„უმაღლესი პირები ხელს აფარებენ ზურაბ ჟვანიას მკვლელებს“

„უმაღლესი პირები ხელს აფარებენ ზურაბ ჟვანიას მკვლელებს“

“ჰკითხეთ ადეიშვილს და მერაბიშვილს რატომ აყალბებდნენ საბუთებს, რატომ აფარებენ ხელს მკვლელებს და რატომ ხუჭავენ თვალს ბევრ რაღაცაზე," - უთხრა „რეზონანსს" ყოფილი პრემიერის ძმამ, გოგა ჟვანიამ, რომელსაც ჯერ-ჯერობით არ უნახავს ის ჩანაწერი, რომელზეც იმერეთის ყოფილი გუბერნატორი თუმურ შაშიაშვილი საუბრობს.

ყოფილი გუბერნატორი ამბობს, რომ ფლობს საიდუმლო აუდიოჩანაწერს, რომელიც საზღვარგარეთ ინახება და რომელიც ნათელს მოჰფენს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საკითხს.

გოგა ჟვანია: ყველაფერი ვიცი გადმოცემით. თვითონ ეს ჩანაწერი არ მინახავს და არც მომისმენია. ბატონი თემურისგან ვიცი, რომ აპირებს უახლოეს მომავალში ამ ჩანაწერის გამოქვეყნებას. მხოლოდ ამის შემდეგ შემიძლია კომენტარის გაკეთება. მაგრამ, ის, რომ ზურა მოკლულია, ეს არის ფაქტი და ამას მოწმობს ყველა ის მასალა, რაც არსებობს. როგორც ვიცი, ბატონმა თემურმა ამ საუბრების მხოლოდ ნაწყვეტი მოისმინა, სადაც უკვე პოსტ-ფაქტუმ მიდის საუბარი იმაზე, თუ როგორ მოახდინონ ამ ყველაფრის ინსცენირება.

აქამდე თუ იცოდით ამ ჩანაწერის არსებობის შესახებ?

- არა, და ჯერჯერობით ეს ჩანაწერი არ მომისმენია. რაც შეეხება საერთოდ იმ მასალებს, რაც ჩვენ გვაქვს, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის მკვლელობა. არსებობს ასევე მასალები, რომ მერე მოხდა ამ ყველაფრის ინსცენირება, თითქოს გაზით გაიგუდა. ასევე, არსებობს მასალები, როგორ ცდილობდა ხელისუფლება საქმის მასალების გაყალბებას.

პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ხელისუფლების უმაღლესი პირები ხელს აფარებენ ზურა ჟვანიას მკვლელებს. რითია ეს ყველაფერი გამოწვეული და ვის რა მონაწილეობა აქვს ამ საქმეში მიღებული, ამას ჯერჯერობით ვერ ვიტყვი. მეტიც, დაცვის უფროსმა მკვლელობის ღამეს ზურას სეიფი გახსნა და საბუთები მოიპარა. ეს ადამიანი არავის დაუჭერია ამაზე. პირიქით, დააწინაურეს.

რის საფუძველზე ამბობთ, რომ მან ამოაცალა გარდაცვლილ პრემიერს ჯიბიდან გასაღები? თავად ამ ბრალდებას უარყოფს...

- საფუძველი რას ნიშნავს? მივიდა მარტო, გახსნა ზურას სეიფი და რაღაცები ამოიღო. მას არ ჰქონდა უფლება, ზურას პირადი სეიფი გაეხსნა. მკვლელობის საღამოს ზურას ჯიბიდან პირადი გასაღები ამოიღო, ნაცვლად იმისა, რომ გადაეცა ოჯახის წევრებისთვის, წავიდა, გახსნა სეიფი, რაღაცები ამოიღო და წავიდა. ამას ჰქვია ქურდობა.

როდის ამოაცალა გასაღები, პროზექტურაში გადასვენებამდე?

