„დათა ახალაიამ მითხრა - აღიარე, ბიჭო, მოგისჯიან და მალე გამოხვალ, ხომ იცი ეს ჩემი ძმა გიჟია, მოგკლავსო“

„დათა ახალაიამ მითხრა - აღიარე, ბიჭო, მოგისჯიან და მალე გამოხვალ, ხომ იცი ეს ჩემი ძმა გიჟია, მოგკლავსო“

წამების, სექსუალური ძალადობის ორგანიზების და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას ახალი ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება სერგო თეთრაძის გარდაცვალების საქმეს.  ბრალდების ერთ-ერთი მოწმე ლადო ბედუკაძეა, რომლის ჩვენება უკვე დადასტურებული და გაზიარებულია მოსამართლის მიერ. ჩვენებაში რომელიც მან მოსამართლეს სასამართლოში მისცა, ამხელს ყველა პირს, რომელიც ამ კონკრეტულ საქმეში ფიგურირებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბაჩო ახალაიამ, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მეგის ქარდავამ და მე-8 საპყრობილის დირექტორმა ალექსანდრე მუხაძემ ერთად გადაწყვიტეს, წარმატებული ხელმძღვანელის სახელის მოსაპოვებლად უდანაშაულო მოქალაქეთა წამების გზით, მიეღოთ აღიარებითი ჩვენებები, რასაც გაავრცელებდნენ მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, თითქოსდა გამოვლენილი ჰყავდათ ე.წ. „ჯაშუშური“ ჯგუფი.

გამოძიებით დადგენილია, რომ 2011 წლის სექტემბრის თვეში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შენობაში ბაჩო ახალაია, მეგის ქარდავა, ალექსანდრე მუხაძე და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი, ჯაშუშობის აღიარების მოთხოვნით, დაახლოებით 4-5 საათის განმავლობაში განუწყვეტლივ სცემდნენ და დამამცირებლად ეპყრობოდნენ თავდაცვის სამინისტროს ოფიცერს, ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს, თადარიგის პოლკოვნიკს, სერგო თეთრაძეს და მოქალაქეებს - სერგეი ჩაპლიგინს და გიორგი გორელაშვილს.

ცემისა და წამების დროს, ბაჩანა ახალაიამ ამოიღო იარაღი, მიაბჯინა სახეზე ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძეს და მოკვლით დაემუქრა. ლონდარიძე არ აღიარებდა დანაშაულს, ახალაია კი აგინებდა და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. 

როდესაც ცემისაგან დაუძლურებულ დავით ლონდარიძეს მეგის ქარდავა სექსუალური ძალადობით დაემუქრა, ეს უკანასკნელი იძულებული გახდა დათანხმებულიყო და ეღიარებინა, თითქოსდა იგი ეწეოდა ჯაშუშობას საქართველოს წინააღმდეგ.

მორიგი იძულებითი აღიარების მიღების მიზნით, მეგის ქარდავა სამხედრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, ბაჩანა ახალაიასთან შეთანხმებით, გიორგი გორელაშვილს მთელი დღის განმავლობაში აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. კერძოდ, სისტემატიურად სცემდნენ პლასტმასის მილით, ემუქრებოდნენ, რომ მავთულის საჭრელი მაკრატლით თითებს დააჭრიდნენ; თან მაკრატლით თითის მოჭრის იმიტაციასაც აკეთებდნენ. შემდგომ ყელზე შეაბეს იარაღის დასამაგრებელი ტყავის თასმა და აიძულებდნენ ოთხზე ეხოხა შენობის დერეფანში. მას შემდეგ, რაც დარწმუნდენ, რომ გიორგი გორელაშვილი არ აღიარებდა არჩადენილ დანაშაულს, იგი როგორც „ჯაშუშობაში“ ბრალდებული გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.

აღნიშნულმა პირებმა აღიარებითი ჩვენების მიღების მიზნით, ასევე სასტიკად აწამეს სერგო თეთრაძე. მას თავზე ჩამოაცვეს პოლიეთილენის პარკი და არ აძლევდნენ სუნთქვის საშუალებას. სერგო თეთრაძემაც, მიუხედავად მის მიმართ განხორციელებული ძლიერი ფიზიკური ძალადობისა, არ აღიარა მისთვის დაბრალებული დანაშაული. ამის გამო, ბაჩო ახალაიამ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მეგის ქარდავასთან ერთად ორგანიზება გაუკეთა სერგო თეთრაძის შემდგომ წამებას და სექსუალურ ძალადობას.

