საკონსტიტუციო სასამართლოს კრიმინალური გადაწყვეტილება

საკონსტიტუციო სასამართლოს კრიმინალური გადაწყვეტილება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ავსტრიელი მათიას ჰუტერის სარჩელის საფუძველზე, მიწების უცხოელ მოქალაქეებზე გასხვისების თაობაზე პარლამენტის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად სცნო. ამ გადაწყვეტილებას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელი ზურაბ ტყემალაძეარაკონსტიტუციურსა და არაობიექტურსუწოდებს. პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2014 წლის 31 დეკემბრამდე გამოცხადებული მორატორიუმის ფარგლებში, უწყებათაშორისო კომისია ევროკანონმდებლობასთან შესაბამის კანონს ამუშავებს. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კი, ამ პროცესს ხელს უშლის, თუმცა როგორც ექსპერტი პაატა კოღუაშვილი ამბობს, ოთხი თვეა, ამ საკითხზე კომისია არ შეკრებილა... სხვათა შორის, ადრე საქართველოს, დღეს კი, უკრაინის ეკონომიკურმა იდეოლოგმა კახა ბენდუქიძემნაცხელისუფლებასშემდეგი მიზანი დაუსახა: “საქართველოში სოფლის მეურნეობა არაა კონკურენტუნარიანი. ამიტომ, ფეხზე დავიკიდოთ, თუ გადარჩენა უწერია, თავისით გადარჩეს, თუ არადა, დაიღუპოს, არაა პრობლემა.…სოფელში მცხოვრები მამაკაცები სხვაგან წავიდნენ შავ მუშებად, ქალები კი, - მეძავებად. ეს არაა ჩემი პრობლემა... მეჩაიობა და მევენახეობა-მეღვინეობა საქართველოს ეკონომიკას მძიმე ტვირთად აწევს, რადგან ეს დარგები საბჭოთა პერიოდში ხელოვნურადგაიბერა”. ჩვენ 700 ათასი გლეხური მეურნეობა გვაქვს. ყველას სესხი მივცეთ? რაც უფრო ცოტა გლეხი გვეყოლება, მით ნაკლები თავის ტკივილი გვექნება.” როგორი მიდგომებია უცხოელებზე მიწის გასხვისების საქმეში საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში და რა უნდა გაითვალისწინოს საქართველოსნაირმა მცირემიწიანმა სახელმწიფომ? - ,,ქართული სიტყვაეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ პაატა კოღუაშვილს ესაუბრა.

 

- საქართველო პირველ მიწათმოქმედთა ქვეყანაა. ჩვენი წარსული და მომავალი მიწასთან დაკავშირებული რელიგიური, რაციონალური თუ ემოციური საწყისებითაა განპირობებული. სწორედ ამან განაპირობა ქართველთა განსხვავებული ჩვევები, სურვილები და მისწრაფებები... დღეს, პლანეტაზე მიწის ერთი ნაგლეჯიც კი არაა თავისუფალი და თუ გადავხედავთ, თანამედროვე კონფლიქტების უმრავლესობის მიზეზი სწორედ ტერიტორიული დავაა. ზოგჯერ ომი რამდენიმე კვადრატული კილომეტრის გამო მიმდინარეობს. ვითარებას ნიადაგის ეროზიის პროცესიც ართულებს, რაც უკანასკნელ პერიოდში, ანთროპოგენური ექსპანსიის და კლიმატური ცვლილებების ფონზე, კრიტიკულ ფაზაში შევიდა.

- განუწყვეტლივ ვიმეორებთ, რომ საქართველო ღვთით კურთხეული ქვეყანაა და აქ უფალმა კალთა დაიბერტყა...

- ქართველი ერისთვის მიწა-წყლის წართმევის მცდელობას იმდენივე ხნის ისტორია აქვს, რამდენიც დანარჩენი მსოფლიოს მიერ იმის ცოდნას, რომ საქართველო ღვთის მიერ კურთხეული, ანუ ბუნებისგან იმაზე უფრო უხვადაა

