ჟურნალისტ ერეკლე ცოცანიძის შოკისმომგვრელი მოგონებები გლდანის ციხეზე
ერეკლე ცოცანიძე, მაკა მოსიაშვილის მსგავსად, ჟურნალისტია და მანაც “მიხეილის ციხის ჯოჯოხეთი” საკუთარი თვალით ნახა... “2012 წელს, გლდანის საპყრობილეში გადაღებულმა კადრებმა მსოფლიო შეძრა. კადრებზე წამება იყო ასახული. მას შემდეგ, რაც 2011 წლის მაისში, გლდანის მერვე დაწესებულებაში მოვხვდი, მიზნად დავისახე, დეტალებში მომეყოლა საზოგადოებისთვის, თუ რა პირობებში უხდებოდათ პატიმრებს ცხოვრება. მე გიამბობთ ყველაფერს პირდაპირ და შეულამაზებლად, სახელებითა და გვარებით, წუთებითა და წამებით და თქვენ პირველები გაიგებთ სიმართლეს, რომელიც აქამდე არ იცოდით”, - ნათქვამია ერეკლე ცოცანიძის ციხის დღიურის წინასიტყვაობაში...
28 აგვისტო, 2011 წელი
დღეს მარიამობაა. ჩვეულებრივი დღეებისგან ეს დღე ერთადერთი რამით განსხვავდება - ყველა “კამერას” პატრიარქის ნაჩუქარი სანთლები და ხატები დაურიგეს. მენიუშიც შეიტანეს პატარა ცვლილება და, ქათმის ბულიონთან ერთად, ხორცი ყველა პატიმარს შეახვედრეს.
სხვა არაფერია განსხვავებული: დღესაც გინება, ცემა, შეურაცხყოფა და სულში ჩაფურთხება.
დღესაც დავეშებული ფორმიანები.
ბიჭები ამბობენ, “რეჟიმის სასტავი” თუ მთვრალი მოვიდა, დღეს ცუდი ამბები დატრიალდებაო.
საბედნიეროდ, არაფერი მომხდარა...
30 აგვისტო, 2011 წელი
დამესიზმრა: თითქოს თავისუფლებაზე ვიყავი, ოღონდ თითქოს - დროებით. სულ ასე მესიზმრება...
ცუდ განწყობაზე გამეღვიძა - დღეს, მთელი დღე, ალბათ, ასე ვიქნები. ხვალ ხომ ბოლო სასამართლო მაქვს, სასამართლო, რომელიც ზუსტად ვიცი, რომ წელიწადნახევრით გამომკეტავს ამ საკანში.
ხვალინდელი დღის მოლოდინში, ერთადერთი შვება ისაა, რომ დარეკვის, წერილის გაგზავნისა და პაემანის უფლება მექნება - ჩემებს დაველაპარაკები და გავიგებ სახლის ამბებს.
ვიცი: დედოფლისწყაროში (ელდარში), პატარა ნაკვეთი რომ გვქონდა, ის გაყიდა დედაჩემმა. კიდევ - სახლშიც რაც რკინის მასალა იყო, ყველაფერი და მოაგროვა სამი ათასი ლარი საპროცესოსთვის, თან ყოველკვირა მირიცხავს ფულს... ვიცი მზია და გოგი ეხმარებიან.
საჭმელი მოვიდა. პირს არაფერს ვადებ - არ მშია, არ მინდა... უკვე აღარაფერი მინდა...
ბოლო წასვლა იქნება ხვალ ჩემს ქალაქში და მერე, - გრძელი ერთი წელი. დღეს კი, ინდოელს აქვს სასამართლო, მასაც ბოლოჯერ და ზუსტად იცის, წელიწადს მიუსჯიან. “ზონაზეც” მალე გადაიყვანენ. შვიდი თვეა, აქ ზის.
