ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით აქციები დაიწყება?!

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით აქციები დაიწყება?!

ვინ მოუწოდებს ამომრჩეველს, ბოიკოტი გამოუცხადოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს, რას აპირებს "ერთიანი ოპოზიცია" შემოდგომაზე და ვის "ბრძნულ" რჩევებს ასრულებენ უსიტყვოდ "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება"? 
"კვირის ქრონიკას" ესაუბრება პოლიტიკური პარტია "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია:
 
  
- "ქართულმა ოცნებამ", ნაცებთან ერთად გააყალბა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მეორე ტურში დარჩენილიყო ზუსტადაც "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად. არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ორ პარტიას ერთმანეთში აქვს გადანაწილებული მედიასაშუალებები, ცენტრალური ტელეკომპანიები და ფინანსური რესურსები. ორივე, თვისობრივად, ცნობიერებით არის სრულიად იდენტური პოლიტიკური ძალა და რაც მთავარია, ორივეს ჰყავს ერთი პოლიტიკური მშობელი და ერთი პატრონი ქვეყნის გარეთ. ფაქტობრივად, ესენი არიან მარიონეტები, რომლებიც ქვეყნის გარედან იმართებიან. ისინი გადაწყვეტილებებს იღებენ არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ რას იფიქრებს კარლ ბილდტის მაგვარი რომელიმე ამერიკელი სენატორი. მათ არ აინტერესებთ ერი, სამშობლო, სახელმწიფო. ამიტომ ეს ორი ძალა, ჩამოშორებულ უნდა იქნეს ქვეყნის მართვის სადავეებიდან. 
ამ ორმა ძალამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხალხი ხერხემალში სოციალურად გადაემსხვრია, ჩინოვნიკების გამდიდრების პირდაპირპროპორციულად გააკოტრა ხალხიც და სახელმწიფოც. გააკეთა ისე, რომ ჩვენ არ ვიყოთ საკუთარი ქვეყნის ბატონები და პატრონები! 

- სოციალური ქსელის მეშვეობით, თქვენ მიმართეთ ამომრჩეველს: "საზოგადოებას მივმართავ - პასუხი აგებინეთ ხელისუფლებას ამდენი ტყუილის გამო! ნუ მიხვალთ არჩევნებზე. ზურგი შეაქციეთ მათ! ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, გავამწვავოთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხი". ფაქტობრივად, ბოიკოტს უცხადებთ მეორე ტურს და მოსახლეობასაც ამასვე მოუწოდებთ...  
- ის, რამაც შეიძლება მოგვცეს სწრაფი და ეფექტური პოლიტიკური ცვლილებები, არის სწორედ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. მოსახლეობას ხმა არ მიუცია არც ნუგზარ წიკლაურისთვის, არც ჩიორა თაქთაქიშვილისთვის, არც აკო მინაშვილისთვის და არც უსუფაშვილ-ხიდაშელისთვის. ხალხმა ხმა მისცა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ხალხი მოატყუა და ხელისუფლება უსუფაშვილ-ხიდაშელს ჩაუგდო ხელში. 
მეორე ტურის მნიშვნელობას რაც შეეხება, ჩვენი, როგორც "ერთიანი  ოპოზიციის" და სახელმწიფოს ინტერესია, მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ქართველმა საზოგადოებამ ზურგი შეაქცია "ქართულ ოცნებასაც" და "ნაცმოძრაობასაც". ჩვენი ამოცანაა, ვაჩვენოთ მსოფლიოს, როგორ შეაქცია ქართველმა ხალხმა ზურგი სიცრუეს, ღალატსა და ორპირობას, ძალმომრეობას, ანტიეროვნულობასა და სიხარბეს. თუ ჩვენ შევძლებთ და ჩავშლით ამ არჩევნებს, ანუ, თუ ხალხი არჩევნებზე არ მივა, ასეთ შემთხვევაში, გვექნება სავსებით ნოყიერი ნიადაგი და სავსებით ლეგიტიმური უფლება - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა შემოდგომაზე. 

