვის რომ არ შემოეთავაზებინა, ამით ბიძინა ივანიშვილი პუტინის პროექტი მაინც არ იქნებოდა.

რატომ ხართ დარწმუნებული, რომ საზოგადოების ნაწილში ის "პუტინის პროექტად" არ განიხილება?

- ამაზე უფრო ხელისუფლება და მისი მომხრეები ლაპარაკობენ, ზოგი ჭოჭმანობს და ვინც ჭოჭმანობს, ივანიშვილთან ჩვენი ყოფნა დამატებითი არგუმენტია, რომ ასე არაა.

იქნებ მართლა რუსული პროექტია და თქვენ მართლა ფარი ხართ?

- რას მეკითხებით, ვართ თუ არა დებილები?! ჩემი პასუხია - არ ვართ!

პატარკაციშვილისგან განსხვავებით, თქვენ არ გაქვთ ტელეკომპანია. ეს დიდი ხელისშემშლელი ფაქტორია. ამ კუთხით რამე ხომ არ გაქვთ გუნებაში?

- არც ზვიად გამსახურდიას ჰქონდა ტელევიზია. ეს ხელისშემშლელი ფაქტორია, მაგრამ არსებობს ალტერნატივა - ინტერნეტი. არა მგონია, სატელევიზიო არხების სრულად ჩაკეტვა მოხერხდეს პოლიტიკური პროცესის მთავარი მონაწილისთვის. ჩვენს საზოგადოებას ერთადერთი, რაც აინტერესებს, ახალი ლიდერის გამოჩენაა. ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ აღმოგვაჩნდა შესაძლებლობები ქართულ ოპოზიციურ პარტიებს შეგვექმნა ძალა, რომელიც მიშა სააკაშვილს დაამარცხებდა. არ გვქონდა ფული და ნაციონალური ტელეარხები.

ივანიშვილის ფული არის ხსნის გზა?

- ივანიშვილის რეიტინგი ემყარება მის ქველმოქმედებას. ამის შესაძლებლობა კი მას ფინანსებით მიეცა. მარტივი კითხვაა - ფულთან მიხვედი? ჩვენ ვაპირებთ ვითანამშრომლოთ იმ პოლიტიკურ ფიგურასთან, ვისაც ქველმოქმედებით მოპოვებული აქვს ნდობის მაღალი რეიტინგი და ახლა ჩვენი ამოცანაა ნდობის რეიტინგის პოლიტიკურში გადაყვანა.

თვლით, რომ ივანიშვილი პოლიტიკური ფიგურაა? მის განცხადებებს ასეთი ელფერი არ ჰქონდა.

- ამდენი ხნის განმავლობაში საკუთარი ნებით საზოგადოებისგან დისტანცირებული, ჩაკეტილი ივანიშვილი, რომელსაც წლების განმავლობაში ლეგენდის საბურველი ჰქონდა, პოლიტიკაში განსხვავებული სტილით შემოვიდა და ამან გაამართლა. ის, რომ ასე მკვეთრად გაყო, თქვენ ცუდები ხართ, მე კარგებს ველაპარაკები, შუაში კიდევ ხალხია, ვისაც აქვთ შანსი, იყვნენ კარგებიო, ამ დამყაყებულ ვითარებაში, სადაც სააკაშვილი მშვიდად იყო, ასეთი დაყოფა და პოლუსის გაჩენა - სწორია. რაც შეეხება იმას, ვისზე რა თქვა, ეს მისი სტილია, მაგრამ ამან საზოგადოებრივ ინტერესს ივანიშვილის მიმართ ხელი არ შეუშალა.

ამბობს, მერაბიშვილი მე დავატოვებინე ხელისუფლებაში და ამან გაამართლაო. მერაბიშვილის მიმართ მის სიმპათიებზე მასთან არ გისაუბრიათ?

- კი, ვილაპარაკეთ. ვთქვი, რომ საქართველოს ხელისუფლების პირველი ეშელონების არც ერთი ფიგურა, იქნება ეს მერაბიშვილი, ბოკერია თუ სააკაშვილი, არ შეიძლება რესპუბლიკურმა პარტიამ პირდაპირ ან ირიბად დაინახოს მის მომავალ პარტნიორად. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის ელოდა ჩვენი მხრიდან ამ ტიპის დაზუსტებას და პრობლემა არ გასჩენია ჩვენი ამ განცხადების მისაღებად.