რადიოში თუშური გარმონისა და ლელა თათარაიძის საოცრად განსხვავებული, ნაცნობი და უსაყვარლესი ხმა გაისმა - მონუსხული ვუსმენდი და როცა დასრულდა, ცრემლი თავისით წამოვიდა... საკუთარი თავი სისუსტეში დავიჭირე, დავიჭირე და შემოვულაწუნე - ამის უფლება არ მაქვს!
რეჟიმზე ფიქრმა წამართვა თავი. გამახსენდა, როგორ არ დაინდო 21-ე საუკუნის ჰიტლერმა საკუთარი პირადი ფოტოგრაფები - ჯაშუშობა დააბრალა, დიდი ამბებია და ამბობენ გაანთავისუფლებენო.
დავფიქრდი და ფაშისტურ რაიხსტაგსა და ავლაბრის დემოკრატიის შუქურას შორის საოცარი მსგავსება ვიპოვე. დავიჯერო, თავიდანვე გვამცნო სააკაშვილმა, რომ ჰიტლერული იდეოლოგიით მოდიოდა? ალბათ, ასეა, მაგრამ ვარდების სურნელით გაბრუებულმა საზოგადოებამ ეს ვერ შეამჩნია. ამანაც, „სვასტიკა“-ს ადგილას, საქართველოს გერბი მიაკრა და ნელ-ნელა დაემსგავსა ადოლფს.
1 სექტემბერი, 2011 წელი
ისევ დილის 6 საათი...
ისევ ჩხრეკა...
“ფუქსები”...
„ვარონკა“...
თეთრწყლები...
შუამთა...
თელავი...
სასამართლოს მყრალი საკნები...
დარბაზი...
პროკურორი...
ადვოკატები...
მოსამართლე...
დედაჩემი...
ჩემი და...
განსხვავება: მოსამართლის უსამართლოდ დარტყმული ჩაქუჩი და წელიწადნახევრიანი დაშორება ყველასა და ყველაფერთან.
მეც და დათოც გლდანში დაგვაბრუნეს. “კამერაში” მისულს ბიჭებმა საჭმელი დამახვედრეს... არ მიჭამია - რატომღაც არ მინდა... ცოტა ხანს ვიწრიალე, მივდექ-მოვდექი, მერე, დავჯექი მაგიდასთან, კალამი და ფურცელი ავიღე და წერა დავიწყე.
ფერადი ფოთლების ზვინი ქარმა
ცაში ასწია და აურია,
ადამიანს ასე რომ ენდობი,
იქნებ, ეს დანაშაულია.
წვიმა წამოიწყო უცებ თავსხმა,
ჭექის და ქუხილის ხმაურია,
ადამიანს ასე რომ აფასებ,
იქნებ, ეს დანაშაულია.
ქარი შეერია წვიმას მძლავრად,
შორს, მთებში ნასეტყვი აულია,
თუკი სითბოს ჩუქნი უზარმაზარს,
იქნებ, ეს დანაშაულია.
ამინდი ჩამოდგა საოცარია,
ელიას კარეტით გაუვლია,
თუკი შეგიყვარდა უცაბედად,
იქნებ, ეს დანაშაულია.
გარეთაც და გულშიც ავდარია,
ჭექის თუ გულისცემის ხმაურია,
დღეს შენ ცოცხალი ხარ, თუმცა ფიქრობ,
იქნებ, ეს დანაშაულია.
თავისით დაიწერა, როგორც ყველა ლექსი - სულმოუთქმელად, გულიდან, პირდაპირ ფურცელზე დაიღვარა.
„ლარიოკის“ (აქ ასე ეძახიან მაღაზიას) სია დავწერეთ. დღეს პირველად ჩავწერე სიაში ტელეფონის ბარათი ჩემთვის. რამდენიმე დღეში განაჩენი მოვა და მერე დავრეკავ...
წერილს გავაგზავნი და პაემანიც მექნება.
შუაღამისას ისევ ატყდა გინება... საკეტის ხმა... ისევ ისმის კაცების შემზარავი ბღავილი.
და ასე საათის შემდეგ, მიწყნარდა ყველაფერი.
2 სექტემბერი, 2011 წელი
ჩვეულებრივი დილაა - არაფერი განსაკუთრებული...
