წელზე მეტია, არ შევხმიანებივარ - საინფორმაციო საშუალებებსა და სოციალურ ქსელში მის საქმიანობას თვალს ვადევნებ... შეიძლება, ვინმემ ტენდენციურად ჩამითვალოს, მაგრამ ეკა ბესელია იმ ადამიანთა რიცხვს განეკუთვნება, რომელსაც თანამდებობამ და წარმატებამ ძველი ურთიერთობები არ დაავიწყა. ამას, იცით, რატომ ვამბობ? რატომ და, - ერთმა, ჩინოვნიკი გახდა თუ არა, “ფეისბუქის” “ფრენდებიდან” წამშალა... მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი პირისპირ სალაპარაკოდ გამოვიწვიე...
- ეკა, როგორ ხარ? დიდი ხანია, ერთმანეთს არ შევხმიანებივართ და მეგონა, აღარ გახსოვდი...
- ჩემთვის ადამიანის მახსოვრობას შეხვედრის, ან კომუნიკაციის ინტენსივობა არ განსაზღვრავს. ბოლო პერიოდში, სამსახურის გამო, ყველაზე ნაკლებად ოჯახის წევრებს ვნახულობ, მაგრამ როგორ შეიძლება, ისინი არ მახსოვდეს?.. ასე რომ, ვანო, მახსოვხარ!
- კეთილი და პატიოსანი... მოდი, საუბარს ცოტა არაპოლიტიკურად დავიწყებ: მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოჩნდი, ყოველთვის წარმატებული ხარ, მაგრამ როგორ ფიქრობ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ხელმძღვანელობა შენს კარიერაში რა ეტაპია, ანუ პოლიტიკური მწვერვალის დაპყრობას გააგრძელებ?
- ვანო, ვფიქრობ, საკმარისად მიცნობ, რომ ამ შეკითხვაზე პასუხი თავადვე გქონდეს. არასოდეს მაინტერესებდა და თანამდებობისკენ არც მივილტვოდი, პოლიტიკაში მწვერვალების დაპყრობაც მაინცდამაინც კარგად არ მესმის და შესაბამისად, ამაზე არასოდეს მიფიქრია.
არაერთხელ მითქვამს, რომ იდიალისტი ვარ და პოლიტიკაში შეიძლება, მხოლოდ იდეების ერთგულების გამო ვიყო. ჩემი პოლიტიკაში ყოფნა ძალიან დრამატული და ადამიანური ტრაგედიებითაა დატვირთული - ვიბრძოდი სამართლიანობისთვის, უსამართლო რეჟიმის წინააღმდეგ, ამ ბრძოლის ხაზი ჩემსა და ჩემი ოჯახის წევრთა ტრაგიკულ მოვლენებზე გადიოდა. უმძიმესი წლები იყო, მაგრამ არასოდეს ყოფილა უკან დახევა და ყოყმანი.
მოკლედ, გავიარეთ ურთულესი წლები და ახლა სხვა ეტაპია, თუმცა არ შეცვლილა ჩემი როლი - მაშინაც ადამიანების უფლებებს ვიცავდი და დღესაც. რა იქნება ხვალ? - ეს უფალმა იცის და არა - მე.
- ისე, მაინც, პოლიტიკოსი ხარ თუ იურისტი და უფლებადამცველი?
- იურისტობა ჩემი პროფესიაა, უფლებადამცველობა კი, - შინაგანი მდგომარეობა, მოწოდება და საქმიანობა.
პოლიტიკა სამართლისა და ზნეობის ნაჯვარია, სახელმწიფოს მართვის ხელოვნებაცაა. ამ ფორმულის ჩამოყალიბება ბევრნაირად შეიძლება.
- პოლიტიკოსობა ისწავლება?