დასაჩუქრებული, ვიდრე - დედამიწის დანარჩენი ტერიტორია... საქართველო, როგორც დედამიწის ნაწილი, ეკუთვნის ქართველ ერს, როგორც კაცობრიობის ერთ-ერთ ნაწილს. ქართველი ერის უფლებაა, ეს ტერიტორია (მიწა) თავისი საზოგადოების მშენებლობისათვის, თავისი ფიზიკური, მენტალური, სულიერი შესაძლებლობების, მიდრეკილებების, ტრადიციებისა და გემოვნების მიხედვით გამოიყენოს. საქართველოს ყველა მოქალაქე, განურჩევლად სქესისა, რასისა, ეროვნებისა, აღმსარებლობისა, კანის ფერისა, დაბადების ადგილისა და ა.შ., უფლებამოსილია, რომ საქართველოს ბუნებრივ შესაძლებლობებს, პირველ ყოვლისა, მიწას განიხილავდეს, როგორც თავისი შთამომავლობის გარანტირებულ საკვებ ბაზას. სახელმწიფო კი ვალდებულია, რომ ყველაფერი ეს საქართველოს მოქალაქეთა შთამომავლობას შეუმცირებელი სახით შეუნახოს, რათა საქართველოს სასიცოცხლოდ აუცილებელი რესურსები არ შემცირდეს. ამასთან, უზრუნველყოს იმიგრაციის მკაცრი კონტროლი, საქართველოს მოქალაქეთა გამრავლების ტემპების გათვლით, რათა საქართველოს მოქალაქეთა შთამომავლობა მომავალში სასურსათო, ეკოლოგიური, კრაუდინგული, ეკონომიკური, დემოგრაფიული, სოციალური და სხვა სახის მძიმე გამოწვევების წინაშე არ დადგეს.

- თანამედროვე მსოფლიო მალე შესაძლოა, საკვები პრობლემა შეექმნას...

- იაფი საკვების ეპოქა დასრულდა. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისთვის მიყიდვას განსაკუთრებით ფრთხილად ეკიდება. ამავე დროს, თანამედროვე

ქვეყნებში მიწაზე საკუთრება აბსოლუტური უფლება კი არა, სხვადასხვა ნორმატიული აქტითაა რეგულირებადი. მიწა შეუცვლელი, გაუმრავლებელი და „ამოწურვადი“ რესურსია. თანამედროვე მსოფლიოში განსაკუთრებით აქტუალური საკითხია მიწის ფასი. მოსახლეობისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, სოფლის მეურნეობის დაუმუშავებელი სავარგულები მცირდება და აქედან გამომდინარე,

რესურსიც იწურება. ამიტომ, მიწის უცხოელებზე გასხვისება ქვეყნის სასიცოცხლო ამოცანებსა და საზოგადოებრივ ინტერესთან უნდა იყოს შეუთავსებელი. სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებას სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს, რადგან მიწა მხოლოდ ეკონომიკური კი არა, სოციალური და კულტურული ფასეულობაცაა. სხვათა შორის, 1990 წელს, გაერო-ს სპეციალური მეთოდიკით დაანგარიშებული ნივთობრივი სიმდიდრე საქართველოში 275 მლრდ დოლარის ტოლფასი იყო, სადაც მიწას 54,3% ეკავა... მიწა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხარისხს არსებითად განსაზღვრავს და მოცემულ სივრცეში, პრაქტიკულად, ერის არსებობისა და შემოქმედების აუცილებელი პირობაა. მიწისაგან გლეხკაცის მოწყვეტა სოფლის, როგორც ეროვნული კულტურის საძირკვლის, ყოფაცხოვრების წესის, შემოქმედის, შემნახველისა და განმაახლებლის ფუნქციის მოშლას გამოიწვევს. ქართველი გლეხი სამშობლოს დაცვით პირად მამაპაპურ მამულსაც იცავდა...

ყოფილი ხელისუფლება ქართველი გლეხკაცის მიწიდან აყრის გეგმას წარმატებით ასრულებდა, რაშიც საკონსტიტუციო სასამართლოც ეხმარებოდა: 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ ძალადაკარგულად ცნო ის ნორმა, რომელიც უცხოელებს უკრძალავდა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეები გამხდარიყვნენ. ეს გადაწყვეტილება მიზანმიმართულად, კრიმინალური ყალბია. ამ ყალბი პოზიციის დამოწმებით, ამავე სასამართლომ, რამდენიმე დღის წინ, მიწის ამ წესით გადაცემის აქტებზე არსებული დროებითი ნორმა (მორატორიუმი) გააუქმა. ზემოხსენებული ყალბი გადაწყვეტილება იმ ერთადერთი არგუმენტით მიიღება, რომ, საქართველოს მოქმედი კონსტიტუციით, ადამიანები “თანასწორნი” ვართ. შეზღუდვებისაგან გათავისუფლდა მიწის მიყიდვა ნებისმიერი სტატუსის არამოქალაქისთვის - როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირისთვის.  