ავდექი... მეძინება - წუხელ ვერაფრით დავიძინე.
ვისაუზმე...
“ნარზე” დავჯექი და ბიჭები გავაფრთხილე, თუ ჩამეძინა, გამაღვიძეთ-მეთქი - აქ ხომ დღისით ძილი სასტიკადაა აკრძალული!
კარზე ძლიერი დარტყმის ხმამ გამაღვიძა. ბიჭებს ვერ შეემჩნიათ, რომ მეძინა, ოფიცერმაც ამ დროს შემოიხედა და დამინახა... ისევ გამიძახეს.
- ხომ იცი, რომ ძილი არ შეიძლება დღისით, რა ყ.ე გინდა, რატომ არ ისვენებ, გინდა, ახლა დაგაკარცერო? - მეკითხება ოფიცერი.
- გუშინ “სუდი” მქონდა და ვერაფრით დავიძინე, - ვუპასუხე
- სულ “სირზე” მკიდია, - დაიგრგვინა და მუცელში მუშტი ამომარტყა, სუნთქვა შემეკრა, ჩავიკეცე.
“კამერაში” შევედი, ოფიცერი შემოვიდა და ყველა გააფრთხილა, ერთმანეთი გააღვიძეთო...
ადვოკატთან გავედი. მითხრა, რომ მალე ვნახავ დედაჩემს. ისიც მითხრა, თურმე, შეწყალებისთვის საბუთებს აგროვებს. უარი ვუთხარი ორი მიზეზის გამო: ერთი - აზრი არ აქვს, რაც მომცეს, მომიწევს “ჯდომა” და მეორე, არ მჭირდება იმ ადამიანისგან შეწყალება, რომელმაც უამრავი უდანაშაულო ჩაყარა ასეთ დღეში თავისი პოლიტიკური ამბიციების გამო, არ მჭირდება შეწყალება მოსიარულე ბანერად ქცეული ხუთოსანი ბიჭისგან, რომელსაც საშემოდგომო ქართველმა ერმა გამოაყოლა!
3 სექტემბერი, 2011 წელი
თელაველს დღეს საბოლოო სასამართლო აქვს - სასჯელს გამოუტანენ. მანაც წინასწარ იცის, რომ 6 თვეს მისცემენ და არ ნერვიულობს. სამწუხაროდ, პირველად არაა ამ სიტუაციაში. გუშინ ამბობდა, სპეციალური წამალი მჭირდება, რომელსაც ევროპიდან მიგზავნიანო. ოფიცერს სთხოვა, რომ შემოტანის უფლება მისცენ. უთხრა, რომ ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა მხოლოდ ირონიული დაპირება მიიღო. ვნახოთ, რა იქნება.
განაჩენი მომიტანეს. მაგარია - ახლა უკვე შემიძლია დარეკვაც, წერილის მიწერაც და პაემანზე გასვლაც.
ყველაზე ახლოს ტელეფონებია - ორ დღეში იქნება.
დღემ წყნარად ჩაიარა.
თელაველი თელავიდან დაბრუნდა ნახევარწლიანი “სროკით”. საღამოობით პატიმრები რიგ-რიგობით ლოცულობენ. თელაველმა, წავალ, მეც წავულოცებო. მერე მიხვდა, რომ ცუდად გამოუვიდა და ღმერთს ბოდიში მოუხადა, წამომცდა, ასე არ უნდა მეთქვაო.
ჩაქრა შუქი და ყველამ ძილს მისცა თავი.
5 სექტემბერი, 2011 წელი
ტელეფონები დაიწყო - დღეს პირველად ვრეკავ. პირველად გავიგებ ჩემების ხმას, თან არ იციან და სიურპრიზი გამოდის.
ჩვენს წინ ორი “კამერაა”.
- დროულად, რა, - გამიელვა გულში.
წამი საათი გახდა, წუთი - საუკუნე.
ბიჭებმა პატივი მცეს და პირველი გავედი.
