რა ცვლილებები იგეგმება ,,ოცნებაში’‘
ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება ხელმოწერილია და ამ ისტორიული პროცესის ფონზე, ქვეყანას მორიგი გამოწვევა - ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ელის. 15 ივნისის შემდეგ მმართველი გუნდი საზოგადოებისგან მიღებულ გამაფრთხილებელ სიგნალზე ღიად საუბრობს. მოუწევთ თუ არა კოალიციის ლიდერებს მეტი ,,აღიარებითი ჩვენების მიცემა’‘, მეორე ტურის შემდეგ გამოჩნდება. რა ცვლილებებისთვის ემზადება ,,ქართული ოცნება’‘ - ამის შესახებ ,,ვერსიას’‘ უკვე საკრებულოს წევრი, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი, რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი ესაუბრა.
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი გამოიკვეთა. უმთავრესი კი ისაა, რომ ხელისუფლებამ არჩევნებში გასამარჯვებლად სახელმწიფო სტრუქტურები არ გამოიყენა: არც პოლიციელებს დააძალა კოალიციის კანდიდატის სასარგებლოდ ხმის მიცემა და არც პედაგოგებს. მართალია, შავი პიარი აქტიურად მუშაობდა, მაგრამ ოპონენტებს იმდენად სუსტი არგუმენტები ჰქონდათ, შედეგი არ გამოიღო.
- ბატონო დავით, შავ პიარად ე.წ. პრემიების თემას ხომ არ მიიჩნევთ, რომელმაც წინასაარჩევნოდ ხელისუფლებისადმი ნეგატიური დამოკიდებულება გაამძაფრა?
- გეთანხმებით, პრემიების ფაქტმა მოსახლეობაში საკმაოდ ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. წინასაარჩევნოდ, როცა ამომრჩეველს ვხვდებოდი, ჩვენი საუბარი პრემიების თემით იწყებოდა. ადამიანები მახსენებდნენ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პრემიები აიღეთ, ,,სკამებზეც’‘ კომფორტულად მოკალათდით, ნაციონალებიც კარგად შემოინახეთ და ხალხი ფეხებზე დაგვიკიდეთო! მოსახლეობისგან ძალიან შორს უნდა იყო და მისი რეაქციაც აბსოლუტურად არ უნდა განაღვლებდეს, რომ ამხელა პრემია გამოიწერო... სხვა მხრივ, არჩევნებმა საქართველოს მასშტაბით, ნორმალურად ჩაიარა. მართალია, დარღვევების კონკრეტული შემთხვევები დაფიქსირდა, მაგრამ ყველა ხარვეზის პრევენცია შეუძლებელია. მთავარია, ცესკო- ს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ მედიის რეაგირება ადეკვატური იყო. კარგი მაგალითი ვიხილეთ თელავში, სადაც ,,ქართული ოცნების’‘ გამგებლობის კანდიდატს გამარჯვებამდე სულ რაღაც 25 ხმა დააკლდა, მაგრამ ამ მაჩვენებლის გაყალბება არავის უფიქრია. წინა ხელისუფლების დროს, ეს 25 ხმა ისე დაემატებოდა, ვერავინ შეიტყობდა. არ დაგვავიწყდეს, ჩვენ იგივე საზოგადოება ვართ, როგორიც სამი წლის წინ, ამიტომ დამოკიდებულების ერთბაშად გარდატეხა შეუძლებელია. გარკვეული დრო და უნარ-ჩვევების გამომუშავება სჭირდება, არჩევნები რეალურად არჩევნებს ჰგავდეს. არჩევნებზე დაფიქსირებული დაბალი აქტივობა ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, გამაფრთხილებელი სიგნალია, თუმცა, როგორც გითხარით, მოსახლეობის უკმაყოფილება წინასაარჩევნოდ შეხვედრებზეც იგრძნობოდა. ადამიანებს სოციალური პრობლემები, უმუშევრობა და ე.წ. სამართლიანობის აღდგენისა თუ დამკვიდრების მიმართულებით პრეტენზიები აქვთ. ამ თემაზე რამდენიც უნდა იშაყირონ, ნაციონალურმა მოძრაობამ სერიოზული რეჟიმი შექმნა, რომელიც მოსახლეობას უმრავლესობას ტვირთად აწვა. საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულების შემდეგ, გაჩნდა განცდა, რომ ეს რეჟიმი დავამარცხეთ, მაგრამ დღეს ხალხი არ ფიქრობს, რომ გაიმარჯვა - უმუშევარია, როგორც ადრე, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს კი, რომლებიც პარლამენტში არიან და დღეს ,,ქართულ ოცნებას’‘ აქეთ აგინებენ, ყოველ საღამოს ტელევიზიით უყურებენ.
