ზურაბ ჭიაბერაშვილი: წერილი

ზურაბ ჭიაბერაშვილი: წერილი "კეთილმოსურნეებს"

წილი ნაყარია... ხაზები გავლებულია... ისტორია დაწერლია...


2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ საკმაოდ ბევრ ადამიანს, ჩემი კეთილის მსურველად რომ მიაჩნია თავი, ჩემთვის "რჩევა" მოუცია, რომლის საერთო აზრი ასეთი იყო:

- შენ (ასეთ და ასეთ ადამიანს) რა გინდა მაგათთან (ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან)


ვპასუხობ:


1. "ეგენი" (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) ჩემთვის "ისინი" არ არიან. "ეგენი" მე თვითონ ვარ

2. "ვარდების რევოლუცია" ჩემთვის ისტორიის ერთი ფურცელი არაა. ჩემი ბიოგრაფიაა, თავისი მიღწევებით და შეცდომებით

3. ამ ქვეყანას სჭირდება პრეცედენტი: ხელისუფლებაში ნამყოფი პარტია არ იშლება, აგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას, ბრუნდება ხელისუფლებაში. "მაგათთან" ერთად ამ პრეცედენტს შევქმნი.

4. 2012 წლის 1 ოქტომბერსვე ძალიან კარგად მესმოდა, რომ რუსი ოლიგარქის მიერ დროებით ნაყიდ ქვეყანაში ცხოვრება ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ ეს ჩემი არჩევანია და რაც უფრო დრო გავა, მით უფრო ვიამაყებ ამ არჩევანით.

5. როგორც ფილოსოფოსს, ყოველთვის მაინტერესებდა იმ ადამიანების გონებრივი მდგომარეობა, ფსიქოლოგიური განწყობა, ყოფითი ცხოვრება, რომლებიც არაფრის, ვიმეორებ, არაფრის გამო იდევნებოდნენ, გარდა საკუთარი შეხედულებისა და რწმენისა. დღეს მაქვს პრივილეგია, ვიყო ერთ-ერთი მათგანი.


შესაბამისად, მსურს, განგიმარტოთ:


1. რუსი ოლიგაქრის მიერ დაქირავებულ რევანშისტებზე, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები რომ ჰქვიათ, არ ვბრაზდები. ჩვენს დამარცხებას ისინი 2003 წლის 23 ნოემბრიდან ელოდნენ და მიზანს დროებით მიაღწიეს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს შეცდომებს ვერ ვხედავდე (იხ. http://sapere8aude.wordpress.com/2013/03/29/ნაციონალური-მოძრაობის-შე/ ).

2. სრულიად მესმის იმ ადამიანებისაც, რომლებსაც ეგონათ, რომ რუსი ოლიგაქრი ფულს დაარიგებდა და არჩევნებში "41" ამის გამო შემოხაზეს. ხალხს უნდა კეთილდღეობა და ამაში გასაკვირი არაფერია.

3. ერთადერთი, ვისთანაც პრეტენზია მაქვს, ინტელექტუალობასა და მორალურობას ამოფარებული ადამიანები არიან, ყველაფერს ზემოდან, გვერდიდან, ქვემოდან, უკნიდან და .აშ. რომ უყურებენ და აფასებენ; ადრე რომ "სისტემას ანგრევდნენ" და ახლა ან უმწეოდ დუმან, ან სიტყვაღვარჭნილობით გადმოსცემენ "ღრმა" აზრებს, ანდა Pink Floyd-ს აშეარებენ; ცხოვრებაში ერთი რთული საჯარო გადაწყვეტილება რომ არ მიუღიათ და პოლიტიკოსთა სიბინძურეზე ცინიზმით სავსე ბლოგს რომ 15 წუთში გამოაცხობენ.

ახლა ერთი თხოვნა ჩემგან:

გთხოვთ, გადახედოთ თქვენს Timeline-ს 2013 წლის 13 თებერვალს, 21 მაისს, 2014 წლის 17 თებერვალს, 27 მაისს და თუ სინდისი მოგცემთ ნებას, დამტოვეთ თქვენს პირად და ფბ მეგობრებში. თუ ჩემდამი ოდანავი პატივისცემა გაქვთ და თან გულის სიღრმეში მაინც ფიქრობთ, რომ ბაჩო ახალაია, ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა ციხეში უნდა იჯდეს, თუნდაც კანონის თავზე გადახევით, გთხოვთ, წამშალოთ არა მხოლოდ ფბ-მეგობრებიდან, არამედ არასოდეს, არასოდეს მითხრათ "გამარჯობა"-ც კი, თუ ქუჩაში გადამაწყდებით, რადგან მე წინ კიდევ უფრო რთული გზა მელის და რადგან

წილი ნაყარია, ისტორია კი - უკვე დაწერილი.

ზურაბ ჭიაბერაშვილი, 6 ივლისი, 2014 წელი