ფაქტები, რის გამოც გიგა ბოკერიასაც დაიჭერენ!

ფაქტები, რის გამოც გიგა ბოკერიასაც დაიჭერენ!

"ფაქტები, რის გამოც გიგა ბოკერიასაც დაიჭერენ!" - ამ სახელწოდებით სტატიას გაზეთი "ქრონიკა" აქვეყნებს. 

მთავარმა პროკურატურამ გიგა ბოკერია პირველად 4 აპრილს მოიკითხა და მოწმედ დაკითხა. საქმეს, რის გამოც ბოკერია დაკითხეს, გრიფით "საიდუმლო" ადევს. თუმცა, ადრე გახმაურდა ამ საქმის დეტალები და "ქრონიკისთვის" სხვა ინფორმაციებიც ექსკლუზიურად გახდა ცნობილი... ჯერ კიდევ 2012 წელს განაცხადა იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა, რომ უშიშროების საბჭოდან უზარმაზარი თანხები იყო გაფლანგული, ამ თემას აუცილებლად მიაქცევდა ყურადღებას და დამნაშავეებსაც დასჯიდა. ივანიშვილმა დამნაშავეებში ბოკერია და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეები რომ იგულისხმა, ამაში ეჭვი არავის შეჰპარვია. ივანიშვილი ისე წავიდა ხელისუფლებიდან, გიგასთვის ბუზი არავის აუფრენია. დღეს ხელისუფლებას ირაკლი ღარიბაშვილი უდგას სათავეში, მაგრამ როგორც ჩანს, ბოკერიას მიმართ მისი დამოკიდებულებაც ანალოგიურია. 

ამის თქმის საფუძველს ორი რამ მაძლევს, ერთი, რომ ყველა ჭკუასაკითხავი ადამიანი ირწმუნება, ბოკერიას მალე დაიჭერენ და ეს ხალხი ჰაერზე არ ლაპარაკობს, შესაბამისი უწყებებიდან გარკვეულ ინფორმაციებს ფლობენ და მათ ნათქვამს დამაჯერებლობას ესეც მატებს. მეორეც, "ქრონიკის" ექსკლუზიური ინფორმაციით, მთავარი პროკურატურა ძალზე აქტიურად მუშაობს წლების მანძილზე უშიშროების საბჭოდან გამქრალ მილიონებზე. ამ ეტაპზე, დაახლოებით, 15 მილიონი ლარის არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ, პროკურატურას უტყუარი მტკიცებულებები აქვს და სავარაუდოდ, ბოკერიას წინააღმდეგ მალე აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეს და ბრალსაც წაუყენებენ. "ქრონიკის" ინფორმაციით, ამ საქმეებში ფიგურირებენ უშიშროების საბჭოს ყოფილი მოადგილეები, ბათუ ქუთელია და დავით სიხარულიძე. შესაძლოა, პროკურატურამ მათაც წაუყენოს ბრალი. გარდა ამისა, მთავარი პროკურატურა ცალკე საქმედ სწავლობს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გახარჯული მილიონების საქმეს და შესაძლოა, ამ ფონდიდან უკანონოდ გახარჯულმა თუ მითვისებულმა თანხებმა, უშიშროების საბჭოდან გამქრალ 15 მლიონს გადააჭარბოს კიდეც. აქვე დავსძენ, რომ "ქრონიკას" სახელისუფლებო წყაროებიც უდასტურებენ, რომ პროკურატურას გიგა ბოკერიას წინააღმდეგ ბრალი უკვე გამზადებული აქვს და მისი წაყენება მხოლოდ დროის საქმეა. ამ ინფორმაციას ადასტურებენ როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

უშიშროების საბჭო, ფორმალურად, პრეზიდენტს ექვემდებარებოდა, სააკაშვილი იყო მისი თავმჯდომარე, მაგრამ გიგა მიშა სააკავშილს არაფერს ეკითხებოდა. ხარჯების შესახებ არავის აბარებდა ანგარიშს. მეტიც, ბოკერია უშიშროების საბჭოს ბიუჯეტს არ სჯერდებოდა და თავისი დანაშაულებრივი პარტიის საერთაშორისო პიარისა და სხვა საქმიანობისთვის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდანაც ხარჯავდა მილიონებს. აუდიტის სამსახურის დასკვნით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, არაერთი მილიონი გადაირიცხა უშიშროების საბჭოს ანგარიშზე და მთელი ეს თანხა უცხოური ლობისტური კომპანიების მომსახურებაში დაიხარჯა. ამ თანხებს ბოკერია წლის ბოლოს ითხოვდა სარეზერვო ფონდიდან, როცა საკუთარი გახარჯული ჰქონდა და ყველა მოთხოვნას სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიებების გატარების აუცილებლობა ედო საფუძვლად. რეალურად, გიგა ბოკერიას საერთოდ არ ადარდებდა ქვეყნის უსაფრთხოება, მისი მთავარი საზრუნავი "ნაცმოძრაობისა" და მიშა სააკაშვილის პიარი და საერთაშორისო მხარდაჭერა იყო, რომ რაც შეიძლება მეტხანს დარჩენილიყო ხელისუფლებაში, რაც შეიძლება მეტი დაეშავებინა ქართველი ხალხისთვის. ამ საერთაშორისო მხარდაჭერას გიგა ბოკერია ასევე საბიუჯეტო ფულით ყიდულობდა.

