წითელი ტირანებიდან პუტინამდე

წითელი ტირანებიდან პუტინამდე

“6 წლის ვიყავი, ჩუმად მივიპარე ფანჯარასთან, ჩამოფარებული ფარდა ოდნავ გადავწიე, ფეხის წვერებზე ავიწიე და დავინახე, უცნაური ჯარისკაცები მოდიოდნენ, ბოლო არ უჩანდა, მარტო ნაბიჯის ხმა ისმოდა, თვალი გამიშტერდა. არ მახსოვს, რამდენ ხანს ვუყურებდი, ვიგრძენი, როგორ მომხვია მამამ ხელი და ფრთხილად გაასწორა ფარდა. დედას შეშინებული თვალები მახსოვს, ტუჩთან საჩვენებელი თითი ჰქონდა. ხმა არც მამას ამოუღია. სამზარეულოში გამიყვანეს და ჩურჩულით მითხრეს - ფანჯარას არ მიეკაროო... ახლაც მახსოვს იმ უცნაური ჯარისკაცების მწყობრი ნაბიჯის ხმა, ცარიელ ქუჩას ექოდ რომ ედებოდა. უცნაურ ჯარისკაცებად, ალბათ, იმიტომ მომეჩვენენ, რომ ქართველებს არ ჰგავდნენ, სხვანაირადაც ეცვათ... ეს იყო წითელი არმია... 1921 წლის 25 თებერვალი... თბილისში შემოვიდნენ”, - ეს ბავშვობისდროინდელი ეპიზოდი დიდმა ქართველმა მეცნიერმა, უფრო სწორად, მსოფლიო დონის მეცნიერმა, ნინო ჯავახიშვილმა 2008 წლის აგვისტოს ბოლოს მიამბო. მაშინ ქალბატონი ნინო 94 წლის იყო...

შემოვიდა 11-ე არმია თბილისში და დაიწყო წითელი ტერორი. თურმე, ყველანი სახლებში იყვნენ შეკეტილები და ერთმანეთს ჩურჩულით ელაპარაკებოდნენ. წითელარმიელთა ჯგუფები პატრულირებდნენ ყველა უბანში. თბილისელებს ქუჩაში გამოსვლის ეშინოდათ, ეშინოდათ წითელარმიელების, ეშინოდათ წითელი ქართველების, რომლებიც მაშინ ბევრნი არ იყვნენ, მაგრამ მათ ზურგს მე-11 არმია უმაგრებდა... ეშინოდათ მეზობლების, ერთმანეთის, რადგან ბოლშევიკთა მსტოვრები უფრო და უფრო მრავლდებოდნენ და... საქართველომ გაწითლება დაიწყო.

თითქმის ერთი საუკუნე გავიდა, 1921 წლის 25 თებერვლიდან 2014 წლის 27 ივნისამდე და საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა - ისტორიული არჩევანი, რაზეც საბადან დაწყებული ყველა დიდი ქართველი ოცნებობდა, ახდა. ხალხი ქუჩაში გამოვიდა და, სიხარულით გაბრწყინებული სახეებით, ერთმანეთს გამარჯვებას ულოცავდა. ახალგაზრდები მღეროდნენ, ცეკვავდნენ და საქართველოსა და ევროკავშირის დროშებს აფრიალებდნენ.

არადა, მაშინ, ნოე ჟორდანიას მთავრობის დროს, ევროპა ისეთი ერთიანი და ძლიერი რომ ყოფილიყო, როგორიც დღესაა, საქართველო წითელ ტერორს ასცდებოდა და ქართული საზოგადოების ინტელექტუალური ნაღებიც დახვრეტას, გადასახლებას და დევნას გადაურჩებოდა.

ხომ ლამაზია ეს საქართველო..”

