"როდესაც მე, უმრავლესობის დეპუტატს, მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ვერ ვახერხებ პრემიერ-მინისტრამდე მიტანას, ეს უკვე ცუდია"

"თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაპატიმრება გაცილებით ადრეც შეიძლებოდა, მაგრამ კოტე კუბლაშვილის მონა მოსამართლეების წყალობით, მას გარეთ ყოფნა გაუხანგრძლივდა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დათო ლორთქიფანიე ამბობს "ალიასთან" საუბარში, ბოლოს მტკიცებულებები იმდენად მყარი იყო, მოსამართლემ ვეღარ გაბედა დინების საწინააღმდეგოდ წასვლა", - წერს გაზეთი"ალია" სტატიაში სათაურით დათო ლორთქიფანიძე: "როდესაც მე, უმრავლესობის დეპუტატს, მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ვერ ვახერხებ პრემიერ-მინისტრამდე მიტანას, ეს უკვე ცუდია".

"გიგი უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, არ შეიძლება, ნორმალურ ადამიანს სხვანაირი შეხედულება ჰქონდეს. ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ იქცეოდა ეს ადამიანი და რით იყო დაკავებული წლების განმავლობაში. ამიტომ, მისი დაპატიმრება, მე ვფიქრობ, ცოტა ადრე უნდა მომხდარიყო და მაშინ ვეღარ დაუკავშირებდნენ არჩევნებს. ბოლო დროს თავიანთი საქციელით აღარც კი მალავენ, რომ სასამართლო მათია და რაკი საწინააღმდეგო განაჩენი გამოიტანეს, ძალიან გაღიზიანდნენ. ჩვენ არაერთხელ ვილაპარაკეთ იმაზე, რატომ არიან მოსამართლეები "ნაციონალების" გავლენის ქვეშ, მაგრამ კიდევ გავიმეორებ: ვინაიდან, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უმრავლესობა ჰყავთ, მოსამართლეებსაც დაუსჯელობის სინდრომი აქვთ ძვალსა და რბილში გამჯდარი, არანაირი შიში", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დათო ლორთქიფანიძე.

"ჩემი აზრით, გამოძიებამ ისეთი არგუმენტები წარუდგინა, მოსამართლე იძულებული გახდა. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. არადა, "ნაციონალები" სხვა განაჩენს ელოდებოდნენ, თითქოს იცოდნენ, რომ უგულავას დარბაზიდან გაათავისუფლებდნენ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დათო ლორთქიფანიძე.

"ცოტა ხანში მოსახლეობას შეუძლია შემოგვიბრუნდეს და გვითხრას: კი, ბატონო, ჩვენ ვიცით, "ნაციონალები" ვინც იყვნენ, მაგრამ თქვენ რა გააკეთეთო? რა, ჩვენ დაზღვეულები ვართ, რომ ხალხი რადიკალურ მოთხოვნებს არ წამოგვიყენებს? ამიტომ გვმართებს ერთად დგომა, როცა ხელისუფლებაში ხარ, რა დროს ბუტიაობაა? როდესაც იქით გთხოვენ, რომ მათი აზრი უნდა გაითვალისწინო, მაშინ ნება იბოძონ და შენი აზრიც გაითვალისწინონ. მე პირადად ირაკლი ღარიბაშვილი მეიმედება, დიდ პატივს ვცემ, მაგრამ მას უმრავლესობის წევრებთან უფრო მეტი კომუნიკაცია სჭირდება. რამდენიმე თვეში ყველასთან შეხვედრა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ პულსზე გედოს ხელი", - განაგრძობს რესპონდენტი.

"საერთო შეხვედრებზე ბევრი რამე ვერ ითქმება კი არა, არ ითქმება. მე სიმართლის თქმისა არსად არ მეშინია, მაგრამ ყველაფერს ვერ გამოვიტან სააშკაროზე. ეჭვი მაქვს, უმრავლესობაში არიან ადამიანები, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილს ხშირად ხვდებიან. ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. მაგრამ როდესაც მე, უმრავლესობის დეპუტატს, მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ვერ ვახერხებ პრემიერ-მინისტრამდე მიტანას, ეს უკვე ცუდია. არსებობს ონფორმაცია, რომელსაც სხვას ვერავის გავანდობ. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ პრემიერ-მინისტრს ვუთხარი, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მაქვს და შეხვედრა მინდა-მეთქი, შევთანხმდით, მაგრამ დღემდე არაფერი გამოდის, ეს ინფორმაცია დღესაც ძალიან აქტუალურია", - დასძენს დათო ლორთქიფანიძე.