- ამ სიყალბის დასადასტურებლად რა არგუმენტები გაქვთ?

- საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლით, „სახელმწიფო ხელს უწყობს უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეს დასაქმებაში,” თუმცა სახელმწიფო ვალდებული არაა, უცხო ქვეყნის მოქალაქე დაასაქმოს და შეინახოს. რა არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, თუ არა დასაქმების წყარო?! - მთელ ცივილიზებულ სამყაროში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა სწორედ ასე განიხილება. მოკლედ, კონსტიტუციით იმის დასკვნა, რომ ადამიანები მოქალაქეობის განურჩევლადაც თანასწორნი ვართ, ელემენტარულად, შეცდომაა.

კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, თანასწორობის სუბიექტია “ყველა” ადამიანი, მაგრამ ეს მუხლი არ ეხება უცხოელების განსაკუთრებულ სტატუსს. უცხოელებისათვის დადგენილი ფაქტობრივი და, რაც მთავარია, სამართლებრივი შეზღუდვები თანასწორობის კონსტიტუციურ პრინციპს არ ეწინააღმდეგება. საქართველოს მოქალაქეები და უცხოელები, ასევე, მოქალაქეობის არმქონე პირები, ბუნებრივია, თანაბარ მდგომარეობაში არ იმყოფებიან. კონსტიტუციის 27-ე მუხლით, სახელმწიფოს შეუძლია, უცხოელებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს დაუწესოს პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა, 47-ე მუხლით კი, როგორც გამონაკლისი, შეუძლია, ნებისმიერი უფლება შეუზღუდოს.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიწის გაყიდვაზე სახელმწიფო კონტროლი ტოტალურად, ანუ სრულად მოხსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მიწის მთლიანად უცხოელთა ხელში გადასვლას გზა გაეხსნა. ამით, პრაქტიკულად, უქმდება კონსტიტუციის რამდენიმე სხვა ნორმაც.

- რომელ ნორმებს გულისხმობთ, ბატონო პაატა?

- მაგალითად, “ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია” -

იმ მოზარდს, რომელსაც უცხო ყარაული თავისი სოფლის გაყიდული მინდვრიდან კინწისკვრით გააგდებს, “პატივისა და ღირსების” გრძნობა ვერ გამოუმუშავდება...

- მედალს, როგორც წესი, მეორე მხარეც აქვს, შესაბამისად, ოპონენტებმა შესაძლოა, იკითხონ, კანონიერი იყო თუ არა ,,ქართული ოცნებისპარლამენტისგან მიწების უცხოელებზე გასხვისებაზე გამოცხადებული მორატორიუმი?

- 2013 წლის ივნისში, კანონმდებლობის შემუშავებისთვის პარლამენტმა უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისება

დროებით შეაჩერა, ანუ ახალი და არა იგივე რეგულაციის შესაქმნელად დრო ითხოვა. ამასთან, მთავრობას ექვსი თვის ვადაში (2014 წლის 31 დეკემბრამდე) უნდა უზრუნველეყო მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 2004 წლიდან, საქართველოში ყველაზე ძვირფასი ბუნებრივი სიმდიდრის - მიწის ერთიანი ბალანსის, ანუ მიწის აღრიცხვისა და კონტროლის შედგენა-დამუშავების აპრობირებული პრაქტიკა შეწყდა, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტს ახალი საკანონმდებლო რეგულაციის შემუშავების საშუალება არ მისცა და 2014 წლის 14 ივნისს გადაწყვიტა, რომ მის მიერ 2012 წელს გაუქმებული ნორმისა და პარლამენტის მიერ კვლავ მიღებული ახალი ნორმის შინაარსი იდენტური იყო, ერთი და იგივე მიზანს ემსახურებოდა და, შესაბამისად, სადავო მორატორიუმი, არსებითი განხილვის გარეშე, არაკონსტიტუციურად ცნო - ძალადაკარგულად გამოაცხადა. საკონსტიტუციო სასამართლოს ეს განჩინება, სამართლებრივად, სრული ნონსენსია.