როცა საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, თვალზე ცრემლი მომადგა, სიხარულის ცრემლი. ჩემმა თაობამ, 80-იანელებმა, ამ დღისთვის 9 აპრილი, სამოქალაქო ომი, ბარიკადები და აფხაზეთის ომი გამოიარა. ეს, მართლაც, დიდი ისტორიული დოკუმენტი, ესთეტური თვალსაზრისითაც, მნიშვნელოვანი და ამაღელვებელია - ღარიბაშვილის ფაქსიმილე, ლადოს ლექსისა არ იყოს, “ფართოდ გაშლილი, მოხატული და მოქნეულია გავაზივითა”... რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა იმ დიდ ღვაწლსა და თავგანწირვას, რაც ჩვენმა წინაპრებმა გაიღეს ევროპული ოჯახისაკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ ისტორიას თავისი კანონები აქვს და ამიტომაც, თავისუფალ სამყაროში შესასვლელი ბილეთი თავისუფალ თაობას ერგო, თაობას, რომელმაც არ გამოიარა საბჭოთა სკოლა, ნორჩი ლენინელობა, კომკავშირი, კომუნისტური პარტია, მარქს-ენგელს-ლენინიზმი, სტალინის კულტი და ზოგადად, კომუნისტური ტირანია.

“ჩესტ, სოვესტ ი უმ ნაროდა”, - ასეთი გახლდათ კომუნისტური პარტიის დევიზი, ანუ კომუნისტური პარტია “ხალხის ღირსება, გონება და სინდისი” იყო. თავად ხალხი კი, რბილად რომ ვთქვა, ცხვარი და, როგორც პარტია უკარნახებდა, ისე უნდა მოქცეულიყო: საითკენაც გაუშვებდა, იქით უნდა წასულიყო; რაც პარტიას უნდოდა იმაზე უნდა ეფიქრა; რასაც პარტია ეტყოდა, იმაზე უნდა ეწერა, ემღერა და ა.შ. ერთი სიტყვით, კომუნისტურმა პარტიამ ხალხს თავისუფალი აზროვნებისა და თავისუფალი არჩევანის უფლება წაართვა და სწორედ აქ დაუშვა საბედისწერო შეცდომა.

ტოტალური გამოშტერების, პიროვნული ცნობიერების დაჩლუნგების 70-წლიანმა ეპოქამ სამი თაობა შეიწირა, მაგრამ რაც უფრო ძლიერი იყო ზეწოლა, მით უფრო ძლიერი იყო წინააღმდეგობა. ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლის პირველ ათწლეულებში შეურიგებელ მეამბოხეებს თავისუფალი აზროვნებისთვის სიკვდილით სჯიდნენ ან, უკეთეს შემთხვევაში, აციმბირებდნენ, მაგრამ არაფერია ისეთი ამაღლებული, დიდებული და ამაღელვებელი, როგორც თავისუფლებისთვის ბრძოლა - ამ გზაზე დაღუპული გმირის დიდება მაგიურ ზემოქმედებას ახდენს, ახალ გმირს ქმნის და ასე, თაობიდან თაობაზე გადადის თავისუფლების სიყვარული და ყველა, ვინც თავისუფლებისკენ მიმავალ გზას შეეწირა, ეს გზა თავისი მოწამეობრივი სიკვდილით გაამყარა.

არ მინდა, ზედმეტად სიტყვაკაზმული გამომივიდეს, მაგრამ ევროპისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს საუკეთესო თაობებია ჩაშენებული, ჩაქვიტკირებული და ამიტომაც გაიარა ეს გზა ხავერდოვნად ახალმა თაობამ, მაგრამ ახლა, როცა ასე ძალიან ახლოს ვართ დიდი ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრობასთან, საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე, რადგან ჩვენს ძველ მეზობელს არ სძინავს და არც - მეხუთე კოლონას, რომელიც აქტიურადაა დაკავებული ანტიდასავლური პროპაგანდითა და ნატო-ს კრიტიკით.