- ისწავლება... არსებობს პოლიტიკური მეცნიერებები და პოლიტიკური ტექნოლოგიები, მაგრამ არსებობდნენ პოლიტიკოსები - ბუნებრივად განსწავლულნი, ყველა საჭირო უნარით დაჯილდოებულნი და ასეთი ადამიანები ცვლიდნენ პოლიტიკას, ცვლიდნენ და გავლენას ახდენდნენ მოვლენებზე. ასეთები უფრო იდეალისტები იყვნენ, რომლებიც პრაგმატული და კონკრეტული ინტერესით არ იყვნენ დატვირთულნი და მოვლენებს მასშტაბურად უყურებდნენ.
- საუბარი ძალიან პათეტიკური რომ არ გამოგვივიდეს, კონკრეტულ თემებზე გადავალ. აი, მაგალითად, იმაზე, რომ „ნაციონალებს“ განსაკუთრებით შენზე აქვთ „აკრეფილი“ - სოციალურ ქსელში ათას რამეს გიწერენ და არაკორექტულადაც მოგიხსენიებენ. მიშას პოლიტიკური და-ძმების რისხვა მაინცდამაინც შენ რატომ დაგატყდა? ჰო, მართლა, მანანა კობახიძესაც ვერ იტანენ...
- ვანო, ეს ნაკლებად, ან საერთოდ არ მაღელვებს. მათ ჩემი პირდაპირი, სახელდარქმეული სიმართლე არ მოსწონთ. არ ვკითხულობ, რას წერენ და რა ეპითეტებს იშველიებენ. იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც “ნაცმოძრაობას” დღესაც ამართლებენ და მის იდეებს იზიარებენ, სიბრალული უფრო მაქვს, ვიდრე - სიბრაზე. ჩემთვის ეს ჯანსაღი მდგომარეობის მაჩვენებელი არაა, რადგან ეს პოლიტიკური ძალა ძალადობასა და კრიმინალთან, წამებასთან, ღირსების შელახვასა და სიძულვილთან ასოცირდება და როგორ შეიძლება, ასეთი ძალის მიმართ სიმპატია გქონდეს? მე ხომ ერთ-ერთი ის ადამიანი ვარ, ვინც იცის, თუ რა მასშტაბს მიაღწია უსამართლობამ “ნაციონალების” მმართველობის დროს, ვიცი, ადამიანებს როგორ აწამებდნენ და სიცოცხლეს უსწრაფავდნენ; მე ხომ, ერთგვარად, ამ დროის მეისტორიე ვარ და ეს ისტორიები პირველწყაროდან, ნაწამები ადამიანებიდან ვიცი... ახლაც, ყოველდღე, ამ ისტორიებს ვისმენ.
დღეს, როცა “ნაციონალების” გუნდის დამნაშავე პირებს აკავებენ, ან სამართალში აძლევენ, მეუბნებიან, მათ რატომ არ იცავო. ვისი უფლება დაირღვა და რომელი? იმ ადამიანების უფლებას ვინ დაიცავს, ვინც მათ ხელში მსხვერპლი იყო, ან როგორ უნდა გაამართლო თანამდებობის პირი მინისტრი, რომლის დავალებითაც აუპატიურებდნენ და წამებაში კლავდნენ სამხედრო ოფიცერს? რა უნდა ვთქვა, მითხარით? - ის, რომ ადამიანის უფლებების დაცვა მოითხოვს, ვიყოთ მიმტევებელი ახალაიას, ან მერაბიშვილის მიმართ? როგორ უნდა შეძლო და თქვა, რომ ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც დგამენ სცენას, სადაც დაიგეგმა უდანაშაულო სამი ახალგაზრდა ბიჭის მკვლელობა და ნავთლუღის ბაზართან საკონტროლო გასროლით დაცხრილვა, მართლები არიან? რა გამართლება აქვს, ვანო, ამას? ან როგორ უნდა გაამართლო შუა ზღვაში მოკლული და გადაგდებული პაატა ქარდავას, ან ცინდელიანის შემთხვევა? ეს ხომ საშინელებაა და იქნებ, ამაზე გააკეთოს კომენტარი ევროკავშირის ელჩმა, ბატონმა დიმიტროვმა? იქნებ, გვითხრას, რომელი ევროპული ფასეულობა იწყნარებს ამგვარ დანაშაულობებს?
