სკანდალი-ახალციხის საკრებულოში პრემიას მეორედ ითხოვენ და არმიღების შემთხვევაში გამგებელს ემუქრებიან

სკანდალი-ახალციხის საკრებულოში პრემიას მეორედ ითხოვენ და არმიღების შემთხვევაში გამგებელს ემუქრებიან

პრემიის გამო ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, გამგებელს კი ის თანამშრომლები უპირისპირდებიან, რომლებმაც პრემია ვერ მიიღეს; ვინ ითხოვს პრემიას მეორედ და ვინ ვერ მიიღო დანამატი ახალციხის თვითმმართველობაში;
ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობაში, 2014 წლის ივნისში 49.720 ლარი პრემია გაიცა. აქედან, 23.570 ლარი საკრებულოზე გაიწერა, 26.150 კი გამგეობაზე.

„სამხრეთის კარიბჭემ“ პრემიების შესახებ ინფორმაცია საკრებულოდანაც და გამგეობიდანაც წერილობით გამოთხოვა. ორივე პასუხში აღნიშნულია, რომ თანამშრომლებმა პრემია ახალციხის მუნიციპალიტეტის ორად გაყოფისას ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების გამო გაზრდილი სამუშაოსთვის მიიღეს.

პრემია საკრებულოში ყველა თანამშრომელზე 17 ივნისს, გამგეობაში კი თანამშრომლების მხოლოდ 30%–ზე, 18 ივნისს გასცეს.
გამგეობაში პრემიის გარეშე ის თანამშრომლები დარჩნენ, რომლებიც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების უზრუნველსაყოფად შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები არ არიან, ანუ ისინი, ვინც ქონების გაყოფის პროცესში არ მონაწილეობენ.

„პრემია თანამშრომლების მხოლოდ 30%–ს მივეცი. ესეც მას შემდეგ, რაც სამსახურის უფროსებს მოხსენებითი ბარათები წარმოვადგენინე თუ ვინ იმსახურებდა პრემიას მათ სამსახურში და რატომ“, - აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ ჟუჟუნაძე.

მისი თქმით, უნდა მოიშალოს „ნაციონალების“ დროს დანერგილი ის მანკიერი ქმედება, როცა პრემიას მიუხედავად დამსახურებისა, ყველა თანამშრომელი იღებდა: „ქონების გაყოფის გამო ბევრი თანამშრომელი მართლა ძალიან დაიტვირთა. მაგალითად, საფინანსოს უფროსი ნინო გოგოლაური სამსახურიდან 12-ზე თუ არა 10-ზე ადრე არ გადის“.

რას ამბობენ გამგეობის თანამშრომლები

შეურაცხყოფილად გრძნობენ თავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ის თანამშრომლები, რომლებმაც პრემია ვერ მიიღეს. მათი განცხადებით, ეს პირველი შემთხვევა, როცა ამ თვალსაზრისით თანამშრომლებისგან გამოარჩიეს.

„აპარატის მხოლოდ 9 თანამშრომელმა ვერ მიიღო პრემია, არადა, ჩვენ საქმესთან ერთად, ბევრ დამატებით სამუშაოსაც ვასრულებთ. რითი გამოგვარჩიეს სხვა თანამშრომლებისგან?! კომისიის არაერთი წევრი სამსახურიდან ჩვენზე ადრე გადის. ესეც რომ არ იყოს, ქონების გაყოფასთან დაკავშირებთ რაღაცეების გაკეთება მერე ჩვენ მოგვთხოვეს, მათ ეკუთვნოდათ პრემია და ჩვენ არ ვიმსახურებდით?!“ - აცხადებენ „სამხრეთის კარიბჭესთან“ პირად საუბარში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ის თანამშრომლები, რომლებმაც ივნისში პრემია ვერ მიიღეს.

საკრებულო ივნისში 100%-იან პრემიას მეორედ ითხოვს

გამგეობისგან განსხვავებით, 100%-იანი პრემია საკრებულოში ყველა თანაშმრომელმა მიიღო. მიუხედავად ამისა, 3 დღის შემდეგ, საკრებულო გამგეობაში კვალვ 100%-იანი პრემიის მოთხოვნით შევიდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ოლეგ სანდროშვილის განცხადებით, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება დეპუტატებმა 19 ივნისს მიიღეს.

„ქონების გაყოფის საკითხში ყველა თანამშრომელია ჩართული, ვინც ხელფასს იღებს, ამიტომ, ბიუროზე დააყენეს საკითხი და 100%-იან პრემიას ითხოვენ. არ მაქვს უფლება ამაზე რეაგირება არ მოვახდინო. ჩემი ზემდგომი ბიურო და საკრებულოს სხდომაა, -აცხადებს სანდროშვილი და ამატებს, რომ ამ მოთხოვნით გამგეობას უკვე მიმართა.