"ნაციონალთა" მმართველობისას უშიშროების საბჭოში 22 კაცი მუშაობდა _ საბჭოს მდივანი, 4 მოადგილე და 17 თანამშრომელი. ამ 22-კაციანი საბჭოს ბიუჯეტი, გიგა 

ბოკერიას თავმჯდომარეობის პერიოდში, 20 მილიონ ლარზე ნაკლები არასდროს ყოფილა. 2012 წელს 22-მილიონიანი ბიუჯეტი ჰქონდა საბჭოს და ესეც არ ჰყოფნიდა. 22 კაცის სახელფასო ბიუჯეტი 1,5 მილიონ ლარს შეადგენდა – გრიალებდნენ გოგო-ბიჭები. ბოკერიამ ისე მოაგვარა საქმე, რომ უშიშროების საბჭოს ყველა ხარჯი გაუმჭვირვალე გახადა, სახელმწიფო საიდუმლოს რანგში აიყვანა და მასში ჩახედვა, ერთადერთი, მხოლოდ საბჭოს თავმჯდომარეს, პრეზიდენტს შეეძლო.

აი, კონკრეტული ფაქტები იმის დასტურად, რომ უშიშროების საბჭოს ფული მხოლოდ ლობისტურ კომპანიებში იხარჯებოდა. მარტო ერთ ამერიკულ კომპანიას, Podesta Group-ს გიგა ბოკერიამ 2010 წელს 600 000 დოლარი გადაუხადა ამერიკაში მიხეილ სააკაშვილის პიარისთვის. იგივე კომპანიასთან, 2012 წელსაც გააფორმა ერთწლიანი ხელშეკურლება უშიშროების საბჭომ და ისევ 600 000 დოლარად, მაგრამ ეს ფული წყალში გადაყარა გიგა ბოკერიამ, ამერიკაში Podesta Group-ის პიარმა ვეღარ უშველა მიხეილ სააკაშვილსა და მის პარტიას, ვერც ამ კომპანიის მიერ ნაყიდმა ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ააცილეს კატასტროფა. ამ წელს "ნაცმოძრაობა" საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა და მას მერე, წელში ვეღარ გამართულა. ამის შემდეგ, საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, უშიშროების საბჭოს ბიუჯეტი მკვეთრად შეამცირა, 18.5 მილიონი ლარი ჩამოაჭრა და 2013 წელს მხოლოდ სახელფასო ფონდი _ 1.5 მილიონი ლარი დაუტოვა. ესეც ზედმეტი იყო მაგათთვის, არც ამ მილიონ-ნახევრის საღირალს აკეთებდნენ რამეს, უსაქმურების ერთი დიდი ბუდე იყო გიგა ბოკერიას უშიროების საბჭო და მეტი არაფერი.

"ქრონიკა" არცთუ დიდი ხნის წინ წერდა:

"გიგა ბოკერია და მისი მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი, 2011 წლის თებერვალში იმყოფებოდნენ ვაშინგტონში. ამერიკაში ბოკერიას სტუმრობა სახელმწიფომ, კერძოდ, უშიშროების საბჭომ დააფინანსა, როგორც ოფიციალური მივლინება. ცხადია, მივლინების თანახმად, ბოკერიასაც ოფიციალური შეხვედრები უნდა გაემართა ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მაგრამ "ქრონიკის" წყარო აცხადებს, წყვილმა ისე დატოვა ეს ქვეყანა, რომ ბოკერიას არც ერთი შეხვედრა არ გაუმართავს. მან და მისმა მეუღლემ 8 დღე დაისვენეს ვაშინგტონში. წყაროს თქმით, გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილის "მივლინება" ნაწილობრივ თავდაცვის იმჟამინდელმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა დააფინანსა. ცხადია, არა საკუთარი ფულით - "ნაცმოძრაობის" "ობშიაკით", რომელიც ბიუჯეტიდან მოპარული და ბიზნესმენთათვის წართმეული ფულით ივსებოდა... სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია ამ "მივლინების" სხვა დეტალები, მაგრამ უშიშროების საბჭოს 68 000 დოლარი რომ დაუჯდა ბოკერიას ამერიკაში გამგზავრება და იქ ყოფნა, ეს კი ვიცით...