ლავროვმა “მოკრძალებული” ულტიმატუმი უკვე წაგვიყენა, ევროკავშირის ასოცირებული წევრობით თუ რუსეთის ფედერაციას ზიანი მიადგება, მაშინ შესაბამის ზომებს მივიღებთო. კრემლი არც მალავს, რომ არ დაუშვებს საქართველოს ნატო-ში შესვლას და შესაძლებელია, 1921 წლის სცენარი გაიმეოროს. კი ბატონო, ნატო-ს გარეშეც, “ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა”, თავისუფლების გარეშე კი, არც სილამაზე არსებობს. ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, თავისუფალი ვერასოდეს გახდება, თუ ნატო-ს ქოლგის ქვეშ არ იქნება!

ახსნა ყველაფრის შეიძლება, მაგრამ ყველას ვერ აუხსნი

 

სამწუხაროდ, მხოლოდ პუტინსა და ლავროვზე არაა დამოკიდებული საქართველოს ხელახალი ანექსია, რადგან კრემლი ვერაფერს გახდებოდა, საქართველოში მეხუთე კოლონა რომ არ ჰყავდეს. ე.წ. პრორუსული ორიენტაციის ქართველი ლიდერები ჩვეულებრივი მეხუთე კოლონაა - ამხანაგი სერგო ორჯონიკიძისა და დანარჩენი ამხანაგი კომუნისტების მემკვიდრეები. ოღონდ ახალი თაობის მეხუთე კოლონა, თავის წინამორბედებზე გაცილებით განათლებული, უფრო ჭკვიანი, გაქნილი, კარგად დაფინანსებულ-შენიღბულია და შესაბამისად, გაცილებით საშიშიც არის.

მეხუთე კოლონას აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის რესურსები, რომელთა მეშვეობით აქტიურ ანტიდასავლურ დემაგოგიას ეწევა: “ევროკავშირი 21-ე საუკუნის ბაბილონია”; “ნატო-ს სატანის დამღა აქვს”; “ორი ათეული წელია, ევროპული საკვებით იწამლება ქართველი ერი”; “ამერიკელებმა საქართველოში ქიმიური ლაბორატორიები ააშენეს, სადაც ქართველებზე ცდებს ჩაატარებენ, თუ ნატო-ში შევალთ. მეტიც, საქართველოში უკვე დაიწყეს ბიოლოგიური იარაღის გამოცდა”; “ევროპელებმა საქართველოდან მიწა (ზედა ფენები მოჭრეს) და გაიტანეს”; “ამერიკელებს საქართველოდან წყალი გააქვთ და, საერთოდ, დასავლეთიდან მოდის ყველა უბედურება - გარყვნილება, გახრწნილება, ანუ ელგებეტეები და თუ დროზე არ მოვეგეთ გონს, მთელი ქართველი ერი გაიხრწნება და ელგებეტე გახდება. ერთადერთი და უალტერნატივო ხსნა იყო, არის და იქნება ერთმორწმუნე რუსეთი. ადრე რუსეთმა გვიხსნა გამუსულმანებისაგან, ახლა გარყვნილ-გახრწნილი ევროპელი ელგებეტეებისგან გადაგვარჩენს. პუტინს საქართველო უყვარს, პატივს სცემს ქართველ ერს, აფასებს და უნდა დასავლეთის ფსევდო ცივილიზაციისაგან დაიცვას. მეტიც, პუტინი დასავლეთშიც დაამყარებს წესრიგს”. მეხუთე კოლონა თავისი საინფორმაციო რესურსებითა და ლიდერებით დასავლეთისგან მხოლოდ მტრის ხატს კი არ ქმნის, არამედ, - სატანასაც, რომელიც მთელ მსოფლიოს აპოკალიპსს უმზადებს.