- ბატონო პაატა, ესე იგი, მიგაჩნიათ, რომ მიწა უცხოელზე საერთოდ არ უნდა გაიცეს?

- ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებზე მიწის განუკითხავ გასხვისებაზე უკანასკნელი შეზღუდვები გაუქმდა, რითიც საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწა ღია ბაზარზე იქნა გატანილი. ამ ბაზარზე კი, საქართველოს ერთი კონკურენტუნარიანი მოქალაქეც არ არსებობს...

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი საჯარო მიზნებისათვის საკუთრებაში ჩართვის შესაძლებლობას, კერძოდ, საკუთრების უფლების შეზღუდვასა და საკუთრების ჩამორთმევას ითვალისწინებს. ამიტომაც შესაძლოა, ისეთი საკანონმდებლო რეგულირება ჩამოყალიბდეს, რომელიც

უცხოელთა მიერ მიწის საკუთრებად ქონას უშვებს, მაგრამ მხოლოდ გარკვეული შეზღუდვებით. ასეთი შეზღუდვა შეიძლება, უცხო ქვეყნების პრაქტიკით გავითვალისწინოთ. პარლამენტს, სახელმწიფოებრიობის პრინციპთა კონტექსტში მიწის მაღალ რანგში აყვანა, იმის შესაძლებლობას აძლევს, რომ თავისი ქვეყნის მოქალაქეებისა და საზოგადოების, სასარგებლოდ, ამასთან, მიწის სოციალური დანიშნულების ხასიათიდან გამომდინარე, უცხოელს ამ სიკეთით სარგებლობის უფლება შეუზღუდოს. სწორედAამიტომაცაა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა ნებისმიერ სახელმწიფოში სტრატეგიული დანიშნულების ობიექტადაა მიჩნეული და მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში მიწის უცხოელებზე (მოქალაქეობის არმქონე პირებზე) გასხვისება აკრძალულია, ან დაშვებული მხოლოდ გარკვეული და კონკრეტული წინაპირობებითაა. უმეტეს ქვეყნებში მიწის ყიდვა მხოლოდ იმ ფიზიკურ პირებს შეუძლიათ, რომლებიც მკაცრ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. ეს მოთხოვნები განსაკუთრებით ეხება სპეციალურ სასოფლო-სამეურნეო განათლებას, აგრარული შრომის გამოცდილებას, სოფლად ცხოვრებას, სათანადო კაპიტალის ფლობას და ა.შ.

- ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულება მთელი რიგი კანონების, ასე ვთქვათ, შეცვლას და ევროპულ ყაიდაზე გადასვლას ითვალისწინებს. ეს .. მიწის კანონზეც ვრცელდება?

- ამ მხრივ დასავლური სახელმწიფოები სიმორცხვეს არ ამჟღავნებენ; მაგალითად, ავსტრიაში უცხოელთა მიერ მიწის შეძენა ცალკეული მიწების კანონებით რეგულირდება. ერთ-ერთი მიწის (ბურგერლანდის) კანონით, უცხოელი უძრავი ქონების შეძენისთვის საჭიროებს ნებართვას. ნებართვა კი, თავის მხრივ, შეიძლება, მიღებულ იქნეს, თუ „სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური“ ინტერესები არ იქნება შელახული და თუ უცხოელი ავსტრიის ტერიტორიაზე, მინიმუმ, 10 წელი ლეგალურად, კანონიერად იმყოფება და მისი შენაძენით მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ან სხვა საჯარო ინტერესი არ ილახება. თუკი უცხოელს ნაყოფიერი სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა სურს, ზემოხსენებულ ნებართვასთან ერთად, დამატებით ნებართვასაც საჭიროებს, რომელიც სპეციალური კომისიის მიერ გაიცემა.

შვეიცარიაში უცხოელების მიერ მიწის შეძენა დაშვებულია, თუმცა მხოლოდ ნებართვის აღების პირობით. თურქეთის კანონმდებლობით, უცხოელზე გაყიდული მიწა, მთლიანობაში, 2.5 ჰექტარს (გაზრდა, გამონაკლის შემთხვევაში, მაქსიმუმ, 30 ჰექტრამდეა შესაძლებელი) არ უნდა აღემატებოდეს.