ოფიცერის ოთახში დგას ტელეფონი.
- ცოცანიძე...
- ერეკლე მერაბის ძე, - იყო ჩემი პასუხი.
- სად რეკავ?
- სახლში, დედასთან.
- ნომერი...
ვუკარნახე.
- მიდი და იცოდე, ზუსტად სამი წუთი გაქვს.
მგონია, ნომრის აკრეფას საუკუნე მოვუნდი. კიდევ ერთი საუკუნე გავიდა, ვიდრე ყურმილის მეორე ბოლოდან ხმა გავიგე.
- გისმენთ...
- დედა, როგორ ხარ?
- რომელი ხარ? - იყო განცვიფრებული ხმა.
- დედა, როგორ ხარ? ერეკლე ვარ...
აღელდა, ვერ მელაპარაკება, ვატყობ, ტირის... მეც ბურთი მომაწვა ყელში.
- ერეკლე, როგორ ხარ?
ახლა ჩემი დის ხმა გავიგე...
ცრემლები წამომივიდა...
ვცდილობ, არ შემეტყოს.
- კარგად... თქვენ როგორ ხართ, რას შვრებით?
- ჩვენ კარგად ვართ... შენ?
- მე კარგად ვარ... თქვენ? მზია, შოთიკო, სოფო, ნინო როგორ არიან?
ოფიცერმა მანიშნა, დაასრულეო.
დავემშვიდობე და გავთიშე.
ჩემმა დამ მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ მალე პაემანი მექნება.
“კამერაში” დავბრუნდი... თვალები სველი მაქვს... ბიჭები უსიტყვოდ მიხვდნენ ყველაფერს, არაფერი უკითხავთ.
ყველამ დავრეკეთ.
მთელი კორპუსი რეკავს - ოფიცერი თითოეულ საუბარს უსმენს...
დასრულდა.
ტელეფონების დასრულებიდან 5 წუთი არ იყო გასული, რომ “რეჟიმი” ამოვიდა. ერთ-ერთი საკნიდან პატიმარი აბანოში გაიყვანა.
დადგა გინების და ბღავილის კორიანტელი.
ასე, 10 წუთის შემდეგ, ბღავილი შეწყდა, მაგრამ გინება და ცემა - არა. უცებ გამყინავი ხმა გაისმა:
- შეეშვი, ბიჭო, არ მოკვდეს...
პაუზა...
- ფუ... “ბლიად”... მგონი, შემოგვაკვდა!
- წყალი დაასხი, ამ დედა მოტ...ლს.
ცოტა ხანში „რაბოჩებმა“ ცოცხალ-მკვდარი პატიმარი საკაცით “კამერისკენ” წაიყვანეს.
დღეც მიიწურა.
7 სექტემბერი, 2011 წელი
ამანათი მომივიდა.
- ნეტავ, ადვოკატიც თუა? - გამიელვა თავში.
ახალი ტანსაცმელი შემომიგზავნეს...
ცოტა ხანში „კარმოშკა“ გაიხსნა.
- ცოცანიძე ერეკლე მერაბის ძე, გაემზადე - პაემანი გაქვს.
აი, მესმის სიურპრიზი?!
სასწრაფოდ ჩავიცვი, ამანათის პასუხი გავამზადე, ბიჭებს დავუტოვე. გამაფრთხილეს, არ იფიქრო, რომ მარტო ხარ და არაფერი წამოგცდეს. აქ ყველას და ყველაფერს უსმენენ.
- დამშვიდდით, ბიჭებო, არ ვაპირებ, დედაჩემს უარესად გავუხეთქო გული.
გაგვიყვანეს...
ისევ მეტკინა ფილტვები - ისევ ხარბად ვსუნთქავ ჰაერს, ისევ შენობა და მწკრივი, უკანალზე ხელებდალაგებული კაცების მწკრივი.
ისევ საუკუნედ ქცეული წუთები...
- ცოცანიძე ერეკლე მერაბის ძე... მეხუთე კაბინასთან მიდი...
მივედი.