მისი თქმით, გამგებელს არ აქვს უფლება აღნიშნულ მოთხოვნაზე ხელი არ მოაწეროს: „გამგებელს არ აქვს უფლება ზემდგომის ბრძანების შესრულებაზე უარი თქვას. თუ უარს იტყვის, შეგვიძლია მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე მუხლი გამოვიყენოთ“.

მალხაზ ჟუჟუნაძე: „ღორები არიან და პრემიას იმიტომ ითხოვენ“

მიუხედავად სანდროშვილის განცხადებისა, ჟუჟუნაძე საკრებულოს თანამშრომლებზე ივნისში მეორე პრემიის გაცემას არ აპირებს: „ღორები არიან და პრემიას იმიტომ ითხოვენ! სამი დღის წინ მიიღეს 100%-იანი პრემია და რა სამუშაო შეასრულეს სამ დღეში, „ნაციონალების“ ხელისუფლების გადმონაშთებმა, რომ 20 ივნისს ისევ 100%-იან პრემიას ითხოვენ?!“

სანდროშვილის მოთხოვნას, ჟუჟუნაძემ წერილობით უპასუხა. წერილში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში შემქნილი მძიმე სოცილაური ფონიდან გამომდინარე და ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ საკრებულოს თანამშრმლებს პრემია მიღებული აქვთ მიმდინარე წლის 17 ივნისს N158 ბრძანებით, მას ამავე წლის 20 ივნისს დამატებითი პრემიის გაცემა მიზანშეუწონლად მიაჩნია.

აღნიშნულ წერილს საკრებულოდან საპასუხოდ მუქარის შემცველი წერილი მოჰყვა: „თქვენი მომართვიდან ჩანს, რომ სახეზეა საჯარო მოხელის მიერ ზემდგომი ორგანოს თანამდებობის პირების ბრძანების შეუსრულებლობა, უკეთეს შემთხვევაში ეს წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას, უარეს შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგელობას“.

„მივმართავ ოლეგს, ეს ხომ არის ბიუროს გადაწყვეტილება, ბიუროს გადაწყვეტილება გაიტანოს საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს გადაწყვეტილება გამომიგზავნოს და ვეუბნები მას, რომ პრემიას მაინც არ გავცემ, - აცხადებს ჟუჟუნაძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ და ამატებს, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არა მის მიმართ, არამედ ბიუროს იმ წევრებისა და მათი ხელმძღვანელის მიმართ დადგება, რომლებიც ბიუჯეტის გაფლანგვას ცდილობენ, - აქ მითითებულია, რომ ბიუროს სხდომაზე პრემიებთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს ზურა ჭელიძემ, გოგი გედევანიძემ, მერი ხაბეიშვილმა და მიშა ლაბაძემ“.

ბევრს რომ მუშაობს და პრემია ნამდვილად ეკუთვნის, ამაზე „სამხრეთის კარიბჭესთან“ გოგი გედევანიძეც საუბრობს: „ძაღლებივით დავწანწალებთ, ამდენ საქმეს ვაკეთებთ. ამ წუთშიც ვალეში ვართ, საქმეზე“.

საკრებულოს დეპუტატი: „ღარიბაშვილის მინისტრები 80.000 ლარიან პრემიებს რომ იღებენ, იმათ ეკუთვნით პრემია და ჩვენ არა?!“

მისი თქმით, ის რაც უკვე აიღეს ივნისში სახელფასო დანამატი იყო, ახლა კი პრემიას ითხოვენ: „ტელევიზორს არ უყურებთ, ღარიბაშვილის მინისტრები 80.000 ლარიან პრემიებს რომ იღებენ, იმათ ეკუთვნით პრემია და ჩვენ არა?!“

გედევანიძისგან განსხვავებით, ზურაბ ჭელიძე აცხადებს, რომ პირადად მას პრემია არ ეკუთვნის, თუმცა არიან ადამიანები საკრებულოში, რომლებიც ამას იმსახურებენ: „რაც შეეხება ბიუროს, იგი პრემიის გაცემაზე უფლებამოსილი არააა“.

პრემიის საკითხი რომ საკრებულოს თავმჯდომარის კომპეტენციაა, ამაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძეც საუბრობს. მისი თქმით, ფორმალურად საკრებულოს თავმჯდომარეს პრემიის მოთხვონის უფლება აქვს და ამ საკითხს კანონი არ არეგულირებს. ასევე ფორმალურად, გამგებელმა მისი მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს, თუმცა, შესაძალოა ამ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან არაკანონიერ მოთხოვნას ჰქონდეს ადგილი.

„საინტერესოა, როგორ დაასაბუთებს საკრებულო იმას, რომ 3 დღეში პრემიას ისევ ითხოვენ. ამიტომ, აქ ბევრი კთხვის ნიშანი ჩნდება“, - აცხადებს ჩიხლაძე.