ჩემი მოქალაქეების მიმართ ასეთი სიძულვილი და დაუნდობლობა, ნეტა, რომელ ევროპულ ოჯახში მიგვაქანებდა და მე, ადამიანის უფლებათა დამცველმა, ეს უნდა გავამართლო? თუ ციხეში ახალაიას, ან მერაბიშვილს ახლა ის პირობები აქვთ, რაც სხვა პატიმრებს - ტელევიზორი დაუგვიანდა მერაბიშვილს და განგაში ატყდა. ნეტა, რამდენ პატიმარს არ აქვს ტელევიზორი?
მათ უნდათ, დღესაც პრივილეგირებულნი იყვნენ... მათ უნდათ კანონზე მაღლა დარჩენა და ხელშეუხებლობა, ამას ითხოვდა თავის დროზე სააკაშვილი. ეს ვერ მიიღო და გაავდა. ღიად, დაუფარავად ვამბობდი და ვამბობ სათქმელს. სწორედ ეს არ მოსწონთ. მაქვს მორალური უფლება, მათ პასუხი გავცე - მახსოვს, თუ როგორ დარბოდნენ ,,ცალ-ცალი კალოშით” და უცებ, უკანონო გზებით მილიონერები როგორ გახდნენ.
- ეკა, წეღან უნდა მეკითხა და სიტყვა გამექცა: ბიძინა ივანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო, დღეს ეკა ბესელია სად იქნებოდა და, საერთოდ, შენი ცხოვრება როგორ წარიმართებოდა?
- ბიძინა ივანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო, ეკა ბესელია კი არა, ქვეყანა სად იქნებოდა, არ ვიცი... ვიცი, რომ არა ეს ადამიანი და მისი თავდადება, დღეს ციხეებში ადგილი არ იქნებოდა, ჩვენს სამშობლოში კი, ხელისუფლების სახით, ისევ მკვლელები ითარეშებდნენ. “ნაციონალების” ხელში ქვეყანა ვერ გადარჩებოდა!
ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა, ჩემს საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ბრძოლაში, მწვერვალი იყო, მასთან მუშაობის პირველი თვეები კი, - ყველაზე საინტერესო და ღირებული პერიოდი. მისი მუდამ მადლიერი ვიქნები, რომ ქვეყანა იმ უბედურებისგან იხსნა, რასაც “ნაციონალური ჯოჯოხეთი” ერქვა. ამ მადლსა და სიკეთეს ვერასოდეს დავუვიწყებ. რომ მახსენდება პირველი დღეები, თუ როგორ დავიწყეთ 2011 წლის ოქტომბერში და რა გამოვიარეთ, ეს მითიურ სიუჟეტს მაგონებს. დღეს პოლიტიკა ჩემთვის საშუალებაა, ვემსახურო ადამიანებს და სამშობლოს ისე, როგორც და რითიც შემიძლია, მოვასწრო მეტი სიკეთის გაკეთება.
მარადიული, უფლის გარდა, არაფერია და ამ წუთისოფელში სტატუსები, თანამდებობები, წოდებები მხოლოდ პირობითი და დროებითი ტვირთია. ეს არასოდეს მხიბლავდა. ჩემთვის მთავარია, სიკეთე ვაკეთო. სამყაროს ჩემი სურვილებით კი არა, იმის მიხედვით ვუყურებ, სხვას კარგი რა შეიძლება გავუკეთო.
- ამასობაში, ყბადაღებულ ამნისტიასაც მივადექით - ზოგიერთი „ოცნებელი“ თვლის, რომ ამნისტიის მიღებისას და, ასევე, პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებისას, ახალმა ხელისუფლებამ იჩქარა. შენც აღიარებ, რომ იჩქარეთ?
- ჩემი პარლამენტში ყოფნის მთავარ მისიად სწორედ პოლიტიკური პატიმრების აღიარებისა და მათი გათავისუფლების აქტი და ამნისტია მიმაჩნია - ყველაზე ჰუმანური ამნისტია, რაც კი აქამდე მიღებულა.