ამდენი ხნის განმავლობაში პირველად ვნახე დედაჩემი და ჩემი და ასე ახლოს.
ისინი მინის მეორე მხარეს სხედან. ყურმილი ავიღე და ნაცნობი ხმა გავიგე, ორივეს ტირილი მოერია, მეც, მაგრამ არ ვაჩვენებ.
გამოვკითხე ჩემი ბიძაშვილების ამბები, უბნის, ქალაქის... ვაშაყირებ, ძველი თეატრი როგორ დაანგრევინეთ-მეთქი.
არ იციან, მოედანი დაკეტილია და არავის უშვებენ რეაბილიტაციის დასრულებამდეო.
მითხრეს, ფიქრია ხშირად გკითხულობსო.
ფიქრია მამაჩემის ძმისშვილია, უზომოდ მიყვარს, სხვანაირად თბილი ადამიანია. ჟუჟუნა და მამიდაჩემი იზოც მკითხულობენ და კიდევ ბევრი უცნობი ადამიანი.
დედაჩემმა, ბანკში ერთი ბიჭი მუშაობსო, იმედა, რომ მივდივართ, არ გვალოდინებს, პატივს გვცემს და უცებ გვარიცხინებსო.
მადლობ, იმედ.
- შენ როგორ ხარო?
ვუთხარი, რომ გადასარევად ვარ, რომ „პრაგულკაზე“ ჩვენი ნებით არ გავდივართ იმიტომ, რომ დილით ადგომა გვეზარება, რომ უბატონოდ ხმას არ გვცემენ და ასე შემდეგ.
ზუსტად 45 წუთში პაემანი დასრულდა.
საოცარი შეგრძნებაა - 45 წუთი თითქოს სახლში ხარ, შენს ქალაქში, შენს უბანში, შენს ახლობლებში. შემდეგ კი, ქრება ილუზია და ხელში შეგრჩება ვინმე ლურჯპერანგიანი ახალგაზრდა ბიჭი და უბრუნდები საშინელ რეალობას.
მთელი დღე განცდებსა და ფიქრებში გავატარე - სასიამოვნო საათი იყო, მაგრამ საშინლად დავიტვირთე ემოციებით. მოზღვავებულ ემოციას კი, ლექსი მოსდევს ხოლმე. ახლაც მოჰყვა:
მემატიანე წერს ისტორიას
და დედამიწის კვლავ ბრუნავს სფერო,
მე ვერ გადმოვცემ მასების აზრებს,
რამდენიც უნდა ლექსები ვწერო.
მე მხოლოდ ვამბობ მას, რაც გულში მაქვს,
როგორი მინდა იყოს მამული,
რომ არ მენახოს ქართველი დედა,
შვილის სიკვდილით თვალდანამული.
მუდამ ფურჩქნიდეს კახელი ვენახს,
“ჩაკრულო” კოსმოსს კვლავაც არხევდეს.
შეყვარებული ყმაწვილი ღამეს
მიჯნურის სახლთან ისევ ათევდეს.
ისევ ჰყვაოდეს არაგვზე დეკა,
დიდგორის ველიც მუდამ გვახსოვდეს
და ჩვენი ქვეყნის შემოჭრილ რუკებს,
ქართული სულით, გულით ვწამლობდეთ.
აი, ესაა ის სათქმელი, რომელიც ყელში ბურთივით მომაწვა ამ წუთას.
დღეც გაილია...
8 სექტემბერი, 2011 წელი
დილა ცემა-ტყეპით დაიწყო - საჭმლის დარიგებიდან, 15 წუთში, “რეჟიმი” ერთდროულად ორ “კამერაში” შევიდა.
დაიწყო და რა დაიწყო...
ვეღარ გავიგეთ, ვინ ტირის, ვინ ბღავის და ვინ ვის ურტყამს.
ხან ვიფიქრეთ, პატიმრებსაც ხომ არ ამოუვიდათ ყელში და ხომ არ შეუტრიალდნენ თანამშრომლებს-თქო...
