სად აქვთ წილები სააკაშვილს, მერაბიშვილს და გილაურს

სად აქვთ წილები სააკაშვილს, მერაბიშვილს და გილაურს

ლეიბორისტებმა ხელისუფლების უმაღლესი პირების უკანონო ბიზნესსაქმიანობის შესახებ კიდევ ერთხელ ამცნეს ქვეყანას. მათი საკბილო უკვე მერამდენედ გახდნენ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრემიერმინისტრი ნიკა გილაური და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი. როგორც ლეიბორისტები ამბობენ, ხელისუფლება, იმის მიუხედავად, რომ კანონი უკრძალავს ბიზნესსაქმიანობას, ყველაზე შემოსავლიან ბიზნესებში მეწილეები არიან და ის ბიზნესსტრუქტურა ქვეყანაში მონოპოლისტია. ასეთებია: ნავთობის იმპორტი, დაზღვევა, ტყეები, პორტები, აეროპოტრები, სატელეფონო კომუნიკაცია და ყავა.

პარტიის გენერალური მდივნის, სოსო შატბერაშვილის ინფორმაციით, პრემიერმინისტრი ნიკა გილაური საქართველოში ყავის კონტრაბანდას აწარმოებს და ის ქვეყანაში ყავის ერთადერთი შემომტანია. ამავე დროს, გილაურს თბილისში გახსნილი აქვს ყავის სახლების ქსელი, რომელსაც უფრო და უფრო აფართოებს.

- მართალია, ყავის სახლი ცუდი დაწესებულება არ არის, მაგრამ გილაურის გარდა სხვასაც უნდა ჰქონდეს უფლება, გახსნას ყავის სახლი და ყავა შემოიტანოს. ვაცხადებდით, რომ მზადდებოდა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება სამხრეთ ამერიკის ზოგიერთი ქვეყნისგან და ხელისუფლებას მოვუწოდეთ, ამით დაინტერესებულიყვნენ, ჩასულიყვნენ, ამ ქვეყნების ხელისუფლებებთან მოლაპარაკება ეწარმოებინათ, სამხრეთ ამერიკის მთელ კონტინენტზე ერთი საელჩო მაინც გაეხსნათ, ამის ნაცვლად კი, გილაური კარიბის ზღვიდან ყავის კონტრაბანდით დაკავდა, - ამბობს შატბერაშვილი.

შრომის პარტიის ბადეში შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილიც მოხვდა. შატბერაშვილი ამბობს, რომ მისი პარტია პრივატიზაციის წინააღმდეგი არასოდეს ყოფილა, მაგრამ უკანონო მფლობელობას, თან მონოპოლიას, ვერაფრით შეეგუებიან.

ფარმაცევტულ ბაზარზე მონოპოლისტებად მიჩნეულ „ავერსსა“ და „პეესპე“–ს, როგორც შატბერაშვილი ამბობს, ვანო მერაბიშვილი პატრონობს, რომელიც, მათი ინფორმაციით, ვარდების რევოლუციის შემდეგ ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძეს წაართვა, საკონტროლო პაკეტი მიითვისა და სამადლოდ მხოლოდ ხუთი პროცენტი დაუტოვა.

- შინაგან საქმეთა მინისტრის „კრიშის“ ქვეშ მყოფი „ავერსი“ და „პეესპე“ უფლებას არ აძლევენ ფარმაცევტული ბიზნესით დაკავებულ სხვა ბიზნესმენებს, თავიანთი ინიციატივით იაფად შემოიტანონ წამლები და მათ კონკურენცია გაუწიონ. მოგეხსენებათ, რა ფასები აქვს წამლებს. მაშინ, როცა ევროპაში, ცნობილი ეკონომიკური კრიზისის გამო მედიკამენტების ფასმა ოცდაათი პროცენტით დაიკლო, საქართველოში ასი და ორასი პროცენტით მოიმატა. თან ეს ეხება პირველადი მოთხოვნილების საშუალებებს, -ამბობს  სოსო შატბერაშვილი.

საქართველოს ტყეების მონოპოლისტ მეპატრონეებად ვანო მერაბიშვილი, კახა ბენდუქიძე და მიხეილ სააკაშვილი სახელდებიან, თუმცა ნათელაშვილის პარტიაში მთავარ მონოპოლისტად მაინც თავად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიაჩნიათ.

ამბობენ, რომ პრეზიდენტის ოჯახის და კონკრეტულად მისი ძმების საკუთრებაშია სადაზღვევო კომპანია „ირაო“ და ცნობილი ნავთობკომპანიები: „ვისოლი“, „კანარგო“, „სოკარი“ და „ლუკოილი“, რომლებსაც ნავთობის იმპორტის გარდა, საქართველოში არსებული ნავთობის გადამუშავების უფლებაც აქვთ. ამ სახელისუფლებო მონოპოლიის გამო, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების განახევრების მიუხედავად, საქართველოში საწვავზე ფასები შემცირების ნაცვლად გაიზარდა. მიზეზად ლეიბორისტები ისევე, როგორც ფარმაცევტულ ბაზარზე, აქაც მონოპოლიას ასახელებენ. ამბობენ, რომ ეს კომპანიები თავისუფალი ბაზრის პრინციპის დარღვევით არც ერთ სხვა კომპანიას არ აძლევენ უფლებას, ნავთობი შემოიტანონ.