როგორ შეიძლება, ჰუმანურობა, სიკეთე და ადამიანების გადარჩენა ნაჩქარევი იყოს? არ ეყოთ იმ ადამიანებს, რაც წლობით აწამეს? ახლა, წლობით პარლამენტში ჩვენი დებატებისთვის ეყურებინათ თუ რა ექნათ? 2 თვე, მე და ჩემი კოლეგები ღამეებს ვათენებდით, რომ ეს პროცესი, უდიდესი დაბრკოლებებისა და უმძიმესი სირთულეების მიუხედავად, ბოლომდე მიგვეტანა და ბედნიერი ვარ, რომ ქუჩაში მხვდებიან ადამიანები, რომლებიც მეუბნებიან, რომ წამების შემდეგ, ციხეს თავი სწორედ ამ ამნისტიის აქტით დააღწიეს. ამაზე დიდი სიკეთე არ გაგვიკეთებია, რადგან ადამიანის თავისუფლებაზე მეტი, ბევრი ძალიან კარგი გადაწყვეტილების მიუხედავად, სხვა სიკეთე არ მეგულება. შეიძლება, კიდევ მეტს უნდოდა გათავისუფლება, მაგრამ დღეს, პატიმართა რაოდენობით, ევროპაში პირველ ადგილზე აღარ ვართ და, მთლიანობაში, ციხე 15 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
ეს სამართლიანობის აღსრულების პირველი ეტაპი იყო და მისი გადადება არ შეიძლებოდა.
- ისე, ძველებურად, შენობით რომ მოგმართავ, ხომ არ გწყინს?
- გამაცინე... რა უნდა მეწყინოს?!
- უშეცდომო მხოლოდ უფალია. ჰოდა, მოურიდებლად მითხარი, „ოცნების“ მთავარ შეცდომებად რას თვლი?
- უშეცდომო, მართლაც, უფალია... იდეალური ხელისუფლება არ არსებობს. ჩვენს ახალგაზრდა ხელისუფლებას მძიმე მემკვიდრეობა ერგო და ძალიან უნდა, ქვეყანას მზრუნველი ხელი მალე დაეტყოს. დაეტყობა კიდეც და ასჯერ მეტად იგრძნობს ადამიანი იმ სიკეთეებს, რაც კეთდება. პირველი წელი, როგორც ბიძინა ივანიშვილმაც თქვა, რთული აღმოჩნდა.
ყველაფერს მაინც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ვუყურებ და მგონია, შეცდომა იმის თქმა იყო, რომ არ გადავხედავთ უკანონოდ გამოტანილ განაჩენებს. დღეს მთავრობა და ხელისუფლება იმ სამართლებრივ მექანიზმზე მუშაობს, რომლითაც იუსტიციის სამინისტროს მიერ სასამართლოში დაწყებული რეფორმა სწრაფი ნაბიჯით გაგრძელდება. ვფიქრობ, სასამართლოს თავმჯდომარისა და იმ მოსამართლეების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, ვინც პოლიტიკურ დავალებებს ასრულებდნენ, სამართლებრივად მართებული იქნებოდა. როგორც კი პოლიტიკური პატიმრების არსებობა და რამდენიმე მოსამართლის მიერ პოლიტიკური ნიშნით დევნა დადგინდა, ვიღაცას პასუხი უნდა ეგო. მესმის, რომ ჩვენი მთავრობა რევანშისტული არაა, მაგრამ სამართლიანობისა და კანონისადმი პატივისცემის ლოგიკა ამგვარ გადაწყვეტილებებს მოითხოვს.
იგივე პოზიციაზე ვრჩები, რომ უნდა შევქმნათ ცალკე სამართლებრივი მექანიზმი, კრიტერიუმები და უკანონოდ გამოტანილი განაჩენებისგან ადამიანები გავათავისუფლოთ!