საინტერესოა გერმანიის მაგალითიც, სადაც მყიდველი მიწის დამუშავების კონკრეტულ გეგმას წარადგენს და ეს გეგმა გერმანიის პოლიტიკურ-სოციალური ინტერესის შესაბამისი უნდა იყოს. დანიაში ერთ პირს უფლება არ აქვს, 2 ნაკვეთზე მეტი, საერთო ფართი 24 ჰა, ჰქონდეს. თუ ვინმეს უნდა, რომ 24 ჰა-ზე მეტი ჰქონდეს, მაშინ ამ საკითხს მთავრობა იხილავს. მიწის ყიდვა არსად არავის შეუძლია, თუ მისი წინა საქმიანობით არ დასტურდება, რომ ფერმერია, ან სპეციალური აგრარული განათლება აქვს. ამასთან, უცხოელს, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, ქვეყანაში მუდმივი ცხოვრების დამადასტურებელი რეგისტრაციაც უნდა გააჩნდეს, რომელსაც დანიის იუსტიციის სამინისტრო გასცემს.

შედარებით ლიბერალურია მიწის გასხვისების საკითხი ესპანეთში, მაგრამ იქაც ისეთი პირობებია, რომ უცხოელი მიწის ბაზარზე ვერ შევა. სასარგებლო იქნება არგენტინის მაგალითის გამოყენებაც, სადაც უცხოელებზე სასოფლო-სამეურნეო მიწის, მაქსიმუმ, 20%-ის გასხვისებაა დაშვებული.

ევროკავშირის რიგ ქვეყნებში (ირლანდია, ჩეხეთი) სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ან არარეზიდენტი იურიდიული პირებისთვის გადაცემა სახელმწიფო დონეზე იკრძალება, ან იზღუდება. მსგავსი დამოკიდებულებაა ამ საკითხისადმი თურქეთში, ავსტრიაში, იაპონიაში, ისლანდიაში, ახალ ზელანდიაში, მექსიკაში, აშშ-ში, კანადასა და ავსტრალიაში. პოლონეთში სანებართვო სისტემა მოქმედებს. ახალ ზელანდიაში კი შექმნილია მიწის დაცვის ტრიბუნალი, რომლიც 2 ჰა-ზე მეტი მიწის შესყიდვის მსურველთა განცხადებებს განიხილავს, დადებითი

გადაწყვეტილება კი, უამრავი პირობის შესრულებაზეა დამოკიდებული. ისიც აღსანიშნავია, რომ თვით ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორისაც შეიძლება იყოს ამგვარი შეზღუდვები, რისი მაგალითიცაა ირლანდიის კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც, ამ ქვეყანაში 7-წლიანი ცხოვრების ვადაა საჭირო, რომ მიწის შეძენის მსურველმა განცხადებით

მიმართოს მიწის კომისიას. საფრანგეთში შეზღუდულია ვენახების (ფრანგი ერის სიამაყე) და, განსაკუთრებით, დიდი ფართობის მიწის შეძენა. აშშ-ში 1978 წელს მიღებულ იქნა ფედერალური აქტი სოფლის მეურნეობაში საზღვარგარეთული კაპიტალდაბანდებების შესახებ. მართალია, ამით დაშვებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვა, მაგრამ ყოველი კონკრეტული შემთხვევა განიხილება ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის საკითხზე ძირითადი რეგულირება

ცალკეული შტატის დონეზეა დაწესებული. ამგვარი კანონმდებლობა აკრძალვის სხვადასხვა დონეს გულისხმობს და შტატების ნახევარზე მეტშია მიღებული. ამასთან, შტატის ეკონომიკა რაც უფრო სასოფლო-სამეურნეო მიმართულებისაა, აკრძალვა მით უფრო მკაცრია. სწორედ ამის შედეგია, რომ აშშ-ში სასოფლო-სამეურნეო მიწის მხოლოდ 1%-ზე ნაკლები ეკუთვნით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ძირითადად ევროპელები და კანადელები არიან.

