გამოწვევა - ასოცირების შეთანხმება

გამოწვევა - ასოცირების შეთანხმება

რა გამოწვევების წინაშე დგება საქართველო ევროპასთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ? რა არის ის ვალდებულებები, რომლებიც დოკუმენტის ძალაში შესვლისას ორივე მხარეს ეკისრება? რამდენად მზადაა საქართველო, უპასუხოს ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც ასოცირების შეთანხმება ქვეყანას უყენებს?

ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას საქართველომ ხელი მოაწერა. ეს იმას ნიშნავს, რომ დოკუმენტის ხელმომწერი ორივე მხარე ეთანხმება იმ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც დოკუმენტშია გაწერილი. ესაა თანამშრომლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, საშინაო საქმეებში, განათლებისა და მეცნიერების, გარემოს დაცვისა და ტრანსპორტის საკითხებში. ასევე მნიშვნელოვანია სამართალი და ადამიანის უფლებების საკითხი.

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი განმარტავს:

„ისეთი მძლავრი ასოცირების შეთანხმება, რომელიც ჩვენთან დაიდო, თანამშრომლობის კუთხით გულისხმობს ძალიან მჭიდრო პოლიტიკური დიალოგის დამყარებას, როდესაც მხარეები ცდილობენ მიაღწიონ კონსენსუსს, თანხმობას პოლიტიკური მნიშვნელობის ყველა საკითხზე - იქნება ეს ფასეულობრივი შეხედულებები, საერთაშორისო ურთიერთობების საკითხები თუ თანამშრომლობა უსაფრთხოების დარგში. ეს არ არის უბრალოდ სურვილი, ეს არის პასუხისმგებლობა“.

კახა გოგოლაშვილი საქართველოსა და ევროკავშირის ორმხრივ პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს. ევროკავშირს აქვს უფლება მიუთითოს საქართველოს ამა თუ იმ კუთხით დარღვევების შესახებ. თავის მხრივ, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ეს უფლება საქართველოსაც ენიჭება:

„ამ თვალსაზრისით, ეს შეთანხმება თავისთავად მეტად მუშაობს ჩვენ მიმართ. ევროკავშირი მეტ მონიტორინგს აწარმოებს ჩვენ მიმართ, ვიდრე ჩვენ მათ მიმართ. თავისთავად, იქ დემოკრატიული კონტროლის დონე არის უფრო მაღალი“.

რამდენად მზადაა საქართველო ამ ვალდებულებების შესასრულებლად? ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ხელისუფლებას, ასევე სამოქალაქო სექტორს:

„მოგვიწევს ერთობლივი მუშაობა, რომ დავაკმაყოფილოთ მთელი რიგი სტანდარტები. ეს არის, თანასწორობა იყოს მეტად დაცული, დისკრიმინაციის ყველა ფორმა აღმოიფხვრას. ამ მხრივ სამუშაო გვექნება არა მხოლოდ უფლებადამცველ ორგანიზაციებს, არამედ თითოეულ მოქალაქეს და მათ შორის, რა თქმა უნდა, ხელისუფლებას - პირველ რიგში, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების კუთხით“.

ალეკო ცქიტიშვილი ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად ეკოლოგიასაც მიიჩნევს. მისივე თქმით, მეტი ყურადღება სჭირდება ციხეებში პატიმრების უფლებების დაცვასა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ადაპტირებული გარემოს შექმნას:

„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები მეტად უნდა იყოს დაცული და მათთვის უნდა იყოს ადაპტირებული გარემო. ველოდებით, რომ სახელმწიფოც კეთილინებებს და ბიუჯეტიდან გარკვეულ თანხებს გამოყოფს. ასევე, რა თქმა უნდა, დახმარებაც იქნება ამ თვალსაზრისით. მთავარია, არსებობდეს პოლიტიკური ნება, რომ ჩვენს მოქალაქეებს შეეძლოთ, ელემენტარულად, ქუჩაში გადაადგილება“.

როგორც ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი ამბობს, ასოცირების შეთანხმება, პირველ რიგში, ქვეყნის პასუხისმგებლობაა:

„უნდა შევეჩვიოთ ამ პასუხისმგებლობას და ჩვენ პასუხისმგებლობა უნდა ვიკისროთ ევროპასა და მსოფლიოში არსებულ წესრიგზე. ყველამ უნდა დადოს თავისი აგური“.

მისივე თქმით, უსამართლობა იქნება, თუ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ჩვენი პრობლემების მოგვარებას ევროკავშირს დავაკისრებთ.  შესაბამისად, აღებული ვალდებულებების შესრულება უმნიშვნელოვანესია ევროპული ინტეგრაციის ახალ საფეხურზე გადასასვლელად.