ბაჩო ახალიას დავალებითა და გეგმის მიხედვით 2011 წლის 23 სექტემბერს მე-8 საპყრობილეში მოთავსებულმა პატიმრებმა ალექსი ტერაშვილმა და თამაზ სისაურმა საკანში, სერგო თეთრაძის მიმართ განახორციელეს სექსუალური ძალადობა. სერგო თეთრაძე მასზე განხორციელებული წამების შედეგად გახდა ცუდად და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გონსმოუსვლელად გარდაიცვალა.

ვიცე-პოლკოვნიკი დავით ლონდარიძე for.ge-სთან საუბრისას იხსენებს, რომ აღიარებითი ჩვენების დაწერამდე სამხედრო პოლიციაში სპეციალურად მოწყობილ ე.წ. „აბივკებიან“ ოთახში აწამეს. მისი თქმით, მის წამებაში ბაჩო ახალაიას, მეგის ქარდავასა და ალექსანდრე მუხაძეთან ერთად უშუალოდ მონაწილეობდა კუდ-ის ხელმძღვანელი დათა ახალაია. მისივე განცხადებით, დათა ახალაიამ ერთ-ერთი წამების შემდეგ უთხრა, რომ თუ აღიარებდა, რომ რუსეთის სასარგებლოდ „ჯაშუშობდა“ მისი ძმა, მას არ მოკლავდა.

როგორც ლონდარიძე ამბობს, მაღალჩინოსნები ლონდარიძით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ რუსთავში, ავტობაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთი, დავით ლონდარიძის დედის კუთვნილება იყო. ლონდარიძე 2011 წლის ივნისში დაიბარა მეგის ქარდავამ და მოსთხოვა, რომ მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულება 50 ათასი დოლარი იყო, მათთვის დაეთმო. ლონდარიძემ დედის სახელზე არსებული მიწის ნაკვეთი ქარდავას არ დაუთმო.

„ყოველ 15 წუთში შევყავდით ქარდავას კაბინეტში, ის ითხოვდა მეღიარებინა ჯაშუშობა. უარზე ვიყავი, გამიყვანდნენ და გრძელდებოდა ცემა. 16 სექტემბერს დილით რომ დაიწყეს ჩემი ცემა, საღამომდე გრძელდებოდა. შემდეგ მოვიდა ბაჩო ახალაია, იკითხა, რას შვრებით, აღიარებინეთო? - ქარდავამ უპასუხა, არა, არაფერს არ ამბობსო. ამის მერე ახალაიამ დამიწყო გინება. პისტოლეტი ეკავა ხელში და თავში ჩამარტყა. გააღე პირი, შენიო ..... და ლულა ჩამიდო პირში, აღიარე ახლავე, შენი დედა ..... თორემ შუბლს გაგიხვრეტო.

უკვე იმ დონეზე ვიყავი მისული, პისტოლეტი გადატენილი რომ ჰქონოდა, ვწვდებოდი ხელში და გავასროლინებდი, თავს მოვიკლავდი და მორჩებოდა წამება. აღარ შემეძლო, ისეთ დღეში ვიყავი. ახალაია ყვიროდა, გაიყვანეთ ეს დედა... თორემ მომეკვლევინებაო.  შემდეგ მოვიდა მისი ძმა, დათა ახალაია და მითხრა - აღიარე, ბიჭო, მოგისჯიან და მალე გამოხვალ, ხომ იცი ეს ჩემი ძმა გიჟია, მოგკლავსო - კეთილი პოლიციელის როლს ასრულებდა. ისე მცემეს, რომ ნამსხვრევებად ვიყავი ქცეული, ფეხზე ვერ ვდგებოდი, სისხლში ვცურავდი. შემიყვანეს ისევ ქარდავას ოთახში.

ქარდავა მეკითხება - კიდევ არ აღიარებო? რაზეც ვუპასუხე - რა ვაღიარო, გამორიცხულია, არ ვაღიარებ-მეთქი. მაშინ ქარდავამ ბიჭებს დაავალა, შემოიყვანეთ „მეტრაკეო“ და ეგრევე მომვარდა 2 ბიჭი და შარვალი ჩამხადეს. ეს ხდებოდა ქარდავას კაბინეტში. თვითონაც იქ იყო. შარვალი ჩამხადეს და გადამაწვინეს მაგიდაზე. მაშინ ძალიან შემეშინდა. ვიფიქრე, ესენი არანორმალურები არიან და მართლა გააკეთებენ-მეთქი და ვუთხარი ქარდავას, ეს არ გამიკეთოთ და რაც გინდათ ყველაფერზე ხელს მოვაწერ-მეთქი. ამით დამითანხმეს აღიარებაზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლონდარიძე.