- ამას წინათ, ერთ-ერთ გადაცემაში, პროკურატურას მიმართე, ბატონებო, ცოტა უფრო ყურადღებით იყავითო, ანუ ხომ არ იზიარებ მოსაზრებას, რომ პროკურატურა „ნაციონალებისგან“ კონტროლდება და ხელისუფლებას სამართლებრივ საბოტაჟს უწყობს?
- ჩემი ეს მიმართვა ნუგზარ წიკლაურის შეფასებას მოჰყვა, რომ რატომაა პროკურატურა უგულავას მიმართ ასეთი ლოიალური. პროკურატურის შიდა მენეჯმენტი შეიცვალა, ხელმძღვანელი პირებიც და ძალიან გააქტიურდა საქმეების გამოძიება, გახსნის პროცესი. დღეს პროკურატურა ყველაზე რთულ დღეშია - მას უდიდესი ტვირთი ერგო. ყველაზე მეტი საქმე აქვს გამოსაძიებელი და განსახილველი. ძალიან ეფექტურად ამუშავდა გიორგი ბადაშვილი და საჭიროა იმ საქმეების გამოძიება, რომლებზეც მოქალაქეები კონკრეტული დარღვევებით მოგვმართავენ და მძიმე ფაქტებს გვაწვდიან. ერთადერთი რეკომენდაცია მაქვს, რომ ის პროკურორები, რომლებიც გახმაურებულ პოლიტიკურ საქმეებში დანაშაულებრივ როლს ასრულებდნენ, დღეს საპასუხისმგებლო პოზიციებზე არ უნდა იყვნენ და ალბათ, ასეც იქნება. პროკურატურას დახმარება სჭირდება, რომ ათასობით განცხადებას, რომელიც გამოუძიებელ საქმესა და ფაქტს ეხება, გამოძიებული იყოს. მართლა, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ და ვიცი, რას ნიშნავს ეს პროცესი.
- ეკა, „ოცნების“ პრობლემა იქნებ, ისაა, რომ პროფესიონალები აკლია, ან კიდევ, ის, რომ მაგალითად, პიარი არ უვარგა?
- ვფიქრობ, რაც კეთდება, ცოტა არაა და ყველაფრის კარგად და რეალურად წარმოჩენაა საჭირო.Mმაქსიმალურად მუშაობენ, რომ ხალხმა გაიგოს, რა ხდება, განსაკუთრებით, რეგიონებში...
- ძველები ახლებს პრორუსულობას რატომ გაბრალებენ?
- “ნაციონალების” ამ კომიკურ ,,ლეგენდას” უკვე ყავლი გაუვიდა - ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. რატომ უგდებთ ყურს იმ ადამიანებს, ვინც რუსეთს ფეხქვეშ გაეგო? ვინც საქართველოს უმნიშვნელოვანესი ობიექტები სწორედ რუსეთს მიჰყიდეს? მათ არასერიოზულ განცხადებებს ყურს არ ვუგდებ...
- რაღაც უხერხული უნდა გკითხო, 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, შენმა დამ „აირზენაში“ მაღალ პოზიციაზე მუშაობა მართლა დაიწყო?
- რა არის აქ უხერხული? ჩემი და, ოქტომბრამდე კერძო კომპანიაში იურისტად მუშაობდა და დღესაც კერძო კომპანიაში მოკრძალებულ პოზიციაზე მუშაობს - მარკეტინგის სამსახურში, მოკრძალებული ხელფასით. მისთვის განსაკუთრებული არაფერი შეცვლილა. ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი საჯარო სამსახურში არ არის.
- გიგი უგულავას დაჭერით, „ნაცმოძრაობა“ რადარიდან მართლა გაქრება?
- რა, უგულავა იყო “ნაციონალების” მარადიულობისა და არსებობის მთავარი ბურჯი?
ისინი ხალხის რისხვითა და მიუღებლობით ქრებიან. ქრებიან იმიტომ, რომ ესაა პოლიტიკის ლოგიკა... პოლიტიკური მოძალადეების ჯგუფი ვერასოდეს დაბრუნდება, რადგან ხალხი მწამებლებს არ მიიღებს!
- ეკა, როგორ ფიქრობ, ქვეყანაში პროდასავლური ოპოზიცია არსებობს?