- თუმცა, არჩევნების შედეგისთვის ამომრჩეველთა რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს. 
- ფორმალურად არჩევნებზე რამდენი ამომრჩეველი მივა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ აქვს პოლიტიკურ-მორალური დატვირთვა. ხალხის არჩევნებზე არმისვლა ნიშნავს, რომ ხალხმა ავტომატურად ამ ორ პოლიტიკურ ძალას ზურგი შეაქცია. ეს ჩვენთვის პოლიტიკური ინსტრუმენტია, რომელსაც ჩვენ აუცილებლად შემოდგომაზე გამოვიყენებთ ქვეყნის შიგნით და გარეთ იმისთვის, რომ მოვითხოვოთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რაც ქვეყანაში პოლიტიკურ სურათს აუცილებლად შეცვლის... 
მინდა იმ ხალხს მივმართო, ვისაც ასე გულუბრყვილოდ და გულწრფელად სჯერა, მელიამ რომ არ გაიმარჯვოს, სწორედ ამიტომ ვართ ვალდებულები, მივიდეთ არჩევნებზე და ნარმანიას მივცეთ ხმაო. არც ერთ შემთხვევაში! მელიას ახლა ძალით რომ შეტენო თბილისის მერობა, დამიჯერეთ, ნაციონალებს დღეს ეს არც აწყობთ! 

- რატომ? 
- იმიტომ, რომ შემოდგომაზე კი არა, მაშინ დღესვე გამოვა ხალხი ქუჩაში. ეს არის ორ პარტიას შორის შეთანხმება. ორივე ბიძინას ტერმინს - "შუა გაკრეფას" ემსახურება. ისინი დგამენ კინკლაობებს, ვითომ დაპირისპირებულები არიან და ცდილობენ პოლარიზაციას, ანუ ამომრჩევლის "შუა გაკრეფას". ყველა ღონეს ხმარობენ, რეალურად არ წამოიწიოს მათ წინააღმდეგ ოპოზიციურმა მესამე ძალამ, რომელიც ერთსაც გაანადგურებს და მეორესაც და ორივეს ერთად მისცემს სამართალში! 

- ევროპაში ექსპრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის იჭერენ, საქართველოში თბილისის ექსმერ გიგი უგულავას... "ნაცების" საარჩევნო კამპანიის შტაბის უფროსის გასკვანჩვა სწორედ მეორე ტურამდე ერთი კვირით ადრე, დიდი თამაშის პატარა სცენაა, თუ მართლა სამართლიანობის აღდგენის დასაწყისი? 
- არანაირი კავშირი არ აქვს სარკოზის დაჭერას უგულავას დაჭერასთან... უგულავას დაჭერა პირდაპირ ემსახურება პოლარიზაციას, ანუ ეს არის კონტრზონა. დამიჯერეთ, უგულავას დაჭერას არავინაც არ აპირებს. მაგის დაჭერა რომ ნდომოდათ, აქამდე ცხრაჯერ დაიჭერდნენ. თქვენ ნახავთ, რომ უგულავაც და ახალაიაც ძალიან მალე გამოვლენ გარეთ... 

- კულუარებში საპირისპირო პროგნოზები კეთდება: გიგა ბოკერიას, გივი თარგამაძისა და გია ბარამიძის დაჭერების შესახებ... 
- წესით, ეგენი უგულავას უნდა მიაყოლონ, მაგრამ არ დაიჭერენ. მე ილუზიებით არასოდეს ვიკვებები. იყო პერიოდი, ვფიქრობდი, რომ ესენი რაღაც ნაბიჯებს გადადგამდნენ, მაგრამ ახლა, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ესენი ერთ საქმეს აკეთებენ. უგულავას დაჭერა ემსახურება ისევ და ისევ "შუას გაკრეფას" - პოლარიზაციას და ამ ნაბიჯით ორივე ძალა იღებს სარგებელს. შეხედეთ "ნაცმოძრაობას", ისინი ახერხებენ თავიანთი ელექტორატის მობილიზებას: ტანჯული უგულავა ვაჟკაცურად შედის ციხეში, მეორე მხრივ, "ქართული ოცნება" ამბობს: აი, ჩვენ შეკრული კი არ ვართ "ნაცებთან", არამედ  ჩვენ მათ ვიჭერთო. რაზეც ზემოთ მოგახსენებდით, კონტრზომაა-მეთქი, სწორედ იმის კონტრნაბიჯი გადადგეს უგულავას დაჭერით, რათა გაანეიტრალონ ჩვენი, "ერთიანი ოპოზიციის", შეტევა. ყველა მიხვდა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ხალხის ნდობას უღალატა, ვინაიდან "ნაციონალური მოძრაობის" ერთადერთი გადამრჩენელი დღეს სწორედ "ქართული ოცნებაა". ბიძინა ივანიშვილი მფარველი ანგელოზივით მოევლინა სააკაშვილს პირადად და მთლიანად "ნაცმოძრაობას", თორემ ამათ სისხლისღვრა არ ასცდებოდათ გამწარებული ხალხისგან... ერთადერთი ძალა, ვინც "ნაცმოძრაობაზე" ძალადობასა და ხალხის რევანშს აჩერებს, სწორედ "ქართული ოცნებაა". თქვენ რა გგონიათ, "ნაცმოძრაობამ" ეს არ იცის? იქ უტვინო ხალხი კი არ ზის... სხვათა შორის, "ნაცმოძრაობის" სიცოცხლის ტოლფასია "ქართული ოცნებისთვის" ძალაუფლების შენარჩუნება - პოლიტიკური და ბიოლოგიური სიცოცხლის! თუ "ქართული ოცნების" ძალაუფლება მოირყა და ხელისუფლების განხორციელების დეფიციტი შეიქმნა, ისინი ვეღარ გააკონტროლებენ ქუჩაში პროცესებს, მათ ქუჩაშივე გაუსწორდებიან... 