მისივე განცხადებით, როცა ხელი მოაწერა ბრალდებას და აღიარა „ჯაშუშობა“ ახალაიამ უთხრა, უნდა დაესახელებინა კონკრეტული პირი, ვინც ის თითქოსდა გადაიბირა. წინასწარ უთხრეს, რომ ივანოვის გარდა სხვა, ნებისმიერი გვარი დაესახელებინა.

„მეც ავდექი და ჩავაწერინე, რომ კონსტანტინე ჟუკოვმა გადამიბირა-მეთქი. ეს პიროვნება 1945 წელს ომის გმირი იყო, 50 წლის გარდაცვლილია, აქედან ჩანდა, რა სამხედროები და მცოდნეები იყვნენ. ბატონი სერგოს გარდა, დააკავეს გია გორელაშვილი და სერგეი ჩაპლინგი. სერგოს ნომერი მე მეწერა ტელეფონში, მაგრამ გორელაშვილი საიდან მოხვდა, არ ვიცი. გია გორელაშვილს არ ვიცნობდი.

რაც შეეხება ბატონ სერგოს, მათ არ უთქვამთ, რომ დაკავებული იყო. როცა ვაღიარე, მერე თქვეს, რომ ვინმე მაღალჩინოსანი ჩავრთოთო. ალტერნატივა იყო გენერალი დავით ნაირაშვილი და ვიცე-პოლკოვნიკი, მაგრამ მერე პოლკოვნიკი აირჩიეს. ქარდავას ვუთხარი, რომ არ ვიცნობ ამ ნაირაშვილს, თეთრაძესთან ვმსახურობდი-მეთქი. მაშინ თქვა ქარდავამ, ძალიან კარგიო.

სერგო თეთრაძე მაშინ ვნახე, როცა წინასწარი პატიმრობა მოგვისაჯეს. თავის აწევის უფლება არ გვქონდა, უბრალოდ, ცალი თვალით შევხედე და დავინახე, რომ ძალიან მაგრად იყო ნაცემი. ტონალური კრემი ჰქონდა წასმული, რომ კვალი დაემალათ,მაგრამ ისე იყო ნაცემი, რომ ტონალურიც ვერ ფარავდა. მალევე ციხეში უკვე გავიგეთ, რომ სერგო მოკლეს და ბატონი სერგო სასტიკი ძალადობის მსხვერპლი გახდა.

მე არ ვიცი ვინ აწამებდა მას, მაგრამ გორელაშვილმა მოისმინა - უთხრეს, შენი „პადელნიკიაო“. ამათ არაფერს არ შევრაჩენ. არ ვაპატიებ ახლაიას და ქარდავას, ეს გამორიცხულია.  ქარდავას და ახალაიას ცემის კვალი დღესაც მეტყობა, წაქცეულ ადამიანს წიხლებს რომ ურტყამ თავში, ეს რა ქართველობაა, ამიხსენით. მაგრამ ესენი ქართველები არ არიან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ლონდარიძე.

აღნიშნულ საქმეზე უკვე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი და გასამართლებულნი არიან სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე მეგის ქარდავა, მე-8 საპყრობილის ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე, ამავე დაწესებულების თანამშრომლები ვიქტორ ყაჭეიშვილი და ოლეგ ფაცაცია, თითოეულს სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება ბაჩანა ახალაიას, როგორც ამ დანაშაულის ორგანიზატორს, მისი ბრალდების საქმეზე გრძელდება გამოძიება 144-ე მუხლის მეორე ნაწილით, 138-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 15 წლამდე ვადით.  ახალაიას ადვოკატი, რომეო საჯაია აცხადებს, რომ ახალაიას სრულიად აბსურდული ბრალი წარედგინა.

„ეს არის მორიგი ზღაპარი, ეს ემსახურება იმას, რომ 26 ივლისს ბაჩანა ახალაიამ არ დატოვოს საპყრობილე, ვინაიდან საპატიმრო ვადა მთავრდება. აღნიშნულ საქმეზე ბოლო საგამოძიებო მოქმედება მოწმეებისა და დაზარალებულების დაკითხვა 2013 წელს დასრულდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ საქმეზე გადაწყვეტილება არ იყო მიღებული, რადგან ისინი პატიმრობის ვადის ამოწურვის მოახლოებას ელოდნენ. ამ საქმეს არ აქვს არანაირი პერსპექტივა, პროკურატურის სახე არის ლადო ბედუკაძე, რომელსაც დღეს ეყრდნობა პროკურატურა“, - აღნიშნა რომეო საჯაიამ.