მეხუთე კოლონის დემაგოგიით გაუბედურებულ ადამიანს ვერაფერს აუხსნი, ახსნას არც დაგაცდის, შეტევაზე გადმოვა და შეიძლება, ადგილზევე გამოგიტანოს განაჩენი. მერე, მივა მოძღვართან და ეტყვის, სატანის მოციქულს უნდოდა, ჭეშმარიტი გზიდან ავეცდინე, მაგრამ ვამხილე და გავუსწორდიო.

ახსნა ყველაფრის შეიძლება და მინდა, მათ, ვინც რუსეთის მთავრობის საამებლად შეგნებულად ეწევა საქართველოსთვის დამღუპველ ანტიდასავლურ დემაგოგიას, ავუხსნა და კიდევ ერთხელ გავახსენო წითელი იმპერიის მამები:

ლენინის თაოსნობით, ბოლშევიკებმა ამოხოცეს რომანოვების მირონცხებული სამეფო ოჯახი (18 წევრი), რუსეთის ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ და შექმნეს ათეისტური სახელმწიფო. ძალიან მალე, ბოლშევიკური რევოლუციის მამა, ლენინი სიფილისით მოკვდა და მისი ადგილი სტალინმა დაიკავა. სტალინს შეთქმულება მოუწყვეს - მოწამლეს (წიგნის ფურცლებზე შხამი წაუსვეს, სტალინი, გადაფურცვლის დროს, თითს ნერწყვით ისველებდა ხოლმე) და საბჭოეთის სათავეში ხრუშჩოვი მოვიდა, რომელსაც ქართველების გასახლება უნდოდა. ისტორიას შემორჩა მისი ცნობილი ფრაზა: “გრუზია ბეზ გრუზინ”. ეს ფრაზა დღემდე ძალაშია. ხრუშჩოვი მაშინდელი ცივილური მსოფლიოს კარიკატურული ფიგურა იყო - გაუნათლებელი, უზრდელი და აგრესიული. ერთ-ერთ საერთაშორისო შეხვედრაზე გამოსვლისას ფეხსაცმელი წაიძრო და ტრიბუნაზე აბრახუნა, კაპიტალისტებს ემუქრებოდა.

ნიკიტა ხრუშჩოვსაც შეთქმულება მოუწყვეს - გადააყენეს (გადაურჩა მოკვლას) და სათავეში ბრეჟნევი მოვიდა, რომელმაც 1982 წლამდე მართა საბჭოეთი და ბოლოს, კარიკატურულ ფიგურად იქცა. კარის ინტრიგებმა ბრეჟნევსაც მოუღო ბოლო (გულის უკმარისობით გარდაიცვალა - როგორც ამბობენ, ამ საქმეში ექიმის ხელი ერია) და სწორედ ამ ინტრიგების მხლართველი, “კაგებეშნიკი” ანდროპოვი გახდა გენსეკი. ანდროპოვმა 2 წელი დაჰყო პოსტზე და ისიც სიცოცხლეს გამოასალმეს - მოწამლეს (თევზი უყვარდა და მოწამლული მიართვეს).

ანდროპოვის შემდეგ, ჩერნენკო მოვიდა სათავეში, რომელიც წელიწადი და 25 დღე იყო საბჭოეთის მმართველი და ისიც გულის უკმარისობით გარდაიცვალა (ნაცნობი დიაგნოზია). ჩერნენკოს შემდეგ, გარბაჩოვია, რომელიც საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი იყო. გარბაჩოვმა დაშალა საბჭოეთი, პატივით გადადგა, აიღო ნობელის პრემია მშვიდობისთვის და ცხოვრობს ბედნიერად.

გარბაჩოვის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ელცინი ხდება, რომელიც ალკოჰოლიკი აღმოჩნდა და ისიც, ძალიან მალე, კარიკატურულ ფიგურად იქცა. ვიდრე პოსტს დატოვებდა (აიძულეს, გადამდგარიყო - სიკვდილით დაემუქრნენ), პუტინი მიუყვანეს მემკვიდრედ. პუტინსა და მედვედევთან დაკავშირებით თითქმის ყველაფერი ვიცით, თუმცა მედვედევი სათვალავში არც შედის.

რა შეიძლება ვთქვათ პუტინის “გმირობებზე”? - ის, რომ ჩეჩნეთი დაადუღა, კურსკში წყალქვეშა სამხედრო ნავი იძირებოდა მთელი შემადგენლობით, მაგრამ რუსეთს საკმარისი რესურსი არ აღმოაჩნდა მის გადასარჩენად. დახმარება შესთავაზა ევროპის რამდენიმე ქვეყანამ და აშშ-მაც, მაგრამ პუტინმა დახმარებაზე უარი განაცხადა და წყალქვეშა ნავი, მთელი შემადგენლობით, ჩაიძირა. ტერაქტები მოსკოვში, ბესლანში და უდანაშაულო ადამიანებისა და ბავშვების მკვლელობები. საქართველოსთან იომა... უკრაინასთან ომობს...

პუტინის პირად ცხოვრებაზე რა შეიძლება ვთქვათ? - ცოლი ჯერ ერთ-ერთ შორეულ ტაძარში ჰყავდა გამოკეტილი, მონაზვნად აღიკვეცეო. მერე, ოფიციალურად გაშორდა და არცთუ დიდი ხნის წინ საჯაროდ განაცხადა, ჯერ ჩემი ცოლი უნდა გავათხოვო და მერე, მეც მოვიყვან მეორე ცოლსო. პუტინის ნაცოლარს, ქალბატონ ლუდმილას (1 მლნ დოლარად შეფასებულ “იმენიაშია” გამომწყვდეული), უკვე გამოუჩნდა საქმრო, მილიონერი იური ბაბინი, რომელიც აცხადებს, ქალბატონი ლუდმილას ხელი ბატონ პუტინს უნდა ვთხოვოო. საერთოდ, პუტინისა და მისი ცოლის, აგრეთვე პუტინისა და მისი “ფავორიტკა” კაბაევას ურთიერთობა, მსოფლიო ყვითელი პრესის სალაპარაკოა... ფაქტია, ბატონი პუტინი, ბევრი რუსი წინამორბედის მსგავსად, მსოფლიოს თვალში კარიკატურულ ფიგურად იქცა...

ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი 14 წელიწადია, რუსეთის ფედერაციის სათავეშია და მოდერნიზირებული საბჭოთა იმპერიის აღდგენა ვერა და ვერ მოახერხა, ვერც ევრაზიის საბაჟო კავშირის შექმნას ახერხებს, ვერც ახალი სტალინის (დიდი რუსეთი მასში ახალ, რუს სტალინს ხედავდა) ჰიპოსტასში ავიდა. პუტინი გაზის იმედად დარჩა, მაგრამ როდემდე? - დიდი რვიანის წევრი აღარაა და ევროპა გაზის აქციებსაც ისე უთამაშებს, როგორც მოესურვება.

ერთი სიტყვით, პუტინი 14 წელიწადია, “ჩალიჩობს”, როგორმე თუნდაც მეორე პოლიტიკური მოთამაშე იყოს მსოფლიოში, მაგრამ არ გამოსდის, საამისოდ ინტელექტუალური რესურსი არ აქვს, როგორც რუსები იტყვიან, “ხარახორიტსაა” და სულ ეს არის.

საინტერესოა, წინამორბედთაგან ვის ბედს გაიზიარებს ვლადიმერ ვლადიმეროვიჩი?

რაც შეეხება ევროკავშირს

 

აგიტაცია-პროპაგანდას არ ვაპირებ, მხოლოდ ფაქტებს მოვიყვან: ევროკავშირი (პოლიტიკური და ეკონომიკური გაერთიანება), რომელშიც დღეისთვის 28 ქვეყანა შედის, 1992 წელს შეიქმნა, საბჭოთა კავშირის დაშლიდან (1991 წლის 25 დეკემბერს გორბაჩოვმა სსრკ დაშლილად გამოაცხადა და გადადგა) ერთი წლის შემდეგ. იმ დღიდან მოყოლებული, ევროკავშირი უფრო და უფრო ძლიერდება, როგორც ფინანსურად, ასევე, სახელმწიფო ინსტიტუტების თვალსაზრისითაც.