- არსებობს, მაგრამ ეს, რასაკვირველია, “ნაცმოძრაობა” არაა. “ნაციონალების” ფასეულობები დასავლურისგან ძალიან შორსაა.
- ...თავს უხერხულად არ გრძნობ, როცა პრემიებზე ლაპარაკობენ? ისე, წულუკიანის არგუმენტი, რომ საჯარო მოხელეს მოტივაცია უნდა ჰქონდესო, არ მიიღება, მით უმეტეს, ხალხი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს...
- სწორედ იმიტომ, რომ ხალხს, მართლაც, ძალიან უჭირს და სოციალური ფონი მძიმეა, პრემიების ფუფუნება არ გვაქვს და ამიტომაც, პარლამენტში მოსვლისთანავე დეპუტატებისთვის პრემიები გავაუქმეთ და პრემია ერთ დეპუტატსაც არ აუღია. პრემიას მხოლოდ აპარატის თანამშრომლები იღებენ და ისიც, იმის მიხედვით, ვისაც ეკუთვნის. ამ საკითხისადმი საჭიროა სამართლიანი მიდგომა და ამიტომაც, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი რეგულაციების შექმნა დაავალა, რაც უკვე მომზადდა.
- ასი საწარმოს დაპირება რეალობად როდის იქცევა?
- საწარმოები იხსნება... ათეულობით ახალი საწარმო გაიხსნა და არსებულის რეკონსტრუქცია მოხდა. საკუთარი თვალით ნახონ, ვისაც ეს აინტერესებს და დარწმუნდებიან.
- მაინც, სად გაიხსნა ახალი საწარმოები?
- მაგალითად, სამგრელოში და ეს პროცესი გრძელდება.
- ეკა, როგორ ფიქრობ, 2016 წელს ხალხი „ოცნებას“ ნდობას კიდევ გამოუცხადებს?
- ამას 2016 წელს ვნახავთ. ნდობისა და მოსახლეობის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მჯერა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ახალგაზრდა, ნიჭიერი, გულანთებული და წესიერი მეთაურია, მთავრობის გუნდსა და პარლამენტთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს, რისი გაკეთებაც შესაძლებელია, რათა ხალხმა იგრძნოს, რომ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ჰყავს... ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ადამიანია და მისი თავისუფლება მთავარი ღირებულებაა, სადაც ადამიანის უფლებებს პატივს სცემენ, უფრთხილდებიან და სადაც საჯარო სამსახურში ბევრი მოვალეობა და მაღალი პასუხისმგებლობაა, სადაც არ იქნება ელიტური კორუფცია და პრივილეგიები ცალკეული ჯგუფისთვის. ამ სტანდარტების დამკვიდრებასა და სამოქალაქო სოლიდარობის გაზრდას დრო სჭირდება. მჯერა, რომ წინ მართებული სვლით მივდივართ. ამ გზაზე შეცდომებიც იქნება, მაგრამ ხელისუფლება ამ შეცდომებზე თვალს არ დახუჭავს, აღიარებს და გამოასწორებს. ესაა მიდგომა და ასეთ დროს უკან დახევა სიძლიერეა და არა - სისუსტე. საჭიროა ხალხისთვის ყურის დაგდება და რაც შეიძლება, ახლოს ყოფნა!
- ბოლოს, ისიც მითხარი, რაც „ოცნებას“ დივიდენდად ეწერება...
- ყველაფერი ის, რაც დღეს კეთდება და რასაც სახელმწიფოს საძირკველი ჰქვია, მომავლის დივიდენდია. ეს საძირკველი მყარია და ყველა სისტემას უკეთდება, რადგან საძირკვლიდან იწყება შენება და რაც უფრო მყარია საძირკველი, მით მყარი იქნება სახელმწიფოც. ჩვენ ვაშენებთ ქვეყანას, რომელიც ინსტიტუტებმა უნდა მართონ და არა - პიროვნებებმა, სადაც ადამიანი მიზანია და არა - საშუალება!