- ჯერჯერობით არ შემიძლია მთლიანად აღვადგინო ღამის მსვლელობა. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს მოხდა მაშინ, სანამ ექსპერტიზაზე წაასვენებდნენ.

გავრცელდა ასეთი ხმებიც, თითქოსდა ზურაბ ჟვანიას მკვლელობაში ოლეგ მელნიკოვი ფიგურირებს, ხომ არ გაგიგიათ ამის შესახებ რამე?

- არის ასეთი ვერსიები. მაგრამ, ყველაფერ ამას სჭირდება მტკიცებულება. ჯერ-ჯერობით ეს მტკიცებულება არ მაქვს. ისე, ძალიან კონკრეტულ გვარებზე და კონკრეტულ ვერსიებზეა საუბარი. არ მიყვარს ფაქტების გარეშე საუბარი. როდესაც რაღაცას ვამბობ, ყოველთვის მაქვს ამის დოკუმენტური მტკიცებულება. ვამბობ, რომ ხელისუფლების უმაღლესი პირები ხელს აფარებენ მკვლელებს. გენპროკურატურა აყალბებდა საქმის მასალებს. ბუნებრივია, ეს ხდებოდა საქართველოს გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის თანხმობით. ჰკითხეთ ადეიშვილს და მერაბიშვილს რატომ აყალბებდნენ საბუთებს, რატომ აფარებენ ხელს მკვლელებს და რატომ ხუჭავენ თვალს ბევრ რაღაცაზე.

როგორ ფიქრობთ, ეს ადამიანები პრეზიდენტის გარეშე შეძლებდნენ ამ საქმის გაყალბებას?

- რა თქმა უნდა, არა. ბუნებრივია ერთმანეთთან შეთანხმებით ხდებოდა ყველაფერი.

მაშინ გამოდის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილიც აფარებს ხელს პრემიერის მკვლელებს?

- რა თქმა უნდა, და ეს მითქვამს არაერთხელ. სააკაშვილი აფარებს ხელს მკვლელებს.

შაშიაშვილი არაა პირველი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ პრემიერი არ გარდაცვლილა იმ ბინაში. ეს განცხადება თავდაპირველად ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა. ხომ არ გიცდიათ მასთან შეხვედა?

- არა. არ შევხვედრივარ. ირაკლი ოქრუაშვილს მაშინ ძალიან მაღალი თანამდებობა ეკავა. თავდაცვის მინისტრი და იმ გუნდის წევრი იყო, რომელიც მაშინ ყველაფერს მართავდა. მითუმეტეს, თავისი სპეცსამსახურები ჰყავდა. ასე რომ, შესაძლებელია მას ჰქონდეს რაღაცა ინფორმაცია.

თუკი პრემიერი მართლა გაზით გაიგუდა, მაშინ რატომ არ დაიხურა ეს საქმე?

- ვერ დაამტკიცებენ დოკუმენტურად, რომ ზურა გაზით გაიგუდა და ამიტომ ვერ ხურავენ ამ საქმეს. საქმის დახურვის შემდეგ ბუნებრივია მასალები ხელმისაწვდომი გახდება როგორც ოჯახისთვის, ასევე საზოგადოებისთვის და ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება ხელისუფლების ვერსიას. ამიტომაც ურჩევნიათ საქმე ასე გამოკიდებულ მდგომარეობაში იყოს.

თქვენ თვითონ არ გიცდიათ გაგერკვიათ პროკურატურისგან, რატომ არ ხურავენ საქმეს თუკი სიკვდილის მიზეზი დადგენილია?

- მათთან საუბარს არანაირი აზრი არა აქვს. ისინი არ არიან საქმის გამოძიებით დაინტერესებული. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელისუფლება ზურას მკვლელობის საქმეს არ გამოიძიებს. წარმოუდგენლად მეჩვენება, რომ ამ ხელისუფლებამ ეს საქმე გამოიძიოს. მაგრამ, მუდმივად არ იქნებიან და ეს საქმეც გაიხსნება.