გიგა ბოკერიას მიმართ ერთ-ერთი კონკრეტული ბრალდება, რომელსაც მალე წაუყენებენ, სავარაუდოდ, სწორედ ეს ამერიკული "მივლინება" იქნება ცოლთან ერთად... ჩვენ მაშინ ვწერდით, რომ ბოკერია ამის გამო პასუხს აგებდა და აჰა, როგორც ჩანს, ეს დღეც მალე მოვა. "ქრონიკამ" ექსკლუზიურად ერთი მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვა უშიშროების საბჭოს თანხების არამიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით. გიგა ბოკერიას პროკურატურა უეჭველად მოჰკითხავს ერთ საქმესაც. 2011 წლის აგვისტოში, უშიშროების საბჭომ ბათუმში, დოკუმენტაციის თანახმად, კონფერენცია გამართა. 3-დღიანი კონფერენცია ამ ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით 55 ათასი ლარი დაჯდა, რომელიც ბათუმის სასტუმრო "შერატონში" გაიმართა. კონფერენციის ჩატარების ვადა 1-3 აგვისტოა. გამოძიებით დასტურდება, რომ არანაირი კონფერენცია 1-3 აგვისტოს შერატონში არ გამართულა. გიგა ბოკერია თავის თანამეცხედრესთან ერთად, ასევე, უშიშროების საბჭოს 12 თანამშრომელი ბათუმში, უბრალოდ, საგრიალოდ იყვნენ ჩასულნი, 2 აგვისტოს ენრიკე ეგლესიასეს კონცერტი იყო და ამ კონცერტს დაესწრნენ, ეს კონცერტი, "შერატონის" ფეშენებელურ ნომრებში 3 დღით 14 ადამიანის ცხოვრება და საერთოდ, მათი ეს 3-დღიანი "გულაობა" ბათუმის ბიუჯეტს 55 000 ლარი დაუჯდა. აი, ასე ექცეოდა საბიუჯეტო თანხებს ხალხსა და ქვეყანაზე "მზრუნველი" გიგა ბოკერია. დღეს ისიც და მისი უნამუსო თანაგუნდელებიც იქაჩებიან, _ დღევანდელი ხელისუფლება არ ვარგა, ისევ ჩვენ უნდა მოვიდეთ ხელისუფლებაში, ქვეყანა უნდა ავაშენოთო. 9 წელი იყვნენ იმ ხელისუფლების სათავეში და ნგრევისა და უბედურების მეტი არაფერი მოუტანიათ ქვეყნისთვის, საქართველო ერთ დიდ საკონცენტრაციო ბანაკად აქციეს, ხალხი დაიმონეს, ასეულ ათასობით ადამიანს ლუკმაპური ენატრებოდა, ესენი კი იმ ხალხის კუთვნილი ფულით დაჯირითობდნენ და არანაირ ამქვეყნიურ სიკეთეს არ იკლებდნენ. ხალხი "ნაციონალებად" და დანარჩენებად ჰყავდათ დაყოფილი, თუ მათი ბინძური პოლიტიკის მომხრე იყავი, თუ ბოკერიასა და მისთანა გარეწრებს გაურიგდებოდი, ყველა მიმართულებით გზა ხსნილი გქონდა, გინდა ბიზნესში წავიდოდი, გინდა სახელმწიფო სამსახურში და წარმატება გარანტირებული გქონდა. ეშმაკთან ალიანსზე თუ უარს იტყოდი, მაშინ გადარჩენისთვის უნდა გებრძოლა. გიგა ბოკერია იყო სააკაშვილის დამნაშავე რეჟიმის მთავარი იდეოლოგი და ყველა საშინელება, ყველა დანაშაული, რაც ამ რეჟიმმა ჩაიდინა, ბოკერიას ტვინში იხარშებოდა, ის იყო იდეების გენერატორი და სხვები მის ამ ანტიადამიანურ, ანტიჰუმანურ იდეებს ახორციელებდნენ...