- სულ ახლახან ხელი მოეწერა "ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას", რასაც ევროპელმა ლიდერებმა ისტორიული ფაქტი უწოდეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კი ლამის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს გაუტოლა მნიშვნელობით... 
- ეს ხელშეკრულება დისკრიმინაციულია. ეს არ არის თანაბარ სახელმწიფოებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. ეკონომიკური თვალსაზრისით, ამ ხელშეკრულებამ საქართველოს 500-მილიონიანი სამომხმარებლო ევროპის ბაზარი გაუხსნა, მაგრამ... არის ერთი მაგრამ: ქართული პროდუქტის 28 სახეობას დაუწესდა ევროპის ბაზარზე შესვლისას შეზღუდვა და გადასახადი: კიტრი, პომიდორი, ლიმონი, ფორთოხალი, ყველა სახის ციტრუსების ჰიბრიდები, ყურძენი, ვაშლი, მსხალი ატამი, გარგარი, ალუბალი... ყველა ეს პროდუქცია, რაც საქართველოში მოიპოვება, ევროპის ქვეყნებში შესვლის საფასურს გადაიხდის. ცინიზმია, აბა, რა არის? სამაგიეროდ, შეზღუდვა არ დაგვიწესეს: ბანანზე, ანანასზე, ზეითუნის ხილზე, ანუ იმ პროდუქციაზე, რომელსაც საქართველო არ აწარმოებს(!). 
საერთოდ, 300-მდე კანონი ან ახალი კანონპროექტი უნდა დაწეროს და მიიღოს საქართველოს მხარემ, დაახლოებით ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტისმაგვარი, რაც, ჩემი აზრით, საბოლოოდ დააკარგვინებს ქართველ მოსახლეობას ბატონისა და პატრონის სტატუსს სახელმწიფოზე. ჩვენ გავხდებით ერთგვარი კორიდორი, სადაც, ვისაც როგორც მოუნდება, ისე შემოისეირნებს და გაისეირნებს. 

- კულუარებში ირაკლი ღარიბაშვილის სამომავლო გეგმის შესახებ, ე.წ. მინისტრთა კაბინეტის "წმენდაზე" კარგა ხანია ლაპარაკობენ... როგორ ფიქრობთ, ვის შეელევა ღარიბაშვილი? 
- თუ მართლა აპირებს რამეს, ძალიან სწრაფად უნდა დაიწყოს მაშინ ეს პროცესი. მე გულწრფელად ვგულშემატკივრობ პრემიერ-მინისტრს... არ მიყვარს სხვის სამზარეულოში ჩახედვა და ჭორიკნობა, მაგრამ კოალიცია "ქართული ოცნება", ფაქტობრივად, დაშლილია. ერთი მხრივ, მათ ძალიან მოსწონთ, რომ მთავრობაში არიან. მათი მიზანია, შეინარჩუნონ ცენტრი და მხოლოდ ქვემოთ გაიშალონ - მოემზადონ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. "რესპუბლიკელები", "თავისუფალი დემოკრატების" ნაწილი და "ნაციონალები" კი კოორდინაციაში არიან. ჰყავთ თავიანთი პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია პიარსაც კი უკეთებს... ისინი აუცილებლად შეეცდებიან, ღარიბაშვილი პროცესებსმიღმა დატოვონ... ყველაზე ცუდი რაც არის და ჩიხს რაც გამოიწვევს, ის არის, რომ  პრეზიდენტზე დაკარგულია კომუნიკაცია... როგორც ჩანს, პრეზიდენტი რესპუბლიკელებისა და ნაციონალების მხარეს აღმოჩნდება... ამაში მხოლოდ პრეზიდენტს არ ვადანაშაულებ. მას არასწორად მოექცნენ, მაგრამ თვითონაც არასწორი ნაბიჯები გადადგა, თავის მხრივ... რუსთაველის პრემიის ლაურეატის წოდების მინიჭების უფლებას რომ პრეზიდენტს ჩამოართმევ, მართლაც ნამეტანია!