- თავისუფალი კონკურენცია რომ იყოს, სააკაშვილის ძმები საწვავზე ამხელა ფასის დაწესებას ვერ გაბედავდნენ, - ირწმუნება ლეიბორისტების გენერალური მდივანი და კითხვაზე, რამდენად გადამოწმებულია ინფორმაცია ცნობილი ნავთობკომპანიების უკან პრეზიდენტის ძმების დგომის შესახებ, პასუხობს, რომ მათ ოფიციალურად მისწერეს ამ ნავთობკომპანიებს, ეცნობებინათ, მუშაობენ თუ არა მათთან მიხეილ სააკაშვილის ძმები და პასუხად მიიღეს, რომ ერთ–ერთი სააკაშვილი მათთან მართლაც მუშაობს, მაგრამ მხოლოდ რიგით თანამშრომლად, რაც შატბერაშვილს, უბრალოდ, არ სჯერა.

- ვინ დაიჯერებს, რომ სააკაშვილის ძმა რომელიმე კომპანიის რიგითი თანამშრომელია? შეიძლება უფროსად და მეპატრონედ არ არის გაფორმებული, მაგრამ სინამდვილეში სააკაშვილები მართავენ ამ კომპანიებს, - ამტკიცებს შატბერაშვილი.

შემდეგი ბიზნესსფერო, სადაც ლეიბორისტების ინფორმაციით, პრეზიდენტის ოჯახის ინტერესები დევს, სატელეფონო კომუნიკაციებია. კერძოდ, „ტელეკომი“ და სამივე მობილური კომპანია. როგორც ლეიბორისტული პარტიის გენერალური მდივანი ჩივის, ეს კომპანიები, იმის გარდა, რომ უდიდეს მოგებას აძლევენ სააკაშვილს და მის კლანს, უშიშროებასთანაც თანამშრომლობენ.

- მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არც ერთი სატელეფონო კომპანია მოსამართლის ნებართვის გარეშე არ მისცემს უფლებას უშიშროების სამსახურს, სატელეფონო საუბრები მოისმინოს. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც, ვისაც უნდა და სადაც უნდა, უსმენენ და ფარულ ჩანაწერებსაც აკეთებენ. ანუ, იმის გარდა, რომ სააკაშვილი უკანონოდ ფლობს სატელეფონო კომპანიებს, მისი კომპანიები, ამავე დროს, უკანონოდ ახორციელებენ მოსახლეობის სატელეფონო მოსმენებს, - ამბობს შატბერაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში სახელდება ფოთის პორტი, რომლის გახსნაზეც ახლახან პრეზიდენტმა გრძელი სიტყვა წარმოთქვა. შატბერაშვილი ამბობს, რომ ფოთის პორტი ოფიციალურად არაბების კუთვნილებაა, მაგრამ არაბულ „რაკინ ჯორჯიაში“ არის სააკაშვილის და მისი ბიძის წილი.

- სააკაშვილს პორტებშიც აქვს წილი და აეროპორტებშიც. თბილისის, ბათუმის და მშენებარე ფოთის აეროპორტის მფლობელი გახლავთ სააკაშვილის ბიძა, ბატონი თემურ ალასანია. მეტსაც გეტყვით: იმის გარდა, რომ თემურ ალასანია თბილისის და ბათუმის აეროპორტების მეწილეა, მან ისინი საკუთრებაში თურქებს გადასცა. ბათუმის აეროპორტი თურქეთის შიდა ავიახაზად ითვლება, რაც, ფაქტობრივად, საკუთარი ტერიტორიის გასხვისებს ნიშნავს, - აცხადებს შატბერაშვილი.

პრეზიდენტის ოჯახის კუთვნილებად სახელდება „კვარციტი“ ანუ კაზრეთის ოქროს საბადო, რომელიც ოფიციალურად რუსებისთვისაა გადაცემული. მისი მფლობელი გახლავთ რუსეთის უშიშროების გენერალი, ხოლო თანამოწილე ასევე უშიშროების გენერალი თემურ ალასანია - პრეზიდენტის ბიძა. ამდენად, საქართველოს ოქროს საბადო არ არის საქართველოს საკუთრება, რუსულია და მისი თანამოწილე ასევე სააკაშვილის ბიძა გახლავთ. შეგახსენებთ, რომ რუსეთ–საქართველოს ომზე ფილმის ერთ–ერთ მთავარ სპონსორად სწორედ „კვარციტი“ სახელდება. ლეიბორისტების ინფორმაციით, ფილმი ასი მილიონი დოლარი ჯდება.

სოსო შატბერაშვილს არ ეშინია მათ მიერ უკანონო ბიზნესსაქმიანობაში მხილებული პირების სამართალდამცავ სტრუქტურებში ჩივილის. ამბობს, რომ ასეთ მხილებაზე, როგორც წესი, ხელისუფლებიდან პასუხი არაა, მაგრამ, თუ ეს თანამდებობის პირები გადაწყვეტენ და არასწორი ინფორმაციის გავრცელებისთვის სარჩელს შეიტანენ, ლეიბორისტული პარტია სასამართლოში დაამტკიცებს, რომ ისინი ნამდვილად არიან ამ ბიზნესების მფლობელები.