დარწმუნებული ხართ, რომ ხელისუფლებაში თქვენი მოსვლის შემთხვევაში თქვენ გვერდით არ აღმოჩნდებიან მერაბიშვილი, ბოკერია და კიდევ სხვა დღევანდელი მსხვილი პოლიტიკური ფიგურები?

- რომ აღმოჩნდებიან, ამის ალბათობა ძალიან მაღალია. კოალიცია ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. ივანიშვილთან ერთად, ჩვენ გარდა, კიდევ იქნებიან თუ არა სხვა პარტია თუ პარტიები, ამას დრო გამოაჩენს, მაგრამ ივანიშვილი რომ პოლიტიკური და არაპოლიტიკური აუტსაიდერების წინ წამოწევას არ აპირებს, ამაში დავრწმუნდი. ის გადაწყვეტს, კოალიცია შედგება თუ არა. შეიძლება მას ჩვენში რამე ისე არ მოეწონოს, რომ დისტანცირება მოხდეს. ამის საფუძველი არ მაქვს, მაგრამ თეორიულად ვერ გამოვრიცხავ.

თქვენი და ირაკლი ალასანიას ურთიერთობა როგორ იქნება? რამდენჯერ სცადეთ, ერთად ყოფილიყავით, იმდენჯერ არ გამოგივიდათ.

- ერთმანეთის პლუს–მინუსები კარგად ვიცით. რამდენჯერმე გავაკეთეთ ერთობლივი პროექტი, მაგრამ წარმატებული არ აღმოჩნდა. ახლა ვფიქრობ, რომ ასეა: ბიძინა ივანიშვილის შემოჭრით პოლიტიკურ სივრცეში ირაკლი ალასანია განთავისუფლდა ოპოზიციური ლიდერობის ტვირთისგან. ეს მისთვისაც უკეთესია. ალასანია იქნება ქართული ოპოზიციის ერთ–ერთი წამყვანი ფიგურა, მაგრამ არა - ლიდერი.

როცა გაიგეთ, ივანიშვილი პარტნიორობას გთავაზობდათ, როგორი განცდა გქონდათ?

- კარგი. ისე გვაქო, ცოტა შემრცხვა კიდეც.

თქვენს პარტნიორობას წინაპირობები ჰქონდა?

- არანაირი. თავის გარემოცვაში ეს ყველას დაუმალა. გაზეთით მოუწოდა მერაბიშვილს, "ქართუ ჯგუფის" ხელმძღვანელი თქვენი კადრია და წაიყვანეთო.

ეგ მოგეწონათ? იქნებ არ არის ის ჩრდილელი აგენტი. მისი უფლებები არ შეილახა?

- იჩივლოს, თუ არ არის. პრესაშიც არ იღებს ხმას. იმას, რომ "შავ სიაში" არ ვიქნებოდით, ვგრძნობდით. საამისო არგუმენტები არ იყო. ივანიშვილი რომ არც პროსახელისუფლებო, ზომიერ ოპოზიციას დაიკავებდა და არც ფსევდოოპოზიციურს, ამასაც ვგრძნობდით. რა თქმა უნდა, მისი შემოთავაზება გვესიამოვნა. მან იცის, რომ რესპუბულიკელებს განცდა, ვაიმე, ამხელა მილიარდერი მოვიდა და ავშენდით, ავეჯს ვიყიდით სახლში და მანქანებს გამოვიცვლითო, არ გვაქვს. სააკაშვილის ხელისუფლებას არ აქვს ქვეყნისთვის პოზიტიურის კეთების არანაირი რესურსი, პირიქით, ის საქართველოს ემუქრება რღვევით და კიდევ უფრო ამცირებს ქვეყანაში თავისუფლების კუნძულებს. ამ ვითარებაში ივანიშვილი რესპუბლიკელებთან სათანამშრომლოდ გამოვიდოდა თუ არა, პოლიტიკაში მის შემოსვლას პოზიტიურად შევაფასებდით. ის დღეს არის ერადერთი საპირწონე, ვისაც შეუძლია სააკაშვილი დაამარცხოს და არ მისცეს ხელისუფლების გაგრძელების საშუალება.