ცოტა ხანში კიდევ ხუთი კაცი შემოვიდა “კორპუსზე”, გაძლიერდა ტირილი და ღრიალი, გაძლიერდა და უცებ შეწყდა.
მთელი საათი ურტყამდნენ გამეტებით.
ორი საკაცით გაიყვანეს, დანარჩენები - ფეხით.
ორივე “კამერა” დაშალეს, როგორც ჩანს...
- ალბათ, ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ, - თქვა მამუკამ.
- ეგ როგორ-მეთქი, - ვიკითხე და კობამ ამიხსნა:
ჩვენთან, “კამერაში” გამწოვი ხომ დგას, მეორე “კამერაშიც” ზუსტად იგივე ადგილას დგას და მაქედან შეიძლება დაელაპარაკო, მაგრამ ახლა არაფერი ღირს, ხომ ხედავ, რა მოუვიდათ.
კარი გაიღო და ზედამხედველმა, დაახლოებით, 60 წელს მიტანებული მამაკაცი შემოუშვა “კამერაში” - ერთი ადგილი ჩვენთან თავისუფალი იყო. მოსული “ჩეჩენად” გაგვეცნო. გვარი ვკითხეთ. რა მნიშვნელობა აქვს, გვარიც რამდენიმე მაქვს და სახელიცო, გვითხრა. სერიოზული თაღლითია, არც სადაურობას ამბობს, არც - გვარს, არც - სახელს, არც - რელიგიურობას, “ჩეჩენაა” და მორჩა. მესამედ თუ მეოთხედ იხდის სასჯელს. იძახის, ნაომარი ვარ, აფხაზეთის ომში ვიყავიო... როგორც ჩანს, თავის დროზე იარაღის “ბარიგა” იყო. მამუკამ ჰკითხა, ქართველებისკენ იბრძოდიო?
- არა, - იყო პასუხი.
- აბა, აფხაზებისკენ?
- არა... რა გინდა, კაცო? მე ყველგან ვიბრძოდი, ყარაბაღშიც ნამყოფი ვარ და ჩეჩნეთის ომშიც.
შევეშვით.
რამდენიმე დღეა, ნათურაა გადამწვარი. საღამოს ოფიცერი შემოვიდა, “აბსლუგა” შემოიყვანა.
- ჰა, როგორ ხართ, ხომ ცხოვრობთ “ხატაში” ქურდულად, - გვეკითხება ღიმილით. “ჩეჩენას” მიუბრუნდა:
- რა არის, ბიჭო, ქურდულ “ხატაში” წითელი “მაიკით” ხარ? “ტეხავს”, - ხუმრობას ცდილობს თუ დაგვცინის, ვერ გავიგე.
- შენ კბილი დასიებული რომ გაქვს ვერ იტყვი? - მკითხა
- რა ვიცი, ბატონო ოფიცერო, - ავიჩეჩე მხრები. გამახსენდა მისი კოლეგისგან ნათქვამი, წამალი არა ყ...ო.
- ზეგ ვარ “სმენაში” და გაგიყვან ექიმთანო, - მითხრა.
მადლობა გადავუხადე.
- კიდევ ხომ არავის უნდა ექიმი?
მამუკამ უთხრა, აქ რომ მომიყვანეს, კუჭზე ოპერაცია მქონდა გაკეთებული და თუ საშუალება იქნება, მინდა ექიმთან შეხვედრა, იქნებ, “ომეპრაზოლი” დამინიშნოს, ხანდახან მაწუხებსო.
- კარგიო, - დაჰპირდა.
ამასობაში, ნათურა შეცვალეს და გავიდნენ.
- რაღაც არ ჩანს ცუდი ტიპი, - ვთქვით “კამერაში”.
ამასობაში შუქიც ჩაქრა და დავწექით.
ვფიქრობდი ყველაფერზე, რაც ბოლო პერიოდში მოხდა. ვფიქრობდი და ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ რეალურ ჯოჯოხეთთან მხოლოდ რამდენიმე თვე მაშორებდა.