- ყოველივე ზემოთქმული იმაზე ხომ არ მიანიშნებს, რომ 2016 წელს კოალიციას საპარლამენტო არჩევნების მოგება გაუჭირდება?
- კოალიცია მომავალ არჩევნებშიც დამაჯერებლად გაიმარჯვებს. ,,ქართული ოცნების’‘ მთავარი დაპირება სამართლიანობის აღდგენა არ ყოფილა, მაგრამ, თუ დამნაშავე დროზე არ დაისაჯა, არც იმ ადამიანებს მოვიკითხავთ, რომლებიც წინა ხელისუფლების პირობებში არაერთ უკანონობას სჩადიოდნენ და თანამდებობებს დღემდე ინარჩუნებენ, საბოლოოდ, პროცესი ცუდად შემოგვიბრუნდება. პირადად მე, ეს კარგად მესმის, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც: როგორც ადრე მთავარსარდლები ჯარისკაცებს დაპყრობილ ქალაქებში სამი დღით დასარბევად უშვებდნენ, ჩვენც შეგვეძლო, ნაციონალური მოძრაობის დარბევის დღეები გამოგვეცხადებინა, მაგრამ ეს ქვეყანას კარგს რას მოუტანდა? არ შეიძლება, სახელმწიფომ უკანონობასა და არალეგიტიმურ, ძალადობრივ პროცესებს ხელი შეუწყოს. სასამართლო ნერვებს ხშირად გვიშლის - იქ ისევ ის მოსამართლეები არიან, რომლებმაც წარმოუდგენელი განაჩენები გამოიტანეს, თუმცა უარესი იქნება, მოსამართლეებს დავერიოთ... ამიტომ აუცილებელია ლეგიტიმური გზების პოვნა, რაც გარკვეულ დროსა და მუშაობას მოითხოვს.
- წელიწადნახევრის განმავლობაში ლეგიტიმური გზები რომ ვერ იპოვეთ, ეს არაპროფესიონალიზმის ბრალია თუ კიდევ სხვა მიზეზი არსებობს?
- საამისოდ ობიექტური და სუბიექტური მიზეზები არსებობს. საზოგადოება მიჩვეულია, ყოფილი სახელისუფლო პარტიები ასპარეზიდან რომ ქრებიან, ნაციონალური მოძრაობის შემთხვევაში კი ასე არ მოხდა, თუმცა, თუ ნაციონალებმა ასე გააგრძელეს, მაინც გაქრებიან. სხვანაირად შეუძლებელია.
- ბატონო დავით, რომელ გაქრობაზე საუბრობთ, როცა კოალიციის კანდიდატმა პირველ ტურში ნაციონალური მოძრაობის ფავორიტი ვერ დაამარცხა...
- თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საპრეზიდენტოს შევადარებთ, ნიკა მელიამ დავით ბაქრაძეზე ნაკლები ხმა მიიღო. კერძოდ, წინა არჩევნებთან შედარებით, თბილისში ნაციონალურის მოძრაობის კანდიდატმა 10 ათასი ხმით, საქართველოს მასშტაბით კი, დაახლოებით, 50 ათასზე ხმით ნაკლები მიიღო.
- იმას რატომ აღარ ამბობთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, ადგილობრივზე ,,ქართულმა ოცნებამ’‘ ბევრი ამომრჩევლის ხმა დაკარგა?