დღეისთვის ევროკავშირის შიდა პროდუქტის ბრუნვა 14,79 ტრილიონი საერთაშორისო დოლარის მოცულობისაა, რაც მსოფლიო ბაზრის 21%-ს წარმოადგენს. ეს მონაცემები ევროკავშირის ეკონომიკას მსოფლიოში პირველ ადგილზე აყენებს. გარდა ამისა, 2013 წლის მონაცემებით, უმუშევრობა ევროკავშირში მხოლოდ 9,7%-ს შეადგენს, სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი სულ რაღაც 0,2%-ია, შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე კი, 7-დან 78 ათას ევრომდეა. გარდა ამისა, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის გარანტირებულია ოთხი - საქონლის ბრუნვის, პირადი, მომსახურებისა და კაპიტალის მოძრაობის თავისუფლება.

ყველა იმ სიკეთის ჩამოთვლა, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ, ძალიან შორს წაგვიყვანს.

და კიდევ: ევროკავშირი და, საერთოდ, დასავლეთი ტრადიციების დამცველია და შესაბამისად, სხვის ტრადიციებსაც პატივს სცემს. ტრადიციათა შორის, ოჯახური სიწმინდის ტრადიცია უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანია.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობა ნატო-ს ბლოკშია გაერთიანებული, მაგრამ სხვა წევრ ქვეყნებთან დაპირისპირება არ აქვს.

ასე რომ, ევროკავშირში კუდიანი და რქიანი ეშმაკები არ ბატონობენ და მსოფლიოს არც აპოკალიპსს უმზადებენ. იქ ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ოღონდ ჩვენზე გაცილებით მშრომელები, მოწესრიგებულები და მიზანდასახულები.

P.S.  არ შემიძლია, კიდევ ერთხელ არ გავიხსენო ქალბატონი ნინო ჯავახიშვილი, რომელსაც საბჭოეთის დროს, როგორც დიდ მეცნიერს (ფიზიოლოგიაში უდიდესი მეთოდები დანერგა, რომლებიც სამედიცინო პრაქტიკაში კაპიტალისტური ქვეყნების ექიმებიც იყენებდნენ) შესაბამისი დაფასება და პრივილეგიები ჰქონდა. უდიდეს პატივს სცემდნენ მოსკოვი და მთელი მსოფლიოს სამეცნიერო წრეები, მაგრამ როცა საქმე ნობელის პრემიაზე მიდგა, კრემლმა ლამის ჩინური კედელი აღმართა, რომ ქართველისთვის არ მიეცათ და ნინო ჯავახიშვილის ერთ-ერთი მეთოდი ფიზიოლოგიაში, ათასგვარი ხერხითა და ხრიკით, რუს მეცნიერზე გადამისამართდა. მაშინ საქართველო თავისუფალი ქვეყანა რომ ყოფილიყო, დღეს ერთი ნობელიანტი მეცნიერი უკვე გვეყოლებოდა ნინო ჯავახიშვილის სახით. არ დამივიწყდება მასთან საუბრის უდიდესი სიამოვნება (არადა, 94 წლის ბრძანდებოდა) და გონებაში ღრმად ჩამრჩა მისი სიტყვები: “განკურნება ყველაფრის შეიძლება, ერთადერთი, რაც მკურნალობას არ ექვემდებარება, ფსიქიკაა... ფსიქიკური ზეწოლის ძალიან ბევრი ისეთი მეთოდი არსებობს, რომელიც ადამიანს გამოუსწორებელ დაღს ადებს...”