გიგა ბოკერია 2008 წლის ომის სამარცხვინოდ წაგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. მას სიკვდილივით ეშინია ომის საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი გამოძიებისა, რადგან არსებობს უამრავი მოწმე, არსებობს მტკიცებულებები, რომ იმ დროს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია, უშუალოდ ხელმძღვანელობდა საბრძოლო მოქმედებებს, გასცემდა ბრძანებებს, რომელთაც გენერლები და ოფიცრები ასრულებდნენ და მისმა ამ ბრძანებებმა, ქართულ ჯარში დიდი მსხვერპლი გამოიწვია, ათობით მებრძოლი და ასევე, მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ეს ბრალი თუ დაუმტკიცდა ბოკერიას, სამუდამო პატიმრობა გარანტირებული აქვს. გიგა ბოკერია, გივი თარგამაძე და გიგი უგულავა ომის დროს ნატრობდნენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში რაც შეიძლება, მეტი მსხვერპლი ყოფილიყო. ამ ომის მონაწილე, გენერალი ტრისტან წითელაშვილი ადასტურებს, რომ საკუთარი ყურით მოისმინა, ეს სამეული როგორ ოცნებობდა, რომ რაც შეიძლება მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაღუპულიყო. ასევე, არსებობენ მოწმეები, რომლებც ადასტურებენ იმას, რომ, როცა სააკაშვილმა და ბოკერიამ გაიგეს, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი 200 კაცს არ აღემატებოდა, ორივეს ლამის ისტერიკა დაემართა, - 200 ცოტაა, რამდენიმე ათასი გვინდოდაო. ქართველი ხალხის სისხლი, ქართველების ცხედრები ბოკერიას პოლიტიკის წარმატების საფუძველი იყო. რაც მეტი ქართველი დაიღუპებოდა, რუსეთთან მით უფრო მედგარ მებრძოლებად წარმოჩინდებოდნენ სააკაშვილი, ბოკერია და სხვა მისთანა არსებები, შესაბამისად, უცხოეთიდან პოლიტიკურ მხარდაჭერასაც მეტს მიიღებდნენ და ფინანსურ დახმარებასაც...

2004 წლის თებერვალში, გლდანის ეკლესიის ვანდალურად დარბევის ინიციატორიც, სააკაშვილთან ერთად, გიგა ბოკერია იყო... ბოკერია ქართული ეკლესიისა და პირადად, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის პირადი მტერია. სწორედ ის ხელმძღვანელობდა ამერიკაში დაგეგმილ სპეცოპერაციას "ორი პატრიარქი", რომლის მიზანიც ქართულ ეკლესიაში შუღლის ჩამოგდება, სინოდის წევრთა ორად გაყოფა და საბოლოო ჯამში, ეკლესიის ორად გახლეჩა იყო. ილია მეორესა და მის მაღალ რეიტინგს ვერაფერი რომ ვერ მოუხერხეს, ამ გეგმით სურდათ მისი განეიტრალება, სინოდის წევრთა ერთ ნაწილს სხვა, მეორე პატრიარქი უნდა აერჩია და ილია მეორეს დაპირისპირებოდა. ცხადია, მრევლიც ორად გაიყოფოდა და ამით დაასრულებდნენ ეკლესიასთან ბრძოლის მთავარ ეტაპს. ამ გეგმის შესახებ, შარშან "ქრონიკა" დეტალურად წერდა და ამ ინფორმაციის გახმაურებამ, ეკლესიასთან მებრძოლთა რიგებში დიდი აურზაური გამოიწვია. შეშფოთდნენ, ჩვენი გეგმის დეტალები როგორ მოხვდა "ქრონიკის" ფურცლებზე, გიგა ბოკერიამ ამხელა იაღლიში როგორ დაუშვაო. მაშინ, ამ ვითომ ლიბერალებიდან კაცს არ უარყვია, ეგრე არ იყო, ეკლესიას არაფერს ვერჩით და არც მის ორად გახლეჩას ვაპირებდითო. აპირებდნენ კი არა, დღე და ღამე ამაზე ოცნებობენ, ეს მამონას მოტრფიალენი. 

2006 წლის 27 მარტის "ციხის ბუნტის" მთავარი მოქმედი გიგა ბოკერიაა. მაშინ ბაჩო ახალაია ვინ იყო, მარტოს გადაეწყვიტა, ციხეში სპეცრაზმი შეეყვანა თუ არა? მით უმეტეს, ციხეში ისეთი არაფერი ხდებოდა, რომ "სპეცნაზის" ჩარევა საჭირო ყოფილიყო. რაღა შორს წავიდე, აგერ "ნაციონალი" ელენე თევდორაძე ადებს ხელს გიგა ბოკერიას, "ციხის ბუნტის" დროს, გიგა ბოკერია ორთაჭალის ციხეში იყო და ბრძანებებსაც ეგ გასცემდაო. კიდევ სხვა, უამრავი მოწმე არსებობს, რომლებიც ამასაც ადასტურებენ და ამატებენ, გიგა ბოკერიას ხელში ავტომატი ეჭირა და ისროდა, პატიმრების დახოცვა მაგის კისერზეც არისო. ეს საქმეც კოშმარივით აწუხებს ბოკერიას, "ციხის ბუნტთან" დაკავშირებით, ერთდროულად რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და დიდი შანსია, სააკაშვილის ხელისუფლების ამ ერთ-ერთ ყველაზე საშინელ დანაშაულზე ბოკერიასაც მიადგნენ სამართალდამცავები...