- ადგილობრივ არჩევნებში ,,ქართული ოცნების’‘ მხარდამჭერთა გაცილებით ნაკლები რაოდენობა დაფიქსირდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რაც კოალიციას აკლდება, ნაციონალურ მოძრაობას არ ემატება. არ არსებობს საზოგადოებაში ფენა, რომლის ხარჯზეც ნაციონალური მოძრაობის რეიტინგის ზრდა შესაძლებელია. არ ვამბობ, რომ ნაციონალური მოძრაობა ხვალვე გაქრება. პირიქით, 2016 წლამდე ეს პარტია გარკვეულ გავლენებს შეინარჩუნებს, მაგრამ საზოგადოებაში მისი აქტუალობა მმართველი გუნდის მუშაობაზეა დამოკიდებული - ხალხი უნდა მიხვდეს, რომ ვითარება მათთვის სასიკეთოდ შეიცვალა. თუ საზოგადოებამ ცვლილება ვერ დაინახა და ჩათვალა, რომ ,,ქართული ოცნებაც’‘ ნაციონალური მოძრაობის მსგავსია, ბუნებრივია, საპარლამენტო ოპოზიცია თანამოაზრეების შენარჩუნებას მოახერხებს. საერთოდ, ქვეყნის მთავარი პრობლემა ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი კი არა, ისაა, რომ ქალაქებში, რაიონებსა და თვითმართველობის დონეზე ბევრია გასაკეთებელი. თბილისის პრობლემებში, ყოფით დონეზე, ასე დეტალურად პირველად ჩავიხედე და გაოცებული ვარ - უამრავი რამაა გაფუჭებული. კი ბატონო, ნაციონალებმა რაღაცები გააკეთეს, მათ შორის სკვერები და საბავშვო მოედნები, მაგრამ მერწმუნეთ, ასჯერ მეტი მავნებლურადაა გაფუჭებული.
- უკაცრავად, ბატონო დავით და, ხელისუფლება მუდმივად ნაციონალურ მოძრაობაზე რატომ საუბრობს?
- ეს დამოკიდებულება აუცილებლად შესაცვლელია, რადგან, თუ საუბარს შედეგი არ მოყვება, ლაპარაკის დაწყებაც არ ღირს. ნაციონალურ მოძრაობასთან გადამწყვეტ ბრძოლაზე საუბარი ნაციონალების როლს უფრო მნიშვნელოვანს ხდის, ვიდრე რეალურად აქვთ. წარმატებისმომტანი ვერც მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის მიერ დაწყებული პროექტების გაგრძელება იქნება, რადგან რაღაც სიახლეა საჭირო. ფაქტია, სოფლის მეურნეობისა თუ ჯანდაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რომელიც შედეგს გარკვეული პერიოდის შემდეგ მოგვცემს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თუ ყველაფერ ამას ფონად ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლა გაყვა, ხალხი ხელისუფლების გაკეთებულ საქმეებსაც ვეღარ შეამჩნევს და მთელ ყურადღებას პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირებაზე გადაიტანს. ვფიქრობ, ნაციონალურ მოძრაობასთან უკანასკნელი ბრძოლის ფონის შექმნა პრინციპულად არასწორია.
- არჩევნების შემდეგ ,,ოცნებაში’‘ საკადრო ცვლილებები იგეგმება?
- შეუცვლელი არავინაა, არჩევნებმაც გამოაჩინა, რომ გარკვეული ცვლილებები აუცილებელია. ამ შემთხვევაში, კონკრეტულ პიროვნებებს არ ვგულისხმობ, მაგრამ ამ მიმართულებით პოლიტსაბჭომ უნდა იმსჯელოს. ჩვენდამი ხალხის ნდობა ჯერ კიდევ მაღალია და ალტერნატიული პოლიტიკური ძალაც არ ჩანს, მაგრამ ადგილობრივი თვითმმართველობის შემდეგ გამოვლენილი სიმპტომები უყურადღებოდ არ უნდა დავტოვეთ და არც ის უნდა ვთქვათ, რომ ყველაფერი იდეალურადაა.