გერმანიის საკონსტიტუციო ფედერალურმა სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა: „იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მიწა არ ექვემდებარება გამრავლებასა და შეუცვლელია, აკრძალულია მისი გამოყენების სრულად მინდობა და დათმობა თავისუფალი ძალების განუსაზღვრელი თამაშისა და ცალკეული პირის შეხედულებისთვის. სამართლებრივი და საზოგადოებრივი სისტემა მოითხოვს მიწის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესების მეტად გათვალისწინებასა და გამოხატვას, ვიდრე - სხვა ქონებრივი სიკეთეების შემთხვევაში”. ამავე სასამართლომ თავის სხვა გადაწყვეტილებაში მოსარჩელის მოსაზრება, რომ „სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული ბრუნვა ისეთივე თავისუფალია, როგორც სხვა კაპიტალის შემთხვევაშია“, არ გაითვალისწინა, რადგან “მიწა შეუცვლელია და, ამასთან, არ ექვემდებარება გამრავლებას”. არც სახალხო-სამეურნეო მოსაზრებიდან და არც მისი სოციალური მნიშვნელობიდან გამომდინარე, არ შეიძლება, მიწა სხვა ქონებრივ სიკეთეებსა და ღირებულებებს ავტომატურად გაუთანაბრდეს, სამართლებრივ ბრუნვაში კი, მიწა ვერ იქნება მიჩნეული და მიღებული, როგორც უძრავი ქონება.

- ბატონო პაატა, როგორც ვიცი, საქართველოს მთავრობას არაერთხელ მიმართეთ მოსაზრებებით, პარლამენტს კი რეკომენდაციები წარუდგინეთ. რა ცვლილებების შეტანას გულისხმობდითსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებსაქართველოს

კანონში?

- “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში თანამედროვეობასთან მორგებული ცვლილებები უნდა შევიდეს. ამასთან,  სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის მსურველ უცხოელთა მიმართ უნდა დაწესდეს შემდეგი შეზღუდვები:

1). უცხოელის მიერ საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა დაშვებულია მხოლოდ სამი ჰექტრის ოდენობით (თითოეულ კომლზე/პირზე).

2). საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის მხოლოდ 5% შეიძლება იყოს უცხოელთა საკუთრებაში;

3) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძლება, გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისამებრ ისე, რომ მისი ფუნქციონირება შეესაბამებოდეს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმას;

4). საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა შეუძლია მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებულ მხოლოდ იმ იურიდიულ პირს, რომელშიც საქართველოს მოქალაქე წილობრივად ფლობს არანაკლებ 51%;

5). უცხოელი, რომელსაც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა სურს, უნდა ცხოვრობდეს საქართველოში კანონიერად, ბოლო 6 წლის განმავლობაში;

6). უცხოელმა უნდა წარმოადგინოს მიწაზე სამოქმედო გეგმა, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების ინტერესებთან;

7). უცხოელს უნდა ჰქონდეს სპეციალური სასოფლო-სამეურნეო განათლება, სოფლად ცხოვრებისა და აგრარული შრომის ხუთწლიანი გამოცდილება;

8). უნდა ფლობდეს სასოფლო-სამეურნეო მიწის დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის საჭირო კაპიტალს;

9). სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვა-გაყიდვა თავისუფალი მხოლოდ სოფლის მეურნის სტატუსის მქონე პირებს შორისაა;

10). საქართველოს მთავრობასთან შეიქმნას მიწის დაცვის ტრიბუნალი, რომელიც განიხილავს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესყიდვის, იჯარით აღებისა და მიწის კატეგორიის შეცვლის მსურველთა ყოველ კონკრეტულ განცხადებას და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

- მიწა, როგორც საბაზრო პროდუქტი, მიმოქცევაში უნდა არსებობდეს თუ არა?

- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საბაზრო ეკონომიკურ სისტემაში, ანუ ბრუნვაში მოქცევის ერთი კი არა, ორი გზა არსებობს: პირველი - მიწის კერძო საკუთრება და მეორე - მიწის გრძელვადიანი გასხვისებადი იჯარა. ჩვენს პირობებში მყოფი ქვეყნისთვის, უცხოელების მიმართ, ძირითადად, მეორე გზა უნდა იქნეს გამოყენებული. ამისთვის კი საჭიროა “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ” საქართველოს კანონის აღდგენა და მასში ნათელი და გამჭვირვალე ცვლილებების შეტანა. ასევე, საჭიროა, “სასოფლო-სამეურნეო

დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონში აღდგეს გაუქმებული მუხლი სოფლის მეურნის (ფერმერი) სტატუსის შესახებ.