საკრებულოში დღეს ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებული ბავშვები დააჯილდოვეს

საკრებულოში დღეს ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებული ბავშვები დააჯილდოვეს

დღეს საკრებულოში ბერი დავითის (ჭაბუა ამირეჯიბი) პრემიის საბჭოს წევრებმა თბილისის საკრებულოს თანადგომით ჩატარებულ ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულ ბავშვებს დიპლომები გადასცეს.

,,დედაენის’’ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ,,ერს წიგნიერება გადაარჩენს’’ მონაწილეობა სკოლის ასაკის ბავშვებმა მიიღეს.

პრემიის საბჭოს წევრის, ფილოლოგის მანანა ამირეჯიბის განცხადებით, ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო, ვინაიდან კონკურსმა ძალიან ბევრი მოაზროვნე და წიგნის მოყვარული ბავშვი წარმოაჩინა.

როგორც ფონდის გენერალურმა დირექტორმა ანდრო გოგოლაძემ აღნიშნა, ეს არის ქართული ტაძარ–მონასტრების აღმშენებლობის, კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და საადგილმამულო ბანკის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ღონისძიება.

მისივე ინფორმაციით, ფონდის საპატიო პრეზიდენტი აწ განსვენებული ბერი დავითი, ერისკაცობაში მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი გახლდათ, რომლის სახელის უკვდავსაყოფადაც შეიქმნა პრემიის საბჭო.

 ,,ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს, რომ მსგავსი ღონისძიება, რომლის განხორციელებაში გვერდზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი და ასევე დედაქალაქის მერიაც დაგვიდგა, საქართველოს ყველა ქალაქში წოველწლიურად ჩატარდეს’’,– განაცხადა მან.