შეძლებს?

- საკმაოდ ბევრი შანსია. ხელისუფლებას რომ მისი ეშინია, ეს დადასტურდა იმით, რომ მოქალაქეობა ჩამოართვეს. უამრავი ადამიანი, ვინც სააკაშვილს მოეწონება, ავტომატურად იღებს საქართველოს მოქალაქეობას. ბიძინა ივანიშვილს უთხრა, კი, მოგეცი 2004 წელს მოქალაქეობა სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, მაგრამ ახლა საფრთხეს მიქმნი და გართმევო.

მოქალაქეობის გაუქმება პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელისშემშლელი არ იქნება?

- გათვლა იმაზეა, რომ გაურთულონ პოლიტიკური სტარტი, მაგრამ ჩვენი საუბრის დროს ბიძინა ივანიშვილი საკმაოდ მშვიდად უყურებდა ამ თემას, ამაზე ნაფიქრი ჰქონდა. სააკაშვილი ამისთვის პოლიტიკურ ფასს გადაიხდის. ბიძინას დაარქვა ბორისი. თქვა, რომ მისი ხალხია გიორგაძე და პუტინი. ამ დროს კი თემურ ალასანია, ბენდუქიძე, ნაყოფია, შარანგიები რუსეთის მოქალაქეები არიან. რამდენი რუსი მსახიობი დათვრება და მოქალაქეობაზე ხმას ამოიღებს, ყველას აძლევს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თქვა, ივანიშვილს თავისი ოფისიდან არ ჩავრთავთო. ქვესკნელიდან იყო ჩართვა, სათაფლიაში რომ ბრძანდებოდა სააკაშვილი და ესენი ამბობენ, თბილისიდან ვერ ჩავრთავთ ივანიშვილსო. ეშინიათ და რაღაცას ცდილობენ, მაგრამ არ გამოუვათ. ბიძინა ივანიშვილი მოქალაქეობას 3 თვეში აღიდგენს.

მის განცხადებაში ეწერა, რომ შეხვედრისას შეთანხმდით "ფსევდოოპოზიციურ" პარტიებზე. რას ნიშნავს ეს შეთანხმება?

- ბიძინა ივანიშვილმა ჩამოთვალა პარტიები, რომლებთანაც არ ითანამშრომლებს. თქვა, რომ ისინი ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ. ეს ჩვენთვისაც არ იყო სიახლე. "რვიანიდან" ორი პარტიის წასვლის შემდეგ გავაკეთეთ განცხადება, რომ არსებობს სახელისუფლებო მხარე, რომელიც შედგება ნაციონალური მოძრაობის და იმ ოპოზიციური ჯგუფებისგან, რომლებიც ხელისუფლებასთან თანამშრომლობენ.

ქვენი ყოფილი პარტნიორები, ახალი მემარჯვენეები, რომლებთანაც ხანგრძლივად თანამშრომლობდით, ფსევდოოპოზიციაა?

ძალიან არ მესიამოვნა ახლების წასვლა "რვიანიდან". ეს იყო მცდარი ნაბიჯი და შესაძლოა აღმოჩნდეს კატასროფულიც პოლიტიკაში ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ.

დავაზუსტოთ - ახალი მემარჯვენეები ფსევდოოპოზიციაა?

- ეს არის სახელისუფლებო მხარე. ისინი ხელისუფლებას მნიშვნელოვან საკითხში დაეთანხმნენ, რაც ოპოზიციიდან ხელისუფლების მხარეს გადასვლას ნიშნავდა.

ლეიბორისტებზე რას იტყვით?

- შალვა ნათელაშვილმა პირველმა ახსენა ბიძინა ივანიშვილი საპრეზიდენტო კამპანიის დროს და პრემიერმინისტრობა შესთავაზა. ვირტუალურად პოლიტიკაში მისი შემოყვანილია, მერე რატომღაც ცეცხლი გაუხსნა. არასოდეს მესმოდა, რას ერჩოდა ივანიშვილს, რადგან მის წინააღმდეგ არანაირი არგუმენტები და დოკუმენტები არ დაუდია.

პირდაპირ მიპასუხეთ, შეთანხმდით თუ არა ივანიშვილთან, რომ ლეიბორისტები ფსევდოოპოზიციაა?

- ივანიშვილის "შავი სიის" ჩამონათვალში რაც იყო, არც ერთი რომ არაა ჩვენი პარტნიორი და მათთან არ ვითანამშრომლებთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, სრულიად ნათელია. ივანიშვილის პოზიციაში ამ კუთხით რაიმე კორექტივების შეტანა არ მოგვითხოვია და არც სურვილი გაგვჩენია.

2007 წელს, როცა დაგარბიეს და ცხვირიდან სისხლი გადინეს, რუსეთის აგენტობას გაბრალებდათ ხელისუფლება, მათ შორის - ლევან ბერძენიშვილს და შალვა ნათელაშვილსაც. დაარბიეს "იმედი", იყო უამრავი პროტესტი დახოცილ ბიჭებზე. კარგი, ვთქვათ, მაშინ ივანიშვილი ხელისუფლების ნაწილი იყო და ხმა ამიტომ არ ამოიღო, 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ ხომ, მისივე თქმით, უკვე წამოსული იყო მათგან, ის დღე მაინც რატომ არ გააპროტესტა?

- 26 მაისს ხელისუფლების ქმედება შესაძლოა იყო ის ბოლო წვეთი, რამაც ივანიშვილს პოლიტიკაში წასვლა გადააწყვეტინა. წერილში უწერია, რამდენიმე წელია ვფიქრობ, პოლიტიკაში ჩავერთო თუ არაო. 2007 წლის მოვლენებისადმი ალბათ ნეგატიური დამოკიდებულება ექნებოდა.

შეიძლება, მაგრამ თქვა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ სააკაშვილს მერაბიშვილი თანამდებობაზე მან დაატოვებინა. იმ პერიოდში მოკლეს ბუტა რობაქიძე, სანდრო გირგვლიანი, ვაზაგაშვილი...

- პოლიტიკაში პირველად და თან ასე მძლავრად შემოსული ფიგურა, როცა ელაპარაკება ტრადიციულ ოპოზიციურ პარტიას, ძალიან ღრმად რომ ჩაეძიონ წარსულში, იქ ერთმანეთს ვეღარ დაუახლოვდებიან. ამიტომ მთავარი თეზისი ასეთი ურთიერთობების დროს არის: მეტი რამ გაერთიანებს თუ მეტი რამ განგასხვავებს ერთმანეთისგან. რაკი მისი მხრიდან არის შემოთავაზება, რომ ჩვენ შორის მეტი რამ უნდა იყოს საერთო, ჩვენი მხრიდანაც ასევეა საკითხი დასმული - მეტი უნდა გვქონდეს საერთო.

შეხვედრისას როგორი ურთიერთობა გქონდათ - პარტნიორული თუ როგორც ლიდერის და დანარჩენების?

- ურთიერთობა ძალიან უშუალო იყო. მისი მხრიდან ძალიან შინაურული ფორმა იყო შემოთავაზებული. ჩვენი საზოგადოება მას უახლოეს ხანებში ნახავს. ხელისუფლებას გაუცრუვდება იმედები, რომ ივანიშვილს საზოგადოებაში გამოჩენის პრობლემები აქვს. ის ძალიან კარგად მეტყველებს, იგრძნობა ცოდნა და გამოცდილება.

ბატონ ბიძინას განცხადებების წაკითხვისას დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ფულით თავადაჯერებული ადამიანი მთელ საზოგადოებას მხოლოდ საკუთარი თამაშის წესებს სთავაზობს. თქვენთან ურთიერთობისას შეინიშნებოდა ასეთი რამ?

- ასეთი რამ არ იყო. იცის, ვინც ვართ. მის წერილში რესპუბლიკელებზე ჯერ მსუყე პასაჟია და მერე წერია, მათთან კითხვები მაქვსო. ეს კი არ მეწყინა, მესიამოვნა. სრული კომფორტი მქონდა ორსაათიანი შეხვედრის დროს, მეც დავუსვი კითხვები. საუბრის ეს ფორმატი მის მიერ იყო შემოთავაზებული. ჩვენს დიალოგს მისი არც ერთი კონსულტანტი არ ესწრებოდა. სამ კაცში იყო საუბარი.