რატომ არ ტარდება უშიშროების საბჭოს სხდომა და რომელ პოლიტიკურ ძალას იყენებს რუსეთი საქართველოში გეგმის განსახორციელებლად

რატომ არ ტარდება უშიშროების საბჭოს სხდომა და რომელ პოლიტიკურ ძალას იყენებს რუსეთი საქართველოში გეგმის განსახორციელებლად

2005 წლიდან სამოქალაქო სექტორში აქტიურობს, 2011-2013 წლებში საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და საბჭოს თავმჯდომარე გახლდათ. თუ ზოგიერთები პოლიტიკიდან სამოქალაქო სექტორში ინაცვლებენ, მის შემთხვევაში პირიქით მოხდა - 2014 წლის პირველი აპრილიდან უშიშროების საბჭოს მდივნის მრჩევლად დაინიშნა, დღეს კი, ირინა იმერლიშვილის მოადგილის თანამდებობას იკავებს. ,,ვერსიასთან’‘ ცნობილი ჟურნალისტის, დავით აქუბარდიას ქალიშვილი თეონა აქუბარდია ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის მნიშვნელობაზე, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე, უშიშროების საბჭოს მუშაობაზე საუბრობს.                   

- ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, მასში მითითებული პუნქტების სრულყოფილად შესრულების შედეგად, საქართველოს თითოეული მოქალაქე მიიღებს სიკეთეს. იგულისხმება დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება, ეკონომიკური რეფორმების გატარება, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის დამყარება ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის შემოღება... საბოლოო შედეგის მისაღებად ბევრი რამაა გასაკეთებელი, რისთვისაც საკანონმდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებას 24-საათიან რეჟიმში მოუწევს მუშაობა. საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია მოსახლეობის არჩევანია, ამიტომ ეს შეუქცევადი პროცესია.                       

- ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ფონზე, ხელისუფლება ნაკლებად საუბრობს რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე. ამ საფრთხეებს ვერ ხედავთ?                            

- ის, რომ რუსეთიდან საფრთხეები არსებობს, სიახლე სულაც არ არის და ეს ქვეყნის სტრატეგიულ დოკუმენტებშიცაა ასახული. აგვისტოს ომი ცოტა ხნის წინ გამოვიარეთ, რუსეთს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, სადაც რუსული სამხედრო ბაზები უკანონოდ დგას. მნიშვნელოვანია, საფრთხეები იმ რეფორმებმა შეამციროს, რომელიც ხელისუფლებამ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ფარგლებში უნდა გაატაროს. სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია მოგვცემს ბერკეტებს ამ საფრთხეების შესამცირებლად.                               

- ევროპასთან დაახლოების პარალელურად, ქვეყნის ეკონომიკა სულ უფრო დამოკიდებული ხდება რუსულ ბაზარზე. საქართველოში რუსი ინვესტორები და ექსპერტები შემოდიან, მრგვალ მაგიდას მართავენ და საზოგადოებას არწმუნებენ, რომ მთავარი ოკუპანტი რუსეთი კი არა, თურქეთია.                              

- შევთანხმდეთ, რომ ოკუპანტი რუსეთია - მას საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და ეს ფაქტი მთელმა მსოფლიომ აღიარა. რა თქმა უნდა, რუსეთი თავისი მიზნების განსახორციელებლად მის ხელთ არსებულ ბერკეტებს იყენებს. ამ კონტექსტში შედიოდა 2006 წელს საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური ემბარგოს ამუშავება, როცა რუსული ბაზრიდან ქართული პროდუქცია გამოიდევნა, ხოლო ეთნიკური ქართველები რუსეთიდან გამოაძევეს. ქართველების ეთნიკური ნიშნით შევიწროება სტრაბუსრგის სასამართლომაც აღიარა. ამ გამოცდილების ფონზე, აუცილებელია, ქვეყნის ეკონომიკა მხოლოდ რუსულ ბაზარზე არ იყოს დამოკიდებული. ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი სწორედ 2006 წლის მოვლენების განმეორებისგან დაგვიცავს. რუსეთს ჩვენ წინააღმდეგ ენერგეტიკული რესურსებიც არ გააჩნია, რადგან საქართველომ მოახერხა, მიეღწია ენერგოდამოუკიდებლობისთვის.                                 

- სწორედ ამას გეკითხებით. სანამ ქართული პროდუქცია ევროპულ ბაზარზე გავა, ვაძლევთ რუსეთს შესაძლებლობას, 2006 წლის მოვლენები გაიმეოროს?                             

- რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები განახლდა, რაც რუსულ ბაზარზე ქართული მინერალური წყლეის, ღვინის, ხილის შეტანით შემოიფარგლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებას. ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ რუსეთს კვლავ შეუძლია, ეკონომიკური თემები საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენოს, როგორც ამას უკრაინაში აკეთებს. შესაბამისად, დივერსიფიცირების პრობლემებზე მუშაობა საქართველოში მიმდინარეობს. ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების დამყარება ამ პროცესს შეუქცევადს გახდის.                               

- ვერც იმაში ხედავთ საფრთხეს, რომ საქართველოში რამდენიმე დღის წინ, 2008 წელს რუსეთის დაზვერვის უფროსის დაფინანსებით ჩამოსული ჯგუფი შეხვედრებს მართავს და ევრაზიული ინსტიტუტის გაძლიერებაზე საუბრობს?                               

- ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. თუ საქართველოში რუსული დაზვერვის წარმომადგენელი შემოვიდა, შესაბამისმა უწყებებმა ადეკვატური ზომები უნდა მიიღონ.                           

- მერე ნორმალურია, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ამის შესახებ ინფორმაცია რომ არ აქვს?                               

- როგორც გითხარით, ამ კონკრეტული შეხვედრის შესახებ არაფერი ვიცი... ზოგადად, თუ რუსეთი ევრაზიული ინსტიტუტის გაძლიერებას ცდილობს, კანონს არღვევს და ქვეყნისთვის საშიშ პოლიტიკას ატარებს, შესაბამისმა უწყებებმა უნდა იმოქმედონ. მთავარია, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციას უჭერს მხარს, რუსული იდეა კი პოპულარობით არ სარგებლობს. ქართველებმა იციან, რომ რუსეთი ოკუპანტია.                              

- თქვენგან განსხვავებით, მსგავს მკვეთრ შეფასებებს კოალიციაში ერიდებიან. ნინო ბურჯანაძე ცდილობს, გაააქტიუროს კითხვა: ევროპასთან დაახლოებას რუსეთთან ურთიერთობის დალაგება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ხომ არ სჯობს?                             

- საქართველოს უახლოესი წარსული ნათლად გვაჩვენებს, რომ რუსეთი საქართველოს გაძლიერებით დაინტერესებული არასოდეს ყოფილა. ევროკავშირსა და რუსეთს შორის განსხვავებაც ისაა, რომ დასავლეთი საქართველოს თანასწორ პარტნიორად განიხილავს, მის ღირებულებებსა და იდენტობას პატივს სცემს. სამწუხაროდ, რუსეთზე იგივეს ვერ ვიტყვით. რუსეთი ყოველთვის ეცდება, მისთვის სასარგებლო განცხადებები მის მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური ძალების მეშვეობით გააჟღეროს და საზოგადოების ნაწილი მაინც დაარწმუნოს, რომ დასავლური კურსი გამართლებული არ არის.                          

- ანუ, თქვენი, როგორც უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ოფიციალური პოზიციაა, რომ ნინო ბურჯანაძე რუსეთისგან მხარდაჭერილი პოლიტიკური ძალაა?                       

- ეს საზოგადოებამ უნდა განსაჯოს. საბედნიეროდ, არსებობენ პროდასავლური ძალები, რომელსაც მოსახლეობა მხარს უჭერს.                                

- მსგავსი გამოწვევების ფონზე, ექვსი თვის განმავლობაში რატომ ვერ მოხერხდა უშიშროების საბჭოს სხდომის გამართვა?                            

- საზოგადოებას უშიშროების საბჭოს სხდომასა და ზოგადად, საბჭოს ფუნქციაზე სრული ინფორმაცია არ აქვს. უშიშროების საბჭო პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა, ამიტომ სხდომის მოწვევაც პრეზიდენტის პრეროგატივაა. საქართველოს კონსტიტუციის ცვლილების შემდეგ, ფუნქციები პრეზიდენტსა და მთავრობას შორის გაიყო. პრეზიდენტს აქვს კომპეტენცია, რაც საგანგებო საომარი ვითარების შემოღებასა და უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება. ,,შეკრება შეკრებისთვის’‘ საბჭოს მოწვევისთვის საკმარისი მიზეზი ვერ გახდება. სხვა მხრივ კი, საბჭო პრეზიდენტს რეკომენდაციებს აწვდის კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების პროცესში. თუ უშიშროების საბჭოს სხდომა არ იკრიბება, არ ნიშნავს, რომ საბჭოს აპარატი არ მუშაობს.                             

- თუმცა, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ღიად საუბრობდა, რომ უშიშროების საბჭო მთავრობასთან კოორდინაციის არარსებობის გამო ვერ გაიმართა. ეს საკითხი ქვეყნის სტაბილურობას არ უქმნის საფრთხეს?                          

- მიმდინარე საკითხები კანონმდებლობით რეგულირებადია, ამიტომ აუცილებელი არაა საბჭოს სხდომის მოწვევა. სხვა მხრივ, საბჭოს წევრებთან კონსულტაციები, ყველა საკითხზე, რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს, რეგულარულად გვაქვს. მაქსიმალურად ვეცდებით, საზოგადოებას საბჭოს საქმიანობაზე ინფორმაცია მივაწოდოთ.                           

- გიგა ბოკერიას დროს, უშიშროების საბჭოში გაფლანგული თანხების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. რა ეტაპზეა საქმე ამ მიმართულებით?                              

- ამ საკითხზე ინფორმაცია არ მაქვს.                         

- ისე, გიგა ბოკერიას მუდმივად აკრიტიკებდნენ, რადგან თანამდებობაზე ყოფნისას, მისი მეუღლე პოლიტიკური ჟურნალის რედაქტორი გახლდათ. თქვენ არ გექმნებათ უხერხულობა იმის გამო, რომ თანამდებობაზე ხართ, მამათქვენი კი, იმავდროულად, ტელეწამყვანია?                    

- 2005 წლიდან თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით არასამთავრობო ორგანიზაციაში ვმუშაობ, ამიტომ ვფიქრობ, მაქვს უფლება, მამის პროფესიის მიუხედავად, ჩემი საქმე ვაკეთო. პრობლემა არაა, მამა რომ ტელეწამყვანია, მე კი - უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე.