“ჩვენ ჩავიბარეთ დამცირებული, ფეხქვეშ გათელილი საქართველო”, ანუ როდის ამბობდა სიმართლეს მიხეილ სააკაშვილი

“ჩვენ ჩავიბარეთ დამცირებული, ფეხქვეშ გათელილი საქართველო”, ანუ როდის ამბობდა სიმართლეს მიხეილ სააკაშვილი

"ახალი - ეს არის კარგად დავიწყებული ძველი!" - ალბათ, ამ ცნობილ გამონათქვამს ითვალისწინებდა პრეზიდენტყოფილი მიხეილ სააკაშვილი,  9 წლის განმავლობაში დუჟმორეული რომ ამბობდა,  - "გაპარტახებული ქვეყანა ჩავიბარეო", თუმცა საზოგადოებას არ დავიწყებია მისი გამოსვლა 1999 წელს «მოქალაქეთა კავშირის» ყრილობაზე.

ამ შეკრებას ესწრებოდა ახლახან გარდაცვლილი ექსპრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეც, ქვეყნის პოლიტიკურ ელიტასა და იმ ტაშისმკვრელი ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, რომელთაც “
“ვარდების რევოლუციის” შედეგად ხელისუფლების სათავეში მოსულმა სააკაშვილმა "ჩარეცხილები” უწოდა.

აი, რას ამბობდა მიხეილ სააკაშვილი 1999 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ:

“ჩვენ ჩავიბარეთ წაგებული, დამცირებული, ფეხქვეშ გათელილი საქართველო, რომლის არსებობაც ცოტა ვინმემ თუ იცოდა გარე სამყაროში და ისინიც ეჭვის თვალით უყურებდნენ. ჩვენ შევაჩერეთ ნგრევა, ჩვენ შევქმენით ახალი სახელმწიფო დემოკრატიული ინსტიტუტები, ჩვენ შევქმენით ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი კანონმდებლობა და ჩვენ მივეცით ხალხს ის ინსტრუმენტი, რომლითაც უნდა დაიცვას თავისი უფლებები ამ კანონმდებლობის მიხედვით, ჩვენ მივეცით ხალხს ახალი სასამართლო სისტემა...

ჩვენ ჩავატარეთ გამოცდები, ჩვენ ავამუშავეთ ახალი სისტემა. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ გვაძახებდნენ, რომ ვერ შევინარჩუნებდით ეროვნული ვალუტის სტაბილურობას და ვერ შევაჩერებდით ლარის ვარდნას. დღეს ქართული ლარი არის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი სტაბილური ვალუტა.  ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ნავთობსადენი ვერასოდეს გავა საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ ნავთობსადენი უკვე აქ არის და ეს რეალობაა.”

ანუ რა გამოდის: რასაც სააკაშვილი 2003 წლის “ვარდების რევოლუციის”  შემდეგ ხალხს უჩიჩინებდა, 1999 წელს უკვე გაკეთებული ყოფილა!

და კიდევ:

“ჩვენ ამ დღეებში დავიწყეთ სერიოზული მუშაობა საზღვრებთან მიმართებაში, რომელიც ჩვენმა ოპონენტებმა მონათლეს ეკონომიკურ ბლოკადად. ეს მართლაც არის ბლოკადა იმ ადამიანების ჯიბეების, რომლებიც ძარცვავდნენ საქართველოს ეკონომიკას, ეს ბლოკადა გაგრძელდება და გაძლიერდება, როგორც წყალგაუმტარი ჯებირები. ეს არის მცირე ბიზნესის განვითარება და კლანები კი  აფერხებს მცირე ბიზნესის განვითარებას... ამ კლანების გაჩერების გარეშე თითოეულ თქვენგანს არ აქვს მომავალი. კლანების “კრიშების” მოსპობის გარეშე საქართველოს არ აქვს მომავალი და ესეც არის ჩვენი მომავალი გეგმა; უნდა განვითარდეს განათლება, მეცნიერება, მედიცინა და ჩვენ ამის პოტენციალი გვყავს მთელ მსოფლიოში და ამ დარბაზში, თქვენს შორის. ამ პოტენციალის ამოქმედება ჩვენი ოთხწლიანი გეგმის ნაწილია”.

ამას ამბობდა კაცი, რომლის შენახვაც ავადსახსენებელი “ვარდების რევოლუციის” შემდეგ სახელმწიფოს ყოველდღიურად 140 ათასი(!) ლარი უჯდებოდა, აღარაფერს ვამბობთ, მის გართობა-დროსტარებაზე, მოგზაურობებზე, უაზრო კონცერტებსა და მასაჟებზე დახარჯულ მილიონებზე. ამას ამბობდა კაცი, რომლის მმართველობის პერიოდშიც  განადგურდა განათლების სისტემა, მეცნიერება და სოფლის მეურნეობა. ამას ამბობდა კაცი, რომლის გუნდის წევრებიც ატერორებდნენ ქართველ და უცხოელ ბიზნესმენებს, მათი ქონების მითვისებით კი მილიონერები გახდნენ. აი, ამ კაცმა “მსოფლიოში და დარბაზში მსხდომი პოტენციალი”, ანუ ტაშისმკვრელი ინტელიგენცია, რომელმაც ხელი შეუწყო მის აღზევებას და, ქვეყანაში მიმდინარე საშინელ პროცესებზე პროტესტის გამოთქმის ნაცვლად, ინდაურებსა და ორდენებს იღებდა, დაუნდობლად “ჩარეცხა”!

საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც პოლიტიკური ამნეზია არ სჭირს, ედუარდ შევარდნაძისადმი სააკაშვილის სახოტბო სიტყვებიც ახსოვს:

“ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს შევარდნაძე ასრულებს. იგი ისევე არის დამფუძნებელი ახალი ქართული სახელმწიფოსი, როგორც ჯორჯ ვაშინგტონი იყო ამერიკისთვის და ათა-თურქი - თურქეთისთვის. პოლიტიკოსთა დღევანდელ თაობას ბედმა გაუღიმა, რომ სახელმწიფოს დაფუძნების პერიოდში მუშაობს».  მაგრამ შემდეგ მოვლენები შეიცვალა და შევარდნაძის ლანძღვა გახდა საჭირო - მხოლოდ ასე თუ გაიკვალავდა სააკაშვილი პრეზიდენტობისკენ მიმავალ გზას. “საქართველო არშემდგარი, დეზინტეგრირებული, ღირსებაშელახული და სრულიად დემორალიზებული სახელმწიფო იყო. ეს იყო ქვეყანა, რომელსაც დაკარგული ჰქონდა სახელმწიფოებრიობის ყველა ატრიბუტი, ბატონობდა კორუფცია, დაუსჯელობა და უკანონობა, სადაც რიგით მოქალაქეებს ყოველ ნაბიჯზე ატყუებდნენ და ფულს სძალავდნენ. იყო ქვეყანა, რომელსაც არ გააჩნდა ბიუჯეტი და არ სრულდებოდა მოქალაქეთა წინაშე აღებული არც ერთი სოციალური ვალდებულება, ქვეყანა, რომელშიც ადამიანის უფლებები ფეხქვეშ ითელებოდა. საქართველო იყო ქვეყანა, რომელსაც საერთაშორისო ავტორიტეტი - შელახული, ორიენტირი კი დაკარგული ჰქონდა, არ გააჩნდა ეროვნული იდეოლოგია და პატივს აღარავინ სცემდა; ეს იყო ქვეყანა, რომელიც ღირსეულ შვილებს ყოველდღიურად კარგავდა და რომლის მოქალაქეთა მთავარი ოცნება სამშობლოდან სხვა ქვეყანაში გაქცევა და თავის შეფარება გახდა”,  -  ამას ამბობდა სააკაშვილი, რომლის რეჟიმმაც იმსხვერპლა სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე,ზურა ვაზაგაშვილი და ასობით ახალგაზრდა; რომლის მმართველობის პერიოდშიც ათიათასობით უდანაშაულო ადამიანი გამოამწყვდიეს საპყრობილეში და სასტიკად აწამეს;  რომლის მმართველობის პერიოდშიც ასეულათასობით ადამიანმა დატოვა ქვეყანა, რის გამოც ქართველი ერი გადაშენების პირასაა (იხ. გაეროს მიერ ჩატარებული დემოგრაფიული კვლევის მონაცემები, რომლებიც ჩვენი გაზეთის დღევანდელ ნომერშია გამოქვეყნებული)!

აი, ამაზე იტყვიან, “ენას ძვალი არ აქვსო...”