შექმნის თუ არა ნაციონალების ნაწილი ახალ პოლიტიკურ ძალას და პასუხისგებაში ვის მიცემას ითხოვს ხონის მაჟორიტარი აკაკი ბობოხიძე
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთში გახსნილ #22 საარჩევნო უბანზე თვითმმართველობის არჩევნების განმეორებით კენჭისყრაზე ნაციონალურმა მოძრაობამ გაიმარჯვა, თუმცა თავად ხონის მაჟორიტარი დეპუტატი არ მალავს, რომ ამომრჩეველი ჯერ კიდევ ნაციონალების წინააღმდეგ აძლევს ხმას. იქმნება თუ არა ნაციონალური მოძრაობის ბაზაზე ახალი პოლიტიკური პარტია და ვის დასჯას ითხოვს თანაგუნდელებიდან, ,,ვერსიასთან’‘ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი აკაკი ბობოხიძე საუბრობს.
- წინასაარჩევნოდ, ხონის მოსახლეობამ საშინელ ზეწოლას გაუძლო. მათ არც ე.წ. ქუჩის თუ ძველი ბიჭებისა და ნარკომანების მუქარა დაკლებიათ და არც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე უთქვამთ უარი.
- თქვენ ახლა სისხლის სამართლის დანაშაულზე საუბრობთ, რატომ არ ასახელებთ ამ ,,ძველი ბიჭებისა’‘ და ნარკომანების ვინაობას?
- მათ სახელებს ვერ ჩამოგითვლით. ამ ადამიანების ვინაობა რომ დავასახელო, მტკიცებულებებიც უნდა მქონდეს, შესაბამისად, თავს შევიკავებ.
- თუ მტკიცებულებები არ გაქვთ და კონკრეტულ ადამიანებსაც ვერ ასახელებთ, თქვენი ზოგადი ფრაზების რატომ უნდა დავიჯეროთ?
- მუქარის შესახებ ნებისმიერმა ხონელმა იცის და ჩემ სიტყვებს ისინი დაგიდასტურებენ. საბედნიეროდ, ხონელები მუქარას არ შეუშინდნენ და მთელ საქართველოს მისცეს მაგალითი, რომ არჩევნებში ,,ქართული ოცნების’‘ დამარცხება შესაძლებელია.
- ,,ქართული ოცნება’‘ ხონში მხოლოდ ერთ კონკრეტულ უბანზე დამარცხდა, წინ კი, რაიონის გამგებლის ასარჩევად მეორე ტურია დანიშნული.
- პირველ რიგში, გეტყვით, რომ ,,ქართულმა ოცნებამ’‘ არჩევნების გასაყალბებლად, მივიწყებასმიცემული შევარდნაძისდროინდელი მეთოდები გაიხსენა. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ეს ძალა ქვეყანას წარსულში დააბრუნებს. ეს ადამიანები ხელისუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე წავლენ. რაც შეეხება ხონში დანიშნულ მეორე ტურს, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ამ დრომდე ციხეშია და მეორე ტურში გასვლა მან სწორედ საკნიდან შეძლო. მას მეორე ტურში გამარჯვების სერიოზული შანსი აქვს. ამ საქმეში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არსებობს: ხონში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის მიმართ გამოძიება უკვე დასრულებულია. ადრე გვეუბნებოდნენ, ვერ გამოვუშვებთ, რადგან შეიძლება გამოძიებას მიემალოს ან გამოძიების შედეგებზე გავლენა მოახდინოსო, დღეს კი ეს მოტივიც აღარ არსებობს, თუმცა მას მაინც პატიმრობაში ტოვებენ. ამის მერე ხელისუფლება გამოვა და დემოკრატიულ არჩევნებზე საუბარს დაგვიწყებს.
- პარლამენტში რამდენიმე მოწვევის დეპუტატი ხართ და ამიტომ გეცოდინებათ, რომ მეორე ტური ქვეყნის ისტორიაში ნოვაციაა - 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ოპოზიციის მოთხოვნისა და კონკრეტული ფაქტების წარდგენის მიუხედავად, მეორე ტური არ დაინიშნა.
- პირველ რიგში, ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ახალი სიტყვა სულაც არ არის. თუ ვინმეს ამნეზია დაემართა, 2004 და 2006 წლის არჩევნებს გადახედოს. ფაქტია, ,,ქართული ოცნება’‘ შეცდომას შეცდომაზე უშვებს, თუმცა არც იმას უარვყოფ, რომ საზოგადოების მხარდაჭერა მათ ჯერ კიდევ აქვთ - ჩვენ წინააღმდეგ არსებული განწყობის კონსოლიდაციას ახერხებენ. რამდენ ხანს ეყოფათ ადამიანებს გონიერება ან უგუნურება, რომ ვიღაცის ჯინაზე გააკეთონ არჩევანი, ვერ გეტყვით. სწორედ ამაზეა დამოკიდებული არჩევნებში გავიმარჯვებთ თუ დავმარცხდებით. 15 ივნისის არჩევნების შემდეგ ისიც გამოიკვეთა, რომ თბილისი ,,ქართულ ოცნებას’‘ კი არ აძლევს ხმას, ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგია. განსაკუთრებით კი, თბილისის ელიტა.
- რატომ ფიქრობთ, რომ თქვენდამი ამომრჩევლის განწყობა უსამართლოა?
- მესმის, ადამიანების განწყობის შეცვლა ადვილი არ არის. ბევრს შეცდომის აღიარებაც უჭირთ. თუმცა ერთი რამ არ მესმის. თუ საზოგადოებისთვის სააკაშვილის დროს გარკვეული პროცესები მიუღებელი იყო, ახლა დღეს ამ ყველაფერს თვალდახუჭული რატომ შესცქერიან? თითოეულ მაშინდელ ოპოზიციონერს ვეკითხები: თუ სააკაშვილის დროს პოლიტიკური ნიშნით დევნა არ შეიძლებოდა, რატომ უნდა იჯდეს დღეს ციხეში ხონში ნაციონალური მოძრაობის გამგებლობის კანდიდატი ზურაბ ჯიბუხაია ან რატომ იდევნებიან ნაციონალური მოძრაობის წევრები, მათ შორის, გიგი უგულავა პოლიტიკური ნიშნით? კი ბატონო, დანაშაულზე პასუხი ყველამ უნდა აგოს, მაგრამ ეს პოლიტიკური ნიშნით არ უნდა ხდებოდეს.
- გაუგებარია, თუ დამნაშავეების დასჯას ითხოვთ, რატომ უკავშირებთ გიგი უგულავასთვის ბრალის წაყენებას პოლიტიკურ დევნას? თბილისის ყოფილ მერს სახელმწიფო ქონების გაფლანგვაში ადანაშაულებენ.
- ნაციონალური მოძრაობის წევრებს ეს ბრალდებები უნდა დაუსაბუთონ. თანაც ეს პროცესი შერჩევით სამართალს დაემსგავსა. რატომ არ აგებინეს პასუხი იმ ადამიანებსაც, რომლებიც ნაციონალური მოძრაობიდან ,,ქართულ ოცნებაში’‘ გადაბარგდნენ? ,,შიხიაშვილებს’‘ ვგულისხმობ... პროკურატურამ რაც უნდა სამართლებრივად განმტკიცებული ბრალდებები წარმოადგინოს, შიხიაშვილი თუ არ დაისჯება, ეს მხოლოდ პოლიტიკური დევნის მანიშნებელი იქნება.
- შიხიაშვილი სწორედ მისი პარტიული მრავალფეროვნების გამო კოალიციის სიაში ვერ მოხვდა. თუ გაქვთ ინფორმაცია მის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ.
- ამ შემთხვევაში კონკრეტულად შიხიაშვილზე არ ვსაუბრობ. ამ ადამიანმა იმდენი მოახერხა, პოლიტიკური მოღალატის სიმბოლოდ იქცა, თუმცა ბევრი დამნაშავეა კოალიციის რიგებში, რომელსაც გონია, რომ ,,ქართულ ოცნებაში’‘ ყოფნა ინდულგენციაა. მეტს არ დავკონკრეტდები. ამ ეტაპზე მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წევრების დასჯის მომსწრენი ვართ. ამიტომ გვესმის მუდმივად ნაციონალური მოძრაობის რადარებიდან გაქრობის შესახებ, თუმცა თუ კოალიციის ლიდერების ლოგიკით ვიმსჯელებთ, ხონში ჩატარებული განმეორებითი არჩევნების შემდეგ ,,ქართული ოცნების’‘ რეიტინგი ნულს უტოლდება. ,,ქართულმა ოცნებამ’‘ ბიუჯეტის ნგრევა და პრემიების გაცემა თუ გააგრძელა, საპარლამენტო არჩევნებზე აუცილებლად დამარცხდება. თუმცა მას ვინ დაამარცხებს, ნაციონალური მოძრაობა თუ რომელიმე სხვა, ახალი თუ მოქმედი პოლიტიკური ძალა, ამას მომავალი გვიჩვენებს.
- ნაციონალურ მოძრაობაში ხომ არ იქმნება ახალი პოლიტიკური ძალა თუ ნინო ბურჯანაძე შეძლებს ,,ქართული ოცნების’‘ დამარცხებას?
- ჯერჯერობით, ასეთი ძალა არ ჩანს, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: მთავარი დამმარცხებელი საქართველოს მოსახლეობა იქნება, მაგრამ ვისი ხელით გააკეთებს ამას, მომავალი გვიჩვენებს. რეალურად, დღეს ქვეყანაში რუსულ და დასავლურ ორიენტაციას შორის ბრძოლა მიმდინარეობს. საბედნიეროდ, ქართულ პოლიტიკაში ევროპული არჩევანის მქონე პარტიები დომინირებენ. ოპოზიციაში კი, ნაციონალური მოძრაობა უკონკურენტოა. პრორუსულ ძალებს არასოდეს ექნებათ შანსი, მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვონ. ,,ქართულ ოცნებას’‘ კი ორიენტაცია საერთოდ არ გააჩნია. კოალიცია მოქალაქეთა კავშირს ჰგავს - აპოლიტიკური ძალაა, რომელიც როგორც კი ხელისუფლებას დაკარგავს, პოლიტიკური რადარიდან მართლა გაქრება. ისევე როგორც თავის დროზე შევარდნაძის ამორფული პარტია გაქრა პოლიტიკიდან.
- ,,ქართული ოცნება’‘ პოლიტიკიდან გაქრება და თქვენი პარტიის რეიტინგი გაიზრდება?
- ნაციონალურ მოძრაობას ხელისუფლებაში დაბრუნების პერსპექტივა აქვს. თუ მოქალაქეთა კავშირის დროინდელი პოლიტიკოსების რეანიმირება მოხდა, ნაციონალურმა მოძრაობამ რა დააშავა? თანაც ეს საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია. ,,ქართულ ოცნებას’‘ ახლა ერთადერთი გზა რჩება - ოპონენტები ფიზიკურად ჩამოიცილოს. თუმცა ესენი არ არიან ის ადამიანები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს დაიჭერენ.